Facebook Twitter

#ბს-221(კ-19) 16 მაისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 30 მარტს მ. ი-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი არის მარტოხელა პენსიონერი, ცხოვრობს ქ. თბილისში, ... #12-ში, ბინა #21-ში. იმყოფება უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში, მისი შვილის შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა სახელმწიფო პენსია და სოციალურად დაუცველთათვის გათვალისწინებული ყოველთვიური შემწეობა. ამჟამად იღებს მხოლოდ სახელმწიფო პენსიას, რაც არ ყოფნის მინიმალური საარსებო პირობების შექმნისთვის.

მოსარჩელის მითითებით, იგი ირიცხებოდა სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში. შემდგომ მოხდა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახლა შეფასება და ოჯახის დეკლარაციის ხელახალი შედგენა, რის საფუძველზეც გაიზარდა სარეიტინგო ქულა, შეუწყდა საარსებო შემწეობა, სოციალურ-ეკონომიკური უფლებები და შეღავათები, რაც გააჩნიათ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს. მოსარჩელე უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ შევსებულ დეკლარაციას, ვინაიდან მასში შეტანილი ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

ამდენად, მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 16 დეკემბრის „ოჯახის დეკლარაციის“, „მ. ი-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 19 მარტის #04/15729 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მ. ი-ის ოჯახის სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. ი-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელე მ. ი-ის ოჯახთან დაკავშირებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, 2017 წლის 16 დეკემბერს შედგენილი „ოჯახის დეკლარაცია“, „მ. ი-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 19 მარტის #04/15729 გადაწყვეტილება და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ მოსარჩელე მ. ი-თან დაკავშირებით კანონით დადგენილი წესით და ვადაში ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ოჯახის დეკლარაციაში შეიტანება ოჯახის შესახებ ფაქტობრივი მონაცემები და აღნიშნულზე დაყრდნობით ხდება ოჯახის მდგომარეობის შეფასება. დეკლარაციის მონაცემები წარმოადგენს სოციალური გასაცემელის დანიშვნის საფუძველს. შესაბამისად, არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენს ოჯახის შესახებ დეკლარაციაში ასახული ზუსტი ინფორმაცია, ამასთან, ზუსტად უნდა განისაზღვროს და განემარტოს მხარეს, თუ რა კონკრეტული გარემოება გახდა პირისთვის სოციალური გასაცემელის დანიშვნაზე უარის თქმის საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების საფუძვლიანად გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, კერძოდ, მ. ი-ის სოციალური სტატუსი, შემოსავლები და დასუფთავებისათვის გადახდილი თანხა არ არის გამოკვლეული სათანადოდ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის #141/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესზე“ და აღნიშნავს, რომ 2017 წლის 16 დეკემბრის ოჯახის დეკლარაციაში სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ დაფიქსირებულ მონაცემებს გაეცნო, დაეთანხმა და დეკლარაციის თითოეულ გვერდზე ხელმოწერით დაადასტურა ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა მ. ი-მა. სააგენტოში 2018 წლის 16 მარტს გამართულ საჩივრის ზეპირი მოსმენის სხდომაზე მ. ი-მა განაცხადა, რომ არ ეთანხმებოდა დეკლარაციაში მოხმარებულ ელექტროენერგიაზე გადახდილი თანხის - 131 ლარის დაფიქსირებას, რაზედაც სხდომის თავმჯდომარის მიერ დაევალა სააგენტოს სოციალური დახმარებების ადმინისტრირების დეპარტამენტს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ მ. ი-ის ოჯახის დეკლარაციაში ასახული მოხმარებულ ელექტროენერგიაზე გადახდილი თანხა - 131 ლარი შეესაბამებოდა თუ არა „ე...ადან“ მიწოდებულ მონაცემებს. კასატორის მითითებით, დადასტურდა, რომ მ. ი-ის 2017 წლის 16 დეკემბრის ოჯახის დეკლარაციაში მითითებული ელექტროენერგიაზე გადახდილი (დეკლარაციის შევსების წინა მეორე თვიდან გასული 12 თვის) თანხა შეადგენს 131 ლარს. ამდენად, სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ 2017 წლის 16 დეკემბრის ოჯახის დეკლარაციაში ელექტროენერგიაზე გადახდილი თანხა - 131 ლარი სწორად არის დაფიქსირებული.

კასატორი მიუთითებს „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის #126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ თუ ადგილი არ ექნება კანონით გათვალისწინებულ გარემოებებს, მ. ი-ის ოჯახს განმეორებითი შეფასების მოთხოვნით, სააგენტოსათვის მიმართვა შეუძლია სარეიტინგო ქულის მინიჭებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ.

ამასთან, კასატორის მითითებით, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულის გამოთვლა ხორციელდება ოჯახის დეკლარაციაში შეტანილი (ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერით დადასტურებული) მონაცემების საფუძველზე, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის #758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, პროგრამულად და კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევა, რაც მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველია, ოჯახის მიმართ არ დადასტურდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ. ი-ი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული იყო 2012 წლიდან და კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით იღებდა საარსებო შემწეობას. 2017 წლის 16 დეკემბერს გადამოწმდა მ. ი-ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და შეივსო „ოჯახის დეკლარაცია“, რომლის საფუძველზეც, 2018 წლის 22 იანვარს მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 94 290 ერთეულით და ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობის მიღება.

სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის მიხედვით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ან/და რეგისტრირებული ოჯახების (შემდგომში - „ოჯახი“ ან „შინამეურნეობა“) კეთილდღეობის დონის შესაფასებლად გამოიყენება შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსი, რომლის გამოთვლა ხდება მონაცემთა საფუძველზე, რომელსაც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი აფიქსირებს სპეციალურ კითხვარში (შემდგომში - ოჯახის დეკლარაცია) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის დახმარებით; ოჯახის დეკლარაციაში ფიქსირდება ოჯახის მახასიათებლების ყველა ის მნიშვნელობა, რომლებიც გამოიყენება კეთილდღეობის ინდექსის გამოსათვლელ ფორმულაში.

შესაბამისად, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულის გამოთვლა პროგრამულად, შესაბამისი ფორმულების მიხედვით ხორციელდება ოჯახის დეკლარაციაში შეტანილი მონაცემების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მ. ი-ის მიერ დასუფთავებისათვის გადახდილი თანხების ბრუნვის შესახებ ამონაწერის მიხედვით, მ. ი-ის მიერ, 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით, დასუფთავებისათვის გადახდილი თანხის ოდენობამ შეადგინა 4.50 ლარი. შესაბამისად, სადავო ოჯახის დეკლარაციაში მითითებული ინფორმაცია დასუფთავებისათვის მ. ი-ის მიერ გაწეული დანახარჯის თაობაზე არ არის გამოკვლეული და შეფასებული საფუძვლიანად.

ამასთანავე, საქმეში წარმოდგენილი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიხედვით, მოსარჩელე მ. ი-ი ოჯახში ცხოვრობს მარტო. შესაბამისად, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში - ოჯახის დეკლარაციაში მონიშნული სტატუსის - „მარტოხელა არამომუშავე პენსიონერი/სოციალური პაკეტის მიმღები“ გადახაზვა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქმეში წარმოდგენილი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით დგინდება, რომ მ. ი-ს 2017 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში საარსებო შემწეობა მიღებული არ აქვს. შესაბამისად, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში - ოჯახის დეკლარაციაში მითითებული 2017 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში 60 ლარის ოდენობით მიღებული სოციალური შემწეობა ასევე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი