Facebook Twitter

№ბს-1517(კ-18) 14 მარტი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 29 აგვისტოს ხ. ჯ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ცხოვრობდა ხა. ჯ-თან, დ. ჯ-თან (ძმისშვილი) და ს. ჯ-თან (ძმა) ერთად ქ. თბილისში, ..., ..., მე-3 მ/რ, მე-5 კვ. მე-15 კორპ., ბინა 92. ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად, მათი სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 1000 ერთეულით. 2017 წლის 12 აპრილს გარდაიცვალა ს. ჯ-ი, რაც გახდა საფუძველი მათი ოჯახის გადამოწმებისა. 2017 წლის 17 აპრილს განხორციელებული ოჯახის შემოწმების შემდგომ, მათ დახმარება შეუწყდათ, ასევე ერთი წლის განმავლობაში აეკრძალათ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია. აღნიშნულის შესახებ ოჯახს ოფიციალურად ეცნობა 2017 წლის 3 მაისის №04-00-გ/22511 წერილით. დახმარების შეწყვეტის საფუძვლად მითითებული იყო ოჯახის ხელოვნურად დაყოფა. მისივე განმარტებით, ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე, მის ოჯახს მოეხსნა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში განმეორებითი რეგისტრაციის აკრძალვა, თუმცა რეგისტრაციის აღდგენასა და ზიანის ანაზღაურებაზე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან სადავო გარემოებას წარმოადგენდა თ. პ-ის მის ოჯახში ცხოვრების ფაქტი და ამ უკანასკნელის უარი სოციალური დახმარების მიღებაზე.

მოსარჩელის განმარტებით, თ. პ-ი არის რუსეთის მოქალაქე და მისი ძირითადი საცხოვრებელი ადგილიც იქ არის. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, თ. პ-ი ცხოვრობს თავის დასთან, სხვა მისამართზე და ვინაიდან, მოსარჩელის ოჯახის წევრები საჭიროებენ დახმარებას, კვირაში ორჯერ მიდის მათთან დასახმარებლად. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ თ. პ-ს მოსარჩელის ოჯახში არასოდეს უცხოვრია, მოსარჩელე არ ეთანხმება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ „სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ თბილისის მომსახურების საქალაქო ცენტრის 2017 წლის 17 აპრილის ოქმისა და ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 22 აგვისტოს №04/54413 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ხ. ჯ-ის ოჯახის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და შეწყვეტიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის აღდგენის დღემდე მიუღებელი საარსებო შემწეობის თანხის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით ხ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ თბილისის მომსახურების საქალაქო ცენტრის 2017 წლის 17 აპრილის ოქმი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 22 აგვისტოს №04/54413 გადაწყვეტილება; მოპასუხეს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელის - ხ. ჯ-ის ოჯახი აღდგენილ იქნება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და აუნაზღაუროს მიუღებელი საარსებო შემწეობის თანხა, შეწყვეტიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის აღდგენის დღემდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებს ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის #126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის მიხედვით, უფლებამოსილი პირი დაკისრებული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების ფარგლებში უზრუნველყოფს მაძიებლის ინტერვიუირებას, ადგენს მაძიებლის განაცხადში შეტანილ მონაცემთა სიზუსტეს, ახდენს მაძიებლის ქონებისა და ყოფითი პირობების შესწავლა-შეფასებას დადგენილი წესების შესაბამისად, ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის #141/ნ ბრძანებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას: ა) ობიექტური ინფორმაცია მიიღება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად; ბ) სუბიექტური ინფორმაცია გულისხმობს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან ინტერვიუირების შედეგად მიღებულ მონაცემთა ერთობლიობას. ინტერვიუირების პროცესში შესაძლოა მონაწილეობდეს ოჯახის სხვა ინფორმირებული წევრ(ებ)იც.

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 17 აპრილს სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ხ. ჯ-ის ოჯახში განხორციელებული ვიზიტის შემდეგ შევსებულ იქნა ოქმი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ (ფორმა N3) იმ მიზეზით, რომ „ოჯახი ხელოვნურად არის დაყოფილი“, თუმცა ოჯახის უფლებამოსილ პირთან - ხ. ჯ-თან შეხვედრა საერთოდ არ განხორციელებულა და უფლებამოსილ სუბიექტად მიჩნეულ იქნა - თ. პ-ი, რომელიც არათუ არ წარმოადგენდა სათანადო პირს ხ. ჯ-ის ოჯახის შემოწმების დროს, არამედ თავად ხდიდა სადავოდ მითითებულ გარემოებას და აღნიშნავდა, რომ იგი წარმოადგენდა რუსეთის მოქალაქეს, რომელიც მუდმივად ცხოვრობდა რუსეთში, პერიოდულად ჩამოდიოდა საქართველოში სხვა მისამართზე მცხოვრები დის ოჯახში. ამასთან, პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებულ ოქმში მითითებული „ოჯახის უფლებამოსილი პირის ხელმოწერის“ გრაფა თავისუფალია, ანუ დეკლარაციაში მითითებული გარემოებები არ არის დადასტურებული შესაბამისი ოჯახის წევრის მიერ. ამდენად, სოციალური აგენტის უფლებამოსილება - მოეპოვებინა არამარტო სუბიექტური, არამედ ობიექტური ინფორმაცია და გამოეკითხა ოჯახის ყველა სრულწლოვანი პირი, განსახილველ შემთხვევაში განხორციელებული არ არის, რის გამოც, სასამართლომ მართებულად მიიჩნია მოსარჩელე ხ. ჯ-ის ოჯახისთვის სათანადო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტა კანონშეუსაბამოდ.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მიუღებელი საარსებო შემწეობის ანაზღაურების დავალების ნაწილში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი