ბს-1063(კ-18) 11 ივლისი, 2019წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს გენერალური პროკურატურა (საქართველოს მთავარი პროკურატურის უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე (მსარჩელე) - მ. ი-ა
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
დავის საგანი – სახელმწიფო ბაჟის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.04.2018წ. განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ი-ამ 19.06.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ და მოითხოვა საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის მორალური ზიანის - 10 000 ლარის ანაზღაურება, მატერიალური ზიანის სახით, ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 3000 ლარის, მიუღებელი თანხის - 7650 ლარის, პატიმრობის დროს ახლობლების მიერ ჩარიცხული თანხის - 1050 ლარის, უკანონო პატიმრობისას თავისუფლების აღკვეთის ყოველ დღეზე - 50 ლარის, ჯამში - 24450 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.07.2017წ. განჩინებით, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.11.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს მთავარ პროკურატურას მ. ი-ას სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის - 5000 ლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა აგრეთვე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.04.2018წ. განჩინებით საქართველოს მთავარი პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ საკასაციო წესით გასაჩივრდა.
კასატორმა აღნიშნა, რომ დავა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, რის გამო არ არსებობდა მოსარჩელის მიერ გადახდილ სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი, ბაჟის დაბრუნება უნდა მომხდარიყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.06.2019წ. განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მისთვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების გაუქმების შესახებ მოთხოვნის ნაწილში დასაშვებად იქნა ცნობილი, ხოლო დანარჩენ ნაწილში საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების, გასაჩივრებული განჩინების და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლების ორი შემთხვევას ითვალისწინებს - მხარის და დავის საგნის მიხედვით. მხარის მიხედვით სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შემთხვევაში გადამწყვეტია მხარის სტატუსი (მაგ.: მოსარჩელის სოციალურად დაუცველობა, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და სხვ.), ხოლო დავის საგნის მიხედვით სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლებისათვის მნიშვნელოვანია უშუალოდ სასარჩელო მოთხოვნა, დავის შინაარსი (მაგ. სოციალური დავები, დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული სარჩელები და სხვ.). დავის საგნის მიხედვით სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების ერთ-ერთი შემთხვევაა უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების უკანონოდ გამოყენების გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელის აღძვრა. განსახილველი დავის საგანი სწორედ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის გამო წარმოშობილი მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებაა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მხარეები - უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების უკანონოდ გამოყენების ან გამასწორებელ სამუშაოთა სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დადების შედეგად მოქალაქისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განხილულ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან - ყველა საქმეზე. ამდენად, განსახილველი დავის მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რაც გამორიცხავდა სარჩელის წარდგენისას მ. ი-ას მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის საჭიროებას, თუმცა მ. ი-ას სარჩელზე გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით (ს.ფ. 71). აღნიშნული თავის მხრივ წარმოშობდა სასამართლოს ვალდებულებას მოსარჩელის მიერ შეცდომით გადახდილი ბაჟი მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაებრუნებინა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 53.1 მუხლი ითვალისწინებს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისათვის დაკისრებას იმ შემთხვევაშიც, თუ ეს უკანასკნელი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, თუმცა მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება მოწინააღმდეგე მხარეს იმ შემთხვევაში ეკისრება, როდესაც ბაჟის გადახდა სარჩელის წარმოებაში მიღების აუცილებელი პირობაა. უკეთუ დავა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, მოსარჩელის მიერ ბაჟის შეცდომით გადახდა იწვევს გადახდილი თანხის არა მოპასუხისათვის დაკისრებას, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაბრუნებას. ამდენად, მართებულია კასატორის მოსაზრება, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად დატოვა უცვლელი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც მ. ი-ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოსარჩელისათვის ანაზღაურება მოპასუხეს დაეკისრა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც იო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411 -ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.04.2018. განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 20.11.2017წ. გადაწყვეტილება საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის მ. ი-ას სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ბ. ჩ-ს (პ/ნ …) დაუბრუნდეს მ. ი-ას სარჩელზე 12.07.2017წ. N0 საგადასახადო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ.ვაჩაძე
ვ. როინიშვილი