ბს-1422(კ-18) 20 ივნისი, 2019წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.09.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ჭ-მა 17.11.2017წ. სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ „ლ. ჭ-ის ოჯახისათვის 154410 ერთეულის ოდენობით მინიჭებული ქულათა რაოდენობის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურეობის საგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 24.06.2017წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და არსებული რეალური ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრისათვის ოჯახის ახალი დეკლარაციის შედგენის დავალების მოთხოვნით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 30.05.2018წ. გადაწყვეტილებით ლ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს 24.06.2017წ. გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრს დაევალა ოჯახის ახალი დეკლარაციის შედგენა არსებული რეალური ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.09.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ.
კასატორმა მიუთითა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 20.05.2010წ. N141/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესზე“, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ინფორმაციის მოპოვების პროცედურებზე, უფლებამოსილი პირისა და ოჯახის ვალდებულებებსა და დეკლარაციის შევსების წესებზე და აღნიშნა, რომ ლ. ჭ-ის ოჯახის დეკლარაცია შევსებულია ნორმატიულად განსაზღვრული პროცედურების დაცვით. ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი ხელს აწერს დეკლარაციის ყველა ფურცელს, რაც ადასტურებს დეკლარაციაში ასახული ინფორმაციის სისწორესა და დეკლარაციაშში დაფიქსირებული მონაცემების სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ასახვაზე ოჯახის თანხმობას. საქმის მასალებით არ დასტურდება ოჯახის ვადამდე გადამოწმების საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ დეკლარაცია არ შეიცავდა სრულყოფილ მონაცემებს მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებელი ფართისა და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რამაც ფაქტობრივი მდგომარეობისათვის შეუსაბამო სარეიტინგო ქულის მინიჭება გამოიწვია. კასატორის მოსაზრება, რომ დეკლარაცია ნორმატიულად განსაზღვრული პროცედურების დაცვით არის შედგენილი, არ ადასტურებს სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობას, რადგან ნორმატიული მოწესრიგების ფორმალური დაცვა იმთავითვე არ გულისხმობს აქტის/ქმედების მართლოზმიერებას. აქტის კანონიერების შემოწმებისას ფასდება მისი როგორც ფორმალური, ასევე მატერიალური კანონიერება. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით: სამკვიდრო მოწმობით, ფოტოსურათებით, გენერალური გეგმით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით დასტურდება, რომ ლ. ჭ-ის საკუთრებაში რიცხული 112 კვ.მ. ფართი სრულად საცხოვრებელი დანიშნულების არ არის, საცხოვრებელი ფართი არის მხოლოდ 45.26 კვ.მ.. სააგენტოს უფლებამოსილ პირს შეეძლო ვიზუალური დათვალიერებით დაედგინა, რომ სახლის პირველი სართული არ არის საცხოვრებლად ვარგისი, მას საჯარო რეესტრში დაცული ინფორმაცია უნდა შეეჯერებინა სამკვიდრო მოწმობაში ასახულ მონაცემებსა და ფაქტობრივ მდგომარეობასთან. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ საჯარო რეესტრის მონაცემთა უტყუარობის პრეზუმფცია არ ირღვევა, სარეგისტრაციო ჩანაწერი არ შეიცავს დათქმას საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების ოდენობის შესახებ, ჩანაწერში მხოლოდ მთლიანი ფართია მითითებული. ამდენად, ოჯახის დეკლარაციის შევსებისას ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი ვალდებული იყო არსებული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების შედეგად დაეფიქსირებინა მონაცემი საცხოვრებელი ფართის შესახებ. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ ოჯახის დეკლარაციის შევსებისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო აგრეთვე ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა, საქმეში დაცული სამედიცინო დოკუმენტაციით დასტურდება, რომ მოსარჩელის ოჯახის წევრებს აქვთ გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები, რაც ოჯახის დეკლარაციის შევსებისას არ დაფიქსირებულა.
გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ ოჯახის დეკლარაციის „F“ გრაფაში („სააგენტოს უფლებამოსილი პირის შეფასება“) ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის ზოგად შეფასებად მითითებულია ღატაკი. სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცუალური დაცვის მინისტრის 20.05.2010წ. N141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ 12.3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ღატაკად შეიძლება ჩათვლილიყო შინამეურნეობა თუ მის წევრ(ებ)ს მძაფრად ედგათ შიმშილის პრობლემა, სხვისი დახმარების გარეშე არ შეეძლოთ იმ მინიმალური საკვების მოპოვება, რაც აუცილებელი იყო მათი ჯანმრთელობის (სიცოცხლის) შენარჩუნებისათვის, ან მათი შემოსავალი სრულად ვერ ყოფნიდა იმ საკვების შეძენასაც კი, რაც საჭირო იყო შინამეურნეობის წევრების ნორმალური კვებისათვის. განსახილველ შემთხვევაში ლ. ჭ-ის ოჯახი ერთი მხრივ მიჩნეულ იქნა ღატაკად, ხოლო მეორე მხრივ მიენიჭა ისეთი სარეიტინგო ქულა, რაც გამორიცხავს შემწეობის დანიშვნას. ამდენად, მართებულია მოსაზრება, რომ არსებობს კონკრეტული ოდენობით სარეიტინგო ქულის მინიჭების ბათილად ცნობის და კასატორისათვის მისი ხელახლა გადაანგარიშების დავალების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.09.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ.ვაჩაძე
ვ. როინიშვილი