Facebook Twitter

#ბს-191(2კ-19) 16 მაისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და გ. ფ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 3 მაისს გ. ფ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიმართ.

მოსარჩელემ მისი ოჯახისათვის 90 130 სარეიტინგო ქულის მინიჭების შესახებ მიღებული 2016 წლის 2 ნოემბრის დეკლარაციის, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 10 აპრილის #04/22358 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მოპასუხეებისთვის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველ 2016 წლის 2 ნოემბრის დეკლარაციაში (A7 პუნქტში „7“ ქვეპუნქტისა და B3 პუნქტში „5“ ქვეპუნქტის აღნიშვნის შესახებ) ცვლილებების შეტანისა და ოჯახისათვის ახალი სარეიტინგო ქულის განსაზღვრისა და სოციალური შემწეობის დანიშვნის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და გ. ფ-ის სასარგებლოდ 2017 წლის იანვრიდან მიუღებელი სოციალური შემწეობის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, იგი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და 2016 წლის 2 ნოემბერს შევსებული დეკლარაციის საფუძველზე მინიჭებული აქვს 90 130 სარეიტინგო ქულა, რასაც არ ეთანხმება და გასაჩივრებული ჰქონდა ადმინისტრაციული წესით, თუმცა უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

მოსარჩელის განმარტებით, იგი ცხოვრობს 1860 წელს აგებულ შენობა-ნაგებობაში არსებულ საცხოვრებელში, ჩამოდის წყალი, ბინა, ისევე, როგორც მთლიანად შენობა, ავარიულია.

მოსარჩელის მითითებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არ იქნა შესწავლილი მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. სოციალურმა აგენტმა დეკლარაციაში არ აღნიშნა, რომ მას აქვს სიცოცხლისათვის საშიში დაავადებები. ამასთან, არასწორადაა ასახული მის საკუთრებაში არსებული სარდაფის შესახებ ინფორმაცია. არ იქნა შესწავლილი ამ სარდაფის რეალური მდგომარეობა, ის გარემოება, რომ იგი მრავალი წლის განმავლობაში დანგრეული და გამოუსადეგარია და არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის ოჯახისათვის 90 130 სარეიტინგო ქულის მინიჭების შესახებ მიღებული 2016 წლის 2 ნოემბრის დეკლარაცია; ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 10 აპრილის #04/22358 გადაწყვეტილება; მოპასუხეებს გ. ფ-ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველ 2016 წლის 2 ნოემბრის დეკლარაციაში ცვლილებების შეტანა, კერძოდ, B3 პუნქტში „5“ ქვეპუნქტის აღნიშვნის შესახებ და ახალი სარეიტინგო ქულის დადგენა დაევალათ; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ფ-მა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით გ. ფ-ის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიუთითა, რომ მიუხედავად არსებითი მნიშვნელობის მქონე განსხვავებული მონაცემებისა, გ. ფ-ის სარეიტინგო ქულის ცვლილება არ განხორციელებულა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ საქმის გარემოებები არ არის ჯეროვნად გამოკვლეული და საქმეზე მიღებულია დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ფ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტებით, 2016 წლის 2 ნოემბრის დეკლარაციაში, მიუხედავად 2017 წლის 27 იანვარს განხორციელებული ცვლილებისა, არ მომხდარა სარეიტინგო ქულის ცვლილება და დარჩა უცვლელი 90 130 ერთეული. კასატორი მიუთითებს სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (ძველი თბილისი) 2017 წლის 28 მარტის #04-00-4/15400 წერილობით ინფორმაციაზე და აღნიშნავს, რომ გ. ფ-ის ოჯახი, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“, ამჟამად რეგისტრირებულია საიდენტიფიკაციო კოდით #... .

კასატორის მითითებით, ძველი თბილისის სერვისცენტრის მიერ ოჯახი გადამოწმებულია ექვსჯერ საიდენტიფიკაციო კოდზე #... (18.11.2005წ. სარეიტინგო ქულა 98 270 ერთეული; 25.05.2007წ. სარეიტინგო ქულა - 69 380 ერთეული); 25.10.2010წ. შეივსო ოქმი „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“, მიზეზი: „ვერ ხერხდება ოჯახის წევრებთან შეხვედრა“; საიდენტიფიკაციო კოდზე #... 30.08.2015წ. შეივსო ოჯახის დეკლარაცია, რომელშიც 06.11.2015წ. განხორციელდა კორექტირება „ფორმა #100/ა“ საფუძველზე. შედეგად, სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 91 790 ერთეულით; 10.03.2016წ. კვლავ შეივსო ოქმი „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ მიზეზით: „ოჯახმა დამალა ავტომობილის ფლობის ფაქტი“. ამასთან, ბოლოს ოჯახი გადამოწმდა გ. ფ-ის პირველადი განაცხადის საფუძველზე (დეკლარირებული ინფორმაცია დადასტურებულია უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით და ბეჭდით), ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ „ცნობა #IV-100/ა-ს“ საფუძველზე, 2017 წლის 1 იანვარს (ბრძანება #354/ო-მ) მონაცემთა ერთიან ბაზაში განხორციელდა კორექტირება. კასატორის მითითებით, დღეის მდგომარეობით ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულა კორექტირების შემდეგ, შეადგენს 90 130 ერთეულს.

კასატორი მიუთითებს „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის #126 დადგენილებით დამტკიცებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ თუ ადგილი არ ექნება კანონით განსაზღვრულ გარემოებებს, გ. ფ-ის ოჯახს განმეორებითი შეფასების მოთხოვნით, სააგენტოსათვის მიმართვა შეუძლია სარეიტინგო ქულის მინიჭებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ.

კასატორის - გ. ფ-ის განმარტებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა გ. ფ-ის ოჯახის დეკლარაციის შედგენა და სარეიტინგო ქულის მინიჭება განახორციელა ზედაპირულად, არ გაითვალისწინა და არ გადაამოწმა ინფორმაცია სარდაფის მდგომარეობის შესახებ, რაც გახდა დავის მიზეზი.

კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, ამასთანავე აღნიშნავს, რომ დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. გ. ფ-ი აღნიშნავს, რომ „ოჯახის დეკლარაციაში“ „A7“ გრაფაში პირდაპირ არის მითითებული შეკითხვა - „ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რა უძრავ ქონებას ფლობთ?“, რასთან დაკავშირებითაც ოჯახის სოციალურ აგენტს მონიშნული აქვს სარდაფი, რასაც იგი მაშინვე არ დაეთანხმა და გაკეთებული აქვს მინაწერი „არაა მოქმედი”. კასატორის მითითებით, იგი აღნიშნულ აზრს აფიქსირებდა სასამართლო სხდომაზეც. აღსანიშნავია, რომ „ოჯახის დეკლარაციაში“ კონკრეტული მონაცემების დაფიქსირება მთელი სიზუსტით ემსახურება სწორედ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ოჯახის კეთილდღეობის დადგენას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და გ. ფ-ის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და გ. ფ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის #758 დადგენილების დანართის („სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგია“) 1.1 მუხლის თანახმად, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ან/და რეგისტრირებული ოჯახების კეთილდღეობის დონის შესაფასებლად გამოიყენება შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსი, რომლის სტრუქტურა განისაზღვრება ამ მეთოდოლოგიის მე-2 მუხლით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ოჯახის კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლა ხდება მონაცემთა საფუძველზე, რომელსაც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი აფიქსირებს სპეციალურ კითხვარში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) უფლებამოსილი პირის დახმარებით და ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოები და/ან სხვა კომპეტენტური ორგანოები/დაწესებულებები აწვდიან სააგენტოს. ოჯახის დეკლარაციაში ფიქსირდება ოჯახის მახასიათებლების ყველა ის მნიშვნელობა, რომლებიც გამოიყენება კეთილდღეობის ინდექსის გამოსათვლელ ფორმულაში (შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსის სტრუქტურის აღწერაში მოცემული Yi,j სიდიდეები).

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის #145 დადგენილების 5.1 მუხლის თანახმად, შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე.

საქმეში წარმოდგენილია 2015 წლის 12 ოქტომბერს ბერძნულ სამედიცინო ფონდ „...ს“ მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაცია - ფორმა #IV-100/ა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ #1394 ცნობა, რომელშიც მოცემულია დიაგნოზი გ. ფ-ის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რომ მას აღენიშნება სხვადასხვა დაავადებები. ასევე მითითებულია, რომ პაციენტი იმყოფება აღრიცხვაზე ზემოაღნიშნული დაავადების გამო და ესაჭიროება ხანგრძლივი მედიკამენტოზური მკურნალობა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს 2016 წლის 2 ნოემბერს შევსებულ ოჯახის დეკლარაციაზე, რომლის B3 პუნქტში ფიზიკური მდგომარეობის ამსახველ გრაფაში - 1. სარეცელს მიჯაჭვული; 2. დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს; 3. ორსული (20 და მეტი კვირის); 4. მეძუძური დედა (ერთ წლამდე ბავშვით); 5. სიცოცხლისთვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბულატორიულ მკურნალობას; 6. არც ერთ ზემოთ ჩამოთვლით კატეგორიას არ მიეკუთვნება, გ. ფ-თან მიმართებით მონიშნულია მე-6 პუნქტი. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 21 იანვარს განხორციელდა მასში მონაცემების კორექტირება, რის შედეგადაც დეკლარაციის B3 პუნქტში ფიზიკური მდგომარეობის ამსახველ გრაფაში აღნიშნულია მე-5 პუნქტი - სიცოცხლისთვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბულატორიულ მკურნალობას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მიუხედავად არსებითი მნიშვნელობის მქონე განსხვავებული მონაცემებისა გ. ფ-ის სარეიტინგო ქულის ცვლილება არ განხორციელებულა, იგი კვლავ შეადგენს 90 130 ქულას. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხეს უნდა დაევალოს 2016 წლის 2 ნოემბრის ოჯახის დეკლარაციაში B3 პუნქტში „5“ ქვეპუნქტის (სიცოცხლისთვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბულატორიულ მკურნალობას) აღნიშვნის შესაბამისად, ახალი სარეიტინგო ქულის გამოთვლა.

რაც შეეხება ამავე დეკლარაციაში A7 პუნქტში სარდაფის ფლობის აღმნიშვნელი გრაფის დაფიქსირებასთან დაკავშირებით გ. ფ-ის პრეტენზიას, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სარდაფის ფლობის ფაქტს თავად გ. ფ-იც არ უარყოფს. ამდენად, სარდაფი წარმოადგენს მის საკუთრებას და თუკი მოსარჩელე სარდაფს მისი ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე არ იყენებს, არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ამ ობიექტზე საკუთრების/მფლობელობის უფლება გააჩნია გ. ფ-ს.

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაავალა მოპასუხეს სადავო დეკლარაციაში ცვლილების განხორციელება, ასევე გ. ფ-ის ოჯახისათვის ახალი სარეიტინგო ქულის განსაზღვრის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ხოლო რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას - საარსებო შემწეობის დანიშვნისა და მიუღებელი თანხის ანაზღაურების შესახებ, აღნიშნული საკითხი უნდა გადაწყდეს მას შემდეგ, რაც ხელახალი გადამოწმების შედეგად დაითვლება ახალი სარეიტინგო ქულა, რადგან დღეს მოქმედი სარეიტინგო ქულა არ იძლევა საარსებო შემწეობის დანიშვნისა და შესაბამისად, მიუღებელი სოციალური შემწეობის ანაზღაურების საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და გ. ფ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი