#ბს-72(კს-19) 28 მარტი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - სსიპ შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - შპს „…“, თ. თ-ე, ქ. შ-ა, შპს „ს...“
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 დეკემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 20 ოქტომბერს სსიპ შემოსავლების სამსახურმა სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - შპს „...“-ის, თ. თ-ის, ქ. შ-ასა და შპს „ს...ის“ მიმართ.
მოსარჩელემ შპს „...“-ის, თ. თ-ის, ქ. შ-ასა და შპს „ს...ის“ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობა მოითხოვა. ამასთან, ამავე სარჩელით მოსარჩელემ იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დადებოდა მოპასუხეების საკუთრებაში არსებულ უძრავ და მოძრავ ქონებას, კერძოდ, თ. თ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ შემდეგ ქონებას: 1. უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი #...; 2. უძრავი ქონება საკადასტრო კოდი #...; 3. ავტომანქანა „LEXUS IS 250“, სახ. ნომერი ...; 4. შპს „...“-ში, (ს/ნ ...) 100% წილი; ქ. შ-ას (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ ქონებას: შპს „ს...“-ში (ს/ნ ...) 100% წილს; ინფორმაცია საბანკო ანგარიშების შესახებ: შპს „ს...ის“ (ს/ნ ...) საბანკო ანგარიშს - სს „...“.
გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2017 წლის 5 დეკემბერს სსიპ შემოსავლების სამსახურმა საჩივრით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე სსიპ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი განსახილველად ზემდგომ სასამართლოს - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას გადაეგზავნა.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი შპს „...“-ის, თ. თ-ის, ქ. შ-ასა და შპს „ს...ის“ მიმართ მოპასუხეების ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 დეკემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის #3/295-17 გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად; განუხილველად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინებაზე (სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარი) სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2017 წლის 5 დეკემბერს წარდგენილი საჩივარი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. თუ მხარეს არ ეცნობა გასაჩივრების უფლების შესახებ ან ეცნობა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული რომელიმე მოთხოვნის დარღვევით, მაშინ გასაჩივრება შეიძლება სასამართლოს აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი შპს „...“-ის, თ. თ-ის, ქ. შ-ასა და შპს „ს...ის“ მიმართ მოპასუხეების ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა და მხარეებს განემარტათ მისი გასაჩივრების ვადა და წესი.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში არსებული სასამართლო გზავნილით დგინდებოდა, რომ #3/295-17 საქმეზე, გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება, სსიპ შემოსავლების სამსახურს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი და ჩაჰბარდა 2018 წლის 10 ივლისს სსიპ შემოსავლების სამსახურის კანცელარიას.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარი სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარდგენილ იქნა 2018 წლის 25 ივლისს.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების, კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება ადრესატს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად ჩაჰბარდა 2018 წლის 10 ივლისს, გასაჩივრების ვადა დაიწყო 2018 წლის 11 ივლისს, რომელიც დასრულდა 2018 წლის 24 ივლისს (სამშაბათი) 24 საათზე, ხოლო სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა 2018 წლის 25 ივლისს, 1 (ერთი) დღის დაგვიანებით.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტის მიერ გაშვებული იყო სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის კანონით დადგენილი ვადა (თოთხმეტი დღე), რომლის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვებოდა, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი, გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის #3/295-17 გადაწყვეტილებაზე დატოვებული უნდა ყოფილიყო განუხილველად.
სააპელაციო პალატამ იქვე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრით გასაჩივრებული იყო ასევე გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლზე, რომლითაც დარეგულირებულია უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საკითხი. კერძოდ, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ - უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი, ზემოაღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ასევე განუხილველად უნდა დარჩენილიყო ამავე საქმეზე 2017 წლის 20 ოქტომბერს გამოტანილ განჩინებაზე (სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარი) სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2017 წლის 5 დეკემბერს წარდგენილი საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვის დავალება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებას და მიიჩნევს, რომ არსებობს მისი გაუქმების საფუძვლები. სსიპ შემოსავლების სამსახურის განმარტებით, ვინაიდან 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება სსიპ შემოსავლების სამსახურის კანცელარიას ჩაჰბარდა 2018 წლის 10 ივლისს, გასაჩივრების ვადა დაიწყო 2018 წლის 11 ივლისს, ხოლო გასაჩივრების ვადის დასრულების დროს ამავე წლის 24 ივლისის 24 საათი წარმოადგენდა. სსიპ შემოსავლების სამსახურის კანცელარიამ საქართველოს ფოსტას სააპელაციო საჩივარი ჩააბარა 2018 წლის 24 ივლისს 17:18 საათზე, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა არ დარღვეულა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 დეკემბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლოს სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის გათვალისწინებულ სუბიექტს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტულურ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება, სსიპ შემოსავლების სამსახურს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი და ჩაჰბარდა 2018 წლის 10 ივლისს სსიპ შემოსავლების სამსახურის კანცელარიას.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება მოსარჩელეს ჩაჰბარდა 2018 წლის 10 ივლისს, შესაბამისად, გასაჩივრების ვადა დაიწყო 2018 წლის 11 ივლისს, რომელიც დასრულდა 2018 წლის 24 ივლისს (სამშაბათი) 24 საათზე. ამასთან, სსიპ შემოსავლების სამსახურის #... მიმართვაზე არსებული გორის რაიონული სასამართლოს შტამპით დგინდება, რომ სააპელაციო საჩივარი გორის რაიონულ სასამართლოში 2018 წლის 25 ივლისს არის შესული.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურმა კერძო საჩივარს თან დაურთო საქართველოს ფოსტის უკუგზავნილის დეტალების ამსახველი დოკუმენტი, რომლის თანახმად, გამგზავნს წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახური, ადრესატს - გორის რაიონული სასამართლო, გამგზავნის გზავნილის ნომერია #... . აღნიშნული უკუგზავნილის შესაბამისად, გზავნილი გაიგზავნა 2018 წლის 24 ივლისს 17:18 საათზე, ხოლო კურიერის ვიზიტი განხორციელებულია 2018 წლის 25 ივლისს 10:34 საათზე.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სსიპ შემოსავლების სამსახურის #... მიმართვაზე, რომლითაც გორის რაიონულ სასამართლოს გაეგზავნა სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი (მოპასუხეები - შპს „...“, თ. თ-ე, ქ. შ-ა და შპს „ს...ი“). აღნიშნული მიმართვის თარიღად მითითებულია 2018 წლის 24 ივლისი, ხოლო მიმართვის ნომერი (#...) და საქართველოს ფოსტის უკუგზავნილში მითითებული გამგზავნის გზავნილის ნომერი (#...) ერთმანეთს ემთხვევა, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ კერძო საჩივარზე თანდართულ უკუგზავნილში ასახული დეტალები განსახილველ დავაზე წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს უკავშირდება.
საკასაციო სასამართლო განმეორებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ამდენად, ზემოხსენებული გარემოებები ცხადყოფს, რომ მოსარჩელეს სააპელაციო საჩივარი საქართველოს ფოსტის მეშვეობით წარდგენილი აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით დადგენილი 14-დღიანი ვადის სრული დაცვით, კერძოდ, 2018 წლის 24 ივლისს 17:18 საათზე, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობდა მისი განუხილველად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 დეკემბრის განჩინება, რომლითაც განუხილველად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის #3/295-17 გადაწყვეტილებაზე სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი და გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინებაზე (სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარი) სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2017 წლის 5 დეკემბერს წარდგენილი საჩივარი და საქმე სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 დეკემბრის განჩინება და საქმე სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი