№ბს-189(2კ-19) 16 მაისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 11 ოქტომბერს რ. ჩ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიმართ.
მოსარჩელემ რ. ჩ-ისათვის ერთჯერადი დახმარების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2017 წლის 22 აპრილის №MIA 11700951850 წერილობითი მიმართვის, ასევე რ. ჩ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 31 ივლისის №MIA 91701824533 წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციისათვის მოსარჩელე რ. ჩ-ის სასარგებლოდ, მიუღებელი ერთჯერადი დახმარების - 1250 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით რ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელე რ. ჩ-ისათვის ერთჯერადი დახმარების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2017 წლის 22 აპრილის №MIA 1 17 00951850 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელე რ. ჩ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 31 ივლისის №MIA 9 17 01824533 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დაევალა მოსარჩელე რ. ჩ-ის სასარგებლოდ, მიუღებელი ერთჯერადი დახმარების - 1250 ლარის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ, რომელთაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის განმარტებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. სასამართლომ არასწორად მიიჩნია რ. ჩ-ი იმ პირთა წრეში, რომლებზეც „ერთჯერადი დახმარების საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №146 ბრძანების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გაიცემა ერთჯერადი დახმარება 1250 ლარის ოდენობით. აღნიშნული ბრძანების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ოჯახის წევრის (მეუღლე, შვილი, დედა, მამა) გარდაცვალების შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებზე (გარდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეული პირების და იმ პირებისა, რომლებიც სამხედრო სავალდებულო სამსახურს იხდიან საკონტრაქტო წესით), მათ შორის, დამხმარე, შტატგარეშე და გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მოსამსახურეებზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება 1250 ლარის ოდენობით.
შესაბამისად, კასატორის განმარტებით, სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში დაუსაბუთებლად მსჯელობს კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე. აღნიშნული ვალდებულების წარმოშობის საფუძველი მხარის ლეგიტიმური უფლებაა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეს არ გააჩნია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ნორმის არასწორი განმარტების საფუძველზე. კერძოდ, საქმეში არსებითია „ერთჯერადი დახმარების საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის N№146 ბრძანებით დადგენილი ერთჯერადი კომპენსაციის გაცემის საკითხი ვრცელდებოდა თუ არა მოსარჩელე რ. ჩ-ზე, მისი კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში. აღნიშნული ბრძანების თანახმად, ერთჯერადი დახმარება გაიცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებზე (გარდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეული პირების და იმ პირებისა, რომლებიც სამხედრო სავალდებულო სამსახურს იხდიან საკონტრაქტო წესით), მათ შორის, დამხმარე, შტატგარეშე და გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მოსამსახურეებზე. აღნიშნული პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს ოჯახის წევრის გარდაცვალებისას ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემას 1250 ლარის ოდენობით.
საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, 2017 წლის 31 მარტს რ. ჩ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას და მოითხოვა ამავე წლის 18 მარტს მამის გარდაცვალების გამო, ერთჯერადი ფულადი დახმარების მიღება. რ. ჩ-ი განცხადებით მიმართვის პერიოდისათვის, კერძოდ, 2017 წლის 7 მარტიდან იმყოფებოდა კადრების განკარგულებაში.
კასატორის განმარტებით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პოლიციელი საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანების 33.5 მუხლის თანახმად, კადრების განკარგულებაში აყვანა (გარდა პირადი პატაკისა) გულისხმობს ამ მუხლით გათვალისწინებული პირების თანამდებობიდან გათავისუფლებას და მათი საშტატო ერთეულის გაუქმებას/შემცირებას. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში პოლიციელს 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ბოლო დაკავებული თანამდებობის ხელფასი (ფულადი სარგო), ხოლო „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთათვის ერთჯერადი დახმარების საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის N№146 ბრძანებით, ერთჯერადი დახმარების გაცემა გათვალისწინებულია სამინისტროს მოსამსახურეებზე (გარდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეული პირების და იმ პირებისა, რომლებიც სამხედრო სავალდებულო სამსახურს იხდიან საკონტრაქტო წესით), მათ შორის, დამხმარე, შტატგარეშე და გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მოსამსახურეებზე. აღნიშნული ბრძანება ერთჯერადი კომპენსაციის გაცემის შესაძლებლობას აწესებს დანიშნულ მოსამსახურეებზე, ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ კადრების განკარგულებაში მყოფი პირი გათავისუფლებულია თანამდებობიდან, შესაბამისად, ამ პირებთან მიმართებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას, გასცეს ერთჯერადი კომპენსაცია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე რ. ჩ-ი მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საზღვრის დაცვისა და კონტროლის სამმართველოს სახმელეთო ოპერაციების დაგეგმარების განყოფილების ...ის თანამდებობაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, ,,შვებულებების, მივლინებების შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №551460 ბრძანების თანახმად, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საზღვრის დაცვისა და კონტროლის სამმართველოს სახმელეთო ოპერაციების დაგეგმარების განყოფილების ...ი რ. ჩ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს კადრების განკარგულებაში.
კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში, 2017 წლის 31 მარტს, მოსარჩელე რ. ჩ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას, განუმარტა, რომ იმავე წლის 18 მარტს მას გარდაეცვალა მამა და ამის გამო ითხოვა ერთჯერადი ფულადი დახმარება ერთი თვის ხელფასის ოდენობით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2017 წლის 22 აპრილის წერილობითი მიმართვით, მოსარჩელე რ. ჩ-ის მოთხოვნა, ერთჯერადი ფულადი დახმარების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ იგი იმყოფებოდა კადრების განკარგულებაში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2017 წლის 22 აპრილის წერილობითი მიმართვა, მოსარჩელე რ. ჩ-მა ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუმცა მისი საჩივარი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 31 ივლისის წერილობითი მიმართვით არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის“ 34-ე მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა ნიშნავს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას და მასთან სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტას. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო.
აღნიშნული მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე სამსახურიდან დათხოვნილად ითვლება მხოლოდ კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ, მანამდე მოსამსახურე ითვლება როგორც სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი და იგი სარგებლობის ყველა იმ უფლებით, ვიდრე იგი კადრების განკარგულებაში იქნებოდა აყვანილი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ერთჯერადი დახმარების საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №146 ბრძანების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, ოჯახის წევრის (მეუღლე, შვილი, დედა, მამა) გარდაცვალების შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებზე (გარდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეული პირების და იმ პირების, რომლებიც სამხედრო სავალდებულო სამსახურს იხდიან საკონტრაქტო წესით), მათ შორის, დამხმარე, შტატგარეშე და გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მოსამსახურეებზე, გაიცემა ერთჯერადი დამხარება 1250 ლარის ოდენობით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ერთჯერადი დახმარების მოთხოვნის პერიოდში რ. ჩ-ი იმყოფებოდა კადრების განკარგულებაში და იგი დათხოვნილი არ იყო საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების პრეტენზიებს და მიაჩნია, რომ კადრების განკარგულებაში ყოფნის საფუძვლით, მოსარჩელე რ. ჩ-ისათვის ერთჯერადი დახმარების ანაზღაურებაზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების უარი არ არის შესაბამისობაში კანონმდებლობასთან და სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას მართებულად დაევალა მოსარჩელე რ. ჩ-ისათვის მიუღებელი ერთჯერადი დახმარების - 1250 ლარის ანაზღაურება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი