#ბს-162(2კს-19) 28 მარტი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები - ნ. მ-ი, ს. ფ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა. გ-ა
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირები - დ. ე-ე; ა. ე-ე; ი. ე-ე; სს „...ი“; ტ. ე-ის უფლებამონაცვლე - ა. ე-ე; ბინათმენაშენეთა ამხანაგობა „...-ის“ დამფუძნებელი წევრები - ვ. კ-ი, მ. ბ-ი, გ. გ-ე, გ. ნ-ე, ნ. ღ-ი
დავის საგანი - უფლებამონაცვლის დადგენა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 11 აგვისტოს ა. გ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ დ. ე-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 16 ნოემბრის #... გადაწყვეტილების, ა. ე-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 16 ნოემბრის #... გადაწყვეტილების, ლ. რ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 19 ნოემბრის #... გადაწყვეტილებისა და ტ. ე-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 16 ნოემბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შეჩერება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 აგვისტოს განჩინებით ა. გ-ას შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 16 ნოემბრის #..., 2012 წლის 16 ნოემბრის #..., 2012 წლის 16 ნოემბრის #... და 2012 წლის 19 ნოემბრის #... გადაწყვეტილებების მოქმედების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ლ. რ-ი, დ. ე-ე, ა. ე-ე, ტ. ე-ე, ბმა „...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ბინათმენაშენეთა ამხანაგობა „...-ის“ დამფუძნებელი წევრები - მ. ბ-ი, გ. გ-ე, ნ. ღ-ი, გ. ნ-ე და ვ. კ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. გ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ი. ე-ე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სს „...ი“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განჩინებით მესამე პირის - ტ. ე-ის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ა. ე-ე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განჩინებით მესამე პირის - ლ. რ-ის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნენ ს. ფ-ე და ნ. მ-ი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს, სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან ერთად, ასევე ლ. რ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 19 ნოემბრის #... გადაწყვეტილება წარმოადგენდა. ამასთან, 2012 წლის 13 ნოემბრის #121225694 სანოტარო აქტით დამოწმებული თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის განშლის (გამიჯვნის) შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ლ. რ-ს გადაეცა ქ. თბილისში, ...ას ქ. #36-ში პირველ სართულზე მდებარე 73.26 კვ.მ საცხოვრებელი ფართი (ბინა #3), რომელიც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 19 ნოემბრის #... გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა მის საკუთრებად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 27 სექტემბრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ...ას ქ. #36-ში #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეებს წარმოადგენენ ს. ფ-ე და ნ. მ-ი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ლ. რ-ის უფლებამონაცვლეებად ს. ფ-ე და ნ. მ-ი უნდა ყოფილიყვნენ დადგენილნი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ნ. მ-მა და ს. ფ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს.
კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფლებამონაცვლეობის შემთხვევაში სასამართლო შეაჩერებს საქმის წარმოებას 279-ე მუხლის შესაბამისად. ამავე კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად კი, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას. კერძო საჩივრის ავტორები კი მიუთითებენ, რომ მიუხედავად აღნიშნული დანაწესისა, სასამართლოს საქმის წარმოება არ შეუჩერებია. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, მოქალაქის გარდაცვალებისას, ერთ წლამდე ვადით საქმის წარმოების შეჩერების პირობებში მოსარჩელე ვალდებულია მიუთითოს უფლებამონაცვლე პირი - პირი, რომელმაც სამკვიდრო ქონება მიიღო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ სასამართლო ვალდებული იყო შეეჩერებინა საქმის წარმოება, ხოლო მოსარჩელე ვალდებული იყო სასამართლოსთვის წარედგინა გარდაცვლილი მესამე პირის - ლ. რ-ის უფლებამონაცვლე პირი, რომელმაც სამკვიდრო ქონება მიიღო. წარუდგენლობის შემთხვევაში კი, კანონის თანახმად, მის მიმართ საქმის წარმოება უნდა შეწყვეტილიყო.
კერძო საჩივრის ავტორები განმარტავენ, რომ გარდაცვლილი მესამე პირის - ლ. რ-ისგან მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მისამართი: ქ. თბილისი, ...ას ქუჩა #36, ბინა 3, ს/კ #...) შეძენა ს. ფ-ემ და ნ. მ-მა განახორციელეს საკუთარი სახსრებისა და საბანკო იპოთეკური სესხის თანამონაწილეობით 2016 წლის 22 სექტემბერს. მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, უძრავი ქონების ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 42 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარით, საიდანაც 20 000 დოლარი (ნასყიდობის საფასურის ნაწილი) გამყიდველმა ლ. რ-მა მყიდველებისაგან წინასწარ მიიღო, ხოლო დარჩენილი 22 000 აშშ დოლარი კი მიიღო მას შემდეგ, რაც ზემოხსენებული უძრავი ქონება იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონების შეძენის მიზნობრიობით სს „...ის“ მიერ ნ. მ-ზე გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად. აღნიშნულის დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულებები კერძო საჩივრის ავტორთა მიერ კერძო საჩივართან ერთად იქნა წარმოდგენილი.
კერძო საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ ისინი წარმოადგენენ კეთილსინდისიერ შემძენებს და მათი, როგორც უძრავი ქონების შემძენთა ინტერესები დაცულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლით, რომლის თანახმადაც, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. კერძო საჩივრის ავტორთა მითითებით, ხსენებულ შემთხვევაში, გამსხვისებელი იყო მესაკუთრე, ხოლო რეესტრის ჩანაწერის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის შესახებ მყიდველებისათვის არაფერი იყო ცნობილი იქამდე, სანამ 2018 წლის დეკემბერში მათ არ ჩაბარდათ 2018 წლის 19 ივლისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ უძრავი ქონების შეძენა განხორციელდა 2016 წელს, მხარეები მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას, ჰქონოდათ ინფორმაცია აღნიშნული ფაქტის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ ისინი არ წარმოადგენენ ლ. რ-ის უფლებამონაცვლეებს (სამკვიდროს მიმღებებს) და ისინი არ შეიძლება ასეთად იქნენ დადგენილი მხოლოდ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გარდაცვლილი მესამე პირისაგან - ლ. რ-ისაგან შეიძინეს უძრავი ქონება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 თებერვლის განჩინებით ნ. მ-ისა და ს. ფ-ის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ-ისა და ს. ფ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულ ნორმაში ამომწურავი სახით არ არის განსაზღვრული საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძვლები. სამოქალაქო და ადმინისტრაციულ პროცესებში უფლებამონაცვლეობის საფუძველია სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა. სამართალწარმოების მონაწილის ნაცვლად მისი უფლებამონაცვლის ჩაბმა დაკავშირებულია ამა თუ იმ საფუძვლით მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან მის გასვლასთან, რა დროსაც მხარე კარგავს და სხვა პირს გადასცემს თავის საპროცესო სტატუსს. ამგვარი საპროცესო უფლებამონაცვლეობა მჭიდროდაა დაკავშირებული მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობებში შესაძლო უფლებამონაცვლეობასთან, კერძოდ, თუ უფლებამონაცვლეობა დასაშვებია მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით, იგი დასაშვებია პროცესუალურადაც. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობა შეუზღუდავი არ არის და ხორციელდება კანონით დადგენილ ფარგლებში. ამასთან, საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველს სამართალწარმოების მონაწილის არა საქმიდან, არამედ სამართლებრივი ურთიერთობიდან გასვლა წარმოადგენს.
მოცემულ შემთხვევასთან მიმართებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველი დავის საგანს, სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან ერთად, ასევე ლ. რ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 19 ნოემბრის #... გადაწყვეტილება წარმოადგენს. საგულისხმოა ისიც, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 27 სექტემბრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ...ას ქ. #36-ში #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეებს ს. ფ-ე და ნ. მ-ი წარმოადგენენ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივარზე თანდართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ გარდაცვლილი მესამე პირის - ლ. რ-ისგან მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მისამართი: ქ. თბილისი, ...ას ქუჩა #36, ბინა 3, ს/კ #...) ს. ფ-ემ და ნ. მ-მა არა მემკვიდრეობის, ჩუქების ან სხვაგვარი უსასყიდლო გზებით, არამედ საკუთარი სახსრებისა და საბანკო იპოთეკური სესხის თანამონაწილეობით 2016 წლის 22 სექტემბერს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინეს. ამგვარი მოცემულობა გულისხმობს ზემოხსენებული უძრავი ქონების მიმართ ლ. რ-ის, როგორც ძველი მესაკუთრის, არა ჩანაცვლებას, არამედ აღნიშნულ უძრავ ქონებაზე სრულიად ახალი სამართალურთიერთობის ფარგლებში ახალი მესაკუთრეების მიერ საკუთრების უფლების მოპოვებას. ამ მხრივ აღსანიშნავია ის, რომ ნ. მ-ისა და ს. ფ-ის მიერ მითითებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება არა ლ. რ-ის გარდაცვალებამ, არამედ ახალი სამართალურთიერთობის, კერძოდ, ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობამ განაპირობა. ასეთ პირობებში, კერძო საჩივრის ავტორთა მიმართ სრულიად განსხვავებული, კერძოდ, ქონების შემძენთა სამართლებრივი რეჟიმი ვრცელდება, რაც ცალსახად გამორიცხავს მათი ლ. რ-ის, როგორც დასახელებული უძრავი ქონების ძველი მესაკუთრის, უფლებამონაცვლეებად მიჩნევას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დღევანდელი მდგომარეობით ნ. მ-ისა და ს. ფ-ის მიერ ლ. რ-ისაგან ზემოხსენებული უძრავი ქონების შეძენის პირობებში, კერძო საჩივრის ავტორთა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით განსაზღვრული სტატუსისაგან სრულიად განსხვავებული საპროცესო მონაწილეობის საფუძვლები იკვეთება. კერძოდ, აღნიშნული პირები დღევანდელი მოცემულობით წარმოადგენენ იმ უძრავი ქონების მესაკუთრეებს, რომლის ლ. რ-ის სახელზე პირვანდელი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერებაც განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 თებერვლის #ბს-1133-1127(კს-17) განჩინებაზე, სადაც განიმარტა, რომ „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი მე-2 ნაწილი მესამე პირებად საქმეში ჩაბმის აუცილებლობას ადგენს იმ პირების მიმართ, რომლებიც არიან სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეები, რომელთან მიმართებაშიც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ანუ ასეთი პირები იმგვარად არიან დაკავშირებულნი სადავო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ ამ დავის გადაწყვეტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებულ, კანონით დაცულ მათ უფლებებსა და ინტერესებზე.“
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აუცილებელი მოწვევის საფუძველზე ჩაბმული მესამე პირი (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლი) სარგებლობს მოსარჩელისა და მოპასუხის ყველა უფლებით და ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა, რაც გულისხმობს, რომ ამგვარი სტატუსის მესამე პირი აღჭურვილია მხარის ყველა საპროცესო უფლებით.
ზემოხსენებულ საქმეში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „ადმინისტრაციულ პროცესში სავალდებულო მოწვევის მესამე პირთა საქმეში ჩართვის უმთავრესი მიზანი იმ პირთა ინტერესების დაცვაა, რომელთაც სასამართლო გადაწყვეტილებით შესაძლოა გარკვეული შეზღუდვები დაუწესდეთ. მესამე პირის სავალდებულო მოწვევის (16.2 მუხ.) წინაპირობის გარკვევა ხდება პირის დავაში არა აბსტრაქტული, არამედ რეალური, კანონით დაცული, პატივსადები ინტერესის დადგენით.“
ამასთან, საკასაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ „მართალია, ფორმალური გაგებით ი. ა-ა არ არის მოცემული სამართალურთიერთობის უშუალო მონაწილე, ვინაიდან რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 28 დეკემბრის #... გადაწყვეტილება არ არის გასაჩივრებული და მოცემულ საქმეზე არ წარმოადგენს დავის საგანს, თუმცა იმდენად, რამდენადაც დღეის მდგომარეობით, ქ.თბილისში, ... ქუჩა #3-ში მდებარე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე სწორედ ი. ა-ა, სადავო უძრავი ქონების საკუთრების უფლებასთან მიმართებით, ი. ა-ა მოცემული სამართალურთიერთობის მონაწილის უფლებამონაცვლეა, რა გზითაც, იგი ამ სამართალურთიერთობის მონაწილე ხდება, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.“
საკასაციო სასამართლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ზემოხსენებულ განმარტებებთან მიმართებით აღნიშნავს, რომ მოხმობილ საქმეში ნახსენები სამართალურთიერთობაში უფლებამონაცვლეობა არ გულისხმობს საპროცესო უფლებამონაცვლეობას. ყურადსაღებია ის მნიშვნელოვანი საპროცესო მოცემულობა, რომ მითითებულ დავაში არ განხორციელებულა მესამე პირთა რიგებიდან იმ პირის ამორიცხვა, რომელიც ქონების თავდაპირველ მესაკუთრეს წარმოადგენდა და რომლის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერებაც ზემოხსენებული დავის საგანს წარმოადგენდა. განსხვავებით მოცემული შემთხვევისაგან, ზემოაღნიშნულ დავაში უძრავი ქონების ახალი მესაკუთრის დამატებით მესამე პირად სავალდებულო წესით ჩაბმა სადავო გარემოებების მიმართ მისმა უშუალო არააბსტრაქტულმა, კანონით დაცულმა პატივსადებმა ინტერესმა განაპირობა. ამასთან, ძველი მესაკუთრის მხრიდან საქმეში მესამე პირის სტატუსის „შენარჩუნებაც“ სწორედ უძრავი ქონების რეგისტრაციის კანონიერების მტკიცების მიმართ არსებულმა მისმა იურიდიულმა ინტერესმა გამოიწვია. ამდენად, ზემოთმითითებულ დავაში ადგილი ჰქონდა არა საპროცესო უფლებამონაცვლეობას, კერძოდ, სამართალწარმოებაში ერთი პირის მეორით ჩანაცვლებას, არამედ პროცესში, აგრეთვე სხვა პირის მონაწილეობის საჭიროების გათვალისწინებით, დამატებით მის მესამე პირად ჩაბმას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების მონაწილის უფლებამონაცვლეობა სასამართლომ უძრავი ქონების მიმართ არსებულ საკუთრების უფლებას დაუკავშირა, კერძოდ, აღნიშნული სწორედ საკუთრების უფლებასთან მიმართებით დაადგინა, რაც იმას გულისხმობს, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით განხორციელებულმა უფლებამონაცვლეობამ გამოიწვია იმ იურიდიული ინტერესის წარმოშობა, რამაც პირი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სავალდებულო მიწვევის მესამე პირისათვის დამახასიათებელი პატივსადები იურიდიული ინტერესით აღჭურვა. ამდენად, ამგვარმა უფლებამონაცვლეობამ გამოიწვია არა ინტერესთა ერთი პირიდან მეორე პირზე გადასვლა და შესაბამისად, საპროცესო ჩანაცვლება, არამედ ძველ მესაკუთრესთან ერთად ახალი მესაკუთრის იურიდიული დაინტერესებაც, ანუ სამართალწარმოებაში სხვა პირთა დამატებითი ჩაბმის საჭიროების წარმოშობა.
განსახილველ დავასთან მიმართებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაუშვებელია ნ. მ-სა და ს. ფ-ეს, როგორც უძრავი ქონების (მისამართი: ქ. თბილისი, ...ას ქუჩა #36, ბინა 3, ს/კ #...) ლ. რ-ისგან შემძენებს, ლ. რ-ის სახელზე ზემოხსენებული უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მტკიცების ტვირთი დაეკისროთ, რამდენადაც ისინი არ წარმოადგენენ ლ. რ-ის საპროცესო უფლებამონაცვლეებს და მათ გააჩნიათ დამოუკიდებელი დაინტერესება მოცემული დავის მიმართ. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით, საკუთრების უფლებასთან მიმართებით არსებული უფლებამონაცვლეობა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე განაპირობებს საქმეში მათ სავალდებულო მოწვევის მესამე პირად ჩაბმის აუცილებლობას.
საკასაციო სასამართლო, აგრეთვე, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას. ამავე კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საქმის წარმოება შეჩერდება ამ კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველად დარჩება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ნ. მ-ი და ს. ფ-ე არ წარმოადგენენ ლ. რ-ის საპროცესო უფლებამონაცვლეებს, საქმესთან მიმართებით გაურკვევლად რჩება უფლებამონაცვლეობის საკითხი, რაც სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საქმის განხილვისას აუცილებელ შეფასებას უნდა დაექვემდებაროს. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს უფლებამონაცვლეობისა და შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების საჭიროების თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება არ ეფუძნება სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ წინამძღვრებს, რის გამოც ნ. მ-ისა და ს. ფ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განჩინება და საქმე, საქმეში ნ. მ-ისა და ს. ფ-ის მესამე პირებად ჩაბმისა და საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადასაწყვეტად, დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. მ-ისა და ს. ფ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განჩინება და საქმე, საქმეში ნ. მ-ისა და ს. ფ-ის მესამე პირებად ჩაბმისა და საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადასაწყვეტად, დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი