Facebook Twitter

№ბს-114(კ-19) 25 აპრილი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 27 ოქტომბერს ვ. ბ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა საქართველოს ოკუპიერბული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 19 ივლისის №01-02/08/19216 და 2016 წლის 19 სექტემბრის №05-01/06/24373 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას, მოპასუხისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილად აღნიშვნის გაუქმებასა და შესაბამსიად, საცხოვრებელი ფართის სანაცვლად ფულადი კომპენსაციის გაცემის დავალებას.

2017 წლის 11 აპრილს ვ. ბ-ამ დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, სადაც მოპასუხეებად მიუთითა - საქართველოს პრეზიდენტი და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ხოლო მესამე პირებად - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №62 განკარგულების ნაწილობრივ (ო. ფ-ასათვის საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემისას გათვალისწინებული პირობა - ვ., გ. და მ. ბ-ებისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ო. ფ-ას შორის 2010 წლის 2 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის (რომლითაც ო. ფ-ამ აიღო ვალდებულება ვ. ბ-ას, მ. ბ-ასა და გ. ბ-ას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე) ბათილად ცნობა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა, რომლითაც მოხდება ვ. ბ-ასა და მისი შვილების - მ. ბ-ასა და გ. ბ-ას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილად აღნიშვნის (სტატუსის) გაუქმება და შესაბამისი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 აპრილის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ო. ფ-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივნისის საოქმო განჩინებით საქართველოს პრეზიდენტს მოსარჩელის თანხმობით შეეცვალა საპროცესო სამართლებრივი სტატუსი, ამოირიცხა მოპასუხეთა სიიდან, ვინაიდან მის მიმართ მოიხსნა სასარჩელო მოთხოვნა და საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ჩაბმულ იქნა მესამე პირად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ო. ფ-ას შორის 2010 წლის 2 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ვ. ბ-ას, მ. ბ-ას, გ. ბ-ას ნაწილში; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით დაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ვ. ბ-ასა და მისი შვილების (მ. ბ-ა, გ. ბ-ას) საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილად აღნიშვნის (სტატუსის) გაუქმების შესახებ ცვლილების განხორციელება; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ვ. ბ-ას ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება მოსარჩელის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ნაწილში (გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. ბ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ნაწილში; დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივლისი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებლით სახელმწიფო უზრუნველყოფს დევნილთა ოჯახს და არა ოჯახის ცალკეულ წევრს. ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე. ოჯახის ერთ-ერთ წევრზე ხელშეკრულების გაფორმება სამთავრობო პროგრამის ნაწილს წარმოადგენდა და აღნიშნული აიხსნებოდა მხოლოდ იმ გარემოებით, რომ სახელმწიფოს მიზანს წარმოადგენდა დევნილი ოჯახის ყველა წევრის დაკმაყოფილება და საცხოვრებელი ფართის გადაცემის პროცედურების გამარტივება. ამდენად, დევნილის ოჯახის წარმომადგენლის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა უზრუნველყოფდა პრივატიზაციის პროცესის იურიდიულ მხარეს. აღნიშნული ნორმა გულისხმობდა, რომ ოჯახის სხვა წევრების ხელმოწერა ხელშეკრულებაზე და მათი წერილობითი თანხმობა სავალდებულო არ იყო.

ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ ასევე არ გაიზიარა სამინისტროს მითითება მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ვ. ბ-ას მიერ სადავოდაა ქცეული ვ. ბ-ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულად ჩათვლის ნაწილში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ო. ფ-ას შორის 2010 წლის 2 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება. შესაბამისად, სადავოა საკითხი იმის შესახებ, ვ. ბ-ა როგორც დევნილი, ითვლება თუ არა სახელმწიფოსაგან საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულად იმ პირობებში, როდესაც ო. ფ-ასთან გაფორმდა საცხოვრებელი ფართის შესახებ ნასყიდობის ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულებით ო. ფ-ამ აიღო ვალდებულება ზ. ფ-ა, ვ. ბ-ა, დ. გ-ა, მ. ბ-ა და გ. ბ-ა უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართით მისთვის გადაცემულ ქონებაში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების მიხედვით ვ. ბ-ას ისე აეკრძალა უფლება, როგორც დევნილმა, მოითხოვოს სახელმწიფოსგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისგან ან სხვა პირისგან რაიმე სახის კომპენსაცია, ასევე უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა მისი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, რომ ამის შესახებ სახელმწიფოს ხელშეკრულების გაფორმების დროს არ უცნობებია ვ. ბ-ასთვის, არ მიუწვევია იგი ადმინისტრაციულ წარმოებაში და შესაბამისად, არ არსებობდა მისი არანაირი ფორმით გაცემული თანხმობა სადავო ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. შესაბამისად, მითითებული ხელშეკრულების გაფორმებით ვ. ბ-ას მიმართ დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლით დადგენილი იმპერატიული წესი, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ, რა დროსაც აუცილებელია მისი მიწვევა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ ნაწილში ხელშეკრულება ეწინააღმდეგება კანონს, ზიანს აყენებს და უკანონოდ ზღუდავს მოსარჩელის ინტერესს და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მართებულად აღნიშნა, რომ გასაჩივრებულ ნაწილში 2010 წლის 2 სექტემბრის ხელშეკრულება წინააღმდეგობაში მოდის მისი გამოცემის საფუძვლად არსებულ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №62 განკარგულებასთან, კერძოდ, ხელშეკრულებით გაფართოებულ იქნა განკარგულებით განსაზღვრულ მესაკუთრეთა წრე.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებითაც და აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დგინდება, რომ ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის ვ. ბ-ასთვის ცნობილი იყო ამ ხელშეკრულების თაობაზე.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სარჩელი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის დევნილთა მომაცემთა ელექტრონულ ბაზაში ცვლილების განხორციელების დავალების ნაწილშიც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან დევნილთა მომაცემთა ელექტრონულ ბაზაში ვ. ბ-ას, გ. ბ-ასა და მ. ბ-ას სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულ პირებად მითითებას საფუძვლად დაედო 2010 წლის 2 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც გასაჩივრებულ ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი. ამრიგად, ვინაიდან სასამართლოს მიერ 2010 წლის 2 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება სადავო ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი და სამინისტროს დაევალა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ცვლილების განხორციელება, ხოლო აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები კანონის მიხედვით წარმოადგენდა მოსარჩელისთვის საცხოვრებლის გადაცემაზე უარის თქმის საფუძველს, სამინისტროს მიერ უნდა მოხდეს ვ. ბ-ას განცხადების ხელახალი განხილვა. მოცემული კი გულისხმობს განცხადების განხილვას კანონმდებლობით დადგენილი ყველა პროცედურის დაცვით და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას ვ. ბ-ას ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნული კი ამ ეტაპზე გამორიცხავს სამინისტროსთვის ვ. ბ-ას ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებას, რამეთუ საკითხი ჯერ სამინისტროში განხილვას ექვემდებარება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი