ბს-1242(კ-18) 16 მაისი, 2019წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.06.2018წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 03.10.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ზ. კ-ის მიმართ მოპასუხის მიერ ზედმეტად მიღებული თანხის - 266.06 ლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.02.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გასაჩივრდა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.06.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის 21.07.2016წ. N671507 წერილის თანახმად, ზ. კ-ის ნამსახურობის წლების ოდენობა შეადგენდა 12 წელს, 9 თვესა და 23 დღეს. ამდენად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.2007წ. N560 ბრძანების 10.11 პუნქტის თანახმად, ზ. კ-ეს დანამატი უნდა მიეღო 25%-ის და არა 30%-ის ოდენობით. შესაბამისად, 2015 წლის თებერვლიდან მაისის ჩათვლით თავდაცვის სამინისტროდან გაცემული იქნა ზედმეტი დანამატი 5%-ის ოდენობით, რამაც ჯამში შეადგინა 266.06 ლარი. კასატორი თვლის, რომ სსკ-ის 385-ე და 976-ე მუხლების საფუძველზე აღნიშნული თანხა ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას. კასატორი არ იზიარებს სასამართლოს მოსაზრებას ადამიანური რესურსებისა და პროფესიული განვითარების დეპარტმანეტის 24.02.2015წ. N147777 წერილის მიმართ ზ. კ-ის ნდობის შესახებ, რადგან წერილში ასახული იყო არასწორი ინფორმაცია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დგინდება, რომ თავდაპირველათ სახელმწიფო სპეციალური წოდების ნამსახურების საერთო ოდენობის კალენდარული წლების მიხედვით ყოველთვიური პროცენტული დანამატი ზ. კ-ეს განესაზღვრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსებისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის 24.02.2015წ. N147777 წერილის საფუძველზე, რომლის მიხედვით ზ. კ-ის ნამსახურება შეადგენდა 15 წელს, ამდენად, ზ. კ-ეს განესაზღვრა დანამატი სარგოს 30%-ის ოდენობით. მოგვიანებით - 2016 წლის ივლისში სამინისტრომ მიიჩნია, რომ წელთა ნამსახურება არასწორად იყო დათვლილი და დანამატი უნდა ყოფილიყო სარგოს 25%, რადგან ზ. კ-ის წელთა ნამსახურება შეადგენდა 12 წელს, 9 თვესა და 23 დღეს. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ წელთა ნამსახურების რაოდენობის ხელახლა გადაანგარიშებამდე ზ. კ-ის მიერ მიღებული თანხის დაბრუნების საფუძველი არ არსებობს, რადგან ზ. კ-ე ენდობოდა სამინისტროს 24.02.2015წ. წერილში მითითებულ მონაცემებს, დანამატის სარგოს 30 %-ის ოდენობით დარიცხვის მართლზომიერებას. მნიშვნელოვანია, რომ იგი არ ეთანხმება ნამსახურების წლების ოდენობის შემცირებას და მიიჩნევს, რომ მისი ნამსახურების პერიოდი აღემატება 15 წელს, რის გამო არ უნდა მომხდარიყო დანამატის შემცირება. მართალია ნამსახურების წლების განსაზღვრა და დანამატის ოდენობის შემცირების მართლზომიერება განსახილველი დავის საგანს არ შეადგენს, თუმცა საკასაციო პალატა თვლის, რომ დანამატის შემცირების კანონშესაბამისად მიჩნევის შემთხვევაშიც გამოირიცხება ზ. კ-ის მიერ ზედმეტად მიღებული თანხის დაბრუნება, ადმინისტრაციული ორგანოს 24.02.2015წ. წერილის მიმართ ზ. კ-ის ნდობის გამო. კასატორი ვერ ასაბუთებს სზაკ-ით განსაზღვრული, ნდობის გამომრიცხავი რომელიმე წინაპირობის არსებობას, ზ. კ-ის მიერ მცდარი ინფორმაციის წარდგენას, ადმინისტრაციული ორგანოს შეცდომაში შეყვანას და სხვ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.06.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ.ვაჩაძე
ვ. როინიშვილი