საქმე Nბს-1158-1152(3კ-17) 11 დეკემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ა. მ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტო (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მაისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - სასამართლოსგარეშე ხარჯის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. მ-მა 2014 წლის 14 ნოემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ ა. მ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების სამმართველოს განკარგულებაში აყვანის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 სექტემბრის №1855517 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ა. მ-ის თანამდებობაზე აღდგენის დავალება მოითხოვა. მოსარჩელემ ასევე გათავისუფლების დღიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე ა. მ-ისთვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის ანაზღაურების გადახდის დაკისრება მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოსათვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით ა. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 სექტემბრის №1855517 ბრძანება ა. მ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის ნაწილში; დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტომ და ა. მ-მა. ა. მ-მა სააპელაციო საჩივრით ასევე მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 თებერვლისა და 2015 წლის 16 მარტის საოქმო განჩინებების გაუქმება და მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლოსგარეშე საპროცესო ხარჯის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მაისის განჩინებით აპელანტ ა. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; აპელანტ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; აპელანტ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 თებერვლის საოქმო განჩინებები და ამავე სასამართლოს 2015 წლის 16 მარტის განჩინება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გადასაწყვეტ საკითხს წარმოადგენდა აპელანტ ა. მ-ის მიერ ადვოკატების მომსახურებისთვის გადახდილი თანხის - 2400 ლარის მოწინააღმდეგე მხარეებისთვის დაკისრება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
პალატამ მიუთითა, რომ საპროცესო კანონმდებლობა, ითვალისწინებს მხარისათვის სასამართლო ხარჯებისა და სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურებას. კანონმდებელი განმარტავს თუ რა არის სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. პროცესის ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს სასამართლო გადაწყვეტილებით, რომლითაც საქმე წყდება არსებითად. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სოციალური დავები გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რაც არ გამორიცხავს საჭიროების შემთხვევაში საქმის განხილვის პროცესში დავასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯების საკითხის გადაწყვეტის საჭიროებას. მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებსა და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოსგარეშე ხარჯებს. ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. მხარეებმა პროცესის ხარჯების დაბრუნების (მეორე მხარისათვის მათ სასარგებლოდ დაკისრების) შესახებ უნდა მიუთითონ ძირითად სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში ივარაუდება, რომ მათ პრეტენზია პროცესების ხარჯებთან დაკავშირებით არ გააჩნიათ. ამასთან, მხარეებს არ ეზღუდებათ პროცესის ხარჯების მოთხოვნის უფლება საქმის მომზადების დასრულების შემდგომ ან საქმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, თუკი ხარჯების საკითხი სწორედ საქმის განხილვის ამ სტადიაზე წარმოიშვა (სუს 30.10.15წ. №ას-444-423-2015 განჩინება). მოცემულ შემთხვევაში ადვოკატის მომსახურების ღირებულების მოპასუხისათვის დაკისრების საკითხი სააპელაციო საჩივარში დაისვა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო საჩივარს არ ერთვის ადვოკატის დახმარების საფასურის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ამ ხარჯის გაწევა არ დასტურდება და მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტომ და ა. მ-მა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტომ იმავე საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც აფუძნებდნენ სააპელაციო საჩივრებს, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ა. მ-მა იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც ამყარებდა მოთხოვნას ქვედა ინსტანციის სასამართლოებში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და მოწინააღმდეგე მხარისათვის კასატორის სასარგებლოდ პროცესის ხარჯის - სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით ადვოკატის დახმარებისათვის 2400 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით ჯერ კიდევ გადაუხდელი საადვოკატო მომსახურების საფასური, კანონით გათვალისწინებული ოდენობის ფარგლებში, მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრებას ექვემდებარება. მითითებული საპროცესო-სამართლებრივი შესაძლებლობის სხვაგვარი განმარტება იმგვარ შედეგს მოგვცემს, რომ თუ მხარეს ადვოკატისათვის ანაზღაურების წინასწარ გადახდის შესაძლებლობა არ აქვს და მან ანაზღაურების გადახდა, ადვოკატთან შეთანხმებით საქმის საბოლოო შედეგს დაუკავშირა, ასეთ შემთხვევაში, იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლითა და 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შესაძლებლობას დაკარგავს, რაც საპროცესო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
კასატორი აღნიშნავს, რომ საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულების წერილობით დადების ვალდებულება კანონმდებელს არ დაუდგენია სახელშეკრულებო თავისუფლების იდეიდან გამომდინარე, შესაბამისად, არ გამოირიცხება მისი არსებობა ზეპირი გარიგების საფუძველზე, ხოლო მისი არსებობა გარეგნული გამოხატულებით უნდა დადგინდეს. სამივე ინსტანციის სასამართლოში ერთი და იმავე ადვოკატის მონაწილეობა და საადვოკატო ხარჯების მოთხოვნის ფაქტი, საადვოკატო მომსახურების შესახებ გარიგების დადებისა და არსებობის ფაქტის დასტურია. კასატორის მოსაზრებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი, როგორც საპროცესო ნორმა ვერ იქნება მატერიალურად იმის დამდგენი, რომ საადვოკატო მომსახურების ღირებულება ანაზღაურდეს მაშინ თუ ის მხოლოდ წერილობითაა დადებული და წინასწარაა გადახდილი მისი სრული ღირებულებაც, რამეთუ საპროცესო სამართალს არ გააჩნია მატერიალური სამართლის ნორმების ჩანაცვლების შესაძლებლობა. ამასთან, საპროცესო სამართალი ადვოკატის ხარჯის წაგებული მხარისათვის დაკისრების მიზნებისათვის ვერც დაადგენს საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულების წინასწარ გადახდის ვალდებულებას და ვერც აკრძალავს ამგვარი ღირებულების საქმის დასრულების ეტაპზე მის ანაზღაურებას. კასატორის მოსაზრებით ჯერ კიდევ გადაუხდელი საადვოკატო მომსახურების საფასური, კანონით გათვალისწინებული ოდენობის ფარგლებში, მოწინაღმდეგე მხარისათვის დაკისრებას ექვემდებარება. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ უნდა განიმარტოს ჯერ კიდევ გადაუხდელი ადვოკატის მომსახურების საფასურის საკითხი და დადგინდეს აქვს თუ არა მხარეს ადვოკატის მომსახურებისათვის ანაზღაურების წინასწარ გადახდის ვალდებულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოსა და ა. მ-ის საკასაციო საჩივრები გარდა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის მოპასუხეთათვის დაკისრების ა. მ-ის მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილისა, მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მაისის განჩინება გარდა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის მოპასუხეთათვის დაკისრების მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილისა; ა. მ-ის საკასაციო საჩივარი წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის მოპასუხეთათვის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად; ა. მ-ის საკასაციო საჩივრის განხილვა დაშვებულ ნაწილში დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების, გასაჩივრებული განჩინებისა და ა. მ-ის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში ა. მ-ი სარჩელით მოითხოვდა მისი თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების სამმართველოს განკარგულებაში აყვანის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 სექტემბრის №1855517 ბრძანების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას, გათავისუფლების დღიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის ანაზღაურებას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ა. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 სექტემბრის №1855517 ბრძანება ა. მ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის ნაწილში; დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოს განჩინებით ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მოსარჩელეს ასევე უარი ეთქვა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - 2400 ლარის ანაზღაურებაზე ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულების არარსებობის გამო. საკასაციო პალატის 2018 წლის 13 თებერვლის განჩინებით ა. მ-ის საკასაციო საჩივარი დაშვებულია წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის მოპასუხეთათვის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოსგარეშე ხარჯებს (სსკ-ის 37.3 მუხ.). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სოციალური დავები გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რაც არ გამორიცხავს საჭიროების შემთხვევაში საქმის განხილვის პროცესში დავასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯების საკითხის გადაწყვეტის საჭიროებას. სასამართლოსგარეშე - ადვოკატის ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებისა და მხარის მიერ ადვოკატისათვის თანხის გადახდის ქვითრის არარსებობა იმთავითვე არ გამორიცხავს გაწეული მომსახურების ანაზღაურების შესაძლებლობას (ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „დადაევა რუსეთის წინააღმდეგ“, §145, 146).
საქმეში წარმოდგენილი არ არის ადვოკატის დახმარების საფასურის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება. თუმცა, საქმის მასალებით დასტურდება მოსარჩელისათვის ადვოკატის მიერ იურიდიული მომსახურების გაწევა, რის გამო სასამართლოს უნდა განეხილა არა ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება, არამედ საქმის მასალებით დადასტურებული ადვოკატის მიერ მოსარჩელისათვის გაწეული მომსახურების ღირებულების მოპასუხისათვის დაკისრების შესაძლებლობა. მოსარჩელესა და ადვოკატს შორის იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების, გადახდის ქვითრის, საგადახდო დავალების შესრულების დოკუმენტის წარუდგენლობა, არ გამორიცხავს საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას. მოსარჩელეებსა და ადვოკატს შორის წარმოშობილი ურთიერთობის მატერიალური საფუძველია დავალების ხელშეკრულება (სკ-ის 709-ე მუხ.). მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში (სკ-ის 710-ე მუხ.). გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება მოცემულ შემთხვევაში პრეზიუმირებულია, ვინაიდან სასყიდლიანი დავალების ხელშეკრულება შეიძლება იყოს წერილობითი ან ზეპირი, ხოლო ადვოკატის მომსახურების ღირებულება საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, წაგებულ მხარეს უნდა დაეკისროს. იურიდიული მომსახურების გაწევის შემთხვევაში ივარაუდება მხარეთა შორის სასყიდლიანი დავალების ხელშეკრულების არსებობა, საწინააღმდეგო დამტკიცებას საჭიროებს. ამდენად, ხარჯების განსაზღვრა ხდება სასამართლოში მხარის მიერ წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, ამგვარი მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში, მხარის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს თავადაც შეუძლია განსაზღვროს იურიდიული დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა (სუს 11.02.08წ. №ას-792-1114-07 განჩინება), თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „პინკოვი და პინკი ჩეხეთის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო უფლების დარღვევა (ადმიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. სასამართლოს მიერ ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ზღვარის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს (სუს 11.02.08წ. №ას-792-1114-07). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პროცენტული ცენზი და თანხა წარმოადგენს იმ მაქსიმალურ საკანონმდებლო ზღვარს, რომელიც წაგებულ მხარეს შესაძლოა დაეკისროს მოგებული მხარის სასარგებლოდ, ამასთანავე სასამართლომ ადვოკატის მომსახურების ღირებულების განსაზღვრისას მხედველობაში უნდა მიიღოს იძულებითი განაცდურის ოდენობა, საქმის სირთულე, უფლების დარღვევის აღსაკვეთად წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელების ინტენსივობა, ხანგრძლივობა, ინსტანციურობა და სხვ. (სუს 14.07.16წ. №ბს-776-768(2კ-4კს-15) განჩინება).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეებმა პროცესის ხარჯების დაბრუნების (მეორე მხარისათვის მათ სასარგებლოდ დაკისრების) შესახებ უნდა მიუთითონ ძირითად სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში ივარაუდება, რომ მათ პრეტენზია პროცესების ხარჯებთან დაკავშირებით არ გააჩნიათ. ამასთან, მხარეებს არ ეზღუდებათ პროცესის ხარჯების მოთხოვნის უფლება საქმის მომზადების დასრულების შემდგომ ან საქმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, თუკი ხარჯების საკითხი სწორედ საქმის განხილვის ამ სტადიაზე წარმოიშვა. მოცემულ შემთხვევაში ადვოკატის მომსახურების ღირებულების მოპასუხისათვის დაკისრების საკითხი სააპელაციო საჩივარში დაისვა. სამოქალაქო კოდექსით დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელ მუხლებში (სკ-ის 709-722) გათვალისწინებული არ არის სპეციალური მოთხოვნა ხელშეკრულების ფორმის თაობაზე, ამდენად შესაძლებელია მისი დადება როგორც წერილობითი, ისე ზეპირი ფორმით. ამასთანავე, დაცული უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის მოთხოვნა მარწმუნებლის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელების მინდობილობის გაცემის შესახებ, რათა წარმომადგენელმა შეძლოს წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელება. საქმეში დაცულია სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობები, რომლებითაც განისაზღვრა ადვოკატის უფლებამოსილება და ვალდებულება - დაიცვას მოსარჩელის ინტერესი. საქმეში დაცული მინდობილობები ადასტურებენ, რომ მოსარჩელემ საკუთარი ინტერესების დაცვა მიანდო ი. პ-ს. ვინაიდან მინდობილობის შინაარსი და დავალების შინაარსი არ არის ურთიერთგამომრიცხავი დოკუმენტი, არ გამოირიცხება მათი ერთ დოკუმენტში - მინდობილობაში მოქცევა. დავალების ხელშეკრულება შეიძლება იყოს როგორც უსასყიდლო, ისე სასყიდლიანი. გასამრჯელო ჩაითვლება უსიტყვოდ შეთანხმებულად, თუ გარემოებათა მიხედვით მოქმედების შესრულება მხოლოდ გასამრჯელოთი არის მოსალოდნელი. საქმეში დაცული ა. მ-ის მიერ გაცემული რწმუნებულება (ტ. 3, ს.ფ. 44-46) არ შეიცავს დათქმას იურიდიული დახმარების უსასყიდლოდ გაწევის შესახებ (იხ. 27.02.17წ. №..., სანოტარო მოქმედების ინდივიდუალური ნომერი: ... რწმუნებულება). იურიდიული დახმარება მოიცავს სამართლებრივი დოკუმენტების შედგენას, წარმომადგენლობას სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში („იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). სწორედ ხსენებული მინდობილობის საფუძველზე ხორციელდებოდა მოსარჩელის - ა. მ-ის ინტერესების დაცვა სააპელაციო სასამართლოში წარმომადგენლის მიერ, რომლის გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. საპროცესო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის ხდება თითოეული ინსტანციის სასამართლოში ცალ-ცალკე ზემდგომ ინსტანციაში დამდგარი შედეგის მიხედვით. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის გამო მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს უნდა დაეკისროთ ა. მ-ის სასარგებლოდ მისთვის გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 200 ლარის ოდენობით, ანაზღაურება. კანონმდებლობას და სასამართლოს პრაქტიკას არ ესადაგება სააპელაციო პალატის განჩინება სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად ამ ნაწილში განჩინების გაუქმების და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს ქმნის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1 ა. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს დაშვებულ ნაწილში;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მაისის განჩინება ა. მ-ისათვის ადვოკატის ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს ა. მ-ის სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯი - 200 (ორასი) ლარის ოდენობით;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე