Facebook Twitter

საქმე Nბს-1124(კ-18) 11 დეკემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ზ. ფ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ზ. ფ-ამ 2016 წლის 24 ოქტომბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოთხოვნის საბოლოდ დაზუსტების შემდეგ ზ. ფ-აზე ქ. თბილისში, ...ის ქუჩის №28-ის მიმდებარედ არსებული 522 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 1 სექტემბრის №525 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. ფ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 1 სექტემბრის №525 საოქმო გადაწყვეტილება ზ. ფ-აზე ქ. თბილისში, ...ის ქუჩის №28-ის მიმდებარედ არსებული 522 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში (დღის წესრიგის მე-7 საკითხი). ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. თბილისში, ...ის ქუჩის №28-ის მიმდებარედ არსებული 522 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ზ. ფ-ას მოთხოვნასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით აპელანტ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელე ზ. ფ-ას სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ფ-ამ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ აპელანტი მხარე სადავოდ ხდიდა მხოლოდ გადაწყვეტილების სამართლებრივ ნაწილს და სააპელაციო საჩივარში არ იყო მითითებული ფაქტობრივ გარემოებებზე. სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებაა, რომ 2016 წლის 22 მარტს ზ. ფ-ას განცხადების საფუძველზე დაიწყო კომისიამ საკუთრების უფლების აღიარების შესახებ სარეგისტრაციო წარმოება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს აპელანტი სადავოდ არ ხდიდა, ასევე არ გამხდარა სადავო ის ფაქტი, რომ ზ. ფ-ას მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დადგინდა ის ფაქტი, რომ მოსარჩელე 2000 წლიდან ფლობს და სარგებლობს 522 კვ.მ მიწის ნაკვეთით. კასატორის მოსაზრებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე და 96-ე მუხლებიდან გამომდინარე, კომისიის მტკიცების ტვირთი იყო იმის დადასტურება, რომ მიწის ნაკვეთზე ზ. ფ-ას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა თუ არა განმცხადებლის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს. ასევე შესაბამისი დასაბუთებით აუცილებელი იყო იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების ანალიზი ზ. ფ-ა სარგებლობდა თუ არა ქ. თბილისში, ...ის №28-ის მიმდებარედ არსებული 522 კვ.მ მიწის ნაკვეთით. კომისიის გადაწყვეტილებაში კი ზოგადად არის მითითებული, რომ არ დასტურდება განმცხადებლის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, შესაბამისად, მხოლოდ აღნიშნულის მითითება ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, არ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონის შესაბამისად ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება და სრულყოფილად გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, ადგილზე დათვალიერების ოქმი ან/და სხვა სახის წერილობითი მტკიცებულება, რომლითაც დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ სრულყოფილად გამოიკვლია საქმის გარემოებები.

კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ყოველთვის წარმოადგენდა ამხანაგობის წევრთა საკუთრებას, რომელიც განთავსებული იყო მათ საერთო საკუთრებაში - მართლზომიერ სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული მონაცემების - საინვენტარიზაციო გეგმის თანახმად, განთავსებული იყო ერთიანი სახლთმფლობელობის ფარგლებში. აღნიშნული მიწის ნაკვეთი 1997 წლიდან, სურათზე წარმოდგენილი მონაცემების და მოწმეთა ჩვენების მიხედვით, იყო კასატორის მფლობელობაში და მას იყენებდა სამეურნეო დანიშნულებით.

კასატორის განმარტებით წლების წინ სახელმწიფოს (მუნიციპალიტეტის) მიერ ერთიან სახლთმფლობელობას უკანონოდ ჩამოეჭრა სადავო მიწის ნაკვეთი, შესაბამისად, ის გავიდა ერთიანი სახლთმფლობელობის ფარგლებიდან (აღნიშნული გარემოება და მასთან დაკავშირებული მტკიცებულებები არ ყოფილა შეფასებული და გამოკვლეული სასამართლოს მიერ, რადგან ეს გარემოება არ ყოფილა შედავებული, არც შესაგებლით და არც სააპელაციო საჩივრით). საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2011 წლის 15 დეკემბრის №282 ოქმით, კომისიამ საკუთრების უფლება 2237 კვ.მ მიწის ნაკვეთზე აღიარა „...-ის“ წევრების მიმართ (მათ შორის ზ. ფ-ას), რითაც ნაწილობრივ აღადგინა ფაქტობრივი მდგომარეობა. შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული და სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული მიწის ნაკვეთი ხელახლა გახდა საკუთრებაში არსებული მიწის მომიჯნავე, რაც არ გამორიცხავს იმას, რომ ის ყოველთვის იყო მართლზომიერ საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული მიწის მომიჯნავე. კასატორის მოსაზრებით აღნიშნული გარემოების მოყვანა სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებაში, როდესაც ის არ ყოფილა გამოკვლეული და შეფასებული საქმის წარმოების არც ერთ ეტაპზე, წარმოადგენს კანონის უხეშ დარღვევას, სასამართლოს „დახმარებას“ - შეჯიბრობითობის პრინციპის დარღვევას, რამაც კასატორის აზრით, არასწორი გადაწყვეტილების გამოტანას შეუწყო ხელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით ზ. ფ-ას საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ფ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ...ის ქუჩა №28, დაზუსტებული ფართობი: 804.00 კვ.მეტრი, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., საკუთრების უფლებით აღრიცხულია ზ. ფ-ას სახელზე. 2016 წლის 22 მარტს, ზ. ფ-ამ №14/5490 განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №28-ის მიმდებარედ, მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №...) მომიჯნავედ მდებარე 522 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნით. განცხადებას თან ერთვოდა: მოქალაქეების-ლ. ჩ-ის, გ. ფ-ას, ნ. ჟ-ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება; მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი ელ. ვერსიით; საკადასტრო გეგმა; ინფორმაცია უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ; საჯარო რეესტრის ამონაწერი. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 1 სექტემბრის №525 საოქმო გადაწყვეტილებით (დღის წესრიგის მე-7 საკითხი) ზ. ფ-ას განცხადება ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №28-ის მიმდებარედ არსებულ 522 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ არ დადასტურდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში)არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2011 წლის 15 დეკემბრის N282 ოქმით კომისიამ 858 კვ.მ მიწის ნაკვეთზე აღიარა ამხანაგობა „...-ის“ წევრების საკუთრების უფლება, რომლის წევრიც არის ზ. ფ-ა. ამის შემდეგ, მოითხოვა ზ. ფ-ამ საკუთრების უფლების აღიარება მისი საკუთრების მომიჯნავედ არსებულ 522 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ ყურადღება მართებულად გაამახვილა თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2011 წლის 15 დეკემბრის N282 ოქმზე, რომლითაც დგინდება, რომ კომისიამ 2237 კვ.მ მიწის ნაკვეთზე აღიარა ამხანაგობა „...-ის“ წევრების საკუთრების უფლება. ამის შემდეგ, ამხანაგობის წევრების კუთვნილი უძრავი ქონების გამიჯვნის შესახებ 2012 წლის 12 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე, ზ. ფ-ამ საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა 804 კვ.მ მიწის ნაკვეთი; აღიარების კომისიაში წარდგენილი განცხადებით იგი ითხოვს 2011 წლიდან აღიარებული საკუთრების მომიჯნავედ არსებულ 522 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების უფლებას.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომლის თანახმად, ეს გარემოება ადასტურებს იმ ფაქტს, რომ 2011 წელს აღიარებული უძრავი ქონების მიმდებარე მიწის ნაკვეთს, მოსარჩელე 2007 წლიდან ვერ დაიკავებდა, როგორც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს. შესაბამისად, ზ. ფ-ას მოთხოვნა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით, არ აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობებს. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ კომისიის მიერ სათანადოდ იქნა გამოკვლეული სადავო მიწის ნაკვეთის ფლობის თაობაზე გარემოებები. კომისიამ მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სწორად დაადგინა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის მხრიდან თვითნებურად დაკავების ფაქტი, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, არ დგინდება.

შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელთა მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, რადგან გასაჩივრებული აქტის გამოცემისას არსებობდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. ფ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. კასატორს - ზ. ფ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 19.09.2018წ. N1 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე