Facebook Twitter

ბს-931(კ-18) 11 ივლისი, 2019წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.03.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ს-მა 25.03.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მიმართ კონსერვატორიის მუსიკოლოგიის მიმართულებებზე აკადემიური თანამდებობების (ასისტენ-პროფესორის) დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის საკონკურსო კომისიის 22.01.2015წ. N1 სხდომის ოქმში ასახული, მ. ს-ის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების, კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 26.01.2015წ. N8 საოქმო გადაწყვეტილების მ. ს-ის ნაწილში ბათილად ცნობის, კონსერვატორიისათვის მუსიკოლოგიის მიმართულებებზე აკადემიური თანამდებობების (ასისტენტ-პროფესორის) დასაკავებლად 2015 წელს გამოცხადებული კონკურსის მე-2 ეტაპზე მ. ს-ის დაშვებისა და ახალი შემადგენლობით შექმნილი კომისიის მიერ საქმის განხილვის დავალების მოთხოვნით. მოსარჩელემ მოითხოვა აგრეთვე სსიპ თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიისათვის მუსიკოლოგიის მიმართულებებზე აკადემიური თანამდებობების (ასისტენტ-პროფესორის) დასაკავებლად 2015 წელს გამოცხადებულ კონკურსში მ. ს-ის ასაკის ნიშნით დისკრიმინაციის გამო კონსერვატორიისათვის მორალური ზიანის - 4000 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.02.2017წ. გადაწყვეტილებით მ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკოლოგიის მიმართულებებზე აკადემიური თანამდებობების (ასისტენ-პროფესორის) დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის საკონკურსო კომისიის 22.01.2015წ. N1 სხდომის ოქმი მაგდა ს-ის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების ნაწილში, შესაბამის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი სსიპ თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 26.01.2015წ. N8 სხდომის ოქმი და მოპასუხეს დაევალა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მ. ს-ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.03.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ სადავო აქტები გამოცემულია საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად. სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა ისეთი პირების მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომლებიც 2012-2013 წ.წ. პროექტის განხორციელებაში არ მონაწილეობდნენ. სასამართლოში წარდგენილ ახსნა-განმარტებათა ნაწილი კონკურსის წინ კასატორთან წარდგენილი არ ყოფილა, მათი შექმნა მოხდა კონკურსის შემდეგ. მოწმეთა ნაწილი ადასტურებს, რომ მასტერ-კლასი ტრადიციული გაგებით არ ჩატარებულა, შინაარსობრივად ეს იყო მხოლოდ სარეკომენდაციო შეხვედრები. კასატორი თვლის, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება 2012 წ. შემდგომ მ. ს-ის პრაქტიკულ-საშემსრულებლო საქმიანობა, მასტერ-კლასების ჩატარება შესაძლოა პედაგოგიურ გამოცდილებად იქნეს აღქმული. სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მტკიცებულებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას სადავო აქტების სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობის შესახებ და მიიჩნევს, რომ მათი გამოცემა მოხდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე. საქმის მასალებით მათ შორის მუსიკოლოგიის მიმართულების კონკურსანტის შეფასების ფორმის მიხედვით დასტურდება, რომ მ. ს-ს შეფასების ქულის მინიჭებისას არ ჩაეთვალა პროფილის შესაბამისი საშემსრულებლო მოღვაწეობა 2012 წლიდან. კონკურსანტ მ. ს-ის ანკეტისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის 29.12.2014წ. წერილის მიხედვით 2012 წ. მოსარჩელემ ჩაატარა მასტერკლასები თბილისის ეკლესიების 14 მგალობელთა გუნდისთვის რეგენტთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ხოლო 2013 წ. ჩაატარა მასტერ-კლასი თბილისისა და თბილისთან ახლოს მდებარე ეკლესიების 16 მგალობელთა გუნდისათვის რეგენტთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. მასტერ-კლასთა ჩატარებას არც კასატორი ხდის სადავოდ, თუმცა მიიჩნევს, რომ აღნიშნული არ ადასტურებს პროფილის შესაბამის შემსრულებლობას, რაც არ არის დასაბუთებული. საქმეში წარმოდგენილია არაერთი პირის (მაგ. პროფესორ ა. ე-ის, პროფესორ მ. ე-ის, პედაგოგ ნ. ნ-ის, ქ. მ-ის, ტ. მ-ის და სხვათა) - დარგის სპეციალისტების განმარტებით დგინდება, რომ მასტერ-კლასის ჩატარება საჭიროებს საშემსრულებლო უნარებს, რეგენტისათვის საჭირო უნარების გარეშე სპეციალისტი ვერ გაართმევს თავს მასტერკლასის ჩატარებას, რადგან იგი გუნდის წევრებთან ერთად მთელ აუდიტორიას არა მხოლოდ სიტყვიერად განუმარტავს კონკრეტულ ნაწარმოებთან დაკავშირებულ საკითხებს, არამედ საჭიროებისამებრ პრაქტიკულად უჩვენებს ქართული მრავალხმიანი საგალობლის ნებისმიერი ხმის ამა თუ იმ მონაკვეთს, საშემსრულებლო ხერხებს. საქმეში დაცული მასტერ-კლასების ჩატარების პროექტის მიხედვით პროექტის მიზნად დასახელებულია ეკლესია-მონასტრებში საეკლესიო გალობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობა, პრაქტიკაში მრავალხმიანი კანონიკური სამგალობლო რეპერტუარის დანერგვა, მისი გაფართოება, საგალობლების შესრულების სწორი ფორმების აღდგენა, შემსრულებლის დონის ამაღლება-დახვეწა. პროექტის ამოცანად დასახელებულია მგალობელთა გუნდების მონიტორინგი, კერძოდ, გუნდების რეპერტუარის, მათი საშემსრულებლო დონის შესწავლა-შეფასება, მონაცემთა ბაზის შქმნა, გუნდებისათვის მასტერ-კლასების ჩატარება (სულ 105 მოსმენა - მასტერ-კლასი), მ. ს-ის მოვალეობა იყო პროექტის განხორციელების უზრუნველყოფა, მასტერ-კლასების ორგანიზება და მონიტორინგი, გუნდების მოსმენა, მასტერ-კლასების ჩატარება, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი კონსულტაციების გაწევა და ა.შ.. საპატრიარქოს საეკლესიო გალობის სასწავლო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ალავერდელი მიტროპოლიტი წერილობით ადასტურებს პროექტის განხორციელებას განსაზღვრული მიზნისა და ამოცანების შესაბამისად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაუსაბუთებელია მასტერ-კლასების ჩატარების საშემსრულებლო აქტივობიდან სრულად გამორიცხვა. მართალია კონკურსანტის, მისი აქტივობების კონკრეტული ქულით შეფასება ადმინისტრაციული ორგანოს ფართო დისკრეციის სფეროს განეკუთვნება, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს საქმის გარემოებათა გამოკვლევის, მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების საჭიროებას. კასატორი სადავო გადაწყვეტილების საფუძვლად რამდენიმე პირის ახსნა-განმარტებაზე უთითებს, თუმცა არ ახდენს მათ შეფასებას პროექტის აღწერასთან, პროექტში ჩართული სხვა პირებისა და დარგის სპექციალისტების ახსნა-განმარტებებთან და საქმეში დაცულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ კასატორი მ. ს-ის მიერ მასტერ-კლასის ჩატარებას არა საშემსრულებლო, არამედ პედაგოგიურ აქტივობად აფასებს, თუმცა მ. ს-ის შეფასების ფორმის მიხედვით მას რაიმე ქულა პედაგოგიურ უნარებშიც არ აქვს მინიჭებული.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს მოქმედების თავისუფლებას, თუმცა არ ქმნის სამართლისგან სრულიად თავისუფალ სივრცეს, ასეთ პირობებში მოქალაქეს არ ერთმევა უფლება მოითხოვოს მის მიმართ უშეცდომო გადაწყეტილების მიღება. არ არსებობს სრულიად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც სრული მოწესრიგება. შეფასების გარკვეული თავისუფლების მიუხედავად, ცხადია, რომ მისი გამოყენება ობიექტურად და სამართლიანად უნდა ხდებოდეს. დისკრეციული უფლებამოსილების სპეციფიკური პროცესი წინააღმდეგობაში არ უნდა მოვიდეს მოქალაქეთა დარღვეული უფლების სასამართლო წესით აღდგენის ინტერესთან (სუსგ 07.03.2019წ. Nბს-797(კ-18)).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო სსიპ თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.03.2018წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი