საქმე Nბს-472(კ-19) 11 ივნისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ე. ი-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. ი-ემ 2017 წლის 24 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 2017 წლის 05 იანვრის №1 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ფართის შესყიდვის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 2017 წლის 05 იანვრის №1 სხდომის ოქმი (ე. ი-ის ნაწილში) და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ოემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლოში მიუთითებდა, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიდებული განსახლების პროცედურების (დანართი N1) მე-4 მუხლის მე-2 პუნტის საფუძველზე, ე. ი-ეს მიენიჭა უფლებამოსილება 1 თვის ვადაში წარედგინა მისთვის სასურველი საცხოვრებელი სახლი, რომელსაც ამავე მუხლით დადგენილი პროცედურების გათვალისწინებით შეუსყიდიდა სამინისტრო და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასცემდა საკუთრებაში. აღნიშნულის თაობაზე მას ეცნობა 2016 წლის 13 ივნისის N05-01/06/15779 წერილით. 2016 წლის 19 ივლისს მოსარჩელემ განცხადებით მომართა სამინისტროს და წარმოადგინა ინფორმაცია შესასყიდი საცხოვრებელი სახლის თაობაზე. ვინაიდან მის მიერ 2016 წლის 19 ივლისს წარმოდგენილი საცხოვრებელი ბინის მდგომარეობა არ იყო დამაკმაყოფილებელი, 2016 წლის 2 აგვისტოს კომისიის (სხდომის N24 ოქმი) გადაწყვეტილებით, მას დამატებით მიეცა კიდევ 10 დღიანი ვადა სხვა სახლის წარსადგენად. მისმა ოჯახმა ვერც აღნიშნულ ვადაში მოახერხა შესაბამისი საცხოვრებელი სახლის წარდგენა, რასთან დაკავშრებით, 2016 წლის 10 აგვისტოს მიმართა სამინისტროს N40321/01 განცხადებით და მოითხოვა, რომ სამინისტროს 2017 წელს კიდევ ერთხელ განეხილა მისი საკითხი. აღნიშნულის გათვალისწინებით მისი საკითხი განსახილველად გატანილ იქნა „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელ კომისიის“ სხდომაზე, (2016 წლის 10 აგვისტოს N26 ოქმი) სადაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ საკითხის განხილვა მოხდებოდა 2017 წელს. აღნიშნული ე. ი-ეს ეცნობა სატელეფონო საუბრით. საკითხის ხელახლა 2017 წელს განხილვასთან დაკავშირებით 2016 წლის 10 აგვისტოს N40321/01 განაცხადი კომისიამ 2017 წლის 5 იანვარს განიხილა და მიზანშეწონილად არ მიიჩნია იმ ეტაპზე დაეკმაყოფილებინა ე. ი-ის განცხადება ზემოხსენებული ვადების დარღვევის გამო.
კასატორის განმარტებით, ზემოაღნიშნული მარეგულირებელი ნორმატიული აქტის საფუძველზე, განმეორებით მხოლოდ ერთხელ აქვს ბენეფიციარს მისი საკითხის ხელახლა განხილვის შესაძლებლობა და ისიც განსაზღვრულ პირობებში, რაც მოსარჩელის მიერ არ იქნა გამოყენებული სათანადოდ. ასევე, კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სასამართლოს გადაწყვეტილებას აქტის ბათილობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანო მოქმედებდა მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსლების ფარგლებში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 აპრილის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 ივნისის №05-01/06/15779 ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით ე. ი-ეს 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, როგორც ეკომიგრანტს, მიეცა ერთთვიანი ვადა სასურველი საცხოვრებელი სახლის სამინისტროსათვის წარსადგენად, რომელსაც სამინისტრო შეისყიდიდა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრებაში გადასცემდა.
დადგენილია, რომ 2016 წლის 19 ივლისს ე. ი-ის შვილმა - მ. ს-ემ განცხადებით მიმართა სამინისტროს და შესასყიდად შესთავაზა საცხოვრებელი სახლი (მისამართი - თბილისი, ... №14, ბინა №8), რომელიც კომისიის 2016 წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილებით მიჩნეულ იქნა ავარიულ სახლად. მხარეს 2016 წლის 12 აგვისტომდე მიეცა დამატებითი ვადა სხვა სახლის წარსადგენად. სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ვადაში - 2016 წლის 10 აგვისტოს ე. ი-ის შვილმა - მ. ს-ემ განცხადებით მიმართა სამინისტროს და მიცემულ დამატებით ვადაში საცხოვრებელი ფართის მოუძიებლობის გამო ითხოვა ბინით დაკმაყოფილების საკითხის 2017 წელში გათვალისწინება, რაც დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს სატელეფონო საუბრით ეცნობა, რომ საკითხის განხილვა მოხდებოდა 2017 წელს. მოგვიანებით კი, ე. ი-ემ - 2016 წლის 26 დეკემბერს შესასყიდად შესთავაზა სხვა საცხოვრებელი სახლი, რომლის თაობაზეც ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია.
დადგენილია, რომ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 2017 წლის 05 იანვრის №1 სხდომაზე, კომისიამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია ე. ი-ის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ხოლო 2017 წლის 25 იანვრის №03-01/03/1429 წერილით განიმარტა, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ვადების დარღვევის გამო - განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი საცხოვრებელი სახლის წარუდგენლობის მიზეზით.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს გასაჩივრებული აქტის გამოცემამდე, უნდა გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, მათ შორის, უნდა გაეთვალისწინებინა, რომ სამინისტრომ თავად განუმარტა მხარეს საკითხის 2017 წელს განხილვის შესახებ და შესწავლილი უნდა ყოფილიყო მოსარჩელის მიერ 2016 წლის 26 დეკემბერს წარდგენილი განცხადების
კანონშესაბამისობა და ამის შემდგომ მიეღო კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება რაც მოპასუხის მიერ არ იქნა განხორციელებული. ამდენად, 2017 წლის 25 იანვრის №03-01/03/1429 წერილში მითითებული განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, არ ქმნის მისი კანონიერად მიჩნევის შესაძლებლობას.
საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შესწავლის ნაცვლად, მოპასუხემ მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რაც ქმნის სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველს.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე