Facebook Twitter
№ბს-159(კ-19) 7 მაისი, 2019 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:


თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი


საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:


2016 წლის 29 იანვარს ნ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის მიმართ, შპს „…“-ის დირექტორის - ა. გ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 31 დეკემბრის №841 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
2016 წლის 1 თებერვალს ნ. გ-მა დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, შპს „…“-ის მიმართ და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 31 დეკემბრის №841 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 თებერვლის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 აპრილის სასამართლო სხდომაზე მოპასუხე - შპს „…“-ის სტატუსი საქმეში განისაზღვრა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, მესამე პირად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №841.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურში წარდგენილი საკადასტრო გეგმიდან და შპს „დ...-ის“ მიერ შედგენილი აზომვითი ნახაზიდან ირკვევა, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა მოქცეულია საკადასტრო წითელ ხაზებში. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 26 ნოემბრის დაკვალვის აქტიდან და შპს „კ...ის“ მიერ შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზიდან ირკვევა, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა 20 კვ.მ.-ით გადადის №... საკადასტრო ერთეულზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მივიდა დასკვნამდე, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ერთეულზე განთავსებული შენობა-ნაგებობა სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის №... საკადასტრო ერთეულზე. აღნიშნულით კი დასტურდება, რომ, როგორც ლეგალიზების განხორციელების დროს, ასევე დღეის მდგომარეობით შენობა-ნაგებობა სცდება მიწის ნაკვეთის საკადასტრო წითელ ხაზებს. შესაბამისად, სახეზეა ყველა ის გარემოება, რომ სადავო აქტით ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის არქიტექტურის სამსახურის ბრძანება ლეგალიზიების შესახებ. მიუხედავად აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 31 დეკემბრის №841 ბრძანება და განმარტა, რომ სახეზე იყო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის მიმართაც კანონიერი ნდობა გააჩნდა ნ. გ-ს, რის გამოც არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძვლები. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ასევე რეგისტრირებული მონაცემებით არ დასტურდება №... და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ზედდება, რის გამოც უსაფუძვლოდ მიიჩნია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტება, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ერთეულზე განთავსებული შენობა-ნაგებობა 20 კვ.მ-ით გადადის №... საკადასტრო ერთეულზე.
კასატორი არამართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ მსჯელობას, ვინაიდან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.4 მუხლის თანახმად, აღმჭურველი აქტის ბათილობა შესაძლებელია თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით არსებითად ილახება სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლებები და ინტერესები. კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა სხვა პირის ინტერესების, კერძოდ, საკუთრების უფლების შეზღუდვა, რაც მხოლოდ კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაშია ნებადრთული და აღნიშნული შემთხვევა სახეზე არ არის. საკუთრების უფლების შელახვის ფაქტი დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი დაკვალვის აქტებით, რომლითაც უტყუარად დასტურდება შენობა-ნაგებობის მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე გადასვლის ფაქტი.
კასატორი ასევე არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას რეგისტრირებულ მონაცემებთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ რეგისტრირებული მონაცემების საფუძველზე შესაძლოა დადგინდეს მიწის ნაკვეთებს შორის არსებული ზედდება და არა შენობა-ნაგებობის ურთიერთმიმართება ამა თუ იმ საკადასტრო ერთეულთან. შესაბამისად, კასატორისთვის გაუგებარია სასამართლოს მსჯელობა რეგისტრირებულ მონაცემეთან დაკავშირებით, რადგანაც კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა არა მიწის ნაკვეთის ზედდება, არამედ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ერთეულზე განთავსებული შენობა-ნაგებობის 20 კვ.მ-ით გადასვლა №... საკადასტრო ერთეულზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.



ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:


საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 31 დეკემბრის №841 ბრძანების კანონიერების შემოწმება, რომლითაც დაკმაყოფილდა შპს „...“-ის დირექტორის - ა. გ-ის ადმინისტრაციული საჩივარი და ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 13 აგვისტოს №ლეგ-465 ბრძანება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2010 წლის 12 აგვისტოს გ. ქ-მა განცხადებით მიმართა თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა თბილისში, ...ზე, ...ის მიმდებარედ არსებულ №... მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობის ლეგალიზება, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცებული „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის“ შესაბამისად.
ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 13 აგვისტოს №ლეგ-465 ბრძანებით დაკმაყოფილდა გ. ქ-ის განცხადება და ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ...ზე, ...ის მიმდებარედ მდებარე (ნაკვ. ...) უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობა.
საჯარო რეესტრის 2014 წლის 14 მარტის ამონაწერის მიხედვით, ქ. თბილისში, ...ზე, ...ის მიმდებარედ (ნაკვ. ...) მდებარე 260 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...) და 151.62 კვ.მ შენობა-ნაგებობა 2014 წლის 14 მარტიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია ნ. გ-ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 12/03/2014 წ.
საჯარო რეესტრის 2013 წლის 20 თებერვლის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ...ზე, ...ში მდებარე 780 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...) და 259.30 კვ.მ შენობა-ნაგებობა 2008 წლის 23 მაისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს „…“-ის სახელზე.
შპს „კ...ის“ დირექტორის 2015 წლის 5 აპრილის წერილის შესაბამისად, საწარმოს გეოდეზისტმა გ. ქ-მა 2015 წლის 25 მარტს აზომა თბილისში, ...ზე, ...ის მიმდებარედ, ნ. გ-ის საკუთრებაში არსებული 260 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს.კ. №...) და შპს „…“-ის საკუთრებაში არსებული 780 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს.კ. №...). შედეგად დადგინდა, რომ ნ. გ-ის საკუთრებაში არსებულ 260 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. №...) აშენებული შენობა-ნაგებობა იჭრება შპს „…“-ის საკუთრებაში არსებულ 780 კვ.მ ფართობის მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე (ს.კ. №...) 20 კვ.მ.-ით. გარდა ამისა, შენობა-ნაგებობის ირგვლივ უკანონოდ მოპირკეთებული და მობეტონებულია შპს ,,…“-ის ტერიტორია - 40კვ.მ. შესაბამისად, ნ. გ-ი შპს ,,…“-ის წითელი ხაზების საკუთრებაში შეჭრილია სულ - 60 კვ.მეტრით.
2015 წლის 5 ოქტომბერს შპს ,,…“-ის დირექტორმა ა. გ-მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 13 აგვისტოს №ლეგ-465 ბრძანების ბათილად ცნობა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 31 დეკემბრის №841 ბრძანებით დაკმაყოფილდა შპს ,,…“-ის დირექტორის - ა. გ-ის 2015 წლის 5 ოქტომბრის №40869/15 ადმინისტრაციული საჩივარი - ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 13 აგვისტოს №ლეგ-465 ბრძანება. ადმინისტრაციულმა ორგანომ დადგენილად მიიჩნია, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ერთეულზე განთავსებული შენობა-ნაგებობა სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის №... საკადასტრო ერთეულზე. ამასთანავე, ბრძანებაში მითითებულია, რომ ობიექტის სალეგალიზაციო დოკუმენტაციისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 26 ნოემბრის დაკვალვის აქტის ურთიერთშეჯერების საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანო მივიდა დასკვნამდე, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილება მისი ლეგალიზების შემდეგ არ მომხდარა. ამასთან, სახეზე არ არის ხსენებული საკადასტრო ერთეულის წითელი ხაზების ცვლილებაც, რაც დასტურდება საქმის მასალებში წარმოდგენილი, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმითა და ორთოფოტოებით. ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებით, ყოველივე აღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ როგორც არსებული მდგომარეობით, ისე სადავო აქტის გამოცემის დროს, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა სცდებოდა საკადასტრო წითელ ხაზებს.
სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 12 თებერვლის №3818596 გადაწყვეტილების შესაბამისად, სამსახურმა განიხილა ნ. გ-ისა და შპს „…“-ის საკუთრებაში არსებული №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საზღვრების კორექტირების შესახებ განცხადება და წარდგენილი ესკიზის მიხედვით, თბილისში, სამგორის რაიონში, ...ზე, ...ის დასაწყისში და სამგორის რაიონში, ...ზე, ...ის მიმდებარედ (ნაკვ. ...) არსებული მიწის ნაკვეთების საზღვრების კორექტირება სამსახურს ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით შესაძლებლად მიაჩნია. დამატებით განმარტებულ იქნა, რომ ცვლილების რეგისტრაციის განხორციელებისთვის მხარეებმა უნდა მიმართონ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 23 თებერვალს, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, განხორციელდა ნ. გ-ისა და შპს „…“-ის საკუთრებაში არსებული №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საზღვრების კორექტირების შედეგად საკუთრების უფლების ცვლილების რეგისტრაცია.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სადავო აქტი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.
განსახილველ შემთხვევაში სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 13 აგვისტოს №ლეგ-465 ბრძანება წარმოადგენს აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც ნ. გ-ი ენდობოდა არქიტექტურის სამსახურის მიერ განხორციელებული ქმედებების და მისი შედეგების სტაბილურობას, ხოლო მინიჭებული უფლების დაცვის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს კანონიერი ნდობა. მმართველობის ორგანოს მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორება და ამ მიზნით ადრესატისათვის აღმჭურველი გადაწყვეტილების გაუქმება საჭიროებს კანონიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების შეპირისპირების შედეგად თანაზომიერი გადაწყვეტილების მიღებას. საკასაციო სასამართლოს მითითებით, ლეგალიზების ბრძანების ბათილად ცნობით არსებითი ზიანი მიადგება მოსარჩელის ინტერესსა და საკუთრების უფლებას, ხოლო მისი ძალაში დატოვებით მესამე პირთათვის უფრო მაღალი ხარისხით ზიანის მიყენების ფაქტი არ დგინდება.
სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 13 აგვისტოს №ლეგ-465 ბრძანებით დადასტურდა უკანონო მშენებლობის, მდებარე: ქ. თბილისში, ...ი, ...ი, მიმდებარედ (ნაკვეთი ...) უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობის ლეგალიზების ფაქტი. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 31 დეკემბრის №841 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 13 აგვისტოს №ლეგ-465 ბრძანება იმ საფუძვლით, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ერთეულზე განთავსებული შენობა-ნაგებობა სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის №... საკადასტრო ერთეულზე. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ რომ ნ. გ-ს სადავო შენობის შეძენის შემდეგ, მისი გაბარიტების ცვლილება არ მოუხდენია. მართალია, საქმეში წარმოდგენილია 2014 წლის 15 დეკემბრის №... გადაწყვეტილება, რომლითაც დადასტურდა ნ. გ-ის საკუთრებაში არსებული შენობის I კლასის სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობა, თუმცაღა გაბარიტების ცვლილების გარეშე. მოცემული დასტურდება გასაჩივრებული აქტითაც. ამასთან, სახეზე არ არის საკადასტრო ერთეულის წითელი ხაზების ცვლილებაც, რაც დასტურდება საქმის მასალებში წარმოდგენილი, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმითა და ორთოფოტოებით.
საქმეში ასევე წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება (საქმე N2/875-16), რომლითაც შპს „…“-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ნ. გ-ს დაევალა შპს „…“-ის საკუთრებაში არსებული ...ი, ...ის მიმდებარედ მოპირკეთებული მიწის ნაკვეთის, ფართით 40 კვ.მ, პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. ამასთანავე, „…“-ის სარჩელი ნ. გ-ის მფლობელობაში არსებული შენობა-ნაგებობის ნაწილის დემონტაჟის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. მხარეთა განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მართალია, სასამართლო გასაჩივრებული აქტის კანონიერებას ამოწმებს მისი გამოცემისას მოქმედ საკანონმდებლო და ფაქტობრივ გარემოებებთან შესაბამისობაში, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ დღეის მდგომარეობით, მხარეებმა - ნ. გ-მა და შპს „…“-მა მოახდინეს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების კონფიგურაციის იმგვარი ცვლილება, რომ შენობა აღარ გადადის მესამე პირის მიწის ნაკვეთზე. ამდენად, არსებული ვითარებით, მესამე პირის - შპს „…“-ის ინტერესს ზიანი აღარ ადგება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე


ვ. როინიშვილი