Facebook Twitter

#ბს-428(გ-19) 16 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე - ვ. უ-ი

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

დავის საგანი - სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 2 მაისს ვ. უ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 თებერვლის #... გადაწყვეტილების, 2017 წლის 17 თებერვლის #... გადაწყვეტილების, 2017 წლის 28 მარტის #... გადაწყვეტილებისა და 2017 წლის 28 მარტის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, აგრეთვე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის #... და #... განცხადებებზე თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე ქ. გურჯაანში, .... #2, ს/ფ 2900.05 კვ.მ და ქ. გურჯაანში, „...“, ს/ფ 2039 კვ.მ მდებარე უძრავი ქონებების ვ. უ-ის ინდივიდუალურ საკუთრებად აღრიცხვის განხორციელების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 მაისის განჩინებით ვ. უ-ის სარჩელი მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თელავის რაიონულ სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ტერიტორიულ განსჯადობაზე დავის შემთხვევაში, როგორც წესი, სახეზეა რამდენიმე მოპასუხე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, ტერიტორიული განსჯადობის გადაწყვეტა ხდება ერთ-ერთი მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით. ამასთან, განსჯადობის ხსენებული წესი არ ხდის საქმის განსჯადობას დამოკიდებულს მხოლოდ მოსარჩელის ნება-სურვილზე; ალტერნატიულობის მიუხედავად, კონკრეტული დავის თავისებურება მოქმედებს განსჯადობის საკითხის გადაწყვეტაზე.

სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვ. უ-ის მიერ წარმოდგენილი სასარჩელო განცხადებითა და საქმეში არსებული მასალებით ირკვევოდა, რომ ვ. უ-ის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში წარდგენილ იქნა განცხადება ქ. გურჯაანში, ...ქ. #2 და ქ. გურჯაანში, „...“ მდებარე უძრავი ქონების საკუთრების უფლებით რეგისტრაციის თაობაზე. სასამართლომ განმარტა, რომ დავის საგანი მოიცავდა როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ასევე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული სამსახურის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის კახეთის რეგიონული ოფისის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - „სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ“ 2017 წლის 16 თებერვლის #... გადაწყვეტილებისა და 2017 წლის 17 თებერვლის #... გადაწყვეტილების კანონიერების საკითხის შესწავლას.

ზემოაღნიშნულისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 16 აპრილის #ბს-721-704(გ-14) განჩინებით დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოების სისტემის ერთიანობის მიუხედავად, განსჯადობა განსაზღვრული უნდა ყოფილიყო თავდაპირველი გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმღები მოპუსუხე ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის სამსახურის კახეთის რეგიონული ოფისის ადგილმდებარეობის (მისამართი: ქ. თელავი, ერეკლე მე-2-ის ქუჩა #3) მიხედვით - თელავის რაიონული სასამართლოს მიერ.

სასამართლომ მიუთითა „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს #1/150-2007 გადაწყვეტილებაზე, რომლის შესაბამისად განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა. ამავე გადაწყვეტილების 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თელავის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - თელავის, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს განსჯად სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ. უ-ის სარჩელი მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ განსჯადობით განსახილველად თელავის რაიონულ სასამართლოს უნდა გადაგზავნოდა. სასამართლომ იქვე მიუთითა, რომ ასეთ შემთხვევაში, დაცული იქნებოდა მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის, საქმის სწრაფად განხილვისა და გადაწყვეტის, ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა დივერსიფიკაციის, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების პრინციპი.

თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის განჩინებით, ვ. უ-ის სარჩელი დასაშვებად იქნა ცნობილი, მიღებულ იქნა სასამართლოს წარმოებაში და დანიშნულ იქნა მოსამზადებელი სხდომა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის განჩინებით ვ. უ-ის სარჩელი მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, ტერიტორიული განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტისა და განსჯადი სასამართლოს განსაზღვრის მიზნით გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

რაიონული სასამართლოს მითითებით, საქმის განხილვის პერიოდში, მოსარჩელემ მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს წერილობითი განცხადებით და მიუთითა, რომ ქონება, რომელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასაც იგი ითხოვდა, ქ. გურჯაანში მდებარეობდა. შესაბამისად, მოსარჩელემ ადმინისტრაციული საქმის გურჯაანის რაიონული სასამართლოსათვის განსახილველად გადაცემა მოითხოვა.

რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ 2019 წლის 14 მარტს გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა და განმარტა, რომ განსახილველი ადმინისტრაციული საქმე არ იყო თელავის რაიონული სასამართლოს განსჯადი, რამდენადაც სადავო ქონება მდებარეობდა ქ. გურჯაანში და შესაბამისად, სარჩელი სადავო უძრავი ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით უნდა ყოფილიყო განხილული.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მესამე თავით გათვალისწინებული განსჯადობის წესები.

რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლით რეგლამენტირებულია საერთო განსჯადობის წესები. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. არასასარჩელო წარმოების დროს განსჯადობა განისაზღვრება იმ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია განცხადება (საჩივარი).

ამასთან, რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 16-191 მუხლებით რეგლამენტირებულია განსჯადობის შესახებ სპეციალური წესები. კერძოდ, დასახელებული კოდექსის მე-16 მუხლი არეგულირებდა განსაკუთრებული განსჯადობის წესს.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლზე და აღნიშნა, რომ დასახელებული მუხლი არეგულირებდა ნივთობრივი განსჯადობის წესებს. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით. ნივთობრივ განსჯადობას განეკუთვნება სარჩელი, რომელიც მიმართულია უძრავი ნივთის მესაკუთრის ან მფლობელის წინააღმდეგ, აგრეთვე სარჩელი, რომელიც აღძრულია უძრავი ნივთის დაზიანების ან ზარალის ანაზღაურების გამო. ამავე კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად კი, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს.

რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ წარდგენილი სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების თანახმად, დავის საგანს წარმოადგენდა ქ. გურჯაანში, ... ქ. #2-ში მდებარე, ს/ფ 2900.05 კვ.მ ფართისა და ქ. გურჯაანში, „...“ მდებარე, ს/ფ 2039 კვ.მ ფართის უძრავ ქონებებთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერება და ამ უძრავ ქონებებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალება. მაშასადამე, მოსარჩელის საბოლოო მიზანიც აღნიშნულ უძრავ ქონებებზე საკუთრების უფლების მოპოვებასა და რეგისტრაციას უკავშირდებოდა და სარჩელის ყველა მოთხოვნაც ხსენებული მიზნიდან გამომდინარეობდა.

სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოების ტერიტორიულ განსჯადობაზე, რომლის მიხედვით, კონკრეტულ ტერიტორიაზე უძრავ ქონებასთან ან სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ტერიტორიულ საზღვრებშიც მდებარეობს ეს უძრავი ქონება ან არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. რაიონული სასამართლოს მითითებით, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ თავდაპირველი გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმღები მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის კახეთის რეგიონული ოფისი წარმოადგენდა და სწორედ აღნიშნულით განისაზღვრა, რომ მოცემული სარჩელი წარმოადგენდა თელავის რაიონული სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს.

რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ აღძრულ სარჩელებზე, რაც დაკავშირებულია უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებასთან, ამგვარი მიდგომა გამოიწვევს სარჩელების თავმოყრას, არაეკონომიურ გადანაწილებას მხოლოდ ერთ სასამართლოში - კახეთის რეგიონში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის ადგილმდებარეობის მიხედვით. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, ამგვარი სახის დავებზე, საკასაციო სასამართლომ მის მიერ მიღებული განჩინებებით განსაზღვრა განსჯადობა ამ კატეგორიის საქმეებზე უძრავი ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით, როდესაც დაადგინა ამ სახის სარჩელებზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ნივთობრივი განსჯადობის წესი. საკასაციო სასამართლომ თავის განჩინებებში განმარტა, რომ ნივთობრივი განსჯადობის წესით საქმის განხილვის წესი ვრცელდება მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მის სისტემაში შემავალი რეგიონული ოფისების მიმართ აღძრულ სარჩელებზე და სასამართლოებს შორი განსჯადობის საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ხელს უწყობს მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, პროცესოს ეკონომიურობას და ოპერატიულობას, ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა დივერსიფიკაციას, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარ განაწილებას.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რაიონულმა სასამართლომ მოიხმო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებები: 2017 წლის 13 ივლისის #ბს-439-436(გ-17) განჩინება, 2017 წლის 19 ოქტომბრის #ბს-639-635(გ-17) განჩინება, 2017 წლის 16 მაისის #ბს-952-943(გ-16) განჩინება, 2017 წლის 7 დეკემბრის #ბს-984-980(გ-17) განჩინება, 2018 წლის 9 იანვრის #ბს-1068-162(გ-17) განჩინება, 2017 წლის 17 ოქტომბრის #ბს-219-217(გ-17) განჩინება, 2017 წლის 14 სექტემბრის #ბს-715-711(გ-17) განჩინება.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2017 წლის 11 მაისის განჩინებით თელავის რაიონული სასამართლოს მიერ სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის ითვალისწინებს დანაწესს, რომლის თანახმად, სასამართლომ განსჯადობის წესების დაცვით თავის წარმოებაში მიღებული საქმე უნდა განიხილოს და არსებითად გადაწყვიტოს, თუნდაც ეს საქმე შემდგომში სხვა სასამართლოს განსჯადი გახდეს. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული დანაწესი ვერ იქნებოდა გამოყენებული განსახილველ შემთხვევაში და განმარტა, რომ განსჯადობის შესახებ საკითხის წამოჭრა აგრეთვე მხარის უფლებასაც წარმოადგენს. ამდენად, სასამართლომ მიუთითა, რომ როდესაც საქმის განხილვისას დგინდება ანდა საეჭვოა საქმის განსჯადობის წესის დაცვით განხილვის საკითხი, ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლო ვალდებულია იმსჯელოს იმ საკითხზე, რა ეტაპზედაც არ უნდა იყოს საქმის განხილვა.

რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ არაგანსჯადმა სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის თანახმად, შესაძლებელია განიხილოს საქმე, თუმცა ამასთან დაკავშირებით საჭიროა არსებობდეს ორივე მხარის მიერ გამოთქმული თანხმობა. თუკი მხარე საქმის განხილვის რომელიმე ეტაპზე მიიჩნევს, რომ საქმეს იხილავს არაგანსჯადი სასამართლო, სასამართლომ უნდა განიხილოს აღნიშნული მხარის მიერ დასმული საკითხი და მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით მიიღოს კანონმდებლობის შესაბამისი გადაწყვეტილება.

რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ არაგანსჯადი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს იმგვარი სახის არსებით დარღვევას, რაც გადაწყვეტილების უპირობო გაუქმების საფუძველია, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც აღნიშნულის თაობაზე თავად მხარეები მიუთითებენ. სასამართლოს მოსაზრებით, სასამართლო სხდომაზე განსჯადობის შესახებ მხარეთა მოსაზრებისა და მოთხოვნის ყურადღების მიღმა დატოვება გამოიწვევს სასამართლოს მიერ საქმის განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების იმ საფუძვლით გასაჩივრებას, რომ საქმე განხილულ იქნა არაგანსჯადი სასამართლოს მიერ, რითაც დაირღვევა პირისათვის საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლება.

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის შუამდგომლობა და მხარეთა ერთობლივი განმარტება განსჯადობის საკითხზე იყო საფუძვლიანი, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმის განხილვა უნდა მომხდარიყო განსჯადობის სპეციალური წესების - ნივთობრივი განსჯადობის საფუძველზე. შესაბამისად, თელავის რაიონული სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, განეხილა მოცემული სარჩელი. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული სარჩელი და ადმინისტრაციული საქმე ტერიტორიული განსჯადობის წესით განსახილველად ექვემდებარებოდა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და თელავის რაიონული სასამართლოს განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ვ. უ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად თელავის რაიონულ სასამართლოს უნდა დაექვემდებაროს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია კანონიერ სასამართლოზე ადამიანის უფლებას სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების შემადგენელ ნაწილად მოიაზრებს (მე-6 მუხ.). კანონიერი სასამართლოს უფლება კი სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას მოითხოვს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არსებითად სწორად განსაზღვრა მოცემული დავის განსჯადობის საკითხი და მართებულად მიიჩნია საქმე თელავის რაიონული სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ დავად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლით რეგლამენტირებულია საერთო განსჯადობის შესახებ წესები. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის - ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლი). ამდენად, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო. ამ პრინციპიდან განდგომა გამონაკლისის წესით, სასამართლოებს შორის თანაზომიერი დატვირთვის მოსაზრებიდან და საჯარო რეესტრის ორგანიზაციული მოწყობიდან გამომდინარე, დაშვებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მის სისტემაში შემავალი რეგიონალური ოფისებისა და ფილიალების მიმართ აღძრულ სარჩელებზე, რომელთა მიმართ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ნივთობრივი განსჯადობის წესი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავა ეხება უძრავი ქონებების რეგისტრაციასთან დაკავშირებით გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის კახეთის რეგიონული ოფისის 2017 წლის 16 თებერვლის #... გადაწყვეტილება და 2017 წლის 17 თებერვლის #... გადაწყვეტილება, აგრეთვე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 მარტის #... გადაწყვეტილება და 2017 წლის 28 მარტის #... გადაწყვეტილება). ამასთან, დავის საგანი მოიცავს არა მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას, არამედ უძრავი ქონებების მოსარჩელის სახელზე რეგისტრაციის შესახებ აქტის გამოცემის დავალებას. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ სადავო უძრავი ქონებები მდებარეობს ქ. გურჯაანში, ... ქ. #2-ში და ქ. გურჯაანში, „...“.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს უშუალოდ ან თავისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურებისა და ავტორიზებული პირების მეშვეობით. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის #134 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფების, მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. ამავე დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომელთა რიგებში შედის აგრეთვე კახეთის რეგიონული ოფისი, ახმეტის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს ფილიალები. ხაზგასასმელია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გურჯაანის მუნიციპალიტეტში განცალკევებით არ გააჩნია კონკრეტული ტერიტორიული სამსახური - რეგიონული ოფისი ან ფილიალი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველი დავის გადაწყვეტისათვის განსჯადი სასამართლოს განსაზღვრის მიზნით არსებითია ყურადღება იქნეს გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ მართალია, სადავო უძრავი ქონებები მდებარეობს ქ. გურჯაანში, თუმცა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქ. გურჯაანში არ გააჩნია კონკრეტული ტერიტორიული სამსახური, რომლის მეშვეობითაც ადმინისტრაციული ორგანო ადგილობრივად შეძლებს უფლებამოსილებათა განხორციელებას. შესაბამისად, ამგვარი მოცემულობა წარმოშობს იმის განსაზღვრის საჭიროებას, თუ რომელ გარემოებას უნდა მიენიჭოს უპირატესობა განსახილველ დავაზე განსჯადი სასამართლოს დადგენისას - ქონების ადგილმდებარეობას თუ ტერიტორიული სამსახურის ადგილსამყოფელს.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მაისის #ბს-964-955(გ-16) განჩინებაზე, სადაც განიმარტა, რომ „იმ ტერიტორიულ ერთეულში, სადაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ გააჩნია ფილიალი, სარჩელის განსჯადობის საკითხი უნდა გადაწყდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლით (საერთო განსჯადობის) გათვალისწინებული სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელის მიხედვით (იხ. სუს. 16.04.15წ. საქმე #ბს-721-707 (გ-14)).“

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დავის საგანი მოიცავს არა მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების, არამედ სააგენტოს კახეთის რეგიონალური ოფისის გადაწყვეტილებას, მოსარჩელე მოითხოვს სააგენტოსა და კახეთის რეგიონალური ოფისის აქტების ბათილად ცნობას, უძრავი ქონების მოსარჩელის სახელზე რეგისტრაციის შესახებ აქტის გამოცემის დავალებას. თავის მხრივ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისი მდებარეობს ქ. თელავში, ერეკლე II-ის გამზ. #3-ში.

ამდენად, საკასაციო პალატის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ ქ. გურჯაანში არ მდებარეობს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სამსახური, განსახილველი დავის გადაწყვეტაზე უფლებამოსილი სასამართლო გასაჩივრებული აქტის გამომცემი ორგანოს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის კახეთის რეგიონული ოფისის ადგილსამყოფელის მიხედვით უნდა განისაზღვროს.

„რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 ივლისის #1/150-2007 გადაწყვეტილებით განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები. აღნიშნული მუხლის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თელავის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ დავაზე განსჯად სასამართლოს თელავის რაიონული სასამართლო წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული საქმის განხილვის წესი ვრცელდება მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მის სისტემაში შემავალი რეგიონული ოფისებისა და ფილიალების მიმართ აღძრულ სარჩელებზე. სასამართლოებს შორის განსჯადობის საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ხელს უწყობს მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, პროცესის ეკონომიურობასა და ოპერატიულობას, ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა დივერსიფიკაციას, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარ განაწილებას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს თელავის რაიონული სასამართლოს მითითებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლთან დაკავშირებით და მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის #ბს-813(გ-18) განჩინებაზე, რომლის თანახმად: „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებათა გამოყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით კონკრეტული საკითხის განუსაზღვრელობის შემთხვევაშია შესაძლებელი. განსახილველ შემთხვევასთან მიმართებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილით იმპერატიულად არის დადგენილი საქმის განსჯად სასამართლოში წარდგენის აუცილებლობა, ხოლო რამდენადაც სადავო ადმინისტრაციული სამართალურთიერთობის განხილვაზე უფლებამოსილი სასამართლოს დადგენა საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული განსჯადობის წესების გამოყენებით ხორციელდება, განსჯადი სასამართლო მხარეთა ნების შესაბამისად, მათი ურთიერთშეთანხმებით განსაზღვრას ვერ დაექვემდებარება.“

ამდენად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის კერძო-სამართლებრივი ბუნება და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილით სარჩელის განსჯად სასამართლოში წარდგენის იმპერატიულობა გამორიცხავს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში აღნიშნული მუხლის გამოყენების გზით განსჯადობის თაობაზე მხარეთა შეთანხმების შესაძლებლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. უ-ის სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თელავის რაიონულ სასამართლოს;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ბ. ალავიძე