68-კოლ 25 სექტემბერი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლ. მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზ. მეიშვილი,
ი. ტყეშელაშვილი
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. კ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ა. ლ-სა და დ. წ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 15 ივნისის განაჩენზე, რომლითაც მ. კ-ძე ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის I ნაწილით, 179-ე მუხლის II ნაწილის „ა», „გ», „დ» ქვეპუნქტებითა და 109-ე მუხლის „დ», „ვ», „თ», „ი», „ლ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნით მ. კ-ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება და დაუფლება მისაკუთრების მიზნით;
მანვე ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით;
მანვე ჩაიდინა განზრახ მკვლელობა ორი უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირისა, ანგარებით, განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის ან/და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მ. კ-ემ თავის ძმა ა. კ-სთან ერთად უკანონოდ შეიძინა დაუდგენელი ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც ისინი ასევე უკანონოდ ინახავდნენ და ატარებდნენ. 2002 წლის 3 ივლისს, დაახლოებით 23. 50 საათზე, მ. კ-ძე თავის ძმასთან ა. კ-სა და ამ უკანასკნელის მეგობარ მ. კ-სთან ერთად წინასწარი შეთანხმებისამებრ, ყაჩაღური თავდასხმის მიზნით მივიდნენ ა. კ-ის სიმამრის _ დ. გ-ას ბინაში, მდებარე ქ. თბილისში, --- ¹10-ში, სადაც იმ დროს ასევე იმყოფებოდა დ. გ-ას მეუღლე ლ. ყ-ია. თავიანთი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით მ. და ა. კ-ებმა, მ. კ-სთან ერთად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით, თოკითა და ე.წ. „სკოჩით» ხელ-ფეხი და პირი გაუკრეს ცოლ-ქმარ დ. გ-სა და ლ. ყ-ას, რითაც ისინი ჩააყენეს უმწეო მდგომარეობაში და დანაშაულის (ყაჩაღობის) გაადვილებისა და დაფარვის მიზნით განიზრახეს მათი მოკვლა განსაკუთრებული სისასტიკით. მ. და ა. კ-ები, მ. კ-სთან ერთად, გატეხილი სკამის ფეხით აყენებდნენ დაზიანებებს თავისა და ტანის არეში ლ. ყ-სა და დ. გ-ას, რითაც ლ. ყ-ას მიაყენეს ქალა-ტვინის ღია ბლაგვი ტრავმა, ქალას სარქველისა და ფუძის ძვლების მოტეხილობით, რამაც გამოიწვია ტვინის დაჟეჟილობა და სისხლჩაქცევები თავის ქალას ღრუში, რის შედეგადაც ლ. ყ-ია ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო დ. გ-ას მიაყენეს თავის ქალას დახურული ტრავმა, ტვინის შერყევა, ვრცელი კანქვეშა სისხლჩაქცევები-ჰემატომები, ექსკორაციები თავის, სახისა და კიდურების არეში, რის შედეგადაც დ. გ-ამ დაკარგა გონება. ბოროტმოქმედებმა, ჩათვალეს რა ლ. ყ-სა და დ. გ-ას განზრახ მკვლელობა სისრულეში მოყვანილად, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ბინაში არსებულ 5000 აშშ დოლარს, სამი ათას ლარად ღირებულ ვიდეოკამერას, 500 ლარად ღირებულ მობილურ ტელეფონს, დ. გ-ზე შენახვის უფლებით გაფორმებულ 1000 ლარად ღირებულ „მაკაროვის» სისტემის პისტოლეტს საბრძოლო ვაზნებით და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 15 ივნისის განაჩენით, მ. კ-ეს მოეხსნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილებში იგი გამართლდა. მ. კ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის I ნაწილით, 179-ე მუხლის II ნაწილის „ა», „გ», „დ» ქვეპუნქტებითა და 109-ე მუხლის „დ», „ვ», „თ», „ი» „ლ» ქვეპუნქტებით და სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.
იგი სასჯელს იხდის 2004 წლის 28 ნოემბრიდან.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 15 ივნისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ მ. კ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ა. ლ-ემ და დ. წ-ამ საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვეს ზემოაღნიშნული განაჩენის, 2005 წლის 4 ნოემბრისა და 2006 წლის 3 თებერვლის განჩინებების, როგორც უკანონოსა და დაუსაბუთებლის, გაუქმება, ასევე, სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტა და მსჯავრდებულის განთავისუფლება.
დაზარალებული დ. გ-ვა შესაგებლით ითხოვს, არ დაკმაყოფილდეს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და ძალაში დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს განაჩენი.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ მ. კ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ ა. ლ-ემ და დ. წ-ამ აღნიშნეს, რომ მხარს უჭერენ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, წინასწარი და სასამართლო გამოძიება მიმდინარეობდა პროცესუალური ნორმების უხეში დარღვევით, კერძოდ: მ. კ-ეს ბრალი წაუყენეს ადვოკატის დაუსწრებლად, საქმეში არ დევს ამოღებული იარაღი და არ არის დადგენილი, თუ ვინ დაეუფლა იარაღს. განაჩენი ემყარება არაპირდაპირ მტკიცებულებებს, ეყრდნობა მხოლოდ დაზარალებულების ჩვენებებს, რაც მეტყველებს გამოძიების მიკერძოებულობაზე. სასამართლომ გამოიკვლია მსჯავრდებულ მ. კ-ის ალიბი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს სხვაგან იმყოფებოდა, რასაც ადასტურებდნენ მოწმეები, მაგრამ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა იგი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატებმა იშუამდგომლეს პალატის წინაშე და ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მ. კ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა.
მსჯავრდებული მ. კ-ძე დაეთანხმა თავისი ადვოკატების მოთხოვნას და აღნიშნა, რომ მას არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ნ. ნ-ემ მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს უსაფუძვლობის გამო და აღნიშნა, რომ სასამართლომ, ობიექტურად გამოიკვლია რა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულის ქმედებას. მან განაჩენი მ. კ-ის მიმართ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
პალატა არ ეთანხმება მსჯავრდებულ მ. კ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ა. ლ-სა და დ. წ-ას საკასაციო საჩივრის მოთხოვნას უსაფუძვლობის გამო.
პალატას სარწმუნოდ არ მიაჩნია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თითქოს მსჯავრდებული არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და არც ლ.ყ-ას მკვლელობა ჩაუდენია.
პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიამ, საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია საქმის გარემოებები, მსჯავრდებულ მ.კ-ის როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი გარემოებები.
საქმის მასალებითა და სასამართლო გამოძიებით მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ დ. გ-ას, მოწმეების: თ.გ-ას, ლ.გ-ას, მ.მ-ას და სხვათა ჩვენებებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ¹-- და ¹-- დასკვნებით, მ. კ-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.
პალატის აზრით, სასამართლო კოლეგიამ მსჯავრდებულ მ.კ-ეს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმესა და პიროვნებას და რაც არ არის მეტისმეტი სიმკაცრის გამო აშკარად უსამართლო.
პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 15 ივნისის განაჩენი როგორც დანაშაულის კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
ამასთან საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.
ამდენად, თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 15 ივნისის განაჩენი მ. კ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა» ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ. კ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ა. ლ-სა და დ. წ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 15 ივნისის განაჩენი მ. კ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება