ბს-893 (კ-18) 01 ივლისი, 2019 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის (სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.05.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ჭ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მატერიალური ზიანის - 100 000 ლარის და მორალური ზიანის - 100 000 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.11.2016წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ლ. ჭ-ას სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის - 60 000 ლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და ლ. ჭ-ას მიერ სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.05.18წ. განჩინებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და ლ. ჭ-ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ საკასაციო წესით გასაჩივრდა.
კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა. კასატორმა აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ლ. ჭ-ას მიმართ ძალადობის ფაქტის დამადასტურებელი სისხლის სამართლის საქმის განაჩენის არსებობა არ არის საკმარისი მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით ალ-საადონი და მუფთი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ დადგინდა, რომ მორალური ზიანის კომპენსაციას შესაძლოა ჰქონდეს სიმბოლური სახე, რადგან მორალური ზიანის სრული კომპენსაცია პრაქტიკულად შეუძლებელია. ლ. ჭ-ასთან მიმართებაში სახელმწიფომ აღიარა მის მიმართ ძალადობის განხორციელება და აღნიშნულს განაჩენის გამოტანით და დამნაშავე პირების მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრებით შესაბამისი რეაგირება მოჰყვა სახელმწიფოს მხრიდან. სასამართლო პრაქტიკით მსგავს საქმეებზე სამინისტროსთვის დაკისრებული თანხის ოდენობა 8000-10 000 ლარის ფარგლებში მერყეობს, რაც ადასტურებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლების არსებობას.
საკასაციო სასამართლოს 19.11.2018წ. განჩინებით კასატორის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ მიჩნეული იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს შეადგენს ლ. ჭ-ასთვის მხოლოდ მორალური ზიანის სახით 60 000 ლარის ანაზღაურების საკითხი, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ჭ-ას უარი ეთქვა მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს განჩინებით და საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა ლ. ჭ-ას მიერ.
სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 1005-ე მუხლების შესაბამისად ზიანის ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც არის ზიანის გამომწვევი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების უშუალო შედეგი. ამასთან, ზიანის მიმყენებელი ქმედება უნდა გამომდინარეობდეს პირის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებიდან. განსახილველ შემთხვევაში სარჩელი ეფუძნება მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის მორალური ზიანის მიყენების ფაქტს, რაც გამოწვეულია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და გამოიხატა ციხის ადმინისტრაციის მიერ მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობაში, კერძოდ, 2010 წლის 1 ოქტომბრამდე მოქმედი „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ხორციელდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებანი, რომელთა ამოცანაა დაწესებულების მოსამსახურეების და სხვა პირების, ასევე მსჯავრდებულთა პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. აღნიშნული ვალდებულების შესრულების საწინააღმდეგოდ სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებმა ლ. ჭ-ას მიმართ ჩაიდინებს სისხლის სამართლის კოდექსის 1441 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - წამება, რაც ამავე მუხლის შესაბამისად გულისხმობს: „პირისათვის ან მესამე პირისათვის ისეთი პირობების შექმნა ან ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით ან ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს ან ფსიქიკურ ან მორალურ ტანჯვას“.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის ლ. ჭ-ას მიმართ ძალადობის ფაქტის დამადასტურებელი სისხლის სამართლის საქმის განაჩენის არსებობა საკმარისი არ არის, რადგან ლ. ჭ-ასთან მიმართებაში სახელმწიფომ აღიარა მის მიმართ ძალადობის განხორციელება და აღნიშნულს განაჩენის გამოტანით და დამნაშავე პირების მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრებით შესაბამისი რეაგირება მოჰყვა სახელმწიფოს მხრიდან. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით კასატორი თვლის, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში ლ. ჭ-ას მოთხოვნის დაკმაყოფილება არასწორია, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ მსგავს საქმეებზე სასამართლო პრაქტიკის თანახმად მოთხოვნა კმაყოფილდება 8000-10000 ლარის ფარგლებში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მორალური (არაქონებრივი) ზიანი ვლინდება პირის მორალურ განცდებსა და სულიერ ტკივილში, რომელსაც იგი განიცდის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად (სუს ბს-327-309 (2კ-07) 16.05.2019წ. გადაწყვეტილება).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს (სუსგ ბს-972-936 (3კ-08) 08.04.2009წ.).
განსახილველ შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობა დადგენილია საქმეში დაცული სისხლის სამართლის განაჩენით. საქმის მასალებით უტყუარად დგინდება ლ. ჭ-ას კონსტიტუციით გარანტირებული ჯანმრთელობის უფლების და ღირსების ხელყოფა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენით. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას იმის თაობაზე, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ ვერ უზრუნველყო პატიმრისთვის სათანადო პირობების შექმნა, მისი ღირსების, ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლების დაცვა. მართებულია აგრეთვე სასამართლოების დასკვნა იმის თაობაზე, რომ აღნიშნული გარემოებები სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველს ქმნის.
დაუსაბუთებელია კასატორის მითითება მსგავს საქმეებზე მორალური ზიანის 8000-10000 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების თაობაზე, კასატორის მიერ არ მითითებულა კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე, რაც შესაძლებელს გახდიდა დადგენილიყო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სასამართლოს პრაქტიკასთან შეუსაბამობა (სსსკ-ის 391.5 მუხ. „დ“ ქვეპ.). ამასთანავე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით უდავოდ დადასტურებულია ლ. ჭ-ას მიმართ ღირსების შემლახავი მოქმედებების განხორციელება, რასაც არ ჰქონდა ერთჯერადი ხასიათი, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი განაჩენით დასტურდება, რომ დაზარალებულ ლ. ჭ-ას მიმართ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადგილი ჰქონდა სისტემატურ ცემას და წამებას, რითიც მას მიადგა ძლიერი ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილი (ტ. 1.ს.ფ. 117-140). განაჩენის თანახმად ღირსების შემლახავი მოქმედებების განხორციელებას ადგილი ჰქონდა 2007 წლიდან, სისტემატურად, რის შედეგადაც მიყენებული დაზიანებების გამო მას ესაჭირობოდა სამედიცინო დახმარების გაწევა, ზოგ შემთხვევაში ოპერაციული ჩარევა, კერძოდ, მის მიმართ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო მოქმედებების შედეგად ლ.ჭ-ას ჩაუტარდა ოპერაცია ქვედა კიდურზე, ზედა კიდურის თითზე ცემისაგან მიყენებული ტკივილისგან თავის დაღწევის მიზნით მიიყენა თვითდაზიანება. სისხლის სამართლის განაჩენში ექსპერტიზის დასკვნებზე მითითებით აღნიშნულია ლ. ჭ-ას სხეულზე არსებული დაზიანებების თაობაზე, კერძოდ, მას აღენიშნება დაზიანებები მარჯვენა წვივზე, მარცხენა ტერფზე, ამპუტირებული აქვს მარჯვენა მტევნის მეორე თითი, აღენიშნება ნაწიბურები გულმკერდის უკანა ზედაპირზე, უკანა ტანში აღენიშნება ნასკდომის შეხორცების კვალი, მარჯვენა და მარცხენა თეძოს ფრთის არეში აღენიშნება ნაწიბური, მარცხენა წინამხრის წინა ზედაპირზე აღენიშნება ოთხი ნაწიბური, მარცხენა იღლისს ფოსოს უკანა კიდესთან აღენიშნება ნაწიბურები, 2009 წელს ჩაუტარდა მარჯვენა მტევნის საჩვენებელი თითის საფრჩხილე ფალანგის ამპუტაცია, 2010 წელს დაესვა მარჯვენა ფილტვის კეროვანი ტუბერკულიოზის დიაგნოზი. განაჩენით დადგენილი იქნა, რომ აღნიშნული დაზიანებები ლ. ჭ-ას მიადგა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის დროს ამავე დაწესებულების თანამშრომლების მიერ სისტემატური ცემის და წამების შედეგად. გარდა განაჩენში მითითებული ექსპერტიზის დასკვნებისა, რომლებიც ასახავენ ლ. ჭ-ას ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეოებას, საქმეში დაცულია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ლ. ჭ-ას ფსიქიკური მდგომარეობის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტაცია, კერძოდ, 2009-2015 წლებში შედგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით (ექიმის კონსულტაციის დოკუმენტი (ტ.4.ს.ფ.52-54), პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დინამიური დაკვირვების დღიურის ჩანაწერებით (ტ.4.ს.ფ. 61-68)) დგინდება, რომ 2009 წელს ლ. ჭ-ა საჭიროებდა ფსიქიატრის კონსულტაციას, 2013 წლის ჩანაწერების თანახმად დადგენილი აქვს არასტაბილური პერსონოლოგიური აშლილობის დიაგნოზი, 2014 წლის ჩანაწერების თანახმად ლ. ჭ-ას აღენიშნებოდა პოსტტრავმული სტრესული აშლილობა ქრონიკული მიმდინარეობით, 2015 წლის ჩანაწერების თანახმად პაციენტს დადგენილი აქვს შფოთვითი აშლილობა, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა ქრონიკული მიმდინარეობით.
საკასაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად: „არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობასა და სასჯელს“. მითითებული მუხლით დაცული უფლება, თავისი შინაარსით, აბსოლუტური ხასიათისაა, რაც იმაში გამოიხატება, რომ ამ მუხლიდან გამონაკლისი დაუშვებელია ომისა თუ საგანგებო მდგომარეობის დროსაც კი. კონვენციის მე-3 მუხლი მოიცავს მოპყრობისა და სასჯელის რამდენიმე სახეს. იმისათვის, რომ უმართებულო მოპყრობა ჩაითვალოს მე-3 მუხლით აკრძალულ ქმედებად, მან უნდა მიაღწიოს სისასტიკის მინიმალურ ზღვარს, ხოლო განსხვავება წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას შორის განისაზღვრება მიყენებული ტანჯვის ინტენსივობით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეებზე: „ასენოვი და სხვები ბულგარეთის წინააღმდეგ“ (Assenov and others v. Bulgaria) განაცხადი №90/1997/874/1086, 28.10.1998 §94; „ნეკრასოვი რუსეთის წინააღმდეგ“ ( Nekrasov v. Russia), განაცხადი №. 8049/07, 17.05.2016 §91).
ზემოთმითითებულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული სისხლის სამართლის განაჩენით დადასტურებული სასჯელაღსრულების თანამშრომლების მხრიდან ლ. ჭ-ას არაერთჯერადი წამების ფაქტის, აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო მოქმედებების ხანგრძლივობის და მათ შედეგად ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესების, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნების გათვალისწინებით, მიკუთვნებული თანხა ლ. ჭ-ასთვის მიყენებული მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურებაა.
საკასაციო საჩივრის დასაშვებობას არ ადასტურებს კასატორის მიერ მითითებული ამონარიდი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან, ვინაიდან ანალოგიური დასკვნა საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული (სუსგ ბს-972-936 (3კ-08) 08.04.2009წ.; ბს-485-474(2კ-14) 04.06.2015წ.; #ბს-661-646(2კ-14) 15.10.2015 და ა.შ.), გასაჩივრებული განჩინებას და აღნიშნულ დასკვნას შორის წინააღმდეგობაში არ დასტურდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.05.2018წ. განჩინება;
3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი