№ბს-21(კ-19) 11 აპრილი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 12 თებერვალს ჯ. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 15 ივნისის №03-01/03/15740 გადაწყვეტილების, ჯ. ხ-ისათვის 2017 წლის 12 დეკემბრის №59869/01 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინიტროს 2018 წლის 11 იანვრის №05-01/06/721 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალება, რომლითაც ჯ. ხ-ი, როგორც ეკომიგრანტის ოჯახი, დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით ჯ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინიტროს 2018 წლის 11 იანვრის №05-01/06/721 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 15 ივნისის №03-01/03/15740 გადაწყვეტილება და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით რეგულირდება სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის საკუთრებაში გადაცემის წესი. აღნიშნული ბრძანების შესაბამისად, შეიქმნა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების კრიტერიუმების დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია. ბრძანების შესაბამისად, განისაზღვრება ასევე ის ბენეფიციარი ოჯახები, რომელთაც გადაეცემათ სამინისტროს საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში შესყიდული სახლები. კერძოდ, მინისტრის №779 ბრძანების პირველო მუხლის 1.1 ქვეპუნქტის თანახმად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. აღნიშნული მუხლის მე-2 ქვეპუნქტის თანახმად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახს (შემდგომში - „დაზარალებულ“) წარმოადგენს - განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი) და ცხოვრობენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობაში/სახლში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენული კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში.
კასატორის განმარტებით, ჯ. ხ-მა 05.01.2017 წელს მიმართა სამინისტროს და შეავსო „საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე“ №01-105566 განაცხადი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დადგენილი განსახლების კრიტერიუმების საფუძველზე, 2017 წლის 6 თებერვალს სამინისტროს მიერ ოჯახს მიენიჭა წინასწარი 18 ქულა. მინიჭებული 18 ქულის საფუძველზე, 03.05.2017 წელს დაზარალების მუნიციპალიტეტში განხორციელდა მოქალაქე ჯ. ხ-ის საცხოვრებელი სახლისა და მისი ოჯახის საჭიროებების შესახებ არსებული ინფორმაციის გადამოწმება. გადამოწმების პროცესში გაირკვა, რომ ოჯახის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია 1987 წელს განვითარებული თოვლის ზვავის შედეგად და მისი დაზიანების ხარისხი შეესაბამება I კატეგორიას. ასევე გაირკვა, რომ აღნიშნული დაზიანებული სახლის სანაცვლოდ ოჯახს გაეწია დახმარება და გადაეცათ საცხოვრებელი სახლი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ...აში. გადაცემულ სახლში საცხოვრებლად გადავიდნენ ჯ.ხ-ის დედ-მამა - გ. და ლ. ხ-ები, დედმამიშვილები - რ. და ლ. ხ-ები, რძალი - ნა. ხ-ი და ძმისშვილები - ლ. და კ. ხ-ები. ყოველივე ზემოაღნიშნული სამინისტროს თანამშრომლებთან საუბრისას დაადასტურა თვითონ ჯ. ხ-მაც. ასევე ცობილია, რომ დაზიანებული ქონება მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში 2014 წლის 14 აპრილს გაფორმებულია ლ., რ., ს. და ჯ. ხ-ების თანასაკუთრებად (საკ.კოდი ...). ამდენად, მოქალაქე ჯ.ხ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, სწორედ იმის გამო, რომ მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების I დანართის, მე-2 მუხლის, 11-ე პუნქტის შესაბამისად, დეპარტამენტი არ განიხილავს იმ ეკომიგრანტი ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ, დაზარალების გამო, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება. კასატორის მითითებით, დადგენილი გარემოებაა, რომ სვანეთში მოსარჩელე არ ფლობდა ცალკე სხვა ალტერნატიულ საცხოვრებელს და სტიქიური მოვლენის დადგომამდე ცხოვრობდა ერთ სახლში, ერთ ოჯახად მის მშობლებთან და და-ძმებთან ერთად. ის გარემოება, რომ ჯ. ხ-მა უარი განაცხადა ოჯახთან ერთად გადასულიყო სოფ. ...აში საცხოვრებლად სახელმწიფოსგან გადაცემულ სახლში, არც იმდროინდელი და მით უმეტეს, არც დღეს არსებული საკითხის მარეგულირებელი აქტებით არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ოჯახის წევრს, თუკი ის დაზარალების მომენტისთვის ცხოვრობდა სტიქიით დაზიანებულ სახლში, რომლის სანაცვლოდაც გადაეცათ სხვა ალტერნატიული სახლი, ცალკე გამოეყოს საცხოვრებელი სახელმწიფოს მხრიდან, ვინაიდან, კონკრეტულ ოჯახს, კონკრეტული დანგრეული საცხოვრებელი სახლის სანაცლოდ ეძლევა საცხოვრებელი ოჯახის შემადგენლობის გათვალისწინებით და არა ოჯახის წევრებს, დამოუკიდებლად ცალ-ცალკე თავიანთი შეხედულებისამებრ. შესაბამისად, გ. ხ-ის (მოსარჩელის მამა) ოჯახთან მიმართებით სახელმწიფომ შეასრულა ვალდებულება და დაზიანებული საცხოვრებლის სანაცვლოდ გამოუყო ალტერნატიული საცხოვრებელი, რასაც არც თავად მოსარჩელე უარყოფს. ამასთან, ის არ უთითებს არანაირი გარემოების შესახებ, რომელიც მას ხელს უშლიდა სახელმწიფოს მიერ მისთვის და მისი ოჯახისათვის გამოყოფილი ფართით ესარგებლა.
კასატორის მითითებით, მოსარჩელის მიერ წარმოდეგნილ 2018 წლის 17 იანვრის №AA2018000873-03 საარქივო ცნობას სასამართლოს მიერ სულ სხვაგვარი დატვირთვა მიეცა, ვიდრე ის რეალურად ატარებს. აღნიშნული ცნობა მოიცავს ინფორმაციას, თუ ოჯახის რომელი წევრები იყვნენ ჩამონათვალში და ის არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, რომლითაც განისაზღვრა პირთა წრე, ვისაც უფლება ეძლეოდა ესარგებლა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ალტერნატიული საცხოვრებლით. თავად ის გარემოება, რომ ამ საარქივო ცნობაში არ არის მითითებული მოსარჩელე, მიუთითებს მოსარჩელისვე მიერ გაცხადებულ გარემოებაზე, რომ მან თავისი შეხედულების გამო არ ისარგებლა სახელმწიფოს მიერ მასთან და მისი ოჯახის წევრებთან მიმართებით შესრულებული ვალდებულებით წარმოქმნილი სიკეთით - მან არ გააგრძელა საკუთარ ოჯახთან ცხოვრება. ამასთან, მოცემული დავის გადაწყვეტისათვის უმთავრესი გარემოებაა ის, რომ სახელმწიფომ მოსარჩელის ოჯახთან მიმართებით შეასრულა ალტერნატიული საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება და კონკრეტული ბენეფიციარის მიერ ბენეფიტით სარგებლობაზე უარის თქმა არ ნიშნავს ვალდებულების განმეორებით წარმოშობის საფუძველს. შესაბამისად, საკითხის მარეგულირებელი ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისი პროცედურების დაცვა და შესრულება, რომელიც სავალდებულოა ყველასთვის, როგორც სახელმწიფოს, ასევე თითოეული ბენეფიციარისათვის, იძლევა შესაძლებლობას შედარებით სამართლიან გარემოში მოხდეს ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების პირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 15 ივნისის №03-01/03/15740 და 2018 წლის 11 იანვრის №05-01/06/721 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შემოწმება, რომლითაც ჯ. ხ-ს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ მე-2 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, დეპარტამენტი არ განიხილავს იმ ეკომიგრანტი ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ, დაზარალების გამო, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 13.11.2013წ. №779 ბრძანებით სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდა „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურა“, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს პროცედურა არეგულირებს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) განსახლების და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობის საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის წესს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ მე-2 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, დეპარტამენტი არ განიხილავს იმ ეკომიგრანტი ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ, დაზარალების გამო, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება.
კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში ჯ. ხ-ის ოჯახი ფლობდა ერთ საცხოვრებელ სახლს, რომელიც 1987 წელს განვითარებული სტიქიური მოვლენების (თოვლის ზვავი) გამო დაინგრა. ასევე დადგენილია, რომ ჯ. ხ-მა 2017 წლის 5 იანვარს მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და შეავსო განაცხადი №01-105566 „საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე“. მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ დაზიანებული საცხოვრებელი სახლის სანაცვლოდ ჯ. ხ-ის ძმას სახელმწიფოსგან ერთხელ უკვე მიღებული აქვს საცხოვრებელი სახლი. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ იმ საფუძვლით, რომ ჯ. ხ-ის მიერ წარდგენილ დოკუმენტში (სახალხო დეპუტატების მესტიის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის წერილი) ოჯახის პერსონალური შემადგენლობა მითითებული არ იყო, ჯ. ხ-ი გ. ხ-ის ოჯახის შემადგენლობასთან ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ...აში მდებარე საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილებულად მიიჩნია.
ამასთან, საქმეში არსებულ 2018 წლის 17 იანვრის №AA2018000873-03 საარქივო ცნობაში გ. ხ-ის 7-სულიანი ოჯახის შემადგენლობაში, რომელსაც გადაეცა საცხოვრებელი სახლი, ჯ. ხ-ი მითითებული არ არის. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ აღნიშნული ცნობა დავის გადაწყვეტისას არ უნდა იქნეს გათვალისწინებული და არასწორია სასამართლოების მიერ მასზე მითითება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არასრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შესახებ, კერძოდ, ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სამინისტრომ არ გამოიკვლია გ. ხ-ის 7-სულიანი ოჯახის შემადგენლობაში, რომელსაც გადაეცა საცხოვრებელი სახლი, გათვალისწინებული იყო თუ არა ჯ. ხ-ი. საგულისხმოა, რომ 2018 წლის 17 იანვრის №AA2018000873-03 საარქივო ცნობაში, გ. ხ-ის 7-სულიანი ოჯახის შემადგენლობაში, რომელსაც გადაეცა საცხოვრებელი სახლი, ჯ. ხ-ი მითითებული არ არის. ამასთან, მოსარჩელეს 1987 წლისთვის ჰყავდა მეუღლე და სამი შვილი. ამდენად, თუკი საცხოვრებელი სახლი გადაეცა მხოლოდ 7 ადამიანს, შესასწავლი და შესაფასებელია, რამდენად მოიცავდა იგი მოსარჩელის 5-სულიან ოჯახს. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა მოახდინოს სადავო საკითხისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა, დადგენა და შესწავლა. მათ შორის, ზუსტად უნდა განისაზღვროს, რამდენად იყო გათვალისწინებული მოსარჩელე მისი მამისთვის საცხოვრებელი სახლის გადაცემისას. გარდა ამისა, შესაბამისი ორგანოებისგან გამოთხოვილი და შესწავლილი უნდა იქნეს ინფორმაცია კომლების შესახებ, ხომ არ იყო მოსარჩელის ოჯახი დაზიანებულ უძრავ ქონებასთან მიმართებით ცალკე კომლად რეგისტრირებული.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი