#ბს-568(გ-19) 4 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე - გ. ნ-ი
მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
დავის საგანი - სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 28 მარტს გ. ნ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების, კერძოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე (https://www.facebook.com/MinistryofJusticeGeorgia/) მოსარჩელისათვის შეზღუდვის (ე.წ. ბლოკის) მოხსნის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის განჩინებით გ. ნ-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად უნდა ეფუძნებოდეს საჯარო - ადმინისტრაციული სამართლის ნორმებს და განპირობებული იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის საკანონმდებლო ნორმების დარღვევით.
სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოცემულ სამართალურთიერთობას არ გააჩნდა საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობის ძირითადი ელემენტი - დავა არ გამომდინარეობდა ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობიდან, სადავო ურთიერთობა მატერიალური თვალსაზრისით, შემოწმებას ექვემდებარებოდა კერძო-სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობის კუთხით, შესაბამისად, არ არსებობდა დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის წინაპირობები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის თანახმად, განხილული უნდა ყოფილიყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის განჩინებით გ. ნ-ის სარჩელი მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტის მიზნით გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ საპროცესო ეკონომიის თვალსაზრისით, აგრეთვე, იმისათვის, რომ უკეთ ყოფილიყო უზრუნველყოფილი პირის უფლება სამართლიან სასამართლო განხილვაზე, რაც მოიცავდა ასევე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების უფლებას, მიზანშეწონილი იყო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის (სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის საფუძველი, რომლის თანახმადაც საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის) განმარტებულიყო იმგვარად, რომ მისი შინაარსი არ გავრცელებულიყო საგნობრივ განსჯადობაზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებდა ადმინისტრაციული სასამართლოს განსჯადი საქმების განსჯად სასამართლოში გადაგზავნას, თუმცა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით.
სასამართლოს მითითებით, საგულისხმო იყო, რომ საგნობრივი განსჯადობის შესახებ დავის დაწყების საკითხსაც არ აწესრიგებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (ამ კოდექსის 24-ე მუხლის მეორე წინადადებაში ასახული განსჯადობის შესახებ დავის აკრძალვა ეხება 23-ე მუხლში ჩამოთვლილ შემთხვევებს ტერიტორიული განსჯადობით საქმის გადაცემის თაობაზე). ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სასამართლოებს შორის დავა განსჯადობაზე დასაშვებია და დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, თუ სამოქალაქო საქმის განმხილველი სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ მისთვის განსჯადობით გადაგზავნილი საქმე არ არის სამოქალაქო წესით განსახილველი, მას შეუძლია, დაიწყოს დავა განსჯადობაზე და საქმე გადაუგზავნოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად. დავის დაწყებისას სამოქალაქო საქმის განმხილველი სასამართლო ხელმძღვანელობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლით.
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის აღნიშვნით, იქიდან გამომდინარე, რომ კანონი უშვებს სასამართლოებს შორის დავას განსჯადობის თაობაზე, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის ან მიღების ეტაპის გადალახვის შემდეგ ამავე საფუძვლით სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, შესაძლებელია, ჯერ მხარემ გახადოს სადავოდ განსჯადობის საკითხი განჩინების გასაჩივრებით, შემდეგ კი ამისგან დამოუკიდებლად სასამართლოებს შორის დაიწყოს დავა განსჯადობაზე. ამგვარად, სასამართლომ მიუთითა, რომ უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატის მიერ განსჯადობის საკითხზე დავის საბოლოოდ გადაწყვეტამდე, საქმის საგნობრივი განსჯადობის საკითხი ხდება არაერთგზის განხილვისა და შეფასების საგანი, რაშიც მონაწილეობს არა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს ორი სხვადასხვა კოლეგია, არამედ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაც. ამგვარად, მიზანშეწონილია, ადმინისტრაციული საქმის განმხილველი სასამართლოს მსგავსად, სამოქალაქო საქმის განმხილველმა სასამართლომაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით, საგნობრივად არაგანსჯადი საქმეები თავად გადაუგზავნოს ადმინისტრაციული საქმის განმხილველ სასამართლოს, რითაც უკეთ იქნება უზრუნველყოფილი მხარის უფლება სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების გზით დავის გადაწყვეტაზე და ასევე თავიდან იქნება აცილებული დამატებით კიდევ ერთი სასამართლო ინსტანციის - სააპელაციო სასამართლოს მონაწილეობა განსჯადობის საკითხის გადაწყვეტაში მაშინ, როდესაც კანონით დაშვებულია სასამართლოთა შორის დავის დაწყება განსჯადობის თაობაზე და დადგენილია ამ დავის გადაწყვეტაზე უზენაესი სასამართლოს კომპეტენცია.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლზე, რომელიც ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლზე, რომლის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის; საქმეებს საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის დავის შესახებ; უდავო წარმოების საქმეებს; რეკეტული ქონების, თანამდებობის პირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 3311 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებულ საქმეებს; შვილად აყვანის საქმეებს; ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებულ პირზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციების გავრცელების საქმეებს; შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებულ საქმეებს, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავათა ჩამონათვალს. დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ამდენად, სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვისთვის აუცილებელ ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც მითითებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1, 2.2 და 2.3 მუხლებში, ამასთან, აღნიშნული დავები წარმოშობილი უნდა იყოს იმ სამართალურთიერთობებიდან, რომლებიც საჯარო, კონკრეტულად კი ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული.
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიუთითა, რომ განსახილველი სამართალწარმოება მიმართული იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ, სამართალწარმოების საგანს წარმოადგენდა მოქალაქის მიმართ იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან თავიანთი მოვალეობების შესრულების დროს, კერძოდ, საქმის წარმოების დროს განხორციელებული ქმედება, რომლითაც მოსარჩელეს შეეზღუდა სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება. ამასთან, სარჩელში მითითებული იყო, რომ მოპასუხის მხრიდან საჯარო უფლებამოსილების განხორციელების დროს, ადგილი ჰქონდა მოქალაქის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, კერძოდ, მოსარჩელე ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე „დაბლოკეს“, აუკრძალეს „რეაქციის“ გამოხატვის საშუალება, სოციალურ ქსელში კომენტარის დატოვება ან სხვაგვარი ფორმით საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, რითაც მას შეეზღუდა გამოხატვის თავისუფლება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლოს, რომელიც საბოლოო ჯამში განიხილავდა წინამდებარე სარჩელს, მოუწევდა დავის გადაწყვეტისას ეხელმძღვანელა არა მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობითაც.
სასამართლომ მიუთითა, რომ დავა ეხებოდა მეტად მნიშვნელოვან - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან ჩადენილ ქმედებას. მოპასუხეს დავაში წარმოადგენდა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. დავის საგანი და შინაარსი კი ამ ორგანოს თანამშრომელთა მხრიდან ჩადენილი ქმედება იყო. თავის მხრივ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ორგანოს და ის ხელმძღვანელობდა ადმინისტრაციული კანონმდებლობით ადმინისტრაციული საქმის წარმოების დროს.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვა გამოიწვევდა საპროცესო ნორმების ისეთ დარღვევას, რომელიც აუცილებლად განაპირობებდა საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების მიღებას, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპებსა და სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებს შორის არსებობდა მკვეთრი განსხვავება, კერძოდ, სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან განსხვავებით, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისათვის დამახასიათებელი ინკვიზიციურობა განაპირობებდა იმას, რომ ამ სამართალწარმოებაში, სამართალურთიერთობის „ძლიერი მხარე“ - მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო, ხშირ შემთხვევაში, ვალდებულია სრულად ზიდოს მტკიცების ტვირთი, რაც მოსარჩელეს, როგორც სამართალურთიერთობის „სუსტ“ მხარეს, უფრო კომფორტულ და მომგებიან ვითარებაში ამყოფებს. შესაბამისად, ისეთი სამართალურთიერთობის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით გადაწყვეტა, რომელიც კანონის შესაბამისად შესაძლოა ადმინისტრაციულ სამართალურთიერთობად იქნეს მოაზრებული, არ იქნებოდა შესაბამისობაში სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დამდგენ იმ საერთაშორისო რეგულაციებთან, რომლებიც ზემოთ იქნა მითითებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ნ-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ ადმინისტრაციული ორგანოსათვის ქმედების განხორციელების დავალების შესახებ იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიების განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ გ. ნ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას უნდა დაექვემდებაროს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია კანონიერ სასამართლოზე ადამიანის უფლებას სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების შემადგენელ ნაწილად მოიაზრებს (მე-6 მუხ.). კანონიერი სასამართლოს უფლება კი სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას მოითხოვს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ არსებითად სწორად განსაზღვრა მოცემული დავის განსჯადობის საკითხი და მართებულად მიიჩნია საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად ადმინისტრაციულ დავად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ორ სხვადასხვა კოლეგიას შორის დავა საგნობრივ განსჯადობასთან დაკავშირებით არის წარმოშობილი. ამდენად, დასადგენია, მოცემული საქმე წარმოადგენს ადმინისტრაციული თუ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციული წესით სასამართლოთა განსჯად საქმეებს, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საგნობრივი განსჯადობის დასადგენად, კონკრეტული დავის ადმინისტრაციული კატეგორიის საქმისადმი კუთვნილების მაჩვენებელია სადავო ურთიერთობებში ერთ-ერთ მხარედ ადმინისტრაციული ორგანოს გამოსვლა და სადავო სამართალურთიერთობის ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე წარმოშობა. ამასთან, არსებითია განისაზღვროს ის, თუ რამდენად არის დაკავშირებული სოციალური ქსელების მართვის დროს განხორციელებული ქმედებები სამინისტროს საჯარო საქმიანობასთან.
საკასაციო პალატა უპირველესად მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების, კერძოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე (https://www.facebook.com/MinistryofJusticeGeorgia/) მოსარჩელისათვის შეზღუდვის (ე.წ. ბლოკის) მოხსნის დავალება. მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ მოპასუხის მხრიდან საჯარო უფლებამოსილების განხორციელების დროს, ადგილი ჰქონდა მოქალაქის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე „დაბლოვკით“ მას აუკრძალეს „რეაქციის“ გამოხატვის საშუალება, სოციალურ ქსელში კომენტარის დატოვება ან სხვაგვარი ფორმით საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, რითაც მას შეეზღუდა გამოხატვის თავისუფლება.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის #389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების“ პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამინისტროს გააჩნია სტრუქტურული ქვედანაყოფები, რომელთა მეშვეობითაც იგი კონკრეტული მიმართულებებით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებებს. კერძოდ, ზემოხსენებული დებულების მე-11 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთ-ერთ ასეთ სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარმოადგენს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი. მითითებული დებულების 23-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელებში სხვა ოფიციალური გვერდების მართვა.
ამასთან, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 18 მარტის #72 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების“ მე-6 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დეპარტამენტის ამოცანა და უფლებამოსილებაა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელებში სხვა ოფიციალური გვერდების მართვა. ამავე დებულების მე-7 მუხლის თანახმად, დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) პრესის სამმართველო; ბ) მარკეტინგის სამმართველო. ამავე დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, მარკეტინგის სამმართველო უზრუნველყოფს სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელებში სხვა ოფიციალური გვერდების მართვას.
ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სტრუქტურული ქვედანაყოფის - პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საქმიანობით უზრუნველყოფს სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდებისა და სოციალურ ქსელებში სხვა ოფიციალური გვერდების, მათ შორის, ოფიციალური „ფეისბუქ“ გვერდის მეშვეობით საზოგადოების ინფორმირებას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობასა თუ მასთან შემხებლობაში არსებულ სხვა სიახლეებთან დაკავშირებით, აგრეთვე, საზოგადოების წინაშე სახელმწიფო ორგანოს ანგარიშვალდებულებასა და საქმიანობის გამჭვირვალობის ხელშეწყობას. ამდენად, სოციალური ქსელების ოფიციალური გვერდების მართვა წარმოადგენს საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული კანონმდებლობით განსაზღვრულ სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს. არსებითია ისიც, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდის სწორედ აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში გარკვეული ქმედების (მისი „დაბლოკვის“) უკანონოდ განხორციელების ფაქტს, რომელმაც მოსარჩელის უფლებების შეზღუდვა განაპირობა.
ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მიმართულია ადმინისტრაციული ორგანოსათვის გარკვეული ქმედების განხორციელების დავალებისაკენ, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განეკუთვნება ადმინისტრაციული წესით განსახილველ დავათა კატეგორიას.
მოსარჩელის მითითებების გათვალისწინებით, არსებითია ისიც, რომ განსახილველ შემთხვევაში პოტენციურად სახეზეა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მხრიდან მოსარჩელის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. ამდენად, დავა თავისი არსით შეეხება ეროვნული თუ საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით მოსარჩელისათვის განმტკიცებული უფლების სახელმწიფო ორგანოების მხრიდან შეზღუდვას, რაც ზემოხსენებულ სხვა გარემოებებთან ერთობლიობაში, დავის საჯარო ხასიათს უსვამს ხაზს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ნ-ის სარჩელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ბ. ალავიძე