ბს-1013(კ-18) 11 ივლისი, 2019წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.04.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ყ-მა 22.07.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ ქ. თბილისში საცხოვრებელი ბინის გადაცემის შესახებ მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების და ბინის ქირის სახით 1600 ლარის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.12.2015წ. განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ლ. ნ-ე, კ.ნ-ე და ნ. ნ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.02.2017წ. გადაწყვეტილებით ნ. ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა ნ. ყ-ისთვის ქ. თბილისში საცხოვრებელი ბინის გადაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და ბინის ქირის სახით - 1600 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.04.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, გასახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ.
კასატორი მიიჩნევს, რომ სამინისტრომ ნ. ყ-თან გაფორმებული წერილობითი შეთანხმებით აიღო მხოლოდ საკითხის განხილვის და არა საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება. შეთანხმებით სამინისტრო ნ. ყ-ს დაპირდა ქირის გადახდას ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე და არა ფართით დაკმაყოფილებამდე. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ნ. ყ-ისათვის ქირის გაცემა მოხდა საერთო საფუძვლებით და არა შეთანხმების შესასრულებლად, რადგან შეთანხმება უკვე ამოწურული იყო. ორგანომ განიხილა ნ. ყ-ის განცხადება ფართით დაკმაყოფილების შესახებ, თუმცა არ დააკმაყოფილდა ნ. ყ-ის მიერ ქორწინებასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის მითითების და ქ. თბილისში რეგისტრაციის არქონის გამო. ნ. ყ-მა მხოლოდ 01.07.2015წ. განცხადებით მოითხოვა ოჯახის შემადგენლობაში მეუღლისა და მეორე შვილის შეყვანა. აღნიშნული ცვლილების შემდეგ ნ. ყ-ის ოჯახს მიენიჭება შესაბამისი ქულა და სამინისტრო დაუბრუნდება მისი საკითხის განხილვას, ნ. ყ-ი დაკმაყოფილდება შესაბამისი რიგითობის გათვალისწინებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.2018წ. განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმულ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ სამინისტროსა და ნ. ყ-ს შორის დადებული 27.05.2013წ. შეთანხმებით სამინისტრომ იკისრა დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის და არა მხოლოდ აღნიშნული საკითხის განხილვის ვალდებულება. შეთანხმებიდან გამომდინარე ნ. ყ-ს წარმოეშვა მოლოდინი რეაბილიტაციის დასრულებისთანავე ფართით დაკმაყოფილების შესახებ. მხარეთა შორის შეთანხმების დადების დროს მოქმედი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ 28.06.1996წ. კანონის 53.2 მუხლის მიხედვით, დევნილის გამოსახლება დასაშვები იყო მხოლოდ ოთხ შემთხვევაში, მათ შორის, როდესაც დევნილთან იდებოდა წერილობითი შეთანხმება მის მიერ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში დაკავებული ფართობის სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხის ან სხვა მატერიალური თუ არამატერიალური სიკეთის მიღების თაობაზე („ა“ ქვ.პ.) ან დევნილს გამოეყოფოდა შესაბამისი საცხოვრებელი ფართობი, რომლითაც არ გაუარესდებოდა მისი საყოფაცხოვრებო პირობები („ბ“ ქვ.პ.). ამდენად, დევნილის გამოსახლება დასაშვები იყო ალტერნატიული - მუდმივი ან დროებითი საცხოვრებლის ან კომპენსაციის მიღების სანაცვლოდ. აღნიშნული მოწესრიგება დაუსაბუთებელს ხდის სამინისტროს მოსაზრებას ნ. ყ-ის გამოსახლების სანაცვლოდ ორგანოს მიერ მხოლოდ საკითხის განხილვის შესახებ ვალდებულების აღების თაობაზე. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ დევნილის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვის ვალდებულება ორგანოს ნორმატიულად ყოველგვარი შეთანხმების გაფორმების მიუხედავად ეკისრება, იგი ვალდებულია განიხილოს დევნილი ოჯახის მიერ ფართის მიღების მიზნით სამინისტროში წარდგენილი განცხადებები. ამდენად, მოსაზრება, რომ მხოლოდ დევნილის განცხადების განხილვის დაპირების სანაცვლოდ გამოათავისუფლა ნ. ყ-მა ფართი, არ არის დასაბუთებული.
საკასაციო პალატა იზიარებს აგრეთვე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას სამინისტროს მიერ 2014 წლის 4 თვის და 2015 წლის 4 თვის მიუღებელი ქირის თანხის ანაზღაურების შესახებ, რადგან დევნილის მხრიდან ქირის გადახდის საჭიროება წარმოიშვა სამინისტროს მიერ ნ. ყ-ის ოჯახის ფართით დაკმაყოფილების ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. შეთანხმებით სამინისტრომ იკისრა ვალდებულება ნ. ყ-ის ოჯახის ფართით დაკმაყოფილებამდე ბინის დაქირავების მიზნით ყოველთვიურად გადაეცა დევნილი ოჯახისათვის 250 ლარი, აღნიშნული ვალდებულება 8 თვის განმავლობაში არ შესრულებულა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.04.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ.ვაჩაძე
ვ. როინიშვილი