#ბს-281(კ-19) 4 ივნისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 28 თებერვალს დ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 23 დეკემბრის #4956 ბრძანებით შეთანხმდა ქალაქ ქუთაისში, ...ის ქუჩა #24-ში მდებარე ზ. ფ-ას კუთვნილ მიწის ნაკვეთში ავტოგასამართი სადგურის (ორ მარიგებელ სვეტზე) მშენებლობის სამშენებლო დოკუმენტის პროექტი. ბრძანების გამოცემა მოხდა კანონის დარღვევით, ვინაიდან სამშენებლოდ გამოყენებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს ...ის ქუჩაზე, ანუ ტერიტორია მიეკუთვნება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 თებერვლის #127 დადგენილებით განსაზღვრულ მეორე ზონას, ხოლო საკრებულოს 2008 წლის 4 აპრილის #153 დადგენილების შესაბამისად, ავტოგასამართი სადგურის მშენებლობა დასაშვებია მხოლოდ მე-3 ზონაში. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული მშენებლობით ირღვევა მისი უფლება, ვინაიდან ავტოგასამართი სადგური მდებარეობს მის საცხოვრებელ სახლთან იმდენად ახლოს, რომ შეუძლებელია იქ ცხოვრება, ობიექტი საფრთხის შემცველია და, ამასთან, დარღვეულია სანიტარული ნორმები.
ამდენად, მოსარჩელემ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 23 დეკემბრის #4956 ბრძანებისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 23 დეკემბრის #002327 მშენებლობის სანებართვო მოწმობის ბათილად ცნობა მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ზ. ფ-ა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით დ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინებით დ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქ. ქუთაისში, ...ის ქუჩა #24 მდებარეობს ქალაქის საცხოვრებელ ზონა 3-ში, რაც დასტურდება თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის 2008 წლის 4 აპრილის #153 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ ქუთაისის ზონირების დამოუკიდებელი სავალდებულო რუკის - დანართი #4-ით, რომლის თანახმად, შუალედური ზონა (მე-2 ზონა) მთავრდება ...ის ქუჩის #2-თან (...ი), ხოლო ...ის ქუჩის შემდეგი მონაკვეთი წარმოადგენს პერიფერიულ ზონას (მე-3 ზონა) (სადაც დაშვებულია ავტოგასამართი სადგურების მშენებლობა). ამდენად, მოსარჩელის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ადგილი აქვს ავტოგასამართი სადგურების მშენებლობას საცხოვრებელ ზონა 2-ში, საქმის მასალებით არ დასტურდება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ სადავო ბრძანება და მშენებლობის ნებართვა გაცემულია ერთ დღეს - 2016 წლის 23 დეკემბერს, ხოლო ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 თებერვლის #127 დადგენილებით დამტკიცდა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ზონების საზღვრების აღწერა #1 დანართის მიხედვით და ამ მიწების საპრივატიზაციო საფასური #2 დანართის შესაბამისად. #1 დანართის თანახმად, ქ. ქუთაისში, ...ის ქუჩა მთლიანად შედის მეორე (შუალედურ) ზონაში.
კასატორი აღნიშნავს, რომ ამავე საკრებულოს 2017 წლის 22 თებერვლის #159 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა 2016 წლის 15 თებერვლის #127 დადგენილება, თუმცა დადგენილების დანართის შესაბამისად, ქ. ქუთაისში, ...ის ქუჩა მთლიანად შედის ტერიტორიული ზონების საზღვრების აღწერის დანართი #1-ის მეორე (შუალედურ) ზონაში. კასატორის მითითებით, პირდაპირ აღნიშნულია, რომ „საზღვარი გასდევს წ...ის ადმინისტრაციულ საზღვარს აღმოსავლეთის მიმართულებით და ს...დან ...ის ბოლო მონაკვეთის გავლით, უერთდება ...ის ქუჩას.“
კასატორი მიიჩნევს, რომ 2016 წლის 23 დეკემბერს, ანუ სადავო ბრძანებისა და ნებართვის გაცემის დროისათვის, ძალაში იყო საკრებულოს 2016 წლის 25 თებერვლის დადგენილება და მისი დანართი, რომელთა მიხედვითაც ...ის ქუჩა უდავოდ შედიოდა მთლიანად საცხოვრებელ ზონა 2-ში, სადაც ავტოგასამართი სადგურის მშენებლობა დაუშვებელი იყო.
ამასთან, კასატორი მიუთითებს, რომ მოპასუხე მხარეს არ წარუდგენია სააპელაციო შესაგებელი, არ დაუფიქსირებია სააპელაციო საჩივრის უარმყოფელი პოზიცია, არც სასამართლოში გამოცხადებულა და სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონია კანონიერი უფლება, არ დაეკმაყოფილებინა სააპელაციო მოთხოვნა და გვერდი აევლო მოსარჩელის მტკიცებულებებისათვის, არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი სააპელაციო მოთხოვნის უარყოფისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა, რაც, მოსარჩელის მოსაზრებით, უკანონო გადაწყვეტილების გაუქმების კანონიერ საფუძველს წარმოადგენს.
კასატორი აგრეთვე განმარტავს, რომ ქ. ქუთაისში, ...ის ქ. #24 საცხოვრებელ ზონა 3-ში რომც ყოფილიყო, ავტოგასამართი სადგურის მშენებლობა საჭიროებდა სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას, რაც ზ. ფ-ას არ გააჩნდა.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ თითქოს მხარეთა შორის დავას არ იწვევს სადავო ტერიტორიაზე, თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსების საკითხი, წარმოადგენს სიცრუეს, ვინაიდან ორივე ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული დავის საგანს წარმოადგენდა. ამასთან, კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ზ. ფ-ას საინფორმაციო დაფა ნებართვის გაცემამდე ჰქონდა განთავსებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასააბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 23 დეკემბრის #4956 ბრძანებისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 23 დეკემბრის #002327 მშენებლობის სანებართვო მოწმობის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 4 აპრილის #153 დადგენილებაზე, რომლითაც განისაზღვრა ქალაქ ქუთაისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესი. აღნიშნული დადგენილების გამოცემის ერთ-ერთ საფუძველს წამოადგენდა „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი. მითითებული დადგენილებით განისაზღვრა ქალაქ ქუთაისის ტერიტორიების უფლებრივი ზონირება, რომლებიც აისახა უფლებრივ ზონირების შესაბამის რუკებში. ამავე დადგენილების მიხედვით, ზოგადი უფლებრივი ზონირების მოთხოვნები აისახა უფლებრივი ზონირების ზოგად რუკაში (შემდგომში - ზოგად რუკაში), რომელიც წარმოდგენილი იქნა გრაფიკული ნახაზის ფორმით. ამავე დადგენილებით დეტალური უფლებრივი ზონირების მოთხოვნები აისახა უფლებრივი ზონირების სავალდებულო რუკებში. დადგენილების მე-2 დანართით განისაზღვრა ქალაქმშენებლობითი ზონების ტერიტორიების გამოყენების დაშვებული სახეობების ჩამონათვალი. #2 დანართის მე-3 ნაწილის (განაშენიანების საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა (სზ-3)) მე-2 პუნქტის თანახმად, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების დაშვებულ სახეობას, რომელიც საჭიროებს „სპეციალურ ზონალურ ნებართვას“ წარმოადგენს - (ღ) ავტოგასამართი სადგურები.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 აპრილის #93 დადგენილებით შეტანილი იქნა ცვლილება „ქალაქ ქუთაისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 4 აპრილის #153 დადგენილების #2 დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტში და სიტყვები: „ავტოგასამართი სადგურები“ შეიცვალა ფრაზით: „ავტოგასამართი კომპლექსი, ავტოგასამართი სადგური, კონტეინერული სადგური, მოძრავი სადგური, აირგასამართი სადგური, აირსავსები საკომპრესორო სადგური.“ დადგენილების #2 დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატა შემდეგი შინაარსის შენიშვნა: ავტოგასამართი კომპლექსის, ავტოგასამართი სადგურის, კონტეინერის სადგურის, მოძრავი სადგურის, აირგასამართი სადგურისა და აირსავსები საკომპრესორო სადგურის გაზმომარაგების შესაბამისი ხაზობრივი ნაგებობების განთავსება (გაყვანა) ნებადართულია მე-3 საცხოვრებელ ზონაში.
ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ ზემოთ მითითებული ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების შესაბამისად, ავტოგასამართი სადგურების მშენებლობა ქალაქ ქუთაისის ქალაქმშენებლობითი ზონების ტერიტორიების გამოყენების თვალსაზრისით დასაშვებია, თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 4 აპრილის #153 დადგენილების #2 დანართის შესაბამისად, განაშენიანების საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელ ზონა 3-ში (სზ-3).
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ქუთაისში, ...ის ქუჩა #24 მდებარეობს ქალაქის საცხოვრებელ ზონა 3-ში, რაც დასტურდება თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის 2008 წლის 4 აპრილის #153 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ ქუთაისის ზონირების დამოუკიდებელი სავალდებულო რუკის - დანართი #4-ით, რომლის თანახმად, შუალედური ზონა (მე-2 ზონა) მთავრდება ...ის ქუჩის #2-თან (...ი), ხოლო ...ის ქუჩის შემდეგი მონაკვეთი წარმოადგენს პერიფერიულ ზონას (მე-3 ზონა) (სადაც დაშვებულია ავტოგასამართი სადგურების მშენებლობა). ამდენად, მოსარჩელის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ადგილი აქვს ავტოგასამართი სადგურების მშენებლობას საცხოვრებელ ზონა 2-ში, საქმის მასალებით არ დასტურდება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ზონების საზღვრების აღწერის, ტერიტორიული ზონებისა და ქვეზონებში მოქცეული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 თებერვლის #127 დადგენილებით დამტკიცებულია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ზონების საზღვრების აღწერა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ზონებსა და ქვეზონებში მოქცეული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საწყისი საპრივატიზებო საფასური (#2 დანართის შესაბამისად). მითითებული დადგენილების დანართი #1 და დანართი #2 განსაზღვრავს ზონებისა და ქვეზონების ჩამონათვალს და საზღვრების აღწერას, რომელთა მიმართაც მოხდა საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრა 1 კვ.მ-ზე /ლარი/, სადაც /შუალედური/ მეორე ზონას მიეკუთვნება „... ს...დან ...ის ქუჩის ბოლო მონაკვეთის გავლით უერთდება ...ის ქუჩას...“, ხოლო საპრივატიზებო საფასური მითითებული მონაკვეთისათვის განისაზღვრა 1 კვ.მ.-ზე 125 ლარით.
დადგენილია, რომ ქუთაისში, ...ის ქ. #24-ში მდებარე ზ. ფ-ას კუთვნილ მიწის ნაკვეთში, მხარემ აწარმოა ავტოგასამართი სადგურის (ორ მარიგებელ სვეტზე) მშენებლობა. საქმეში წარმოდგენილია საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა, რომელიც ჩატარებულ იქნა 2016 წლის ოქტომბერში ინდ. მეწარმე „რ. ს-ის“ დაკვეთით და ჩატარდა საინჟინრო გამოკვლევა ქ. ქუთაისში, ...ის ქ. #24-ში ზ. ფ-ას მიწის ნაკვეთში ავტოგასამართი სადგურის მშენებლობისათვის. ამასთან დადგენილია, რომ ქ. ქუთაისი, ...ის ქ. #24 მიეკუთვნება პერიფერიულ ზონას (მე-3 ზონა), სადაც დაშვებულია ავტოგასამართი სადგურების მშენებლობა.
შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 23 დეკემბრის #4956 ბრძანება და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 23 დეკემბრის #002327 მშენებლობის სანებართვო მოწმობა კანონიერია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან დ. ბ-ეს საკასაციო საჩივარზე 02.04.2019წ. საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დ. ბ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინება;
3. დ. ბ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 02.04.2019წ. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი