№ბს-230(კ-19) 16 მაისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 27 ივნისს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - გ. გ-ის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, სსიპ „დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის“ მსმენელი გ. გ-ი (პირ. №...) საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით გაწვეულ იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში და მასთან გაფორმდა კონტრაქტი; პირადი პატაკის გამო ოცეულის მეთაური გ. გ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში. მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტის 6.2.2. პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის მიზეზით მისი ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში, მას ეკისრება ჯარიმის სახით 10 000 ლარის გადახდის ვალდებულება ოთხი წლის სამსახურის გავლის შემდეგ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ გ. გ-ისათვის პირგასამტეხლოს -10000 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე გ. გ-ს მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს (ჯარიმის) სახით გადასახდელად დაეკისრა 500 ლარი; ხოლო სარჩელი გ. გ-ისათვის პირგასამტეხლოს სახით 10 000 ლარიდან 9500 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. გ-ი სსიპ „დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის“ რექტორის 2013 წლის 26 აპრილის ბრძანებით ჩაირიცხა ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსზე მსმენელად 2013 წლის 29 აპრილიდან და აყვანილ იქნა ყველა სახის კმაყოფაზე.
სსიპ „დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის“ მსმენელი გ. გ-ი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 აპრილის ბრძანებით გაწვეულ იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში 2013 წლის 29 აპრილიდან და მასთან გაფორმდა კონტრაქტი. კონტრაქტის მე-6 მუხლის 6.2.2. ქვეპუნქტის თანახმად, თუ მოსამსახურე ვადამდე იქნება დათხოვნილი სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.1.7, 6.1.8, 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, ოთხი წლის სამსახურის გავლის შემდეგ მას ეკისრება ჯარიმის (10 000 ლარის ოდენობით) და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური პასუხისმგებლობის გადახდის ვალდებულება.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2014 წლის 16 მაისის ბრძანებით გ. გ-ი ჩაითვალა „აკადემიის“ კურსდამთავრებულად და ამოირიცხა ამ კურსიდან 2014 წლის 11აპრილიდან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2014 წლის 1 ივლისის ბრძანებებით გ. გ-ს მიენიჭა სამხედრო წოდება „ლეიტენანტი“ და მიეცა შვებულება 30 დღით, ხოლო ამავე დროიდან იგი, კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, დაინიშნა საცეცხლე მხარდაჭერის ოცეულის მეთაურად (საშტატო კატეგორია „უფროსი ლეიტენანტი“).
სსიპ „დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის“ რექტორის 2014 წლის 9 ივლისის ბრძანებით გ. გ-ი ჩაითვალა აკადემიის კურსდამთავრებულად 2014 წლის 2 ივლისიდან, ამოირიცხა მსმენელთა სიიდან და მასზე გაიცა დადგენილი ნიმუშის დიპლომი.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე-5 ქვეითი ბრიგადის მეთაურის 2015 წლის 3 სექტემბრის ბრძანებით, ტანკსაწინააღმდეგო სწავლების მაღალხარისხიანად დამთავრების, დაკისრებული მოვალეობების კეთილსინდისიერი და მაღალხარისხიანი შესრულებისათვის ლეიტენანტ გ. გ-ს გამოეცხადა „მადლობა“.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 1 აპრილის, 2016 წლის 19 დეკემბრისა და 2017 წლის 21 აპრილის ბრძანებებით ლეიტენანტი გ. გ-ი დაინიშნა საცეცხლე მხარდაჭერის ოცეულის მეთაურად.
2018 წლის 19 მარტს გ. გ-მა პატაკით მიმართა ბატალიონის მეთაურს და ითხოვა სამსახურიდან დათხოვნა სწავლის გაგრძელების მოტივით.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 2 აპრილის ბრძანებით, კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო (პირადი პატაკით), გ. გ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.
გ. გ-ი ირიცხება ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის გემის მექანიკის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე. მისი ოჯახი შედგება ორი წევრისაგან (თვითონ და მისი დედა). გ. გ-ის მამა ზ. გ-ი გარდაიცვალა 2016 წლის 2 მაისს.
სააპელაციო პალატის მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ, ხოლო 66-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას. დაუშვებელია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში მითითებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა.
პალატის განმარტებით, პირგასამტეხლო წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას. აღნიშნული კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება დაკავშირებულია ძირითადი ვალდებულების ჯეროვნად და დროულად შესრულებასთან. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პირგასამტეხლოს რამდენიმე ფუნქცია აქვს: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციაა, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) პირგასამტეხლოს ფუნქცია, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა; გ) პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ამრიგად, პალატის განმარტებით, ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს, ერთი მხრივ, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს, ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს და მეორე მხრივ, იგი განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებას ემსახურება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან პირგასამტეხლო წარმოადგენს როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას, ისე სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ ფორმას, პირგასამტეხლო აიძულებს მოვალეს, დროულად და ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ხოლო ვალდებულების შეუსრულებლობისას დამატებით იცავს კრედიტორის უფლებებს და უმსუბუქებს შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებს, აუცილებელია, რომ მხარეთა შორის შეთანხმება პირგასამტეხლოს თაობაზე დაიდოს კანონით განსაზღვრული წესით, მკაფიოდ და არა ოზროვნად ჩამოყალიბებული სახით, რათა მოვალისთვის იმთავითვე ცნობილი და ნათელი იყოს ვალდებულების რა სახით და ფორმით შეუსრულებლობა გამოიწვევს პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობას და რა ოდენობით, ასევე, პირგასამტეხლო დადგენილი და განსაზღვრული უნდა იყოს შესაბამისი მიზნების მისაღწევად.
პალატის მითითებით, სადავო ხელშეკრულების 6.1.4. პუნქტით, თუკი წარმოიშობა კონტრაქტის შეწყვეტის სამოქალაქო-სამართლებრივი საფუძველი, მას ეკისრება ოთხი წლის სამსახურის გავლის შემდეგჯარიმის (10000 ლარის ოდენობით) გადახდის ვალდებულება.
სააპელაციო პალატის განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს ამოცანაა მხარე დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისთვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ურთიერთობის დამყარებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ შედეგებს. სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო, როცა ამას საჭიროებს დაზარალებულის ინტერესები. სასამართლო მხედველობაში იღებს არამარტო მის ქონებრივ, არამედ ყველა სხვა პატივსადებ ინტერესს. სასამართლო აფასებს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სააპელაციო სასამართლოდ მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, მართალია, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დადგენილი პირგასამტეხლოს სახე – ჯარიმა, მხარეთა მიერ არის შეთანხმებული, მაგრამ არსებული სოციალური ფონისა და გ. გ-ის მდგომარეობის გათვალისწინებით, აშკარად შეუსაბამოა და მძიმე მატერიალურ პირობებში აყენებს მხარეს.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია, კერძოდ: 1. კონტრაქტში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა არც ერთი საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული არაა და „დაწესებულია“ მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეხედულებით და სურვილით; 2. მოპასუხე დათხოვნილია სამხედრო სამსახურიდან პირადი პატაკით სწავლის გაგრძელების მიზნით; 3. სამხედრო სამსახურისას მას გამოცხადებული აქვს „მადლობა“ ტანკსაწინააღმდეგო სწავლების მაღალხარისხიანად დამთავრების, დაკისრებული მოვალეობების კეთილსინდისიერი და მაღალხარისხიანი შესრულებისათვის; 4. იგი ამჟამადაც სწავლობს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის გემის მექანიკის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მის მიერ პირგასამტეხლოს თანხის 500 ლარამდე შემცირება სამართლიანი და გონივრულია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, არც ერთი სასამართლოს მიერ სადავოდ არ გამხდარა მოპასუხის მიერ კონტრაქტის დარღვევის ფაქტი, თუმცა სასამართლო უთითებს სსკ-ის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგსამტეხლო საქმის გარემოებების გათვალისწინებით.
კასატორის მითითებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, ჯარიმა (საურავი) პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, ხოლო ჯარიმას ცალკე, ვალდებულების შესრულების საგარანტიო ღონისძიების სახით სამოქალაქო კოდექსი საერთოდ არ იცნობს და ფაქტობრივად კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს წამოადგენს.
კასატორის განმარტებით, არამართებულია სასამართლოების მიერ კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობის შემცირება, ვინაიდან, კანონმდებლობა ზუსტად განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო: ა) მხარის ქონებრივი მდგომარეობა; ბ) დაზარალებულის ინტერესი. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას არ გამოიკვლია და შეისწავლა მხარის ქონებრივი მდგომარეობა და ინტერესები, რომლებიც საფუძვლად უნდა დადებოდა პიგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას.
კასატორის მითითებით, პირგასამტეხლოს თაობაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევის ფაქტი. „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილების XVIII თავი ითვალისწინებს ასევე ფინანსურ პასუხისმგებლობას სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში. მითითებული თავის მე-4 პუნქტი ფინანსურ პასუხისმგებლობაში ცალ-ცალკე განსაზღვრავს ჯარიმას და პირგასამტეხლოს.
ამდენად, სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენება კასატორს უსაფუძვლოდ მიაჩნია, რადგან ჯარიმის თანხის განსაზღვრა თავად მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად მოხდა, რის გამოც, კასატორის მოსაზრებით, არ არსებობს მისი შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე გ. გ-ს მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს (ჯარიმის) სახით გადასახდელად დაეკისრა 500 ლარი; ხოლო სარჩელი გ. გ-ისათვის პირგასამტეხლოს სახით - 10 000 ლარიდან 9500 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ხოლო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გ. გ-ს არ გაუსაჩივრებია. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის განჩინებითაც. ამდენად, გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის განჩინებაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის პირობებში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს განჩინების მხოლოდ ის ნაწილი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლო უნდა იყოს გონივრული და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. სასამართლოს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება, არ ნიშნავს, უპირობოდ, მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელისთვის პირგასამტეხლოს სახის - 10 000 ლარის დაკისრება არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, რის გამოც სახეზეა პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა და შესაბამისად, მისი შემცირების წინაპირობები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი