№ბს-1600(კ-18) 28 მარტი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ. ჭ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 22 სექტემბერს დ. ჭ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2009 წლის 1 სექტემბრიდან მუშაობდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში სხვადასხვა რაიონულ განყოფილებაში ...ის თანამდებობაზე. 2014 წლის ივნისის არჩევნების შედეგად ადგილობრივ თვითმმართველობაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2014 წლის 29 ოქტომბერს დამსაქმებელმა იგი გადაიყვანა დროებით მოვალეობის შემსრულებლად, რის გამოც დაექვემდებარა კონკურსის წესით თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას. შესაბამისად, მან მონაწილეობა მიიღო 2014 წლის დეკემბერში ჩატარებულ კონკურში, თუმცა მესამე ეტაპზე ვერ მიიღო დამაკმაყოფილებელი ქულა და 2015 წლის 15 თებერვლიდან იგი გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან.
მოსარჩელის მითითებით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი კონკურსის შედეგები და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2017 წლის 29 ივნისს მოსარჩელესთან კვლავ ჩატარდა გასაუბრება, თუმცა უშედეგოდ - მას არ გაეწია რეკომენდაცია შესაბამის თანამდებობაზე დასანიშნად.
მოსარჩელის მითითებით, ვინაიდან იგი იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში დანიშნული თანამშრომელი, ახალი პოლიტიკური გუნდის მერიის მმართველობის სათავეში მოსვლის შემდეგ, მის მიმართ ადგილი ჰქონდა მიკერძოებულ, დისკრიმინაციულ მოპყრობას პოლიტიკური ნიშნით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სწორედ აღნიშნულს ემსახურებოდა მისი გადაყვანა მოვალეობის შემსრულებლად და კონკურსს დაქვემდებარება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ 2017 წლის 29 ივნისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს რაიონული განყოფილების ...ის თანამდებობაზე ჩატარებული გასაუბრების შედეგების დ. ჭ-ას ნაწილში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2017 წლის 29 ივნისის სხდომის №5,7,8/1 და №5,7,8/2 ოქმების დ. ჭ-ას ნაწილში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2017 წლის 30 ივნისის №11 ოქმის დ. ჭ-ას ნაწილში ბათილად ცნობა, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა (რომლითაც დ. ჭ-ა აღდგება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს რაიონული განყოფილების ...ის თანამდებობაზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში - შესაბამის ტოლფას თანამდებობაზე) და 2015 წლის 15 თებერვლიდან სამსახურში აღდგენის დღემდე განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურების დავალება, ასევე მოპასუხისთვის მოსარჩელის მიმართ პოლიტიკური შეხედულების ნიშნით დისკრიმინაციული ქმედების შეწყვეტისა და თავისუფალ, არადისკრიმინაციულ გარემოში მუშაობით მოსარჩელის უზრუნველყოფის, ასევე პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული ქმედების შედეგების აღმოფხვრისა და დისკრიმინაციამდე არსებული მდგომარეობის აღდგენისა და მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის - 500 ლარის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით დ. ჭ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ჭ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით დ. ჭ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სასამართლოს მითითების შესაბამისად დ. ჭ-ასთან ხელახლა ჩატარებული გასაუბრების ეტაპი წარმართა გამჭირვალედ და ობიექტურად, კერძოდ, განახორციელა გასაუბრების აუდიო ჩაწერა, რამაც შესაძლებელი გახადა, დასმული შეკითხვებისა და გაცემული პასუხების მიხედვით დადგენილიყო, თუ რამდენად ობიექტურად მოხდა კანდიდატის შეფასება. ამასთან, კითხვების თემატიკა შერჩეულ იქნა კანდიდატის თანხმობით და იგი ემსახურებოდა დ. ჭ-ას დაკავებულ თანამდებობაზე შესაბამისობის დადგენას, რამდენადაც ძირითადად ეხებოდა უშუალოდ მის პროფესიულ გამოცდილებასა და საქმიანობას, რასაც ახორციელებდა დაკისრებული ფუნქციების ფარგლებში. გასაუბრების შემდეგ კი, კანდიდატი შეფასდა კომისიის თითოეული წევრის მიერ ინდივიდუალურად, კომუნიკაციის უნარის, მოტივაციის, პროფესიული მიღწევების, ლოგიკური მსჯელობისა და ანალიზის, შესრულებული სამუშაობის ხედვისა და მზადყოფნის, ასევე დამატებით კითხვებზე პასუხის გაცემის კომპონენტების შესაბამისად, რის შედეგადაც აპელანტის საბოლოო შეფასება განისაზღვრა 2,33 ქულით, რაც გულისხმობს, რომ მან ვერ გადალახა მინიმალური შეფასება და ამდენად, მას არ გაეწია რეკომენდაცია კონკრეტულ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება, აპელანტის მოსაზრებას, მის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის შესახებ, სააპელაციო პალატის განმარტებით, აღნიშნული ვერ იქნება დაკმაყოფილებული როგორც ხანდაზმულობის, ისე დაუსაბუთებლობის გამო, რადგან ეს გარემოება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების შედეგად ვერ დასტურდება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ჭ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი საკასაციო საჩივარს ამყარებს ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. ჭ-ას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ჭ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ. ჭ-ა 2009 წლის 1 სექტემბრიდან მუშაობდა ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების სამმართველოში სხვადასხვა თანამდებობაზე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 29 ოქტომბრის №1497 ბრძანებით დ. ჭ-ა გათავისუფლდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების სამმართველოს მთაწმინდის რაიონული განყოფილების ...ის თანამდებობიდან და პირადი განცხადების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 29 ოქტომბრის №1505 ბრძანებით, იმავე დღეს დაინიშნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების სამმართველოს რაიონული განყოფილების ...ის თანამდებობაზე, დროებით მოვალეობის შემსრულებლად. ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 13 თებერვლის №561 ბრძანებით, დ. ჭ-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ოქტომბრის №3/2823-15 გადაწყვეტილებით დ. ჭ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ 2015 წლის 30 იანვარს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების სამმართველოს რაიონული განყოფილების ...ის თანამდებობაზე დ. ჭ-ასთან ჩატარებული გასაუბრების შედეგები; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის 2015 წლის 24 თებერვლის №2 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება, დ. ჭ-ას ნაწილში; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 24 თებერვლის №11 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება, დ. ჭ-ას ნაწილში. ამავე გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას დაევალა დ. ჭ-ასთან მიმართებაში, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2017 წლის 10 აპრილის სხდომაზე (ოქმი №5) განიხილეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ოქტომბრის №3/2823-15 გადაწყვეტილების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების სამმართველოს რაიონული განყოფილების ...ის თანამდებობაზე დ. ჭ-ას კანდიდატურის ხელახალი შეფასების საკითხი.
მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დ. ჭ-ას კანდიდატურა განხილულიყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის
ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს რაიონული განყოფილების ...ის თანამდებობაზე. ამავე სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დ. ჭ-ას კანდიდატურის შეფასება განეხორციელებინა იმ პერიოდში არსებულ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 15 ივლისის №3 ბრძანებით შექმნილ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებულ შემადგენლობას, რომელშიც პროფესიული პრინციპით, კომისიის წევრები წარმოდგენილი იქნებოდნენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურიდან.
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 იანვრის №2 განკარგულების გათვალისწინებით, კომისიამ დაადგინა: 1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ოქტომბრის №3/2823-15 გადაწყვეტილების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს რაიონული განყოფილების ...ის თანამდებობაზე დ. ჭ-ას კანდიდატურა ხელახლა შეეფასებინა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 15 ივლისის №3 ბრძანებით შექმნილ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებულ შემადგენლობას, რომელშიც პროფესიული პრინციპით წარდგენილი იყვნენ კომისიის წევრები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურიდან; 2. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების შესაბამისად, კონკურსი გამოცხადდა მხოლოდ ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია რეკომენდაციას გაუწევდა დ. ჭ-ას კანდიდატურას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს რაიონული განყოფილების ...ის თანამდებობაზე დასანიშნად, აღნიშნულ თანამდებობაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში დაწესებულების ხელმძღვანელს წარედგინებოდა წინადადება დ. ჭ-ას თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის მიერ 2017 წლის 29 ივნისს დ. ჭ-ასთან შედგა გასაუბრება. ამასთან, კომისიამ წევრებისა და დამსწრე პირების ინფორმირების შემდეგ განახორციელა სხდომის მიმდინარეობის ჩაწერა. კომისიის სხდომას ესწრებოდა 3 წევრი და თითოეულმა მათგანმა მოახდინა დ. ჭ-ას ინდივიდუალური შეფასება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს რაიონული განყოფილების ...ის თანამდებობაზე. საბოლოოდ, დ. ჭ-ას შეფასება განისაზღვრა 2,33 ქულით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებულმა შემადგენლობამ 2017 წლის 29 ივნისს გამართულ სხდომაზე ერთხმად გადაწყვიტა არ გაეწია რეკომენდაცია დ. ჭ-ას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს რაიონული განყოფილების ...ის თანამდებობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ კანდიდატმა ვერ გადალახა მინიმალური გამსვლელი ზღვარი - 3 ქულა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2017 წლის 30 ივნისის სხდომაზე (ოქმი №11) განიხილეს თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის 2017 წლის 29 ივნისის სხდომის №5,7,8/2 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება. კომისიამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ გასაუბრების შედეგად მინიმალურ 3 ქულაზე ნაკლები ოდენობით მიღებული შეფასების შედეგად არ გაეწიოს რეკომენდაცია დ. ჭ-ას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს რაიონული განყოფილების ...ის თანამდებობაზე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ ვაკანტურ თანამდებობაზე გასამწესებელი პირის შესაბამის კანდიდატად მიჩნევა ეფუძნება კანდიდატის კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, პროფესიული ჩვევების, პიროვნული თვისებების და შესაძლებლობების შეფასებას, რაც უნდა აისახოს იმ შემაჯამებელ დოკუმენტში (გასაუბრების ოქმში), რომლის საფუძველზეც ხდება კანდიდატის თანამდებობაზე დანიშვნა და მხოლოდ აღნიშნული აძლევს სასამართლოს შესაძლებლობას განსაზღვროს, კონკურსის მიმდინარეობისას დაცული იყო თუ არა საკანონმდებლო დონეზე განმტკიცებული საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების ძირითადი პრინციპები: ობიექტურობა, გამჭირვალობა, არადისკრიმინაციულობა, საჯაროობა და კოლეგიურობა. განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ სასამართლოს მითითებისამებრ დ. ჭ-ასთან ხელახლა ჩატარებული გასაუბრების ეტაპი წარმართა გამჭირვალედ და ობიექტურად, კერძოდ, განახორციელა გასაუბრების აუდიო ჩაწერა, რამაც შესაძლებელი გახადა, დასმული შეკითხვებისა და გაცემული პასუხების მიხედვით დადგენილიყო, თუ რამდენად ობიექტურად მოხდა კანდიდატის შეფასება.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას მოსარჩელის მოსაზრებასთან მიმართებაში მის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად არ დასტურდება დ. ჭ-ას მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. ჭ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი