#ბს-645(2კ-19) 18 ივლისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 1 აგვისტოს კ. ჰ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ კ. ჰ-ის 1000 ლარით დაჯარიმებისა და მისგან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის თაობაზე საბაჟო გამშვები პუნქტის ...ოს საავტომობილო მებაჟე-ოფიცრის გამოწერილი 2017 წლის 8 თებერვლის #EL055598 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 2017 წლის 29 მარტის #8136 ბრძანების, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (#14470/2/17 საჩივარზე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილების, ავტომანქანის (MERCEDES-BENZ SPRINTER საიდენტიფიკაციო კოდი: ...) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის 2017 წლის 8 აგვისტოს #4680 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ამასთან, მოსარჩელემ სასამართლოში დავის საბოლოოდ დასრულებამდე ავტომანქანა MERSEDESBENZ SPRINTER-ის (ს/კ ...) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის ლ. ძ-ის 2017 წლის 8 აგვისტოს #4680 ბრძანების გაუქმების, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გაცემულ კ. ჰ-ისაგან ჩამორთმეულ ავტომანქანაზე (MERSEDES-BENZ SPRINTER საიდენტიფიკაციო კოდით ...) ყადაღის დადებასა და მოპასუხეებისთვის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და მომსახურების სააგენტოსთვის აღნიშნული ავტომანქანის განკარგვასა და გასხვისებასთან დაკავშირებით ნებისმიერი მოქმედების აკრძალვის თაობაზე იშუამდგომლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ კ. ჰ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ავტომანქანის (MERCEDES-BENZ SPRINTER, ს/კ ...) განკარგვასა და გასხვისებასთან დაკავშირებით ნებისმიერი მოქმედების განხორციელება აეკრძალათ; დანარჩენ ნაწილში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ე. ღ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით კ. ჰ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 8 თებერვლის #EL055598 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის სახით სახდელის გამოყენების ნაწილში, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 29 მარტის #8136 ბრძანება, სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის სახით სახდელის გამოყენების ნაწილში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება #14470/2/17 საჩივარზე, სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის სახით სახდელის გამოყენების თაობაზე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ავტომანქანის (MERCEDES-BENZ SPRINTER, ს/კ ...) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ სსიპ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის 2017 წლის 8 აგვისტოს #4680 ბრძანება; სარჩელი სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. ჰ-მა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის განჩინებით კ. ჰ-ის, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილზე და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ვერ იქნა დასაბუთებული, თუ რამ განაპირობა გამოყენებული სანქციის, კონკრეტულად სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გარდაუვალობა და რატომ ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზანს სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გარეშე სანქციის შეფარდება. ამასთანავე, ადმინისტრაციული ორგანოები ვერ უთითებენ იმ გარემოებას, რომელიც გაამართლებდა შეფარდებული სანქციის ერთობლიობაში გამოყენების კანონიერებას.
ამასთან, კ. ჰ-ის სააპელაციო პრეტენზიასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო კოდექსის 289.14 მუხლით ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს კონტროლის გვერდის ავლით გადაადგილების განზრახვა. საქმეში არსებული 2017 წლის 8 თებერვლის #EL055598 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით კი ირკვევა, რომ მებაჟე-ოფიცრის შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, მათ შორის სიგარეტი, კ. ჰ-მა განაცხადა რომ არ ჰქონდა. აღნიშნული პიროვნების ბარგის და ავტომანქანის დათვალიერებისას, მის კუთვნილ ჩანთებში და ასევე ავტომობილის სალონის სხვადასხვა ნაწილში აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული საქონელი – 200 ღერი სიგარეტი „WINSTON-ი“, 1000 ღერი სიგარეტი „ARARAT-ი“, 800 ღერი სიგარეტი „AKHTAMAR-ი“, 600 ღერი სიგარეტი „BLACK TIP-ი“, 200 ღერი სიგარეტი „VIP-ი“ და 200 ღერი სიგარეტი „GT-ი“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი - ფინანსთა სამინისტრო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 207-ე, 215-ე 218-ე, 269-ე, 289-ე, 168-ე, 199-ე მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, მე-6, 53-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ სადავოდ არ არის გამხდარი ის გარემოება, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 3000 ლარამდე ღირებულების აქციზური საქონლის გადაადგილებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, მისგან მალულად. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ, აღნიშნული სამართალდარღვევის მასშტაბმა მიაღწია არასასურველ ზღვარს, მიიღო საშიში ტენდენციის სახე და მისი აღკვეთის მიზნით კანონით დადგენილი უმკაცრესი ზომის გამოყენებაც საბჭომ მართლზომიერად მიიჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიმართ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საგადასახადო კოდექსის 289.14 მუხლით გათვალისწინებული სანქციების სრულად გამოყენება კანონშესაბამისია.
კასატორის - სსიპ შემოსავლების სამსახურის განმარტებით, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს არა კონკრეტული ვალდებულების შესრულების მიზნით, არამედ კანონით მინიჭებული თავისუფლების ფარგლებში, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ნაკარნახევი კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად. საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობისა და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მიმართ გამოიყენება საგადასახადო პასუხისმგებლობა. ამასთან, საგადასახადო პასუხისმგებლობის მიზანია საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა, მას გააჩნია როგორც „სადამსჯელო“, ისე „პრევენციული“ დანიშნულება და მისი გამოყენება უნდა მოხდეს ზემოაღნიშნული პრინციპების დაცვით.
სსიპ შემოსავლების სამსახურის მითითებით, უკანასკნელ პერიოდში საგრძნობლად იმატა ანალოგიურმა სამართალდარღვევებმა, განსაკუთრებით კი აქციზურ მარკას დაქვემდებარებულ საქონელთან დაკავშირებულმა სამართალდარღვევებმა. გასათვალისწინებელია ასევე ისიც, რომ აქციზის გადასახადის გაზრდამდე საბაჟო დეპარტამენტი სანქციის სახით იყენებდა 1000 ლარიან ჯარიმას და საქონლის ჩამორთმევას. აღნიშნულმა პასუხისმგებლობის ზომამ ვერ უზრუნველყო პრევენციული ფუნქციის შესრულება. შესაბამისად, გაზრდილი სამართალდარღვევის ფონზე ადმინისტრაციულმა ორგანომ მოახდინა უფრო მკაცრი სანქციის გამოყენება.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ ასევე არ მიაქცია ყურადღება საქმეში არსებულ სხვა სამართალდარღვევის დამამძიმებელ გარემოებებს. კერძოდ, სასამართლომ არ გაითვალისწინა სამართალდამრღვევის მიერ შემოტანილი სიგარეტების ოდენობა. კერძოდ, აღმოჩენილ იქნა 150 კოლოფი სიგარეტი, რაც აქციზის გადასახადისგან გათავისუფლებულ ოდენობაზე დაახლოებით 15-ჯერ მეტია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილმა თანამშრომელმა 2017 წლის 8 თებერვალს კ. ჰ-ის მიმართ შეადგინა #EL055598 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიც მითითებულია, რომ 2017 წლის 8 თებერვალს, სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან ს.გ.პ. ...ში შემოვიდა მიკროავტობუსი, სომხური სახელმწიფო ნომრით ..., რომელსაც მართავდა სომხეთის მოქალაქე კ. ჰ-ი (... პასპ. ნომ. ...). ბარგისა და ავტომანქანის დეტალური დათვალიერებისას მის კუთვნილ ჩანთებში, ასევე ავტომანქანის სალონის სხვადასხვა ნაწილში აღმოჩნდა არადეკლარირებული სიგარეტი ARARAT – 50 კოლოფი, სიგარეტი AKHTAMAR - 40 კოლოფი, სიგარეტი BLACK TIP - 30 კოლოფი, სიგარეტი VIP - 10 კოლოფი, სიგარეტი WINSTON-XS - 10 კოლოფი, სიგარეტი GT - 10 კოლოფი, სულ - 150 კოლოფი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, მას სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, საქონლის და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ნორმაში ალტერნატიული სანქციის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის სახდელის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, უკეთუ ნაკლებად მკაცრი სახის სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. ამასთან აღსანიშნავია, რომ სახდელის ალტერნატივის დაწესებით კანონი მათი შერჩევის თავისუფლებას კი არ ანიჭებს ადმინისტრაციულ ორგანოს, არამედ - სახდელის შერჩევა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და სხვა ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორების ადეკვატურად. როდესაც ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას, იგი უნდა აკმაყოფილებდეს კანონით დადგენილ მინიმალურ სტანდარტს, ხოლო კანონით შეთავაზებული არჩევანის გამოყენების მიზანშეწონილობას სასამართლო ვერ შეაფასებს. სახდელის შეფარდებისას კი, ადმინისტრაციული ორგანო შეზღუდულია სახდელის შეფარდებისათვის დადგენილი ზოგადი პრინციპებით. პასუხისმგებლობის ზომის შერჩევა სწორედ კანონიერების მკაცრი დაცვის ფარგლებში უნდა განხორციელდეს და საქმის გარემოებათა მიხედვით ყოველთვის არის შესაძლებელი შერჩეული სანქციის შესაბამისობის შემოწმება.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კ. ჰ-ის მიმართ გამოყენებული სანქცია პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მის კანონიერ ინტერესებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი