ბს-906(კ-18) 11 ივლისი, 2019წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის (საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.05.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
26.04.2016წ. პ. ფ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმართ, პ. ფ-ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით 10 000 ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრებისა და 150 000 ლარის ოდენობის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 08.11.2016წ. განჩინებით სასკ-ის 16.1 მუხლის თანახმად საქმეში მესამე პირად იქნა ჩაბმული ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 24.07.2017წ. გადაწყვეტილებით პ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პ. ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.05.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ.
კასატორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას და აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ არასწორად იქნა განმარტებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს მორალური ზიანის გამო კომპენსაციის გამოანგარიშებაზე არსებული ეროვნული სასამართლოების და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით ალ-სადონი და მუფთი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ დადგინდა, რომ მორალური ზიანის კომპენსაციას უნდა ჰქონდეს სიმბოლური სახე, ვინაიდან შეუძლებელია მორალური ზიანის ფინანსურად შეფასება. პ. ფ-ის მიმართ განხორციელებულ უკანონო მოქმედებებზე სახელმწიფოს რეაგირება გამოიხატა მის დაზარალებულად ცნობასა და აღნიშნულის თაობაზე განაჩენის გამოტანაში, დამნაშავე პირებს დაეკისრათ შესაბამისი პასუხისმგებლობა. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში არ იქნა მითითებული ასანაზღაურებელი თანხის გამოანგარიშების პრინციპი. თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ უგულებელყოფილ იქნა აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, მე-4, აგრეთვე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მოთხოვნები, რაც განჩინების გაუქმების საფუძველს ქმნის.
საკასაციო სასამართლოს 25.07.2018წ. განჩინებით კასატორის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ მიჩნეული იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს შეადგენს პ. ფ-ისთვის მორალური ზიანის სახით 5000 ლარის ანაზღაურების საკითხი, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც პ. ფ-ს უარი ეთქვა მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე და მოთხოვნა მორალური ზიანის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანად იქნა მიჩნეული 5 000 ლარის ნაწილში, სააპელაციო და საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა პ. ფ-ის მიერ.
სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 1005-ე მუხლების შესაბამისად ზიანის ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც არის ზიანის გამომწვევი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების უშუალო შედეგი. ამასთან, ზიანის მიმყენებელი ქმედება უნდა გამომდინარეობდეს პირის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებიდან. განსახილველ შემთხვევაში სარჩელი ეფუძნება მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის მორალური ზიანის მიყენების ფაქტს, რაც გამოწვეულია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და გამოიხატა ციხის ადმინისტრაციის მიერ მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობაში, კერძოდ, 2010 წლის 1 ოქტომბრამდე მოქმედი „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ხორციელდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებანი, რომელთა ამოცანაა დაწესებულების მოსამსახურეების და სხვა პირების, ასევე მსჯავრდებულთა პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი 18.12.2013წ. განაჩენით დგინდება, რომ მითითებული ვალდებულების შესრულების საწინააღმდეგოდ სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებმა პ. ფ-ის მიმართ ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა. აღნიშნული გულისხმობს პირის დამცირებას ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს. სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების მართლსაწინააღმდეგო მოქმედებები გამოიხატა მათ მიერ მსჯავრდებულების, რომელთა შორის იყო პ. ფ-ი, სისტემატურ ფიზიკურ, მორალურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში, კერძოდ, ცემაში, გაშიშვლებლაში, საკანში კვირაობით გამოკეტვაში, მაღალ სიცხეში საკნის სარკმლის დაკეტვასა და სხვა დამამცირებელ მოპყრობაში (ს.ფ.12-21). ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დადასტურებულია ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის სავალდებულო ყველა წინაპირობის არსებობა.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სააპელაციო სასამართლოს განჩინებით სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის გაუთვალისწინებლობის შესახებ. კასატორის მიერ არ მითითებულა კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე, რაც შესაძლებელს გახდიდა დადგენილიყო სააპელაციო სასამართლოს განჩინების სასამართლოს პრაქტიკასთან შეუსაბამობა (სსსკ-ის 391.5 მუხ. „დ“ ქვეპ.). საკასაციო საჩივრის დასაშვებობას არ ადასტურებს კასატორის მიერ მითითებული ამონარიდი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან, ვინაიდან ანალოგიური დასკვნა საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული (სუსგ #ბს-661-646(2კ-14) 15.10.2015, ბს-485-474(2კ-14) 04.06.2015წ. და ა.შ.), გასაჩივრებული განჩინებას და აღნიშნულ დასკვნას შორის წინააღმდეგობაში არ დასტურდება.
საკასაციო საჩივრის დასაშვებობას არ ადასტურებს კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ პ. ფ-ის მიმართ განხორციელებულ მოქმედებებზე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება გამოიხატა დამნაშავე პირთა მიმართ განაჩენის გამოტანასა და დამნაშავე პირების მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრებაში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მორალური (არაქონებრივი) ზიანი ვლინდება პირის მორალურ განცდებსა და სულიერ ტკივილში, რომელსაც იგი განიცდის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად (სუსგ ბს-327-309 (2კ-07) 16.05.2019წ.). მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება კონკრეტულ შემთხვევაში დაკავშირებულია არაქონებრივ უფლებათა დარღვევასთან. არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.
მორალური ზიანის მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, მოპასუხის მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს (სუსგ 08.04.2009წ. ბს-972-936(3კ-08)). ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის არასწორად განმარტება.
განსახილველ შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობა დადგენილია საქმეში დაცული სისხლის სამართლის განაჩენით. საქმის მასალებით უტყუარად დგინდება პ. ფ-ის მიმართ ისეთი მართლსაწინააღმდეგო მოქმედების განხორციელება, როგორიცაა არაადამიანური, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რამაც მას ძლიერი ფიზიკური, ფსიქიკურ ტკივილი ან მორალური ტანჯვას მიაყენა. სისხლის სამართლის განაჩენით დგინდება, რომ აღნიშნული მოქმედებები განხორციელდა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების მიერ. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას იმის თაობაზე, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ ვერ უზრუნველყო შეექმნა პატიმრისთვის სათანადო პირობები, დაცული ყოფილიყო მისი ღირსება, ჯანმრთელობა და სიცოცხლის უფლება. მართებულია აგრეთვე სასამართლოების დასკვნა იმის თაობაზე, რომ აღნიშნული გარემოებები სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველს ქმნის.
ზემოთმითითებულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნების გათვალისწინებით, მიკუთვნებული თანხა პ. ფ-ისთვის მიყენებული მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურებაა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.05.2018წ. განჩინება;
3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი