#ბს-724(გ-19) 4 ივნისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელეები _ მ. მ-ი; გ. ე-ე
მოპასუხეები _ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 14 ივნისს მ. მ-მა და გ. ე-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვეს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, დისკრიმინაციის შედეგების აღმოფხვრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდების ადაპტირებით უსინათლო/მცირემხედველთათვის, ასევე სამინისტროს მიერ მოსარჩელეთათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდების ადაპტირების განუხორციელებლობით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით.
სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე - უსინათლო და მცირემხედველ პირებს და მათთვის შეუძლებელია დამოუკიდებლად მიიღონ ინფორმაცია ელექტრონული წყაროებიდან უსინათლო/მცირემხედველი პირებისთვის სპეციალური ტექნიკური თუ პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდი არ არის მისაწვდომი/ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, კერძოდ, უსინათლო/მცირემხედველი პირებისთვის.
მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი ვერ სარგებლობენ ვერც სამინისტროს და ვერც სააგენტოს ვებგვერდით. სამინისტროს პრაქტიკა, კერძოდ, სამინისტროსა და სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდების არაადაპტირებულობა უსინათლო/მცირემხედველი პირებისათვის თავისი არსით დისკრიმინაციულია, რადგან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ხსენებული ჯგუფის წევრებს, იმ პირებისგან განსხვავებით, რომლებიც არ წარმოადგენენ უსინათლო/მცირემხედველ პირებს, ართმევს შესაძლებლობას დამოუკიდებლად მიიღონ ინფორმაცია დასაქმების, ჯანდაცვის, სოციალური თუ სხვა მნიშვნელოვანი პროგრამებისა თუ ამ სფეროებში განხორციელებული პროექტების/სიახლეების თაობაზე ოფიციალური ელექტრონული რესურსებიდან. სამინისტროს დისკრიმინაციული პრაქტიკა თანასწორობის უფლებაში ჩარევასთან ერთად, იწვევს მოსარჩელეთა სხვა კონსტიტუციურ უფლებებში და თავისუფლებებში, ასევე საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებულ უფლებებში გაუმართლებელ ჩარევას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ივნისის განჩინებით მ. მ-ისა და გ. ე-ის სარჩელი მოპასუხე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის, დისკრიმინაციის შედეგების აღმოფხვრისა და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია ადმინისტრაციული წესით განსახილველ დავათა სახეები, კერძოდ, მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის წესი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. სამართალწარმოება დისკრიმინაცისთან დაკავშირებულ საქმეეზე დარეგულირებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-73 კარით, რომელიც ამ კატეგორიის საქმეთა განხილვისათვის სპეციალურ წესს ადგენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მითითებით, კანონმდებლობა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის, მისი აღმოფხვრისა და ზიანის ანაზღაურების საქმეების განსჯადობას სამოქალაქო სასამართლოებს მიაკუთვნებს, შესაბამის საქმეთა განხილვისათვის სამოქალაქო საპროცესო ნორმებით სპეციალური წარმოებაა განსაზღვრული. სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას და მორალური ზიანის ანაზღაურებას მხარე ითხოვს იმ საფუძვლით, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდები არ არის ადაპტირებული უსინათლო/მცირემხედველთათვის. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის საკითხი შემხებლობაში არ არის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული წესით განსახილველ დავათა სახეობებთან, რაც კოლეგიის მითითებით, გამორიცხავს მოსარჩელეთა მოთხოვნის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ივლისის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროთი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 აგვისტოს საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის www.ssa.gov.ge არაადაპტირებულობის გამო, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის, ვებგვერდის www.ssa.gov.ge უსინათლო და მცირემხედველი პირებისათვის ადაპტირების გზით, დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიჩნეულ იქნა არასათანადო მოპასუხედ და ამავე განჩინების თანახმად, მოთხოვნების ამ ნაწილში სათანადო მოპასუხედ მიჩნეულ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 აგვისტოს საოქმო განჩინებით დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნები და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: 1. დადგინდეს დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან მოსარჩელეების - მ. მ-ისა და გ. ე-ის მიმართ, ოფიციალური ვებგვერდის www.moh.gov.ge არაადაპტირებულობის გამო; 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალოს ოფიციალური ვებგვერდის www.moh.gov.ge უსინათლო და მცირემხედველი პირებისთვის ადაპტირების გზით დისკრიმინაციული შედეგების აღმოფხვრა; 3. დადგინდეს დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან მოსარჩელეების - მ. მ-ისა და გ. ე-ის მიმართ, ოფიციალური ვებგვერდის www.ssa.gov.ge არაადაპტირებულობის გამო; 4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს ოფიციალური ვებგვერდის www.ssa.gov.ge უსინათლო და მცირემხედველი პირებისთვის ადაპტირების გზით დისკრიმინაციული შედეგების აღმოფხვრა; 5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელეების - მ. მ-ისა და გ. ე-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს ვებგვერდების ადაპტირების განუხორციელებლობით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 მაისის განჩინებით აღიძრა დავა განსჯადობის საკითხთან დაკავშირებით მ. მ-ის და გ. ე-ის სარჩელისა გამო მოპასუხეების - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის, დისკრიმინაციის ფაქტის აღმოფხვრისა და მორალური ზიანის დაკისრების შესახებ წარმოდგენილ სარჩელზე და საქმე განსჯადობის საკითხთან დაკავშირებით დავის გადასაწყეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მითითებით, 2018 წლის 23 აპრილს გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სადავო გახადა განსჯადობის საკითხი და მიუთითა, რომ ვინაიდან წარმოდგენილი სარჩელის საფუძველია სახელმწიფოს მიერ კონსტიტუციით გარანტირებული პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლობა, სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადს წარმოადგენს. შუამდგომლობას განსჯადობაზე დავის დაწყების თაობაზე მხარი დაუჭირა როგორც მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ისე მოსარჩელეთა წარმომადგენელმა.
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი განსაზღვრავს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებულ საქმეებს, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით მე-2 მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავათა ჩამონათვალს. სასამართლოს მითითებით, განსჯადობის საკითხში კანონმდებელმა გადამწყვეტი მნიშვნელობა მიანიჭა სადავო სამართალურთიერთობის ბუნებას და არა მის მონაწილეებს, ვინაიდან თავად საქართველოს სამოქალაქო კოდექსითვე განისაზღვრა, რომ კერძო სამართლის სუბიექტი შეიძლება იყოს სახელმწიფო ორგანოც.
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცულია აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები. განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელეთა მიერ სადავოდაა გამხდარი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თაობაზე კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დარღვევა და სახელმწიფოს - ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დადგენილი პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლობა. შესაბამისად, სარჩელის არსი არის მორალური ზიანის ანაზღაურება დისკრიმინაციის ფაქტის არსებობის გამო.
სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში არსებითია, რომ გარდა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის და აღმოფხვრისა, მოსარჩელეები მოითხოვენ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოებისგან მორალური ზიანის ანაზღაურებას. სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა მოპასუხეთა მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე არის ადმინისტრაციული წესით განსახილველი, ვინაიდან მოსარჩელეები მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ სახელმწიფო ორგანოსგან, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებებს.
ამდენად, ვინაიდან მოსარჩელეთა მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსახილველს და ვინაიდან როგორც საკანონმდებლო რეგულაციებიდან ირკვევა შეუძლებელია ხელოვნურად დაყოფა ცალკე ელემენტებად, დავა საჯარო-სამართლებრივი ხასიათისაა და გამომდინარეობს საჯარო კანონმდებლობიდან. შესაბამისად, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის, დისკრიმინაციის ფაქტის აღმოფხვრის და მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხის განხილვა ცალ-ცალკე სამართალწარმოების წესით არამართებულია, რის გამოც დავის საგნის ამგვარი დაყოფა გამოიწვევს მოსარჩელის უფლების ხელყოფას მისი სარჩელი განიხილოს უფლებამოსილმა სასამართლომ. სასამართლოს მითითებით, აღნიშნული იქნება იმ გონივრული ვადის სტანდარტის უგულებელყოფა, რაც რეგლამენტირებულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლში, რომლის თანახმად, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძვლზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
ამდენად, სასამართლოს მითითებით, სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დადგენილი წინაპირობები: დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, დავაში მონაწილე ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო, დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული საქმისწარმოების წესით განსახილველი მორალური ზიანის ანაზღაურება. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ სწორედ ადმინისტრაციული სამართალწარმოების გზით უნდა მოხდეს წარმოდგენილი სარჩელის განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიების განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ ქვემდებარეობას სასამართლოებისადმი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს ცალკე დისკრიმინაციული ფაქტის შესახებ დავის გადაწყვეტის მექანიზმს, კოდექსი ტაქსაციის მეთოდის გამოყენებით იძლევა ადმინისტრაციული დავის საგნის ჩამონათვალს. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რაც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად ეფუძნებოდეს საჯარო - ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით.
განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა საბოლოოდ ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: 1. დადგინდეს დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან მოსარჩელეების - მ. მ-ისა და გ. ე-ის მიმართ, ოფიციალური ვებგვერდის www.moh.gov.ge არაადაპტირებულობის გამო; 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალოს ოფიციალური ვებგვერდის www.moh.gov.ge უსინათლო და მცირემხედველი პირებისთვის ადაპტირების გზით დისკრიმინაციული შედეგების აღმოფხვრა; 3. დადგინდეს დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან მოსარჩელეების - მ. მ-ისა და გ. ე-ის მიმართ, ოფიციალური ვებგვერდის www.ssa.gov.ge არაადაპტირებულობის გამო; 4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს ოფიციალური ვებგვერდის www.ssa.gov.ge უსინათლო და მცირემხედველი პირებისთვის ადაპტირების გზით დისკრიმინაციული შედეგების აღმოფხვრა; 5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელეების - მ. მ-ისა და გ. ე-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს ვებგვერდების ადაპტირების განუხორციელებლობით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით.
სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე - უსინათლო და მცირემხედველ პირებს და მათთვის შეუძლებელია დამოუკიდებლად მიიღონ ინფორმაცია ელექტრონული წყაროებიდან უსინათლო/მცირემხედველი პირებისთვის სპეციალური ტექნიკური თუ პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე. მოსარჩელეთა განმარტებით, არც სამინისტროს და არც სააგენტოს ვებგვერდი არ არის მისაწვდომი/ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, კერძოდ, უსინათლო/მცირემხედველი პირებისთვის. ინფორმაციაზე წვდომის არარსებობა კი, თავისთავად იწვევს სხვა კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობის არათანასწორი შესაძლებლობის არსებობას. ამდენად, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სამინისტროს და სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდების ხელმისაწვდომობის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობამ გამოიწვია მათ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის წესი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. კერძოდ, დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე სამართალწარმოება რეგლამენტირებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-73 კარით, რომელიც ამ კატეგორიის საქმეთა განხილვისათვის სპეციალურ წესს ადგენს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3631-ე მუხლის თანახმად, დისკრიმინაციასთან დაკავშირებული სარჩელი შეიძლება განხილულ იქნეს ამ თავით დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. კონკრეტულ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელის საფუძველია ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თაობაზე კონსტიტუციით გათვალისწინებული პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლობა, რამაც, მოსარჩელეთა მოსაზრებით, გამოიწვია მათ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა. აღნიშნულიდან გამომდინარე კი მოსარჩელეები მოითხოვენ დადგინდეს მათ მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის ფაქტი, რომელიც მათი მტკიცებით, სწორედ სამინისტროსა და სააგენტოს მიერ მათზე დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობამ განაპირობა, ასევე მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს დაევალოს ოფიციალური ვებგვერდების უსინათლო და მცირემხედველი პირებისთვის ადაპტირების გზით დისკრიმინაციული შედეგების აღმოფხვრა და დაეკისროთ ვებგვერდების ადაპტირების განუხორციელებლობით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება. საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულია სოციალური სახელმწიფოს პრინციპი. კონსტიტუციის მე-5 მუხლის მიხედვით, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცულია აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები. კონსტიტუციის 11.4 მუხლის მიხედვით კი, სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის.
განსახილველ შემთხვევაში დისკრიმინაციული მოპყრობის საკითხი მოსარჩელეებს დასმული აქვთ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პოზიტიური ვალდებულებების შეუსრულებლობის კავშირში, რაც სცილდება სამოქალაქო კოლეგიის განსჯადობის ფარგლებს. საკასაციო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციული ორგანო ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობასა თუ მასთან შემხებლობაში არსებულ სხვა სიახლეებთან დაკავშირებით, აგრეთვე, საზოგადოების წინაშე სახელმწიფო ორგანოს ანგარიშვალდებულებასა და საქმიანობის გამჭვირვალობის ხელშეწყობას. ოფიციალური ვებგვერდის მართვა წარმოადგენს საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული კანონმდებლობით განსაზღვრულ ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს. მოსარჩელეები სადავოდ ხდიან სწორედ აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან გარკვეული ვალდებულებების შეუსრულებლობას, რამაც მოსარჩელეთა მტკიცებით, მათი უფლებების შეზღუდვა და დისკრიმინაციული მოპყრობა განაპირობა. დავა თავისი არსით შეეხება პოზიტიური ვალდებულებების განუხორციელებლობით სახელმწიფო ორგანოების მხრიდან მოსარჩელეებისათვის ეროვნული თუ საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით განმტკიცებული უფლებების შესაძლო შეზღუდვასა და დისკრიმინაციის ფაქტს, რაც ზემოხსენებულ სხვა გარემოებებთან ერთობლიობაში, დავის საჯარო ხასიათს უსვამს ხაზს და ესადაგება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით რეგლამენტირებულ, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა ჩამონათვალს.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია დავის განხილვისას გამოიყენებს სსკ-ის VII3 კარის დებულებებს, რომლებიც არეგულირებენ ამ სახეობის დავების სპეციფიკას, არ ცვლის განსჯადობის საკითხს. სასკ-ის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. შესაბამისად, არსებობს სსკ-ის VII3 კარით დადგენილი წესების გამოყენების საფუძველი ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა განხილვისას. ამასთანავე, სასამართლო, რომელიც მის განსჯად საქმეს იხილავს, ფლობს ამ საქმის განხილვის სრულ კომპეტენციას, საქმის განხილვის პროცესში იგი უფლებამოსილია გამოიყენოს და განმარტოს დავის გადაწყვეტისათვის საჭირო ყველა ნორმატიული აქტი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძვლზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქმე - მ. მ-ისა და გ. ე-ის სარჩელისა გამო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ბ. ალავიძე