საქმე Nბს-1095(კ-18) 11 დეკემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - გ. რ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისი (მოპასუხეები)
მესამე პირები - ჯ. ტ-ა, ბ. ი-ა, ა. ე-ე, დ. რ-ა, მ. ი-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ. რ-ემ 2017 წლის 7 მარტს სარჩელი აღძრა ქ. ფოთის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2016 წლის 5 დეკემბრის N... გადაწყვეტილება; ბათილად იქნეს ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2017 წლის 9 იანვრის N... გადაწყვეტილება; ბათილად იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 6 თებერვლის N... გადაწყვეტილება; გამოცემულ იქნეს ადმინისტრაციული აქტი გ. რ-ის საკუთრების უფლების (ს/კ: ...) 2013 წლის 5 მარტის რეგისტრაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების აღდგენის თაობაზე.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში დავის საგნიდან გამომდინარე, სავალდებულო მესამე პირად ჩაებნენ დ. რ-ა, ჯ. ტ-ა და ა. ე-ე.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით გ. რ-ის სარჩელი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის: სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2016 წლის 5 დეკემბრის N..., სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2017 წლის 9 იანვრის N... და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 6 თებერვლის N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და გ. რ-ის საკუთრების უფლების, საკადასტრო კოდი: ..., 2013 წლის 05 მარტის რეგისტრაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების აღდგენის აქტის გამოცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. რ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განჩინებით გ. რ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. რ-ემ. კასატორმა იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც ამყარებდა სასარჩელო მოთხოვნას, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით ბ. ი-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ბ. ი-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 20 ივნისის N... გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 21 ივლისის N... გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 14 აგვისტოს N... გადაწყვეტილება და ფოთის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გამოეკვლია და შეეფასებინა მხარეთა მიერ წარდგენილი უფლების დამადასტურებელი მთელი რიგი დოკუმენტები. შესაფასებელი იყო, ერთი მხრივ, ბ. ი-ას მიერ წარდგენილი ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის N12/447 გადაწყვეტილება, რომლითაც მას 1986 წელს ფოთში, ...ს უბანში გამოეყო მიწის ნაკვეთი, ხოლო მეორე მხრივ, გ. რ-ის სახელზე გაცემული ქ. ფოთის ...ის უბნის ტერიტორიული ორგანოს 2013 წლის 21 თებერვლის N115 ცნობა, რის საფუძველზედაც მან საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა სადავო მიწის ნაკვეთი. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაედგინა თუ რომელ დოკუმენტს გააჩნია უპირატესი იურიდიული ძალა საკუთრების რეგისტრაციისათვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე მარეგისტრირებელი ორგანოს 2016 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. რ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია გაუქმდა, ხოლო განმცხადებელს დაევალა თვითმმართველი ერთეულის - ქ. ფოთის ...ის უბნის ტერიტორიული ორგანოს 2013 წლის 21 თებერვლის N115 ცნობისა და შპს „...ის“ მიერ 2013 წლის 20 თებერვალს საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული უძრავი ნივთის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის, ან/და სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე, გ. რ-ის საკუთრების ან მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. მარეგისტრირებელი ორგანოს 2016 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ხოლო 2017 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, იმ საფუძვლით, რომ არ იქნა წარდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ სადავო საჯარო რეესტრის ეროვნული სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2016 წლის 5 დეკემბრის N... და 2017 წლის 9 იანვრის N... გადაწყვეტილებების მიღებისას არსებობდა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული - სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და 22-ე მუხლით გათვალისწინებული - სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის საფუძველი.
შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელთა მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების (სუს. გ. საქმე №ბს-598-591(კ-15) 25.02.2016წ.) არსებობის პირობებში კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. რ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განჩინება;
3. კასატორს - გ. რ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 22.11.2018წ. N12 საგადახდო დავალებით ხ. ქ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე