Facebook Twitter

ბს-1274(კ-18) 16 მაისი, 2019წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს „…ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.07.2018წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „…მა“ 06.07.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ ი. ჭ-ისათვის 969,45 ლარის დარიცხვის გაუქმებისა და დარიცხვის გადაანგარიშების დავალების ნაწილში კომისიის 01.04.2016წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.08.2016წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ი/მ ი. ჭ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.12.2016წ. გადაწყვეტილებით შპს „…ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.07.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „…ის“ მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ ი. ჭ-მა უკანონოდ მოიხმარა წყალი, შესაბამისად ვალდებულია მისი საფასური გადაიხადოს. ი. ჭ-ი არის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი, ცნობილია მის მიერ წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, ამდენად, დასარიცხი თანხა აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა დაანგარიშებულიყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „…ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დასტურდება წყლის უმრიცხველოდ მოხმარება, თუმცა მნიშვნელოვანია დასარიცხი თანხის ოდენობის შესაბამისი გაანგარიშება. მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ დაუსაბუთებელია 1 სველი წერტილის მრიცხველზე დაუერთებლობისას მოხმარებული წყლის ღირებულება იყოს 969,45 ლარი, როდესაც 15 ექსპლუატაციაში მყოფი სველი წერტილით მოხმარებული წყლის საერთო მაჩვენებლის ღირებულება 343,21 ლარი იყო. კასატორს დარიცხვისას უნდა გაეთვალისწინებინა უმრიცხველოდ წყლის მოხმარების პერიოდი და აღნიშნულ პერიოდში იმავე ობიექტზე დამონტაჟებული იმ მრიცხველის ჩვენება, რომლებიც სრულად აღრიცხავდა 15 სველი წერტილით მოხმარებული წყლის ოდენობას. კასატორის მოსაზრება, რომ ი. ჭ-მა უნდა გადაიხადოს უმრიცხველოდ მოხმარებული წყლის ოდენობა, არ არის სადავო, - სემეკ-იც და სასამართლოც მხოლოდ სათანადო ოდენობის თანხის დარიცხვის საჭიროებაზე მიუთითებს, შპს „…ის“ მიერ დადგენას საჭიროებს გადასახდელი თანხის ოდენობა. 15 სველი წერტილით მოხმარებული წყლის ოდენობის და უმრიცხველოდ 1 სველი წერტილით წყლის მოხმარების პერიოდის ცოდნის პირობებში, შესაძლებელია განისაზღვროს 1 სველი წერტილით მოხმარებული წყლის მიახლოებითი, საშუალო ოდენობა. მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ სადავო დარიცხვის განხორციელების შემდგომ, მე-16 სველი წერტილიც დაერთდა მრიცხველზე, ამდენად, ამჟამად თექვსმეტივე სველი წერტილით მოხმარებული წყლის საერთო ოდენობის და თვეების მიხედვით ამ მაჩვენებლის ცვლილების დინამიკის დადგენაა შესაძლებელი.

შპს „…ის“ მიერ ი. ჭ-ისათვის 969,45 ლარის დარიცხვა არ არის სათანადოდ დასაბუთებული, დარიცხვის აქტის მიხედვით თანხის გაანგარიშებისას გათვალისწინებულია მხოლოდ პოლიეთილენის მილის დიამეტრი. სემეკ-ის 26.11.2008წ. N32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“ უმრიცხველო მოხმარებისას მოხმარებული წყლის ოდენობის განსაზღვრისათვის სხვადასხვა მეთოდს ითვალისწინებს, აღნიშნული მეთოდები სწორედ კონკრეტულ პერიოდში რეალურად მოხმარებული წყლის ოდენობასთან შეძლებისდაგვარად მიახლოებული მაჩვენებლის დადგენას ემსახურება. უმრიცხველოდ წყლის მომხმარებელს ცალკე ეკისრება სახდელი სამათალდარღვევისათვის, ხოლო ცალკე უმრიცხველოდ მოხმარებული წყლის ღირებულება, რომელიც არ ატარებს ჯარიმის ფუნქციას, იგი რეალურად უნდა ასახავდეს უმრიცხველოდ სველი წერტილის ფუნქციონირების პერიოდში საშუალოდ მოხმარებული წყლის ღირებულებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.შპს „…ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.07.2018წ. განჩინება;

3.შპს „…ს“ (ს.კ. …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 20.11.2018წ. N42 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი