#ბს-515(გ-19) 4 ივნისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე _ დ. მ-ე
მოპასუხე _ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2018 წლის 30 ნოემბერს დ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ.
მოსარჩელემ თსუ რექტორის 2018 წლის 25 აპრილის #93/01-01 ბრძანებით სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევით ერთეულში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის (მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი) სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსისთვის თსუ რექტორის 2018 წლის 15 მაისის #114/01-01 ბრძანებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის 2018 წლის 14 ივნისის სხდომის #1 შემაჯამებელი ოქმისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილებაში ... საშტატო ერთეულზე თანამშრომელთა დამტკიცების ნაწილში კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა, შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილებაში ... ორ საშტატო ერთეულზე თანამშრომელთა დამტკიცებისა და დ. მ-ის ნაცვლად სხვა თანამშრომელთა კანდიდატურების დამტკიცების ნაწილში „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევით ერთეულში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის (მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი) თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ“ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 22 ოქტომბრის #252/01-01 ბრძანების ბათილად ცნობა, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევით ერთეულში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში, შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილებაში ... თანამდებობაზე აღდგენისა და უფლებამოსილების შეწყვეტის დღიდან (2018 წლის 22 ოქტომბერი) გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე თვეში 600 ლარის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 დეკემბრის განჩინებით დ. მ-ის სარჩელი, მოპასუხე - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
სასამართლოს მითითებით, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის სხდომის შემაჯამებელი ოქმისა და თანამშრომელთა დამტკიცების შესახებ რექტორის ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. დავის საგანს არ წარმოადგენს საკონკურსო კომისიის შექმნის ან კონკურსის გამოცხადების შესახებ აქტების ბათილად ცნობის საკითხი, რადგან სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 25 აპრილის #93/01-01 ბრძანება, რომლის საფუძველზეც გამოცხადდა და ჩატარდა კონკურსი, კანონით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა. მოსარჩელე ითხოვს კონკურსის შედეგების გაუქმებას, სამსახურში აღდგენას და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას.
სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა).
სასამართლოს განმარტებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის ორგანიზაციული მოწყობის საჯაროსამართლებრივი ფორმა, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება საჯარო მმართველობა. აღნიშნულ დაწესებულებებში საქმიანობა ითვლება საჯარო სამსახურად, გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა.
სასამართლოს მითითებით, გამონაკლისში მოქცეული საჯარო სამსართლის იურიდიული პირებიც ახორციელებენ საჯარო მმართველობას, თუმცა მათი საქმიანობა არ ითვლება საჯარო სამსახურად. ეს გამართლებულია ამ სუბიექტების ფუნქციონირების უპირატესი ინტერესებით (მაგ. უნივერსიტეტების ავტონომიურობა და იქ დასაქმებულთა აკადემიური თავისუფლება), რაც არ შეიძლება შეიზღუდოს საჯარო სამსახურის სტატუსით.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ყურადღება გაამახვილა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1261 მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია გარდამავალ პერიოდში ამ კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი სამართლებრივი ურთიერთობის განხორციელების წესი. 1261 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გარდამავალ პერიოდად ჩაითვალა 2017 წლის 1 ივლისიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი, ხოლო საჯარო დაწესებულებაში შრომითი გასამრჯელოს დანიშვნისა და წახალისების მიზნებისათვის - 2017 წლის 1 ივლისიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 1261 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გარდამავალ პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) არ ვრცელდება ამ კანონის (გარდა ამ კანონის 34-ე მუხლის მე-6 პუნქტისა, 35-ე, 36-ე და 39-ე-43-ე მუხლებისა) მოქმედება. ამ პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები (გარდა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკითხებისა) წესრიგდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლი შეიცავს ადმინისტრაციული დავის საგნის ჩამონათვალს. კანონმდებლობამ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული. ამავე კოდექსის 2.3 მუხლის დებულება იმის შესახებ, რომ საერთო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებული დავა, ასახავს განსჯადობის გარეგან ნიშანს, სამართალურთიერთობის კუთვნილების გარეგანი ნიშანი ეხება სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების ადგილს კანონმდებლობაში (სუს 11.09.2014წ. #ბს-350-316(გ-14) განჩინება). ამდენად, საგნობრივი განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობა ენიჭება სადავო აქტების გამოცემის საფუძვლებს, სამართალურთიერთობის სუბიექტის მოქმედების ფორმას. უკეთუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტი გამოცემულია საჯარო კანონმდებლობის საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, სახეზე იქნება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო თუ აქტის გამოცემის საფუძველი კერძო-სამართლებრივია, იგი არ ჩაითვლება ადმინისტრაციულ აქტად (სუს დიდი პალატის 10.07.2007წ. #ბს-132-123(კ-07) განჩინება).
სასამართლოს მითითებით, სსიპ-ების მიერ თანამშრომელთა მიღებისას კონკურსის ჩატარების ფორმალური წესების დაცვის საჭიროების დადგენით, განსახილველ შემთხვევაში არ იცვლება კონკურსის შედეგად დასაქმებული პირის შრომით-სამართლებრივი სტატუსი, რადგან კონკრეტული პროცედურების განხორციელებისას საჯარო კანონმდებლობის ნორმების გამოყენება იმთავითვე არ აქცევს ურთიერთობას საჯარო-სამართლებრივად, ისევე როგორც - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმიანობისას სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენება იმთავითვე არ გამორიცხავს ქმედების საჯარო-სამართლებრივ ხასიათს. ასეთ შემთხვევაში განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას უნდა შეფასდეს დავის არსი, ქმედებათა შინაარსი, ურთიერთობის მახასიათებლები და სხვ. სწორედ აღნიშნული გარემოებების, არსებული ნორმატიული მოწესრიგების, საკანონმდებლო რეგულაციის მიზნის ერთობლივი შეფასების შედეგად არის შესაძლებელი ურთიერთობის საჯარო თუ კერძო სამართლისათვის მიკუთვნება... მხოლოდ ის, რომ კონკურსის ჩატარების ფორმალური წესები საჯარო-სამართლებრივ აქტებშია ასახული, არ ცვლის მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსობრივ დატვირთვას. ანალოგიური წარმატებით კონკურსის ფორმალური წესების დაცვით თანამშრომელთა სამსახურში მიღება შეიძლება მოახდინოს კერძო სამართლის იურიდიულმა პირმაც (აღნიშნულს კანონი არ კრძალავს), რაც რა თქმა უნდა, არ აქცევს მასთან დასაქმებულ პირებს საჯარო მოხელეებად და დავას - ადმინისტრაციულ-სამართლებრივად... ამდენად, სადავო აქტში „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ნორმების მითითება, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით კონკურსის ჩატარება არ გამორიცხავს დავის სამოქალაქო სასამართლო წარმოების წესით განხილვას, რადგან სსიპ-სა და მის თანამშრომელს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა სადავო აქტების გამოცემის მომენტისათვის კერძო-სამართლებრივი იყო (სუს 01.08.2018წ. #221-221(გ-18) განჩინება).
სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველი დავა ვერ მიიჩნევა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კატეგორიის დავად, რადგან გასაჩივრებული - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 22 ოქტომბრის ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის (რექტორის) სტატუსს და დანიშვნის წესს. ასევე, 373 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები, რომელთა თანახმად, სამეცნიერო პერსონალთან იდება წერილობითი შრომითი ხელშეკრულება და აკადემიური თანამდებობისა და სამეცნიერო თანამდებობის შეთავსების საკითხი განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.
შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად არ ეფუძნება ადმინისტრაციული სამართლის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიმართ მითითებული უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით არ არის გამოწვეული მოპასუხის მხრიდან საჯარო მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით, ხოლო ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვას განაპირობებს საქმეში ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა და/ან საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით მოწესრიგებული სამართალურთიერთობიდან წარმოშობილი დავის საგნის არსებობა, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის, ადმინისტრაციული კოლეგია ვერ იქნება მოცემულ დავასთან დაკავშირებით განსჯადი.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ განსახილველი დავა წარმოადგენს სამოქალაქო წესით განსახილველ სამოქალაქო დავას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 დეკემბრის განჩინებას და 2019 წლის 26 მარტის განჩინებით სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქმე გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია ადმინისტრაციული წესით განსახილველ დავათა ჩამონათვალი. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. მითითებული ჩამონათვალის გარდა, კომპეტენციის სფეროს გამიჯვნისათვის გამოიყენება ზოგადი კრიტერიუმი (ენუმერაცია), რომლის მიხედვითაც, ამ მუხლით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ამდენად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1, 2.2 მუხლებში დაკონკრეტებული დავები, აგრეთვე სხვა დავები, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე, სამართლებრივი ურთიერთობიდან არის წარმოშობილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვისათვის აუცილებელ ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც მითითებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1, 2.2 და 2.3 მუხლებში, ამასთან აღნიშნული დავები წარმოშობილი უნდა იყოს იმ სამართალურთიერთობებიდან, რომლებიც საჯარო, კონკრეტულად კი, ადმინისტრაციულ სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული.
სასამართლოს განმარტებით, წინამდებარე სამართალწარმოება მიმართულია სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ; სამართალწარმოების საგანს წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა, რა მიზნითაც უნდა დადგინდეს თავად კონკურსის ჩატარებისა და შედეგების კანონიერება. კერძოდ, გასაჩივრებულია სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 15 მაისის #114/01-01 ბრძანებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის 2018 წლის 14 ივნისის სხდომის ოქმი და რექტორის 2018 წლის 22 ოქტომბრის #252/01-01 ბრძანება, ასევე, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 25 აპრილის #93/04-01 ბრძანება, რომლითაც გამოცხადდა კონკურსი.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1261 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გარდამავალ პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) არ ვრცელდება ამ კანონის (გარდა ამ კანონის 34-ე მუხლის მე-6 პუნქტისა, 35-ე, 36-ე და 39-ე-43-ე მუხლებისა) მოქმედება. ამ პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები (გარდა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკითხებისა) წესრიგდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, სადავო ურთიერთობა წესრიგდება არა კერძო, არამედ საჯარო სამართლით. კონკურსის ჩატარების წესი, რომლითაც იხელმძღვანელა მოპასუხე დაწესებულებამ, შემუშავებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე. შესაბამისად, დავის გადაწყვეტაც საგნობრივად სწორი განსჯადობით ადმინისტრაციული სამართალწარმოებით უნდა განხორციელდეს.
ამასთან, მოპასუხე საჯარო სამართლის იურიდიული პირი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები კი, შეიცავენ ამავე კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ელემენტებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26.3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თვლის, რომ დ. მ-ის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ თსუ რექტორის 2018 წლის 25 აპრილის #93/01-01 ბრძანებით სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევით ერთეულში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის (მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი) სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსისთვის თსუ რექტორის 2018 წლის 15 მაისის #114/01-01 ბრძანებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის 2018 წლის 14 ივნისის სხდომის #1 შემაჯამებელი ოქმისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილებაში ... საშტატო ერთეულზე თანამშრომელთა დამტკიცების ნაწილში კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა, შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილებაში ... ორ საშტატო ერთეულზე თანამშრომელთა დამტკიცებისა და დ. მ-ის ნაცვლად სხვა თანამშრომელთა კანდიდატურების დამტკიცების ნაწილში „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევით ერთეულში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის (მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი) თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ“ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 22 ოქტომბრის #252/01-01 ბრძანების ბათილად ცნობა, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევით ერთეულში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში, შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილებაში ... თანამდებობაზე აღდგენისა და უფლებამოსილების შეწყვეტის დღიდან (2018 წლის 22 ოქტომბერი) გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე თვეში 600 ლარის ანაზღაურების დავალება მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად დამატებით „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევით ერთეულში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის (მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი) სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 25 აპრილის #93/01-01 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ ქვემდებარეობას სასამართლოებისადმი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიიჩნევა არა მხოლოდ იმის გამო, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ადრესატი ადმინისტრაციული ორგანოა, არამედ სადავო სამართალურთიერთობის იმანენტური ბუნების გამო, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამართალურთიერთობის ხასიათს. სზაკ-ის 2.1 მუხლი შეიცავს ადმინისტრაციული დავის საგნის ჩამონათვალს (ტაქსაცია). კანონმდებლობამ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული (ენუმერაცია). სასკ-ის 2.3 მუხლის დებულება იმის შესახებ, რომ საერთო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებული დავა, ასახავს განსჯადობის გარეგან ნიშანს, სამართალურთიერთობის კუთვნილების გარეგანი ნიშანი ეხება სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების ადგილს კანონმდებლობაში. ამდენად, საგნობრივი განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობა ენიჭება სადავო აქტების გამოცემის საფუძვლებს, სამართალურთიერთობის სუბიექტის მოქმედების ფორმას. უკეთუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტი გამოცემულია საჯარო კანონმდებლობის საფუძველზე, სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, სახეზე იქნება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო თუ აქტის გამოცემის საფუძველი კერძო-სამართლებრივია, იგი არ ჩაითვლება ადმინისტრაციულ აქტად (იხ. სუს დიდი პალატის 10.07.2007წ. #ბს-132-123(კ-07) განჩინება).
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სზაკ-ის 2.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოა, თუმცა აღნიშნული იმთავითვე არ გულისხმობს მის მიმართ წარმოებული ყველა დავის ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეების განმხილველი სასამართლოსადმი განსჯადობას. მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასაქმებული პირის სტატუსი, მიიჩნევა თუ არა იგი საჯარო მოხელედ.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამსახური განიმარტება, როგორც სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა).
საკასაციო სასამართლო იზიარებს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განმარტებას, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის ორგანიზაციული მოწყობის საჯაროსამართლებრივი ფორმა, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება საჯარო მმართველობა. აღნიშნულ დაწესებულებებში საქმიანობა ითვლება საჯარო სამსახურად, გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა. სასამართლოს მითითებით, გამონაკლისში მოქცეული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობა არ ითვლება საჯარო სამსახურად, რაც გამართლებულია ამ სუბიექტების ფუნქციონირების უპირატესი ინტერესებით (მაგ. უნივერსიტეტების ავტონომიურობა და იქ დასაქმებულთა აკადემიური თავისუფლება), რაც არ შეიძლება შეიზღუდოს საჯარო სამსახურის სტატუსით. ამდენად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „გ“ პუნქტის შესაბამისად, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასაქმებული პირი არ მიიჩნევა საჯარო მოხელედ.
საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ 2010 წლის 21 მაისის სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორსა და დ. მ-ეს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დასაქმებულმა აიღო ვალდებულება განეხორციელებინა შრომითი საქმიანობა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილებაში ... თანამდებობაზე, რაც ადასტურებს დ. მ-ესა და დამსაქმებელს შორის კერძო-სამართლებრივი შრომითი ურთიერთობის არსებობას.
ის გარემოება, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი ახორციელებს საჯარო საქმიანობას, არ ცვლის განსჯადობის წესს, ვინაიდან მოცემული დავა უკავშირდება არა საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობას, არამედ მისი მუშაკის შრომით ურთიერთობას. საჯარო ფუნქციების დელეგირება შესაძლებელია არა მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, არამედ აგრეთვე ფიზიკურ პირზე და კერძო სამართლის იურიდიულ პირებზეც, რაც ცხადია არ აქცევს მისი მუშაკის გათავისუფლებასთან დაკავშირებულ დავას ადმინისტრაციული კატეგორიის საქმედ. ამდენად, განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს არა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფუნქციებს, არამედ დავის საგნის შემხებლობას სამოხელეო სამართალურთიერთობასთან.
საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განმარტებას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ სსიპ-ის მიერ თანამშრომელთა მიღებისას კონკურსის ჩატარების ფორმალური წესების დაცვის საჭიროების დადგენით, განსახილველ შემთხვევაში არ იცვლება კონკურსის შედეგად დასაქმებული პირის შრომით-სამართლებრივი სტატუსი, რადგან კონკრეტული პროცედურების განხორციელებისას საჯარო კანონმდებლობის ნორმების გამოყენება იმთავითვე არ აქცევს ურთიერთობას საჯარო-სამართლებრივად, ისევე როგორც - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმიანობისას სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენება იმთავითვე არ გამორიცხავს ქმედების საჯარო-სამართლებრივ ხასიათს. ასეთ შემთხვევაში განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას უნდა შეფასდეს დავის არსი, ქმედებათა შინაარსი, ურთიერთობის მახასიათებლები და სხვა. სწორედ აღნიშნული გარემოებების, არსებული ნორმატიული მოწესრიგების, საკანონმდებლო რეგულაციის მიზნის ერთობლივი შეფასების შედეგად არის შესაძლებელი ურთიერთობის საჯარო თუ კერძო სამართლისათვის მიკუთვნება. მხოლოდ ის გარემოება, რომ კონკურსის ჩატარების ფორმალური წესები საჯარო-სამართლებრივ აქტებშია ასახული, არ ცვლის მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსობრივ დატვირთვას. ანალოგიური წარმატებით კონკურსის ფორმალური წესების დაცვით თანამშრომელთა სამსახურში მიღება შეიძლება მოახდინოს კერძო სამართლის იურიდიულმა პირმაც (აღნიშნულს კანონი არ კრძალავას), რაც რათქმაუნდა არ აქცევს მასთან დასაქმებულ პირებს საჯარო მოხელეებად და დავას - ადმინისტრაციულ-სამართლებრივად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას, აღნიშნულ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას და მიიჩნევს, რომ დავა განსჯადობით სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ქვემდებარეა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. მ-ის სარჩელი მოპასუხე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ბ. ალავიძე