Facebook Twitter

ბს-825(3კ-19) 15 ივლისი, 2019წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.2019წ. განჩინებასა და 04.02.2019წ. დამატებით განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. შ-მა 20.04.17წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 18.03.2016წ. N000702 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 13.02.2017წ. N1-339 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 13.02.2017წ. N1-339 ბრძანება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 18.03.2016წ. N000702 დადგენილება და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმის გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.12.2018წ. განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ დადგინდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.02.2019წ. დამატებითი განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას თანაბარწილად დაეკისრათ ლ. შ-ის სასარგებლოდ ადვოკატებისათვის გაწეული მომსახურების საფასურის - 1200 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ.

კასატორი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება უნებართვოდ ისეთი სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, რაც საჭიროებდა ადმინისტაციულ ორგანოსთან შეთანხმებას. ლ. შ-ის მიერ წარდგენილ საინვენტარიზაციო გეგმაზე ფიქსირდება ასფალტის საფარი და არა - ბეტონი ან ფილებით მოპირკეთება. ლ. შ-ის მიერ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოები თავისი მახასიათებლებით განეკუთვნება პირველი კლასის სამუშაოებს, რაც გამორიცხავს ნებართვის მიღების საჭიროებას, თუმცა მსგავსი სამუშაოებისათვის ნორმატიულად განსაზღვრულია უფლებამოსილი ორგანოსათვის შეტყობინების ვალდებულება. რაც შეეხება ტოპოგრაფიულ გეგმას, ის ასახავს ფაქტობრივად არსებულ ობიექტებს, მათ ადგილმდებარეობას და არ ადასტურებს მასზე განთავსებული ობიექტების კანონშესაბამისად მოწყობას. კასატორი თვლის, რომ არ არსებობდა სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობები.

კასატორი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია აღნიშნავს, რომ მოსარჩელე თავადვე ადასტურებს საჩრდილობლისა და ღობის შეკეთებას, ტერიტორიის მოპირკეთებას. ტერიტორია, რომელზეც განხორიცელდა სამშენებლო სამუშაოები არ არის ამხანაგობის საკუთრება, რადგან ასეთ ჩანაწერს არ შეიცავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემები. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლითაც დასაშვებია მესაკუთრის/მოსარგებლის პასუხისმგებლობა, უკეთუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი. ამასთანავე, ასეთ შემთხვევაში მესაკუთრე/მოსარგელე პასუხს აგებს საკუთარი და არა სხვისი ბრალისთვის. კასატორი თვლის, რომ სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობები არ არსებობდა, სასამართლოს შეეძლო თავად ჩაერთო საქმეში დაინტერესებული პირები, მათ შორის წინა მესაკუთრე და მისი განმარტების გათვალისწინებით, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებით საკითხი არსებითად გადაეწყვიტა. საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება მოსარჩელის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. კასატორი მიიჩნევს, რომ არასწორად მოხდა აგრეთვე ლ. შ-ის მიერ ადვოკატისათვის გადახდილი მომსახურების ღირებულების - 1200 ლარის მთლიანად მოპასუხეებზე დაკისრება, რადგან ერთი მხრივ დავის საგნის ღირებულება 10 000 ლარია და 1200 ლარი აჭარბებს დავის საგნის ღირებულების 4%-ს, ხოლო მეორე მხრივ - სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც დაუსაბუთებელს ხდის ლ. შ-ის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სრულად ანაზღაურების ადმინისტრაციული ორგანოებისათვის დაკისრებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინებების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინებების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებები არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ არ არსებობდა სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე საკითხის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაბრუნების საფუძველი და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-19 მუხლი) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. როდესაც წარმოების ხარვეზები არსებითია, ხოლო საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები - გამოუკვლეველი, დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციების სასამართლოს მიერ განხორციელება, ადმინისტრაციული წარმოების სრული ჩანაცვლება. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ სადავო აქტი გამოიცა საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე. ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაუდგენია კონკრეტული ქმედებების განხორციელების პერიოდი, საჩრდილობლის, ბაქნისა და ღობის მომწყობი სუბიექტი. მართალია უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით არ გამოირიცხება მესაკუთრის/მოსარგებლის პასუხისმგებლობა, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივად შეუძლებელია სამშენებლო სამუშაოების განმახორციელებელი კონკრეტული პირისა და პერიოდის დადგენა. საქმის მასალებით არ დასტურდება ამ გარმოებების გამოკვლევის შეუძლებლობა. მეზობლები ადასტურებენ, მოსარჩელის მიერ უძრავი ქონების შეძენამდე ღობის, საჩრდილობლისა და ბეტონის საფარის არსებობას. შეფასებას საჭიროებს აგრეთვე ტოპოგრაფიული გეგმა და ორთოფოტოები, რომლებიც ნაგებობათა განთავსების პერიოდსა და მდებარეობაზე შეიცავს ინფორმაციას.

შეფასებას საჭიროებს აგრეთვე სამშენებლო სამუშაოების კონკრეტული სახე, მოსარჩელეც და სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხული პირებიც ადასტურებენ, რომ მოსარჩელემ მხოლოდ სარემონტო სამუშაოები ჩაატარა მასალის, ფერისა და გაბარიტების შეუცვლელად. მუნიციპალური ინსპექციის მიერ უნდა დადგინდეს აგრეთვე სამუშაოების განხორციელების პერიოდში კონკრეტული სამუშაოსათვის ნებართვის გაცემის ან ორგანოსათვის შეტყობინების ვალდებულების ნორმატიულად არსებობა.

სააპელაციო პალატამ მართებულად გაამახვილა ყურადღება სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ტერიტორიის ამხანაგობის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფარგლებში მოქცევის გამოკვლევის საჭიროებაზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნაკვეთი მდებარეობს საცხოვრებელი სახლის წინ. მესაკუთრის დადგენა გადამწყვეტია შესაფარდებელი სანქციის ოდენობის განსაზღვრისას. სანქციის განსაზღვრის კუთხით მნიშვნელოვანია აგრეთვე შპს „…ის“ 09.10.2015წ. დასკვნა, რომლითაც ბეტონის ბაქანის მოშლა მიზანშეუწონლად არის მიჩნეული იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული გამოიწვევს შენობის საძირკველში ატმოსფერული ნალექების ჩაჟონვას, რაც აუცილებლად იმოქმედებს საძირკვლის მზიდუნარიანობაზე. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ საქმეში დაცული ფოტოსურათებით არ დასტურდება ღობის, ბაქნისა და საჩრდილობლის მოწყობით მესამე პირთა ინტერესებისათვის ზიანის მიყენება ან საფრთხის შექმნა.

რაც შეეხება კასატორთათვის მოსარჩელის მიერ გაწეული ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 1200 ლარის დაკისრებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული 21.01.2019წ. N099-იმ-JMG ხეკშეკრულებით, რწმუნებულებითა და 22.01.2019წ. საგადახდო დავალებით დასტურდება ადვოკატის მომსახურების სანაცვლოდ 1200 ლარის ანაზღაურება. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება არ ასაბუთებს ადმინისტრაციული ორგანოებისათვის აღნიშნული თანხის მხოლოდ ნაწილის ანაზღაურების დაკისრებას, რადგან სასკ-ის 10.2 მუხლის მიხედვით, თუ აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე გამოცემა ერთმნიშვნელოვნად არის დადასტურებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.2019წ. და 04.02.2019წ. განჩინებები;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი