Facebook Twitter

#ბს-429(გ-19) 16 მაისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოპასუხე - ლ. კ-ე

დავის საგანი - სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 24 ივლისს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - ლ. კ-ის მიმართ.

მოსარჩელემ მოპასუხისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ 3 000 ლარის დაკისრება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხის - ლ. კ-ის მიმართ, განსჯადობის წესის დაცვით გადაეგზავნა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს.

სასამართლოს მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 თავით მოწესრიგებულია სარჩელის განსჯადობასთან დაკავშირებული საკითხები, თუ რომელმა სასამართლომ უნდა განიხილოს სასამართლოსადმი დაქვემდებარებული კონკრეტული საქმე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

სასამართლოს მითითებით, მოცემულ საქმეში მოპასუხე მხარეს წარმოადგენს ლ. კ-ე, რომლის მისამართია: ხონი, სოფელი ... .

სასამართლოს მითითებით, სამტრედიის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განსაზღვრულია სამტრედიის, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა გადაგზავნოდა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი, მოპასუხე ლ. კ-ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 3.2 მუხლის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. ამავე კანონის 31-ე მუხლის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს, ასევე მაგისტრატი მოსამართლის განსჯადობა განისაზღვრება კანონით.

სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რა არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს საერთო განსჯადობას და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხედ დასახელებულია ლ. კ-ე, რომლის მისამართია ხონის რაიონი, სოფელი ... .

სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ძირითადი ნიშნების მიხედვით, განასხვავებს გვარეობით და ტერიტორიულ განსჯადობას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლით (განსაკუთრებული განსჯადობა) დადგენილია განსაკუთრებული კატეგორიის საქმეთა განხილვა მხოლოდ ერთ რომელიმე, კანონით განსაზღვრულ კონკრეტულ სასამართლოში. განსაკუთრებული განსჯადობა სწორედაც იმიტომ ეწოდება განსჯადობის ამ სახეს, რომ ამ განსჯადობით დადგენილი წესები გამორიცხავენ ტერიტორიული განსჯადობის სხვა სახეების გამოყენების შესაძლებლობას. განსაკუთრებული განსჯადობის საქმეებზე სასამართლოს არჩევა არ არის დამოკიდებული მოსარჩელის და არც მხარეთა ნებაზე, ვინაიდან განსჯადი სასამართლო ზუსტად არის განსაზღვრული კანონით და ამ საქმეებიდან გამომდინარე სარჩელის აღძვრა, კანონით დადგენილი სასამართლოების გარდა, სხვა სასამართლოში დაუშვებელია. ესაა განსაკუთრებული (სსკ-ის მე-13-მე-14 მუხლები) და გვარეობითი განსჯადობა (სსკ-ის მე-16 მუხლი).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 15.1 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (საერთო განსჯადობა). მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო (განსაკუთრებული განსჯადობა).

სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნა ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მხარეებს შორის არსებობს სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომელიც წარმოშობილია 2017 წლის 19 ივნისის ბრძანებით, რომლის საფუძველზეც რიგითი ლ. კ-ე გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში, „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობებეის თანახმად, დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წრთვნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზ. ფ-ის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსების რეკრუტად (საშტატი კატეგორია 1-ლი კლასის რიგითი) და ჩაირიცხა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე 2017 წლის 19 ივნისიდან.

სასამართლოს მითითებით, მართალია მხარეებს შეუძლიათ ურთიერთშეთანხმებით დაადგინონ კონკრეტული საქმის ტერიტორიული განსჯადობა, მაგრამ ამასთან, მათ არ აქვთ უფლება, ურთიერთშეთანხმებით შეცვალონ სსსკ-ის მე-16 მუხლით დადგენილი განსაკუთრებული ტერიტორიული და გვარეობითი განსჯადობის წესები. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მხარეებს უფლება აქვთ შეცვალონ ტერიტორიული განსჯადობის მხოლოდ ორი ქვესახე - საერთო და ალტერნატიული განსჯადობა, მაგრამ მათ არ აქვთ განსაკუთრებული და გვარეობით განსჯადობის შეცვლის უფლება ურთიერთშეთანხმებით, ვინაიდან განსჯადობის ეს სახეები კანონით პირდაპირ და უპირობოდაა განსაზღვრული და დადგენილი.

მოსარჩელის მიერ წარდგენილი მასალებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 19 ივნისის ბრძანებით რიგითი ლ. კ-ე სამსახურებრივ ვალდებულებას ასრულებდა ქ. ქუთაისში, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეით ბრიგადაში.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. კ-ე მუშაობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეით ბრიგადაში, რომელიც მდებარეობს ქ. ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზ. შესახევ. #1, შესაბამისად, ხელშეკრულების შესრულების ადგილს წარმოადგენს ქ. ქუთაისი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მოცემული სარჩელის განსჯად სასამართლოს წარმოადგენს ქუთაისის საქალაქო სასამართლო. ამგვარი მოცემულობის ფარგლებში საერთო განსჯადობის გამოყენება - მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით, დაუშვებელია და გამოყენებულ უნდა იქნას განსაკუთრებული განსჯადობა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2 მუხლის მიხედვით, მართალია, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს, მაგრამ სასამართლომ მიიჩნია, რომ სამტრედიის რაიონულ სასამართლოში განსჯადობის წესების დარღვევით იქნა გადაგზავნილი საქმე, რადგან სამტრედიის რაიონული სასამართლო არ არის განსჯადი სასამართლო, შესაბამისად, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა გადაწყვეტილ უნდა იქნეს საკასაციო სასამართლოს დასაბუთებული განჩინებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოსა და სამტრედიის რაიონული სასამართლოს განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის განსჯად სასამართლოში წარდგენის ვალდებულებას. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სარჩელი აღძრულია მოპასუხის - ლ. კ-ის მიმართ, რომლითაც მოსარჩელე „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ 2017 წლის 19 ივნისის კონტრაქტის საფუძველზე მოპასუხისათვის კონტრაქტის პირობების დარღვევის - კონტრაქტის ვადამდე პირადი განცხადებით (პატაკით) შეწყვეტისათვის გათვალისწინებული ჯარიმის - 3000 (სამი ათასი) ლარის დაკისრებას ითხოვს. კერძოდ, ზემოაღნიშნული კონტრაქტის მე-7 მუხლში განსაზღვრულია მხარეთა პასუხისმგებლობის პირობები, რომლის 7.3. პუნქტის თანახმად, თუ სამხედრო მოსამსახურე ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურე მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გასვლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში აუნაზღაუროს სამინისტროს ჯარიმის სახით 3 000 (სამი ათასი) ლარი.

დადგენილია, რომ მოპასუხე ლ. კ-ის საცხოვრებელ ადგილს ხონის რაიონი, სოფელი ... წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლით რეგლამენტირებულია საერთო განსჯადობის შესახებ წესები. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით.

ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16-191 მუხლებით დადგენილია განსჯადობის სპეციალური წესები, რომელიც ამავე კოდექსის მე-15 მუხლით განსაზღვრულ საერთო განსჯადობასთან მიმართებით ექსკლუზიური (გამომრიცხველი) ხასიათისაა. განსჯადობის სპეციალური წესების ამგვარი ხასიათი გულისხმობს იმას, რომ განსჯადობის საერთო და სპეციალურ წესებს შორის კონკურენციის შემთხვევაში, ცალსახა უპირატესობა სწორედ სპეციალური წესების დამდგენ ნორმებს უნდა მიენიჭოს და ტერიტორიულად განსჯადი სასამართლო, განსჯადობის საერთო წესების გამორიცხვით, სწორედ აღნიშნული ნორმების საფუძველზე უნდა განისაზღვროს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ლ. კ-ეს შორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დავა ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირობების დარღვევის, მისი ვადამდე შეწყვეტის საფუძველზე იქნა წარმოშობილი, რის გამოც, მოცემული სადავო სამართალურთიერთობა, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას უკავშირდება და მისგან გამომდინარეობს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი განსაზღვრავს განსაკუთრებულ განსჯადობას, რომლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო, გარდა ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ 2017 წლის 19 ივნისის კონტრაქტის შესრულება მოპასუხის მიერ სამხედრო საქმიანობის განხორციელებას უკავშირდებოდა. ამასთან, მოპასუხე ლ. კ-ე სამსახურებრივ ვალდებულებას ასრულებდა ქ. ქუთაისში, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეით ბრიგადაში, რომელიც მდებარეობს ქ. ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე, შესახვ. #1-ში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ხელშეკრულების შესრულების ადგილის მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, არსებითი განხილვისათვის უნდა დაექვემდებაროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ბ. ალავიძე