ბს-670-670 (კ-18) 16 მაისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
30.03.2016წ. ლ. ლ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 08.09.2015წ. N1/30 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ვ. გ-ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს (,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად) გარდაცვალების ფაქტის დადგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.06.2017წ. გადაწყვეტილებით ლ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ლ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.2018წ. განჩინებით ლ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.06.2017წ. გადაწყვეტილება. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ლ-ემ.
კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღებას და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, ვინაიდან მიიჩნია, რომ ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 50-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევას არ ჰქონია ადგილი. სასამართლოს დასკვნის უსწორობას ადასტურებს ვ. გ-ის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით 1998 წელს შემდგარი სამსახურეობრივი დასკვნა, რომლითაც დადგინდა, რომ ვ. გ-ე გარდაიცვალა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს. კრიმინალური ჯგუფის თავდასხმის საშიშროების გამო იყო იძულებული ვ. გ-ე საბრძოლო მდგომარეობაში მყოფი იარაღით ხელში გამოეცვალა ტანისამოსი, რა დროსაც იგი შემთხვევით გასროლის შედეგად გარდაიცვალა. აღნიშნული გარემოების გაუთვალისწინებლად სასამართლო გადაწყვეტილების მიღება ადასტურებს მისი გაუქმების საფუძვლების არსებობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასების თაობაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული გარდაცვალების მოწმობის თანახმად ვ. გ-ის გარდაცვალება გამოწვეული იყო თავის ქალა ტვინის ცეცხლნასროლი ჭრილობის გამო (ტ.1.ს.ფ.35), ხოლო 22.07.1998წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამსახურეობრივი მოკვლევის დასკვნის თანახმად ვ. გ-ის გარდაცვალება მიჩნეული იქნა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვალებად (ტ.1. ს.ფ.37-39). ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ ოპერატიული ღონისძიების ჩატარებისას საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ტანისამოსის გამოცვლის მიზნით, მისული ვ. გ-ე გარდაიცვალა მის სახელზე განპიროვნებული სამსახურებრივი იარაღიდან მის მიერვე შემთხვევით გასროლის გამო.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვ. გ-ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილად მიჩნევის გამო მისმა ოჯახმა მიიღო შესაბამისი კომპენსაცია - პოლიციელის 10 წლის ხელფასის ოდენობით, ხოლო კასატორის მოთხოვნა ეხება „პოლიციის შესახებ“ კანონის 50.11 მუხლით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმის მიზნებისათვის ნებისმიერი სამსახურებრივი საქმიანობის დროს გარდაცვალება ვერ ჩაითვალება „პოლიციის შესახებ“ კანონის 50.11 მუხლით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის საფუძველი. განსახილველ შემთხვევაში ლ. ლ-ეს მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სავალდებულო პირობაა, რომ პოლიციელის გარდაცვალება დაკავშირებული იყოს სიცოცხლისათვის განსაკუთრებული რისკის მქონე გარემოებებთან, კერძოდ, „პოლიციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებასთან, სამართალდარღვევის აღკვეთასთან, დამნაშავის შეპყრობასთან, დამნაშავეობასთან ბრძოლასთან და ა.შ. („პოლიციის შესახებ“ კანონის 50.11 მუხ.), მითითებული გარემოების არარსებობა გამორიცხავს ვ. გ-ის ოჯახის წევრის მიმართ ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული დახმარების გაცემას. კასატორის მიერ მითითებული სამსახურეობრივი დასკვნა ვერ გახდება მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან აღნიშნული დასკვნის საფუძველზე ვ. გ-ის ოჯახზე გაიცა იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დახმარება. მითითებულ დასკვნაში აღნიშნული გარემოებები არ ადასტურებს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლების არსებობას, ვინაიდან ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა სავალდებულო პირობა - სიცოცხლისათვის განსაკუთრებული რისკის მქონე გარემოებებთან დაკავშირებით გარდაცვალება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. საქმეში დაცული მტკიცებულებები ადასტურებს ვ. გ-ის ოპერატიულ ღონისძიებაში მონაწილეობას, თუმცა უშუალოდ გარდაცვალების ფაქტი დადგა არა პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობასთან, დამნაშავეობასთან ბრძოლისას და ა.შ. ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე მოქმედების უშუალოდ განხორციელების მომენტში, არამედ ვ. გ-ის საცხოვრებელ ბინაში, ტანისამოსის გამოცვლისას, მისი ხელიდან ცეცხლსასროლი იარაღის შემთხვევით გასროლის დროს. აღნიშნული გარემოება ადასტურებს სადავო საკითხზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობის მართებულობას და გამორიცხავს მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეესაბამება საკასაციო სასამართლოს ბს-823 (კ-18) 04.10.2018წ. განჩინებას, ბს-718-718(კ-18) 20.09.2017წ. განჩინებას, ბს-594-591 (კ-17) 21.11.2017წ. გადაწყვეტილებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს ლ. ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ლ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი