Facebook Twitter

ბს-1598(კ-18) 20 ივნისი, 2019წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.09.2018წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. გ-ემ 12.04.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი ერთჯერადი დახმარების - 7000 ლარის ანაზღაურების დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.06.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა თ. გ-ის სასარგებლოდ მიუღებელი ერთჯერადი დახმარების ანაზღაურება 7000 ლარის ოდენობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა აგრეთვე მოსარჩელის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 500 ლარის ანაზღაურება, რაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.09.2018წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ 7000 ლარის ანაზღაურებისათვის სამხედრო მოსამსახურესთან, რომელიც გადიოდა სამხედრო სამსახურს 4-წლიანი კონტრაქტის საფუძველზე, კონტრაქტის დასრულების შემდგომ კვლავ უნდა იყოს გაფორმებული კონტრაქტი 4 წლის ვადით. სწორედ მეორე კონტრაქტის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ მოიპოვებს მოსამსახურე ერთჯერადი დახმარების ანაზღაურების უფლებას. თ. გ-ეს დახმარების მიღების უფლება 03.06.2016წ. არ წარმოშობია, რადგან მასთან 03.06.2012წ. დადებული ხელშეკრულება დასრულდა 03.06.2016წ. და იმავე დღეს გაგრძელდა მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა კიდევ 4 წლის ვადით. ამდენად, თანხის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა 03.06.2020წ.. კასატორი თვლის, რომ არ დასტურდება ადვოკატის მომსახურეობისთვის ხარჯის გაწევა, რადგან არ არის წარდგენილი შესაბამისი ქვითარი, შესაბამისად, აღნიშნული ხარჯი არ უნდა ანაზღაურდეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.2007წ. N560 ბრძანების 471 პუნქტის თანახმად, ამ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი, ოთხი ან რვა წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის ან ახალი კონტრაქტის გაფორმების გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 472 პუნქტში მითითებული ოდენობით. ამ პუნქტის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება, თუ მითითებული კონტრაქტის გაფორმებამდე კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა ოთხი წლის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი (471 პუნქტის ა.ბ. ქვეპუნქტი). განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ პირველი კონტრაქტი თ. გ-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის დაიდო 29.08.2007წ., მეორე კონტრაქტი - 03.06.2010წ., ხოლო მესამე კონტრაქტი 03.06.2012წ. - 4 წლის ვადით და მისი მოქმედება ამოიწურა 03.06.2016წ., შესაბამისად, წარმოიშვა ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება. კასატორის მოსაზრება, რომ 03.06.2012წ. ხელშეკრულება 2016წ. არ დასრულებულა და მისი მოქმედება გაგრძელდა 2020 წლამდე არ არის დასაბუთებული. საქმეში დაცული ხელშეკრულებების შინაარსიდან ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ 03.06.2012წ. ხელშეკრულება დადებული იყო 4 წლის ვადით, აღნიშნული ვადის ცვლილება, ხელშეკრულებაში კორექტივების შეტანა არ მომხდარა. 03.06.2012წ. დადებულმა ხელშეკრულებამ მოქმედება შეწყვიტა 03.06.2016წ.. ამავე დღეს - 03.06.2016 წ. მხარეთა შორის დაიდო ახალი ხელშეკრულება, თუმცა აღნიშნულმა უზრუნველყო არა 03.06.2012წ. ხელშეკრულების მოქმედების ვადის, არამედ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება, რაც იდენტური ცნებები არ არის. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ თ. გ-ეს ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება წარმოეშვა 03.06.2012წ. კონტრაქტის მოქმედების ვადის გასვლისთანავე - 03.06.2016წ.. მოქმედი ნორმატიული რეგულაციის გათვალისწინებით აღსანიშნავია აგრეთვე, რომ 03.06.2012წ. კონტრაქტი შეიცავდა ჩანაწერს კონტრაქტის ვადის გასვლისთანავე ერთჯერადი გასასვლელი დახმარების ანაზღაურების შესახებ.

საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობდა აგრეთვე თ. გ-ისათვის ადვოკატის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების საფუძველი, რადგან საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება თ. გ-ესა და ადვოკატ ე.ზ-ს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა, ადვოკატის მიერ მიმდინარე დავაში წარმომადგენლობის განხორციელება, აღნიშნული წარმომადგენლობის სასყიდლიანი ხასიათი. მხოლოდ გადახდის ქვითრის არარსებობა არ გამორიცხავდა საადვოკატო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას (ის. სუსგ 14.07.16წ. Nბს-776-768(2k-4კს-15), 07.02.19წ. Nბს-432-429 (2კ-17)).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.09.2018წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი