Facebook Twitter

საქმე №ბს-1515(3კ-18) 19 თებერვალი, 2019 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - ნ. ღ-ი (მოსარჩელე), ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივნისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებს ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ღ-მა 2017 წლის 18 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის მიმართ და მოითხოვა ,,საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ" ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის 2016 წლის 15 ნოემბრის №24/297858 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და ,,ნ. ღ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე" ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 10 მარტის №1-526 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქ.თბილისში, ...ის გამზირი №37, კორპუსი №1ა-ში მდებარე №25 ბინის ნ. ღ-ზე უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ღ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 10 მარტის №1-526 ბრძანება ,,ნ. ღ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე". სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის 2016 წლის 15 ნოემბრის №24/297858 ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ. ღ-ის განცხადებაზე, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, როგორც ნ. ღ-მა, ასევე მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის განჩინებით ნ. ღ-ის, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ღ-მა, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობამ, რომელთაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომელზეც სააპელაციო სასამართლოში მიუთითებდნენ საკასაციო სასამართლოს მიერ მათ სასარგებლოდ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 დეკემბრის განჩინებით ნ. ღ-ის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ღ-ის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებებ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, ნ. ღ-ის მიერ გასაჩივრებულია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის 2016 წლის 15 ნოემბრის №24/297858 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. აღნიშნული აქტი გამოცემულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, რომლითაც ვაკის რაიონის გამგეობას დაევალა ნ. ღ-ის 2015 წლის 15 მაისის განცხადების არსებითად განხილვა. ამდენად, მითითებული გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ ორგანოს განემარტა და დაევალა ნ. ღ-ის საჩივარში მითითებული გარემოებების არსებითად შესწავლა და გამოკვლევა. დადგენილი შედეგის მიუხედავად, ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოსცა აქტი საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ კანონიერ ძალაში შესული 2016 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს აღარ რჩებოდა სამართლებრივი სივრცე შეეფასებინა საჩივრის დასაშვებობის საკითხი, არამედ მას არსებითად უნდა ემსჯელა საჩივრის მოთხოვნაზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტები არ არის შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან. პალატა მიუთითებს, რომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შესწავლის ნაცვლად, მოპასუხემ განუხილველად დატოვა საჩივარი, რაც ქმნის სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველს.

კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ღ-ის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე