Facebook Twitter

#ბს-448(გ-19) 16 მაისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე _ დ. ხ-ა

მოპასუხეები _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 14 სექტემბერს დ. ხ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.

სარჩელში აღნიშნულია, რომ 2016 წლის 15 ივნისს დ. ხ-ა თავის სამ მეგობართან ერთად მიემგზავრებოდა თბილისიდან ქუთაისის მიმართულებით მეგობრის მანქანით. მანქანის გაუმართაობის გამო მოუწიათ მანქანის გაჩერება, რა დროსაც მათ მიუახლოვდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. მის მეგობრებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც დ. ხ-ა იმყოფებოდა ავტომანქანაში. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ დ. ხ-ამ, რომელიც არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, თავის თანმხლებ პირებს სთხოვა ეტლის საბარგულიდან გადმოტანა, ვინაიდან მანქანაში ხანგრძლივი დაყოვნების გამო ესაჭიროებოდა ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, მიუხედავად იმისა, რომ შეიტყვეს დ-ის პრობლემის შესახებ, უხეშად ფიზიკური ძალის გამოყენებით არ მისცეს საშუალება თანმხლებ პირებს ეტლის მანქანიდან გადმოტანისა. დ. ხ-ას შარდის შეკავების გამო დაეწყო ძლიერი სპაზმი, ჩვეულებრივ მას ბიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება მხოლოდ ეტლში ჯდომის პირობებში შეუძლია, რადგან ეტლი მორგებულია მის საჭიროებებს. აუტანელი ფიზიკური ტკივილების გამო, რაც შეკავებასთან არის დაკავშირებული, ის იძულებული იყო ბიოლოგიური მოთხოვნილება დაეკმაყოფილებინა ავტომანქანაში, ჩაცმულ მდგომარეობაში. მთლიანობაში მოსარჩელეს დაახლოებით სამი საათის განმავლობაში არ მიეცა ეტლით სარგებლობის შესაძლებლობა და მთელი ეს პერიოდი მოუწია ავტომანქანაში ყოფნა, გარკვეული პერიოდი კი სველ მდგომარეობაში ყოფნა, რა დროსაც აეწვა ჭრილობა, რომელსაც წლების მანძილზე მკურნალობდა და მიძინებული ჰქონდა. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ ჭრილობის მდგომარეობა გაუარესდა. ინციდენტის დაწყებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ დ. ხ-ამ დარეკა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილზე მალევე გამოცხადდნენ ინსპექციის თანამშრომლები და მათსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის შედგა საუბარი, რის შემდეგაც დ. ხ-ას შესთავაზეს ეტლით სარგებლობა. ვინაიდან მოსარჩელეს ბიოლოგიური მოთხოვნილება უკვე დაკმაყოფილებული ჰქონდა და სველ მდგომარეობაში მანქანიდან გადასვლა ეუხერხულებოდა, ეტლში გადაჯდომაზე უარი განაცხადა. დ. ხ-ამ მანქანიდან ეტლში მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც მას მეგობარმა დაურეკა და შეატყობინა, რომ გორის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა და მალე მიაკითხავდა. მათი ავტომანქანა გადაყვანილი იქნა საჯარიმო ავტოსადგომზე. მეგობარმა დ. ხ-ას გამოსაცვლელი ტანსაცმელი და პირსახოცი მიუტანა, მეგობრის მისვლამდე კი იგი სველ მდგომარეობაში იცდიდა ქუჩაში. დ. ხ-ას იმ ფაქტის გამო, რომ ერთის მხრივ ბუნებრივი მოთხოვნილება მანქანაში დაიკმაყოფილა, ხოლო მეორეს მხრივ, სველი იჯდა ავტომანქანაში დიდი ხნის განმავლობაში, მიადგა მძიმე ფსიქოლოგიური და მორალური ტრავმა.

სარჩელში აღნიშნულია, რომ დ. ხ-ას არ მიეცა უფლება თავისუფლად გამოეყენებინა ეტლი და დაეკმაყოფილებინა ბუნებრივი მოთხოვნილება. პატრულ ინსპექტორების მხრიდან არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ დ. ხ-ა იმყოფებოდა განსხვავებულ მდგომარეობაში და მას ესაჭიროებოდა განსხვავებული მოპყრობა. კერძოდ, სამართალდამცავების მხრიდან უმოქმედობაც კი გამოიწვევდა მოსარჩელის კანონიერი უფლებების დარღვევას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.3 მუხლის საფუძველზე, დადგინდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს #2 განყოფილების პატრულ ინსპექტორების ქმედებებზე პასუხისმგებელი სახელმწიფო დაწესებულების მხრიდან, მის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს დ. ხ-ასთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 7000 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 სექტემბრის განჩინებით დ. ხ-ას სარჩელი, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია ადმინისტრაციული წესით განსახილველ დავათა სახეები, კერძოდ, მითითებული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო სამართალურთიერთობის სუბიექტური შემადგენლობისა და სადავო სამართალურთიერთობის ბუნების გამო, საქმე გვაქვს სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობიდან წარმოშობილ დავასთან, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქმეში თანამოპასუხედ ჩაბმულ იქნა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მარტის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტის მიზნით გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ: სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის, საქმეებს საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის დავის შესახებ, უდავო წარმოების საქმეებს, რეკეტული ქონების, თანამდებობის პირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 3311 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებულ საქმეებს, შვილად აყვანის საქმეებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებულ პირზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციების გავრცელების საქმეებს, შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებულ საქმეებს, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს. აღნიშნული ნორმის მიხედვით, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილება მხარეებს შორის წამოჭრილი კერძო სამართლებრივი ხასიათის დავები.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავათა ჩამონათვალს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის მიხედვით სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. მითითებული ჩამონათვალის გარდა, კომპეტენციის სფეროს გამიჯვნისათვის გამოიყენება ზოგადი კრიტერიუმი (ენუმერაცია), რომლის მიხედვითაც ამ მუხლით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ამდენად, მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1, 2.2 მუხლებში დაკონკრეტებული დავები, აგრეთვე სხვა დავები, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე, სამართლებრივი ურთიერთობიდან არის წარმოშობილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვისათვის აუცილებელ ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც მითითებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1, 2.2 და 2.3 მუხლებში, ამასთან, აღნიშნული დავები წარმოშობილი უნდა იყოს იმ სამართალურთიერთობებიდან, რომლებიც საჯარო, კონკრეტულად, კი ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მითითებით, წინამდებარე სამართალწარმოება მიმართულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შსს პოლიციის დეპარტამენტის წინააღმდეგ; სამართალწარმოების საგანს წარმოადგენს მოქალაქის მიმართ პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან თავიანთი მოვალეობის შესრულების დროს, კერძოდ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების დროს განხორციელებული შესაძლო დისკრიმინაციული ქმედება. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიმოიხილა დისკრიმინაციის, როგორც სამართლებრივი ცნებისა და კატეგორიის არსი და ადგილი სამართლის საერთაშორისო თუ ეროვნულ წყაროებში.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მითითებით, პრეცედენტული სამართალი ცალსახად განვითარებულია იმ მიმართულებით, რომ ცალკე აღებული მე-14 მუხლი - დისკრიმინაციის აკრძალვა, არ ქმნის დამოუკიდებელ და სრულყოფილ უფლებას; ეს ასე ვთქვათ „ნახევრად უფლება“ კავშირშია და დამოკიდებულია სხვა - უკვე არსებით და თვითმყოფად, დამოუკიდებელ უფლებაზე და განიხილება ამ დამოუკიდებელი უფლების ჭრილში და აუცილებლად მასთან ერთად.

ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ამ პრინციპების და პრაქტიკის შესაბამისია ასევე ეროვნული კანონმდებლობა, კერძოდ, საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“. კანონის პირველივე მუხლი ადგენს, რომ ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად (ნათელია, რომ დაცულ ნიშანთა ჩამონათვალი არ არის ამომწურავი, ანუ სახეზე გვაქვს ნიშანთა ეგრეთწოდებული - OPEN END). მოცემული რეგულაცია პირდაპირ უთითებს, რომ ეს კანონი სწორედ სხვა - კანონმდებლობით დადგენილი უფლებების თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფას ემსახურება. მნიშვნელოვანია ამ კანონის მე-3 მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, „კანონის მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში“. ანუ, ნორმა პირდაპირ აწესებს, რომ ეს კანონი და მისი დანაწესები (რომ პირებმა უნდა თანასწორად ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით), ვრცელდება არა მხოლოდ კერძო სამართლის სუბიექტებზე და კერძოსამართლებრივ ბრუნვაზე, არამედ ასევე საჯარო დაწესებულებებზე და ამ დაწესებულებათა საქმიანობის ყველა სფეროზე. საჯარო დაწესებულებათა საქმიანობის უმთავრესი მიმართულება კი საჯარო სამართლებრივი ფუნქციების განხორციელებაა. კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნებისმიერი დაწესებულება ვალდებულია თავისი საქმიანობა და სამართლებრივი აქტები შეუსაბამოს ამ კანონს.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ისევე როგორც ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი არის სხვა მუხლების შემვსები და ასევე გარანტი იმისა, რომ კონვენციით გათვალისწინებული უფლებანი თანასწორად იქნას გავრცელებული ყველაზე, ასევე აღნიშნული კანონიც გარანტია, რომ საქართველოს კანონმდებლობა (სამართლის რომელი დარგისაც არ უნდა იყოს იგი) თანასწორად იქნება შეფარდებული ყველა პირის მიმართ. შესაბამისად, სასამართლომ მართებულად მიიჩნია მოცემულობა, რომ საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, მივიჩნიოთ ასე ვთქვათ - „ზედარგობრივ“ სამართლის წყაროდ, ანუ სამართლის ისეთ წყაროდ, რომელსაც ყველა შინაარსის - კერძო თუ საჯარო სამართალურთიერთობაში გამოიყენებს კერძო თუ საჯარო პირი თუ დაწესებულება. შესაბამისად, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მითითებით, ვერ იქნება გამართლებული მსჯელობა, რომ ეს კანონი სამოქალაქოსამართლებრივი შინაარსისაა და ამიტომაც ყველა დავა, რომელიც მისი გამოყენებით უნდა გადაწყდეს, სამოქალაქოსამართლებრივია. აღნიშნული დასტურად კოლეგიამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებებზე განსჯადობის საკითხების გადაწყვეტის თაობაზე (მაგ: #ბს-411-406(გ-16), მითუფრო განჩინება #ბს-610-604(გ-16)), რომლებიც ადასტურებენ, რომ გარკვეულ გარემოებებში ასეთი დავა შესაძლოა იყოს ადმინისტრაციული ხასიათის მატარებელი.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მითითებით, გარკვეულ დისონანსს და გაუგებრობის საგნობრივი საკითხის განსჯადობაში თითქოს ქმნის ის გარემოება, რომ დისკრიმინაციასთან დაკავშირებული დავების მომწესრიგებელი პროცესუალური ნორმები, სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსში აისახა. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის განსჯადობას არ განაპირობებს ის, თუ რომელ საპროცესო კოდექსში არის გათვალისწინებული დისკრიმინაციული ხასიათის დავის განხილვის მომწესრიგებელი ნორმები. საპროცესო ნორმების ამა თუ იმ კოდექსში განთავსება არ ცვლის და არ განაპირობებს საგნობრივი განსჯადობის ხასიათს; სამოქალაქო საპროცესო ნორმებს თავისუფლად გამოიყენებს ადმინისტრაციული სასამართლოც მაშინ, როცა ის განიხილავს დისკრიმინაციული შინაარსის მქონე სარჩელს.

ამასთან, სასამართლოს მითითებით, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი ვერ მიიჩნევა მხოლოდ სამოქალაქო სამართლებრივი შინაარსის მატარებელ სამართლის წყაროდ და შესაბამისად, ყველა ისეთი დავის განხილვა, რომელიც დააყენებს სამართალწარმოების დროს ამ კანონის რეგულაციათა გამოყენების აუცილებლობის საკითხს, ავტომატურად სამოქალაქო სამართალწარმოების წესით არ უნდა იქნეს განხილული.

კონვენციის მე-14 მუხლი და ასევე ეროვნული კანონმდებლობა, მათ შორის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი, უზრუნველყოფს საქართველოს ყველა დარგის კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანაბრად სარგებლობას ყველა პირისათვის. შესაბამისად, კოლეგიის მითითებით, ის ფაქტი თუ რომელი კანონმდებლობიდან გამომდინარე უფლებით თანასწორად სარგებლობის გამორიცხვასაც ეხება ესა თუ ის სარჩელი, იმ კატეგორიით უნდა განისაზღვროს დავის საგნობრივი ხასიათიც.

სასამართლომ აღნიშნა, რომ წინამდებარე სარჩელი მიმართულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურის წინააღმდეგ და მასში მითითებულია, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა მოქალაქის დისკრიმინაციას შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით, მაშინ როდესაც მოპასუხის თანამშრომლები ახდენდნენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირებას ანუ ისინი ასრულებდნენ საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსამართლეს, რომელიც საბოლოო ჯამში განიხილავს წინამდებარე სარჩელს, მოუწევს დავის გადაწყვეტისას იხელმძღვანელოს არა მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-73 კარით, არა მხოლოდ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულაციებით, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობითაც.

საბოლოოდ, სასამართლომ მიუთითა, რომ დავა ეხება მეტად მნიშვნელოვან - საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ჩადენილ ქმედებას. მოპასუხეს დავაში წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი. დავის საგანი და შინაარსი კი ამ ორგანოს თანამშრომელთა მხრიდან ჩადენილი ქმედებაა. შინაგან საქმეთა სამინისტრო და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს და ისინი ხელმძღვანელობენ ადმინისტრაციული კანონმდებლობით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების დროს.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების პროცედურით განხილვა გამოიწვევს საპროცესო ნორმების ისეთ დარღვევას, რომელიც აუცილებლად განაპირობებს საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენას, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისაგან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ დ. ხ-ას სარჩელი მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ დისკრიმინაციული მოპყობის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ უნდა განიხილოს უფლებამოსილმა სასამართლომ - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიების განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ ქვემდებარეობას სასამართლოებისადმი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს ცალკე დისკრიმინაციული ფაქტის შესახებ დავის გადაწყვეტის მექანიზმს, კოდექსი ტაქსაციის მეთოდის გამოყენებით იძლევა ადმინისტრაციული დავის საგნის ჩამონათვალს. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რაც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად ეფუძნებოდეს საჯარო - ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა ჩამოაყალიბა შემდეგნაირად: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.3 მუხლის საფუძველზე, დადგინდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს #2 განყოფილების პატრულ ინსპექტორების ქმედებებზე პასუხისმგებელი სახელმწიფო დაწესებულების მხრიდან, მის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს დ. ხ-ასთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 7000 ლარის ოდენობით.

წარმოდგენილ სარჩელში აღნიშნულია, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, მიუხედავად იმისა, რომ შეიტყვეს დ. ხ-ას პრობლემის შესახებ, უხეშად ფიზიკური ძალის გამოყენებით არ მისცეს საშუალება თანმხლებ პირებს ეტლის მანქანიდან გადმოტანისა. შესაბამისად, დ. ხ-ას არ მიეცა უფლება თავისუფლად გამოეყენებინა ეტლი და დაეკმაყოფილებინა ბუნებრივი მოთხოვნილება. პატრულ ინსპექტორების მხრიდან არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ დ. ხ-ა იმყოფებოდა განსხვავებულ მდგომარეობაში და მას ესაჭიროებოდა განსხვავებული მოპყრობა. კერძოდ, სამართალდამცავების მხრიდან უმოქმედობაც კი გამოიწვევდა მოსარჩელის კანონიერი უფლებების დარღვევას.

სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ განსახილველ შემთხვევაში ამოსავალ წერტილს წარმოადგენს ის, რომ პიროვნებას შეეზღუდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით სარგებლობის უფლება და პატრულ ინსპექტორებმა არ გაითვალისწინეს და უგულებელყვეს მოსარჩელის საჭიროებები. სარჩელში მითითებულია, რომ დ. ხ-ას სრული უფლება ჰქონდა ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნის გარეშეც გადმოსულიყო მანქანიდან, ვინაიდან იგი არ იყო ოფიციალურად დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული. ის, რომ პატრულ ინსპექტორებმა დ. ხ-ას არ მისცეს საპირფარეშოთი სარგებლობის უფლება, კიდევ უფრო ამძიმებს მათი ქმედების კანონსაწინააღმდეგობის ფაქტს და არავითარ გამართლებას არ აძლევს მათ ქმედებას, ვინაიდან, მოსარჩელის მითითებით, პოლიციის ეთიკის კოდექსის თანახმად, მათ ევალებოდათ მისი, როგორც საზოგადოების სრულფასოვანის წევრის დახმარება.

სარჩელში პატრულ ინსპექტორების ქმედების უკანონობასთან დაკავშირებით მითითებულია როგორც „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის, ასევე „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციისა“ და პოლიციის ეთიკის კოდექსის ნორმებზე. წარმოდგენილი სარჩელის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ პატრულ ინსპექტორებს პირდაპირ ევალებოდათ დ. ხ-ასთვის დახმარების აღმოჩენა, მათ არათუ თავად არ მიაწოდეს მოსარჩელეს ეტლი, როდესაც ამას ითხოვდა, პირიქით, ხელი შეუშალეს მეგობრებს ეტლის გადმოღებაში და უხეში მოძრაობით დახურეს საბარგულის კარები. მოსარჩელის მითითებით, პატრულ ინსპექტორებმა უსაფუძვლოდ არ მისცეს მას გადაადგილების საშუალება, რის გამოც მოახდინეს უფლების დაცულ სფეროში ჩარევა და დაარღვიეს კონსტიტუციის 22-ე მუხლით გარანტირებული თავისუფალი მიმოსვლის უფლება.

ამდენად, წარმოდგენილი სარჩელით დ. ხ-ა უკანონოდ მიიჩნევს პატრულ ინსპექტორების ქმედებას, რის მოტივადაც მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტს ასახელებს. სარჩელის არსიდან გამომდინარე შეფასების ძირითად საგანს სწორედ პატრულ ინსპექტორების მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების დროს შესაძლო დისკრიმინაციის მოტივით განპირობებული უკანონო ქმედების შეფასება და შესაბამისად, მოპასუხისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება წარმოადგენს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მოპასუხე ადმინისტარციული ორგანოსთვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ითხოვს, რომელიც ადმინისტრაციული დავის საგნად განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლზე და განმარტავს, რომ სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, თუმცა არ არის შეზღუდული სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით და შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში. მოსამართლე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას – მიზანშეწონილი და შესაძლებელია თუ არა სარჩელის ტრანსფორმირება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სარჩელის სწორად ფორმულირება არის ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობისა და დისპოზიციურობის პრინციპების შეჯერების ერთ-ერთი გამოხატულება. ერთი მხრივ, ადმინისტრაციული პროცესი გულისხმობს სასამართლოს აქტიურობას, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლო, მიუხედავად მისი აქტიური როლისა, უფლებამოსილი არ არის, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ იმ გარემოებაზე, რომ მიუხედავად ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციური ხასიათისა და სარჩელის ტრანსფორმირების შესაძლებლობისა, სასამართლოები შეზღუდული არიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე და მე-3 მუხლების მოქმედებით, რომელთა მიხედვითაც, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ დავის საგანს და სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს მხარეებს ის, რაც არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დ. ხ-ა წარმოდგენილი სარჩელით სადავოდ ხდის პატრულ ინსპექტორების მიერ მის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებას დისკრიმინაციის მოტივით. სარჩელში დასახელებული გარემოებებით თუ მოხმობილი სამართლებრივი ნორმებით მოსარჩელე მიუთითებს მის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებაზე. ამდენად, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს სარჩელის შინაარსი და მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლის საფუძველზე მოსარჩელეს უნდა მისცეს სასარჩელო მოთხოვნის სწორად ფორმულირების შესაძლებლობა, რის შედეგადაც წარმოდგენილი სარჩელის შინაარსი და სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირება შესაბამისობაში მოვა ერთმანეთთან. განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის სარჩელის შინაარსთან შეუსაბამოდ ფორმულირებამ გამოიწვია დავა საგნობრივი განსჯადობის თაობაზე. სასარჩელო მოთხოვნის სწორი ფორმულირების პირობებში, სადაც დისკრიმინაციის მოტივით ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო ქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საკითხი დადგება, ცალსახად გამოიკვეთება ადმინისტრაციული კოლეგიის ქვემდებარე ადმინისტრაციული დავა, რომელიც დაფუძნებულია საჯარო უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განხორციელებულ შესაძლო უკანონო ქმედებაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის წესი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. კერძოდ, დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე სამართალწარმოება რეგლამენტირებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-73 კარით, რომელიც ამ კატეგორიის საქმეთა განხილვისათვის სპეციალურ წესს ადგენს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3631-ე მუხლის თანახმად, დისკრიმინაციასთან დაკავშირებული სარჩელი შეიძლება განხილულ იქნეს ამ თავით დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს საჯარო უფლებამოსილების განხორციელებისას პატრულ ინსპექტორების უკანონო ქმედებაზე, რის საფუძვლადაც ასახელებს პატრულ ინსპექტორების მხრიდან დისკრიმინაციულ მოპყრობას, აღნიშნულიდან გამომდინარე კი ითხოვს ადმინისტრაციული ორგანოსთვის მორალური ზიანის დაკისრებას. დისკრიმინაციული მოპყრობის საკითხი მოსარჩელეს დასმული აქვს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების უკანონობასთან კავშირში. ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო ქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება კი სცილდება სამოქალაქო კოლეგიის განსჯადობის ფარგლებს. სასარჩელო მოთხოვნა დისკრიმინაციის მოტივით ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო ქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე ატარებს საჯაროსამართლებრივ შინაარსს და ესადაგება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით რეგლამენტირებულ, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა ჩამონათვალს, სადაც კანონმდებელი პირდაპირ მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს. ამდენად, ვინაიდან სარჩელის მიზანი საჯარო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო ქმედების დისკრიმინაციულობის დადგენაა, საკასაციო პალატა თვლის, რომ დავა ადმინისტრაციული კატეგორიისაა.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია დავის განხილვისას გამოიყენებს სსკ-ის VII3 კარის დებულებებს, რომლებიც არეგულირებენ ამ სახეობის დავების სპეციფიკას, არ ცვლის განსჯადობის საკითხს. სასკ-ის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. შესაბამისად, არსებობს სსკ-ის VII3 კარით დადგენილი წესების გამოყენების საფუძველი ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა განხილვისას. ამასთანავე, სასამართლო, რომელიც მის განსჯად საქმეს იხილავს, ფლობს ამ საქმის განხილვის სრულ კომპეტენციას, საქმის განხილვის პროცესში იგი უფლებამოსილია გამოიყენოს და განმარტოს დავის გადაწყვეტისათვის საჭირო ყველა ნორმატიული აქტი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძვლზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქმე - დ. ხ-ას სარჩელისა გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ბ. ალავიძე