Facebook Twitter

საქმე №ბს -542 (გ-19) 20 ივნისი, 2019წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა დავა განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და მარტვილის მაგისტრ სასამართლოს შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. გ-ამ 19.03.2019წ. საჩივრით მიმართა მარტვილის მაგისტრ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მიმართ მოპასუხის 24.02.2019წ. Nსდ002509 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა (ელექტრონული საჯარიმო ქვითრის) და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 05.03.2019წ. MIA 4 19 00569568 დადგენილების გაუქმების მოთხოვნით. ლ. გ-ამ იშუამდგომლა საქმის თავისი საცხოვრებელი ადგილის მისამართის (მარტვილი, ..., მე-20 ქ. N12) და არა რეგისტრაციის ადგილის (ქ. თბილისი, ... N106/17) მიხედვით განხილვის შესახებ.

სენაკის რაიონული სასამართლოს მარტვილის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი სასამართლოს 20.03.2019წ. განჩინებით ლ. გ-ას საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაუგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, თუმცა ამ კოდექსის 116-125-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილს წარმოადგენს ქ. თბილისის ტერიტორია, რის გამოც საჩივრის განსახილველი უფლებამოსილი სასამართლო ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ სასკ-ის 26-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს სარჩელის განსჯად სასამართლოში წარდგენის ვალდებულებას, იმპერატიული შინაარსის ნორმაა და მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისგან. „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 3.2 მუხლის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯადია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.04.19წ. დადგენილებით ლ. გ-ას საჩივარი განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის მე-20 მუხლის მიხედვით, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს. ალტერნატიული განსჯადობისას, განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა მოსარჩელის ერთპიროვნული საპროცესო უფლებაა. ასეთ დროს მოსარჩელის მიერ არჩეული სასამართლოს საკუთარი ან მოპასუხის ინიციატივით შეცვლა ცდება საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლებს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლი ცალსახად ადგენს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, ხოლო ამ კოდექსის 116-125-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. განსახილველ შემთხვევაში, ლ. გ-ას მიმართ ელექტრონული დადგენილება შედგენილ იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენის ფაქტზე, შესაბამისად, საქმის განხილვა შესაძლებელია როგორც სამართალდარღვევის ჩადენის ადგილას, ისე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დადგენილია, რომ ლ. გ-ამ გამოიყენა მისთვის მინიჭებული უფლება სასამართლოს არჩევის შესახებ და დავის გადასაწყვეტად მიმართა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განსჯად მარტვილის მაგისტრატ სასამართლოს, თუმცა ამ უკანასკნელმა საქმე გადააგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოში იმ საფუძვლით, რომ სამართალდარღვევის ჩადენა მოხდა ქ. თბილისის ტერიტორიაზე, რაც სასამართლოს მოსაზრებით დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება ნორმატიულად განსაზღვრულ განსჯადობის წესს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა დადგენილებისა და მარტვილის მაგისტრატი სასამართლოს განჩინების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თვლის, რომ ლ. გ-ას საჩივარი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მარტვილის მაგისტრატ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განჯადობის შესახებ დავა. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება არა საგნობრივ, არამედ ტერიორიული განსჯადობას. სასკ-ის 26-ე მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტეროტორიული განსჯადობის საკითხზე.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 231-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების წესი განისაზღვრება ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

ზოგადი წესის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას (261.1 მუხ.), თუმცა კოდექსის 116-ე–125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (261.2 მუხ.).

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ. გ-ა 24.02.2019წ. ღამის საათებში მოძრაობდა ქ. თბილისში, ... ტერიტორიაზე, რა დროსაც შსს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ დაუდგინდა 0.972% ალკოჰოლური თრობა და მის მიმართ შედგენილ იქნა Nსდ002509 ელექტრონული დადგენილება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ლ. გ-ამ საჩივრით მიმართა სასამართლოს სახდელის დაკისრების შესახებ ელექტრონული დადგენილებისა და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილების გაუქმების მოთხოვნით. ამდენად, ვინაიდან სანქციის შეფარდების სამართლებრივი საფუძველი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტია, განსჯადობა ალტერნატიულია: ლ. გ-ას შეეძლო საჩივარი წარედგინა სამართალდარღვევის ჩადენის ან თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

მარტვილის მაგისტრატ სასამართლოში საჩივრის წარდგენით ლ. გ-ამ აირჩია საქმის განმხილველი სასამართლო, ამასთანავე, წარდგენილ საჩივარში ლ. გ-ა უთითებდა, რომ მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია მარტვილი, ... და შუამდგომლობდა საქმის მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განხილვას. „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 09.08.2007წ. N1/150-2007 გადაწყვეტილებით განსაზღვრულია რაიონული (საქალაქო) სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, რომლის მიხედვით სენაკის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება სენაკის, აბაშისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით, სწორედ აღნიშნული სასამართლოს ფარგლებში მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე მარტვილის მუნიციპალიტეტში (37-ე მუხ.). ამდენად, ლ. გ-ას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განსჯადი სასამართლო მარტვილის მაგისტრატი სასამართლოა.

საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას, რომ ალტერნატიული განსჯადობისას, განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა მოსარჩელის საპროცესო უფლებაა და დაუშვებელია მოსარჩელის მიერ არჩეული სასამართლოს შეცვლა სხვა სასამართლოთი მოპასუხის მოთხოვნით ან სასამართლოს ინიციატივით. ლ. გ-ამ საჩივრით მიმართა მარტვილის მაგისტრატ სასამართლოს, რითიც მოახდინა თავისი საპროცესო უფლების რეალიზაცია და მარტვილის მაგისტრატი სასამართლო აირჩია განსჯად სასამართლოდ. ამასთანავე, ლ. გ-ამ საჩივარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ სურს საქმე მისი საცხოვრებელი მისამართის მიხედვით იქნეს განხილული, ასევე დაასახელა საცხოვრებელი ადგილის (რომელიც შესაძლოა არ ემთხვეოდეს რეგისტრაციის ადგილს) მისამართი: მარტვილი, ... . მარტვილის მაგისტრატი სასამართლოს განჩინება არ შეიცავს რაიმე დასაბუთებას საჩივრის ავტორის მიერ არჩეული სასამართლოს შეცვლის შესახებ და შედგება მხოლოდ ნორმათა ციტირებისგან. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მაგისტრატი სასამართლო თავადვე უთითებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლზე (პირველ და მეორე ნაწილებზე), რომელიც ამავე კოდექსის 116-ე მუხლის საფუძველზე დაწყებული სამართალდარღვევის საქმის განხილვას დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვითაც ითვალისწინებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მარტვილის მაგისტრატ სასამართლოს. სასამართლოებს შორის განსჯადობის საკითხის ამგავრი გადაწყვეტა ხელს შეუწყობს მართლსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, პროცესის ეკონომიურობას და ოპერატიულობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15, 390-ე და 399-ე მუხლებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლით და:

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. გ-ას საჩივარი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს სენაკის რაიონული სასამართლოს მარტვილის მუნიციპალიტეტის მაგისტრატ სასამართლოს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ.სხირტლაძე

მოსამართლეები: მ.ვაჩაძე

ვ. როინიშვილი