№ბს-285(კ-19) 4 ივნისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 29 ივნისს ბ. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მის მიმართ აქვს სახელფასო დავალიანება, რის თაობაზე, მან 2016 წლის 15 ნოემბერს მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომლის 2016 წლის 14 დეკემბრის პასუხით აღიარებულ იქნა სახელფასო დავალიანება და ეცნობა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჭირო ასიგნებების დამატებით გამოყოფის შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ მოახდენდა არსებული სახელფასო დავალიანების გადახდას, რაც ჯერ არ განუხორციელებია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სახელფასო დავალიანების - 430.92 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბ. ა-ის სასარგებლოდ დაევალა 1998-2003 წლების სახელფასო დავალიანების -373.13 ლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის მითითებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1341 მუხლის (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას) დანაწესის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე დაწესებული კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა განხორციელდება დაცულ მუხლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებისათვის ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.
სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. ა-მა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით, მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 15 ნოემბერს მიმართა, შესაბამისად, მოსარჩელემ 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი კანონის საფუძველზე განახორციელა თავისი უფლების რეალიზაცია, რის გამოც მოცემულ სამართლებრივ ურთიერთობაზე უნდა გავრცელდეს მითითებული კანონის ნორმები. დასახელებული ნორმებისა და დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, პალატამ აღნიშნა, რომ 1998-2003 წლებში მოსარჩელის მიერ მიუღებელი ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს და კვების ულუფის 2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქციით „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით) ოდენობა შეადგენს 373.13 ლარს, შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია გადაუხადოს მას აღნიშნული თანხა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, 2017 წლის 1 ივლისს ძალაში შევიდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონი, ამავდროულად ძალადაკარგულად გამოცხადდა ძველი, 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი, რომლის 1341 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეთა მიმართ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება აღიარებული იყო კანონით. აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესით სახელმწიფო ცალსახად განსაზღვრავდა საჯარო მოსამსახურეთა უფლებას მიუღებელ ხელფასზე და ვინაიდან კანონმდებელმა შემოიტანა სპეციალური რეგულაცია, ამ ტიპის მოთხოვნებზე ზოგადი სახის ნორმების გამოყენება დაუშვებელი იყო. თუმცა ახალი კანონი აღარ ითვალისწინებს აღნიშნულ დანაწესს და ეს რეგულაცია აღარ არსებობს. შესაბამისად, ვინაიდან, ბ. ა-მა სარჩელი სასამართლოში შეიტანა 2018 წლის 29 ივნისს, მასზე უნდა გავრცელდეს ახალი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი, რომელშიც ძველი სახელფასო დავალიანება აღარ არის აღიარებული, რის გამოც აღნიშნულ უფლებაზე უნდა გავრცელდეს ხანდაზმულობის ვადა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სახელფასო დავალიანების - 430.92 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბ. ა-ის სასარგებლოდ დაევალა 1998-2003 წლების სახელფასო დავალიანების -373.13 ლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ბ. ა-ის სასარგებლოდ 1998-2003 წლების ხელფასის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეს - ბ. ა-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში არ გაუსაჩივრებია. ამდენად, გადაწყვეტილება ამ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში და მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ბ. ა-ის სასარგებლოდ 1998-2003 წლების სახელფასო დავალიანების (თანამდებობრივი სარგოსა და კვების ულუფის „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქციის გათვალისწინებით) ანაზღაურების დაკისრების საფუძვლიანობა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, მუშაკის სახელფასო და კანონით გათვალისწინებული სხვა სოციალური გარანტიების დავალიანების ანაზღაურება იმ ორგანოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებაა, რომელთანაც იგი შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა.
ამასთან, 2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქციით „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით, ისევე როგორც „საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების შესაბამისი ნორმებით დადგენილი იყო, რომ პოლიციელის ხელფასი მოიცავდა არა მარტო თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, არამედ ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას და სხვას. თუმცა 2000 წლის 28 ივნისის #413 კანონით „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებით ხსენებული კანონის 31-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და მის შესაბამისად ხელფასი მოიცავს მხოლოდ თანამდებობრივ და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა (თანამდებობრივი სარგო და კვების ულუფა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქციის გათვალისწინებით) არ არის ხანდაზმული. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, სარჩელი აღძრულია 29.06.2018წ. - „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონის მოქმედების პირობებში, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ კანონი ამოქმედდა 2017 წლის 1 ივლისიდან (128 მუხ.). მითითებული კანონის ამოქმედებამდე საკითხის რეგულირებას ახდენდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონი, რომლის 1341 მუხლის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა ხორციელდებოდა წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. საკასაციო სასამართლოს მითითებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონის 1341 მუხლის თანახმად რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურზე წინა წლებში წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, რაც წარმოადგენს დავალიანების კანონისმიერ აღიარებას. შესაბამისად, უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება დავის გადაწყვეტისას ახალი კანონის რეგულაციების გამოყენების თაობაზე. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, სამინისტროზე ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებებში წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანებების დაფარვისათვის საჭირო თანხების გაუთვალისწინებლობა არ შეიძლება გახდეს სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი