საქმე №ბს-2 (გ-19) 20 ივნისი 2019წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა დავა განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...მ“ 15.11.18წ. საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ მოპასუხის 02.10.18წ. Nემ710228 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმისა (საჯარიმო ქვითარი) და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 08.11.18 NMIA 7 18 02730876 დადგენილების გაუქმების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.11.17წ. დადგენილებით შპს „...ს“ საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, ხოლო ამ კოდექსის 116-125 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სასამართლომ მიიჩნია, რომ დავა განსჯადობით რუსთავის საქალაქო სასამართლოს ქვემდებარეა, რადგან განსახილველ შემთხვევაში შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის ადგილს წარმოადგენს ქ. რუსთავი. ამასთან, სადავო ადმინისტრაციული აქტი მიღებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მიერ. ასევე, დავის საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, შესაძლებელია საჭირო გახდეს სხვადასხვა საპროცესო მოქმედების განხორციელება, შესაბამისად, სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის მიხედვით საქმის განხილვა უფრო ეფექტურს გახდის მართმსაჯულების განხორციელების პროცესს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი კონკრეტულად ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მისი ჩადენის ადგილად განხილვას, თუმცა მე-2 ნაწილი უშვებს შესაძლებლობას გარკვეულ შეთხვევებში საქმის განხილვა მოხდეს დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სასამართლომ მიიჩნია, რომ უპირატესობა მუხლის პირველ ნაწილს უნდა მიენიჭოს, რადგან პირველი ნაწილი უფრო იმპერატიულად განსაზღვრავს საქმის განხილვის ადგილს. ასევე მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინებაც, რომ არათუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, არამედ მოპასუხე მხარეც ამ ტერიტორიულ ერთეულში მდებარეობს და მის მიერ მიღებული დადგენილების გასაჩივრების წესშიც სწორედ ამ ტერიტორიული ადგილის განსჯადი სასამართლოა მითითებული. აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავსი საჩივრის ავტორების უმეტესობა წარმოადგენენ იურიდიულ პირებს, რომელთა იურიდიულ მისამართად დაფიქსირებულია ქ.თბილისი, ამდენად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გამოიწვევს ადმინისტრაციულ საქმეთა კონცენტრაციას დედაქალაქში, რაც განაპირობება ამ წესისაგან გამონაკლისების დაშვების აუცილებლობას. სასამართლოს მითითებით ტერიტორიული განსჯადობის არსი მდგომარეობს პრინციპში, რომლის მიხედვით მოსარჩელე მიმართავს მოპასუხის სასამართლოს. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის მოქმედების ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო. ამდენად, სამართალდარღვევის ჩადენის ადგილისა და ოქმის გამომცემი ორგანოს მდებარეობის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ დავა რუსთავის საქალაქო სასამართლოს განსჯადია.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 19.12.18წ. განჩინებით შპს „...ს“ საჩივარი განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე. სამართალდამრღვევის მისამართია ქ. თბილისი, … N42-42ა. ამასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლი ამავე კოდექსის 118-ე მუხლთან დაკავშირებით ითვალისწინებს ალტერნატიულ განსჯადობას, კერძოდ 118-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა შესაძლებელია როგორც სამართალდარღვევის ჩადენის ადგილას, ასევე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. შპს „...ს“ ადგილსამყოფელია ქ. თბილისი. რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილებისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თვლის, რომ შპს „...ს“ საჩივარი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განჯადობის შესახებ დავა. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობსათან დაკავშირებით დავა ეხება არა საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობას. სასკ-ის 26-ე მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტეროტორიული განსჯადობის საკითხზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 თავით დადგენილია სამოქალაქო სარჩელის წარდგენისას განსჯადი სასამართლოს განსაზღვრის წესი. აღნიშნული წესების გამოყენება ხდება აგრეთვე ადმინისტრაციული სარჩელის აღძვრისას, უკეთუ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი (სასკ-ის 1.2 მუხ.). სასკ-ის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული აქტის კანონიერების თაობაზე არსებული დავები იხილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 231-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების წესი ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით განისაზღვრება. ამავე კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას (261.1 მუხ.), თუმცა კოდექსის 116-ე–125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (261.2 მუხ.). ამდენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილია განსჯადობის სპეციალური წესი, რაც გამორიცხავს განსახილველ დავაზე სსკ-ით განსაზღვრული განსჯადობის წესის გამოყენებას.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს „...“ 02.10.18წ. დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს იმ იურიდიული პირის დაჯარიმებას, რომელმაც სამართავად გადასცა/საექსპლუატაციოდ გადასცა/საექსპლუატაციოდ დაუშვა სხვა პირი იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება. ამდენად, სანქციის შეფარდების სამართლებრივი საფუძვლის გათვალისიწინებით (118.2 მუხ.), სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა ალტერნატიული განსჯადობა. შპს „...ს“ შეეძლო საჩივარი წარედგინა თავისი ადგილსამყოფელის ან სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის მიხედვით. ალტერნატიული განსჯადობის შემთხვევაში განსჯად სასამართლოს ირჩევს მოსარჩელე - განსახილველ შემთხვევაში საჩივრის ავტორი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს „...მ“ გამოიყენა თავისი საპროცესო უფლება და სასამართლოს მიმართა არა სავარაუდო სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის, არამედ სავარაუდო დამრღვევის ადგილსამყოფნის მიხედვით. აღნიშნულის მიუხედავად, თბილისის საქალაქო სასამართლომ საკუთარი ინიციატივით შეცვალა საჩივრის ავტორის მიერ არჩეული სასამართლო და დავა განსახილველად რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაუგზავნა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მითითება მოპასუხის - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მდებარეობის შესახებ განსახილველი დავის ტერიტორიული განსჯადობის გადაწყვეტისათვის არარელევანტურია, რადგან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლით დადგენილი განსჯადობის სპეციალური წესი არ ითვალისწინებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მდებარეობის მიხედვით სამართალდარღვევის საქმის განხილვის შესაძლებლობას. ამასთანავე, სსკ-ის მე-15 მუხლით განსაზღვრული რეგულაციის განსახილველ შემთხვევაზე გავრცელება არ ეფუძნება რაიმე ნორმატიულ საფუძველს.
მოსაზრება, რომ განსახილველი დავის თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის დაქვემდებარება გამოიწვევს მის გადატვირთვას, რადგან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118.2 მუხლი საფუძველზე სანქციაშეფარდებული სუბიექტები იურიდიული პირები არიან, რომელთა ადგილსამყოფელი ქ. თბილისია, აგრეთვე არ არის დასაბუთებული, კოდექსის 118.2 მუხლის დისპოზიცია არ იძლევა მსგავსი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას. კოდექსის 118.2 მუხლის სუბიექტები არიან არა მხოლოდ იურიდიული, არამედ ფიზიკური პირებიც, რომელთა რეგისტრაცია შესაძლოა სხვადასხვა ადგილას იყოს, საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულში და არა მხოლოდ ქალაქ თბილისში. ამასთანავე, განსჯადობის საკითხს იმპერატიული ხასიათი აქვს და მისი გადაწყვეტა უნდა ემყარებოდეს კანონმდებლობის მოთხოვნებს და არა მიზანშეწონილობის მოსაზრებებს.
განსჯადობის წესს არ განსაზღვრავს აგრეთვე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტის გასაჩივრების წესში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მითითება, რადგან კონკრეტული დავის განსჯადი სასამართლო დგინდება შესაბამისი ნორმატიული მოწესრიგების და არა მოპასუხის მოსაზრების საფუძველზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს განსჯადი სასამართლოს არჩევის თაობაზე საჩივრის ავტორისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების შეზღუდვის რაიმე საფუძველი, შესაბამისად, შპს „...ს“ არჩევანის გათვალისწინებით, საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15, 390-ე და 399-ე მუხლებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლით და:
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...ს“ საჩივარი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ.სხირტლაძე
მოსამართლეები: მ.ვაჩაძე
ვ. როინიშვილი