Facebook Twitter

№ბს-1603(კ-18) 28 მარტი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 12 მარტს დ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, წელთა ნამსახურობის დაანგარიშებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2018 წლის 1 მარტის №MOD 0 1800205974 წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად, კანონმდებლობით დადგენილი წესით ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (წარდგინება) (რომლითაც დ. მ-ის წელთა ნამსახურობა დაანგარიშდება და განისაზღვრება 22 წლით, 9 თვით და 26 დღით) გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით დ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2018 წლის 1 მარტის №MOD 0 1800205974 წერილობითი მიმართვა დ. მ-ისათვის, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, წელთა ნამსახურობის დაანგარიშებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე დ. მ-ესთან მიმართებაში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, დადგენილად მიიჩნია, რომ დ. მ-ე, 1978 წლის აგვისტოდან, 1979 წლის აგვისტომდე სწავლობდა ... სასწავლებელში, ხოლო 1979 წლის აგვისტოდან, 1984 წლის მაისამდე სწავლობდა ... ინსტიტუტში. 1984 წლის ოქტომბრიდან, 1986 წლის ივნისამდე, მოსარჩელე დ. მ-ემ გაიარა სამხედრო სამსახური. 1994 წლის 22 ოქტომბრიდან, დ. მ-ე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის საგანგებო დანიშნულების რაზმის მე-3 ასეულის, მე-2 ოცეულის … დაინიშნა, ხოლო 1995 წლის 1 თებერვალს მივლინებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების მე-2 …ში. 1997 წლის 6 მარტს, მოსარჩელე დ. მ-ე გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარებიდან და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, ხოლო 1997 წლის 28 მარტს იგი დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სასჯელთა აღსრულების დაწესებულების დაცვის ბატალიონის (...) … . საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1997 წლის 27 აგვისტოს ბრძანებით, მოსარჩელე დ. მ-ე ჩაირიცხა ... ფაკულტეტზე. 1998 წლის 10 მარტიდან, 1999 წლის 1 სექტემბრამდე, მოსარჩელე დ. მ-ე მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სასჯელთა აღსრულების დაწესებულების დაცვის მე-5 ბატალიონის …, ხოლო 1999 წლის 1 სექტემბრიდან იგი მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების … და 2000 წლის 25 აგვისტოდან … . 2003 წლის 22 აპრილიდან, მოსარჩელე დ. მ-ე მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების …, ხოლო 2004 წლის 11 ივნისს იგი დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა … . მოსარჩელე დ. მ-ე, 2004 წლის 17 აგვისტოს დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციაში …ის თანამდებობაზე, საიდანაც იგი დათხოვნილი იქნა საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში 2006 წლის 6 აპრილს.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე ოფიცრები, გრძელვადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში. ოფიცრები, მათ შორის, სამხედრო პროკურატურის, ყოფილი სამხედრო ტრიბუნალის, სამხედრო სასამართლოს ოფიცრები, გრძელვადიანი, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ ყოფილ სსრ კავშირის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში, შინაგან, სასაზღვრო, სარკინიგზო, სამთავრობო კავშირგაბმულობის, სამოქალაქო თავდაცვის, სამხედრო - სამშენებლო ჯარებში, სახელმწიფო უშიშროების, საგარეო დაზვერვის, სამხედრო იუსტიციის ორგანოებში, სხვა კანონიერ სამხედრო ფორმირებებში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში და მათი ოჯახის წევრები, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით). ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. ყოფილი სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების, სასაზღვრო ჯარების, სხვა კანონიერი სამხედრო ფორმირებების სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პენსიონერებს, რომლებიც შემდგომ ჩაირიცხნენ საქართველოს სამხედრო ძალების კადრის სამხედრო სამსახურში. ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი იმპერატიულად ადგენს, რომ წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით, ხოლო აღნიშნული განსაკუთრებული პირობის დეფინიციას იძლევა „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველ პუნქტი, სადაც განმარტებულია, რომ სამხედრო მოსამსახურეს საომარი მდგომარეობის დროს მოქმედ სამხედრო ნაწილში ყოფნის ან შეიარაღებულ კონფლიქტში უშუალო მონაწილეობის ან მშვიდობიან პერიოდში სპეციალური დავალების შესრულების დროს, რომელიც გათანაბრებული იქნება საბრძოლო მოქმედებებთან, ერთი დღე ჩაეთვლება ნამსახურობის სამ დღედ.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სწორედ ზემოაღნიშნული ნორმები ქმნიან ქცევის იმ ზოგად წესს, რომლიც ადგენს განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშების წესს და სწორედ ზემოაღნიშნულით უნდა იხელმძღვანელოს ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის ხელახლა გადაწყვეტის დროს, რა დროსაც უნდა გაითვალისწინოს მოსარჩელის მიერ განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი და იმსჯელოს ამ პერიოდის 1 დღის 3 დღედ ჩათვლაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, როგორც საქალაქო, ასევე სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა და შეაფასა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-16 მუხლები, რომლის თანახმად, საშეღავათო პერიოდი (სამოქალაქო სასწავლებელში სწავლის პერიოდი, საომარ მოქმედებებში მონაწილეობის პერიოდები და სხვა) იმ შემთხვევაში ჩაითვლება საერთო ნამსახურობაში თუ მისი ნამსახურობა იქნება (შეიარაღებულ ძალებში ) 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, კერძოდ, პირს ნამსახურობის საერთო სტაჟში ჩაეთვალება საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის პერიოდი ერთი დღე სამ დღედ, მას შემდეგ რაც დაინტერესებულ პირს უკვე ენიჭება კომპენსაციის მიღების უფლება, ე.ი. ექნება შეიარაღებულ ძალებში ნამსახურების 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, ხოლო აღნიშნული თავის მხრივ აისახება მხოლოდ და მხოლოდ კონპენსაციის თანხის ოდენობაზე და სწავლის პერიოდის დაანგარიშებაზე.

კასატორის მოსაზრებით, ასევე არასწორია სასამართლოს მსჯელობა „სამხედრო შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო თავდაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტთან დაკავშირებით. კერძოდ, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურეობაში შეიძლება ჩაეთვალოს სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი (6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი ჩაითვლება 6 თვედ), რომელთან დაკავშირებითაც კასატორი განმარტავს, რომ აღნიშნული წარმოადგენს მის დისკრეციულ უფლებამოსილებას და მას კანონი იმპერატიულ ხასიათს არ ანიჭებს. გარდა აღნიშნულისა, კონკრეტულ შემთხვევაში არის კიდევ ერთი ხელისშემშლელი გარემოება, კერძოდ, მოსარჩელის სწავლის პერიოდი 1978 წლის აგვისტოდან 1979 წლის აგვისტომდე, ხოლო შემდგომ 1979 წლის აგვისტოდან 1984 წლის მაისამდე ჯამში შეადგენს 5 წელსა და 9 თვეს, ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდი მხოლოდ მას შემდეგ ჩაეთვლება პირს ნამსახურების საერთო სტაჟში, თუ მისი სწავლის პერიოდი იქნება 6 წლის ზემოთ. ამდენად, მოსარჩელე ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, ვინაიდან, მისი სწავლების პერიოდი 6 წელზე ნაკლებია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი სარჩელით სადავო აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოსარჩელეს კომპენსაციის დანიშვნაზე უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ იგი არ აკმაყოფილებდა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, კერძოდ, მისი წელთა ნამსახურობა არ შეადგენდა 20 წელს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დავის სწორად გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია დადგენილ იქნეს, მოსარჩელე დ. მ-ე წარმოადგენს თუ არა სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირს და ჰქონდა თუ არა მოსარჩელეს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, საშესაღავათო პერიოდის გათვალისწინებით, კერძოდ, წელთა ნამსახურობის 20-წლიან სტაჟში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო თუ არა სამოქალაქო სასწავლებელში სწავლისა და საომარ მოქმედებებში მონაწილეობის პერიოდი.

„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების მიხედვით, პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება: პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი – სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული. წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.

მითითებული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს სამხედრო სამსახურში ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი ჩაითვლება 6 თვედ.

„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს საომარი მდგომარეობის დროს მოქმედ სამხედრო ნაწილში ყოფნის ან შეიარაღებულ კონფლიქტში უშუალო მონაწილეობის ან მშვიდობიან პერიოდში სპეციალური დავალების შესრულების დროს, რომელიც გათანაბრებული იქნება საბრძოლო მოქმედებებთან, ერთი დღე ჩაეთვლება ნამსახურობის სამ დღედ. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს ყველა სახის ფულადი სარგოები დროის ამ პერიოდში უნაზღაურდებათ შესაბამისად სამმაგი და ორმაგი ოდენობით.

ამასთან, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი იმპერატიულად ადგენს, რომ წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ. მ-ე, 1978 წლის აგვისტოდან, 1979 წლის აგვისტომდე სწავლობდა ... სასწავლებელში, ხოლო 1979 წლის აგვისტოდან, 1984 წლის მაისამდე სწავლობდა ... ინსტიტუტში. 1984 წლის ოქტომბრიდან, 1986 წლის ივნისამდე, მოსარჩელე დ. მ-ემ გაიარა სამხედრო სამსახური. 1994 წლის 22 ოქტომბრიდან, დ. მ-ე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის საგანგებო დანიშნულების რაზმის მე-3 ასეულის, მე-2 ოცეულის … დაინიშნა, ხოლო 1995 წლის 1 თებერვალს მივლინებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების მე-2 …ში. 1997 წლის 6 მარტს, მოსარჩელე დ. მ-ე გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარებიდან და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, ხოლო 1997 წლის 28 მარტს იგი დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სასჯელთა აღსრულების დაწესებულების დაცვის ბატალიონის (…) … . საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1997 წლის 27 აგვისტოს ბრძანებით, მოსარჩელე დ. მ-ე ჩაირიცხა … ფაკულტეტზე. 1998 წლის 10 მარტიდან 1999 წლის 1 სექტემბრამდე მოსარჩელე დ. მ-ე მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სასჯელთა აღსრულების დაწესებულების დაცვის მე-5 ბატალიონის …, ხოლო 1999 წლის 1 სექტემბრიდან იგი მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების … და 2000 წლის 25 აგვისტოდან … . 2003 წლის 22 აპრილიდან, მოსარჩელე დ. მ-ე მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების …, ხოლო 2004 წლის 11 ივნისს იგი დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა … . მოსარჩელე დ. მ-ე, 2004 წლის 17 აგვისტოს დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციაში …ის თანამდებობაზე, საიდანაც იგი დათხოვნილ იქნა საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში 2006 წლის 6 აპრილს.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ თავიდან უნდა მოახდინოს დ. მ-ის ნამსახურობის წლების გამოთვლა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. თუ დ. მ-ეს უარი ეთქმევა რომელიმე მის მიერ მითითებული შეღავათების გათვალისწინებაზე, მაშინ ეს უარი უნდა იყოს სათანადო სამართლებრივი ნორმებით დასაბუთებული და საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებებითა და მტკიცებულებებით არგუმენტირებული.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი