Facebook Twitter

#ბს-339(2კ-19) 4 ივნისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 16 ნოემბერს დ. ლ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2016 წლის 14 ნოემბრის #1-1/614 გადაწყვეტილებისა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 ივნისის #16/30128 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხეებისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

მოსარჩელის მითითებით, მას იჯარით ჰქონდა გადაცემული მიწის ნაკვეთი (საძოვარი მისამართზე, ნინოწმინდის რაიონი, ...ი 2, დ...ი), რომლის პრივატიზებაც სურდა. აღნიშნული მიწა, როგორც „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე იჯარით გაცემული, პრივატიზებით გადაეცემოდა დ. ლ-ს ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. მოსარჩელის განმარტებით, მას აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მოგებული აქვს სასამართლო დავა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება ცალკეულ მოხელეთა მიმართ, რასაც ცხადყოფს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის 2016 წლის 18 აგვისტოს პასუხი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით დ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 ივნისის #16/30128 და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 14 ნოემბრის #1-1/614 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ დ. ლ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 დეკემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დ. ლ-ი სადავოდ გამხდარი პერიოდისათვის თავისი უფლების რეალიზებას ვერ მოახდენდა, რადგან მანამდეც და მის შემდგომაც, წლების განმავლობაში სასამართლოში მიმდინარეობდა დავა სადავო უძრავ ქონებაზე, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამორიცხავდა მასზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე რაიმე სახის გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც თავის მხრივ, დაინტერესებულ პირს წარმოუშობდა რაიმე სამართლებრივ შედეგს. აღნიშნულმა განაპირობა ისიც, რომ მან პრივატიზების მოთხოვნით ვერ მიმართა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს 2011 წლის 1 მაისამდე, გააჩნდა რა ლეგიტიმური მოლოდინი ახალქალაქის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისა, რაც ნიშნავს იმას, რომ არ არის დარღვეული პრივატიზების მოთხოვნით მიმართვის კანონით დადგენილი ვადა.

სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და არსებული დოკუმენტაციის შესწავლა-შეფასების გზით მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მითითებით, საქმის მასალებში წარმოდგენილია დ. ლ-ის ორი განცხადება, რომლითაც მიმართა სააგენტოს: პირველი - 2014 წლის 31 მარტის განცხადებით მოითხოვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული დ...ზე მდებარე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) მიწის ნაკვეთის იჯარის უფლებით სარგებლობაში გადაცემა 49 წლის ვადით, ხოლო შემდეგ - 2016 წლის 13 ივნისს განმეორებითი განცხადებით მიმართა სააგენტოს და მოითხოვა იმავე საკადასტრო კოდზე სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის პრივატიზებაზე უარის თქმის შემთხვევაში სარგებლობაში გადაცემა იჯარის უფლებით. ამასთან, მოითხოვა ინფორმაცია მიწის ნაკვეთის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ. დ. ლ-ს სადავო მიწის ნაკვეთზე სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ რაიმე უფლება მიწის ნაკვეთზე არ წარმოშობია. კერძოდ, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების თანახმად, გაუქმდა გ. ზ-თან, ე. ო-სა და დ. ლ-თან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებები და ნინოწმინდის რაიონის გამგეობას და მიწის იჯარით გამცემ კომისიას დაევალა ყველა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ერთკვირიან ვადაში ახალი აქტების გამოცემა, თუმცა გამგეობის მიერ რაიმე სახის გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა, თუ რამდენად გააჩნია დ. ლ-ს მოთხოვნის უფლება სადავო მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის/სარგებლობაში გადაცემის თაობაზე.

კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიუთითებს სასკ-ის 32.4 მუხლზე და განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის სამართლებრივი საკითხის გასარკვევად დავალების მიცემის პირობას და რაც მთავარია, კონკრეტულ შემთხვევაში ნორმის განმარტება სასამართლოს უფლებამოსილებას წარმოადგენს.

კასატორი მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტზე, ასევე, 2005 წლის 8 ივლისის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონზე და აღნიშნავს, რომ 2014 წლის 31 მარტს სააგენტოსადმი განცხადებით მიმართვისას დ. ლ-ის მოთხოვნა სახელწმიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (ს/კ ...) 49 წლის ვადით სარგებლობაში გადაცემის ან ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის პრივატიზების თაობაზე მოთხოვნა არ გამომდინარეობდა კანონმდებლობიდან, ამასთან, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე დ. ლ-ის იჯარის უფლება არ ყოფილა წარმოშობილი. საკითხის გადაწყვეტის შემდეგ, სააგენტომ არ მიიჩნია მიზანშეწონილად ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის პრივატიზება, ხოლო იჯარის უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებით განემარტა განმცხადებელს, რომ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განთავსდებოდა შესაბამის ელექტრონულ მისამართზე. სამინისტრომ იმსჯელა გასაჩივრებული აქტის მიზანშეწონილობაზე და მიიჩნია, რომ არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფორმალური და მატერიალური საფუძველი.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა, თუ რამდენად გააჩნია ან გააჩნია თუ არა დ. ლ-ს სადავო მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის/სარგებლობაში გადაცემის თაობაზე მოთხოვნის უფლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 ივნისის #16/30128 წერილით დ. ლ-ს ეცნობა, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული სამეურნეო ან დამხარე ნაგებობის (ნაგებობების) ან/და მრავალწლიანი ნარგავების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის მოიჯარემ განცხადებით უნდა მიმართოს სამინისტროს, მის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს ან სამინისტროს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედ აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოს არაუგვიანეს 2011 წლის 1 მაისისა, ხოლო დ. ლ-ის მიერ განცხადება წარდგენილ იქნა 31.03.2014წ. (რეგისტრაციის #14356/ფ), აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში იჯარის ფორმით გაცემის თაობაზე ლოტი განთავსდება ვებგვერდზე eAuction.ge.

აღსანიშნავია, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ 2010 წლის 21 ივლისის კანონი (#3512-რს) აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომლის 47.5 მუხლი ადგენს, რომ ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებულ, სახელმწიფო ქონების განკარგვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესი. 2005 წლის 8 ივლისის (#1896 - რს) „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია საქართველოს 07.21.2010წ. #3512 კანონით) შესაბამისად, პრივატიზებას ექვემდებარებოდა იჯარით გაცემული და იჯარით გაუცემელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული მიწებისა. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, პრივატიზებას არ ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შემდეგი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა-საძოვარი, გარდა ამ კანონის ამოქმედებამდე იჯარით გაცემული საძოვრებისა და საძოვრებისა, რომლებიც დადგენილი წესით შესაბამისი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მიერ გაცემული აქტით მიმაგრებულია მასზე მდებარე, ფიზიკური და იურიდიული პირების კერძო საკუთრებაში არსებულ ან/და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2001 წლის 23 მაისს ნინოწმინდის რაიონის გამგეობამ მის ტერიტორიაზე ...ი #2-დან გ. ზ-ს იჯარით გადასცა 291 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - საძოვარი. იმავე ტერიტორიაზე ისე, რომ არ გააუქმა მიწის იჯარის ხელშეკრულება გ. ზ-თან, ნინოწმინდის რაიონის გამგეობამ იმავე წლის 24 აგვისტოს 300 ჰა საძოვარი იჯარით გადასცა ე. ო-ს. 2004 წლის 30 აგვისტოს ამავე მიწის ნაკვეთიდან ისე, რომ გამგეობამ არ გააუქმა 2001 წლის გ. ზ-სა და ე. ო-თან დადებული მიწის იჯარის ხელშეკრულებები, 146 ჰა საძოვარი იჯარით გადასცა დ. ლ-ს.

2006 წლის 27 ივნისის ნინოწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა ნინოწმინდის რაიონის გამგეობასა და გ. ზ-ს, ე. ო-სა და დ. ლ-ს შორის დადებული მიწის იჯარის ხელშეკრულებები და ნინოწმინდის რაიონის გამგეობასა და მიწის იჯარით გამცემ კომისიას დაევალა ყველა გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდგე ერთი კვირის ვადაში გამოეცა ახალი აქტები, თუმცა აღნიშნული დავალების მიუხედავად გამგეობის მიერ რაიმე სახის გადაწყვეტილება ამ საკითხზე მიღებული არ ყოფილა.

2006 წლის 30 აგვისტოს კი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სადავო მიწის ნაკვეთი ფართობით 300 ჰა 10 წლის ვადით უკონკურსოდ გადასცა ვ. გ-ს, რომელმაც 2008 წლის 18 ივლისის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონებისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ტერიტორიული ორგანოს მიწის და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი #157 ოქმის შესაბამისად, მოახდინა საიჯარო ხელშეკრულებით მისთვის გადაცემული 226,3 ჰა მიწის ნაკვეთის პრივატიზება.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა დ. ლ-ის სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი ნინოწმინდის რაიონის გამგეობის მიწის იჯარით გაცემის კომისიის 2006 წლის 29 აგვისტოს #5 ოქმი და ნინოწმინდის რაიონის გამგეობის 2006 წლის #89 დადგენილება ნინოწმინდის რაიონში, ...ი #2-ში მდებარე 300 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ვ. გ-ისათის იჯარით გადაცემის ნაწილში და როგორც ამის თანმდევი შედეგი ნინოწმინდის რაიონის გამგეობასა და ვ. გ-ს შორის 2006 წლის 30 აგვისტოს დადებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულება; ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ტერიტორიული ორგანოს 2008 წლის 18 ივლისის #157 ოქმი ვ. გ-ისათვის ნინოწმინდის რაიონში, ...ი #2-ში მდებარე 226,3 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო წესით, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივრები და უცვლელად დარჩა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას იმის თაობაზე, რომ დ. ლ-ი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავოდ გამხდარი პერიოდისათვის თავისი უფლების რეალიზებას ვერ მოახდენდა, რადგან მანამდეც და მის შემდგომაც, წლების განმავლობაში სასამართლოში მიმდინარეობდა დავა სადავო უძრავ ქონებაზე, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამორიცხავდა მასზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე რაიმე სახის გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც თავის მხრივ, დაინტერესებულ პირს წარმოუშობდა რაიმე სამართლებრივ შედეგს. აღნიშნულმა განაპირობა ისიც, რომ მან პრივატიზების მოთხოვნით ვერ მიმართა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს 2011 წლის 1 მაისამდე, გააჩნდა რა ლეგიტიმური მოლოდინი ახალქალაქის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისა, რაც ნიშნავს იმას, რომ არ არის დარღვეული პრივატიზების მოთხოვნით მიმართვის კანონით დადგენილი ვადა.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი