ბს-557(კ-19) 11 ივლისი, 2019წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ნ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.01.2019წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ს-მა 30.11.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული მართვის სამსახურის მიმართ ა. ბ-ის საკუთრებად მცხეთის რაიონის სოფელ ბ-ში მდებარე 3510 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 22.02.2007წ. გადაწყვეტილების, ე. ც-ის საკუთრებად მცხეთის რაიონის სოფელ ბ-ში მდებარე 3510 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 01.12.2015წ. N... გადაწყვეტილების, მცხეთის რაიონის სოფელ ბ-ში მდებარე 3510.00 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის 2510.00 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთად (ს.კ ...) და 1000.00 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთად (...) დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.11.2017წ. N... გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 14.11.2017წ., 28.11.2017წ., 08.12.2017წ. და 17.12.2017წ. გადაწყვეტილებების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 09.01.2018წ. N15754 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მარეგისტრირებელი ორგანოსათვის მოსარჩელის მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე 3120 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის დავალების მოთხოვნით.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 04.12.2017წ. განჩინებით, სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ა. ბ-ი და ე. ც-ი.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 17.07.2018წ. გადაწყვეტილებით ნ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ს-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.01.2019წ. განჩინებით ნ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ნ. ს-ის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია სზაკ-ის მოთხოვნათა დარღვევით, საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე. საქმეში დაცული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად დგინდება სადავო აქტების უკანონობა, მოსარჩელის საკუთრება დასტურდება შესაბამისი უფლებადამდგენი დოკუმენტით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ სადავო რეგისტრაციები განხორციელდა უფლებადამდგენი დოკუმენტების შესაბამისად. ა. ბ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია შესაბამისობაშია მის სახელზევე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტის მონაცემებთან, მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა შესახებ ინფორმაცია თანხვედრაშია ადმინისტრაციულ ორგანოში რეგისტრირებულ მონაცემთან. ამასთან ა. ბ-ის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტაცია: მიღება-ჩაბარების აქტი და საკადასტრო აზომვითი ნახაზი ქმნიდა პირველადი რეგისტრაციის საკმარის საფუძველს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მართლზომიერია არა მხოლოდ ა. ბ-ის, არამედ ე. ც-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციაც, რადგან იგი განხორციელდა ძალაში მყოფი, უფლებამოსილი პირის მიერ გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე. ჩუქების ხელშეკრულება ნ. ს-ს სადავო არ გაუხდია. ასევე არ არსებობს ე. ც-ის მიერ მის საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთის ორ ნაწილად გაყოფისა და დამოუკიდებელ საკადასტრო ერთეულებად რეგისტრაციის არამართლოზმიერად მიჩნევის საფუძველი, რადგან მესაკუთრეს კანონმდებლობით არ ეზღუდება უძრავი ნივთის დაყოფის შესაძლებლობა.
კასატორის მოსაზრება, რომ სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმის გარემოებები, არ არის დასაბუთებული. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სრულად შეაფასეს საქმეში დაცული მტკიცებულებები, მათ შორის მოსარჩელის მიერ წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტების ასლები, რომლებიც ურთიერთგანსხვავებულია და არ ადასტურებს მოსარჩელის ან მისი მამკვიდრებლის უფლებას სადავო ტერიტორიაზე. მართებულია სასამართლოთა მითითება, რომ არ ირკვევა მოსარჩელის მამკვიდრებლის მიწის ნაკვეთის ზუსტი მდებარეობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.01.2019წ. განჩინება;
3. ნ. ძ-ეს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 02.04.2019წ. N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ვ.როინიშვილი
ბ. ალავიძე