Facebook Twitter

საქმე №ბს-884(კ-18) 26 მარტი, 2019 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ი. ბ-ი, გ. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; მიუღებელი შემწეობის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ბ-მა და გ. მ-მა 2017 წლის 23 მაისს სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 25 აპრილის №04/26233 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის 2014 წლის აპრილიდან 2014 წლის ოქტომბრამდე და 2015 წლის ნოემბრიდან 2017 წლის მარტამდე მიუღებელი ფულადი სოციალური დახმარების, საერთო ჯამში -2544 ლარის ოდენობით გადახდის დაკისრება.

მოსარჩელეთა განმარტებით, მათი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და ბოლო მონაცემებით, ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 29 790 ერთეულით. მიუხედავად იმისა, რომ დეკლარაციებში დაფიქსირებული მონაცემები იყო იდენტური, 2013 წლის 25 დეკემბრის მოთხოვნისა და 2014 წლის 16 იანვარს შევსებული „ოჯახის დეკლარაციის“ საფუძველზე, მათ ორსულიან ოჯახს მიენიჭა სარეიტინგო ქულა 58370 ერთეული, ხოლო 2014 წლის 18 მარტს განმეორებით შევსებული ოჯახის დეკლარაციის საფუძველზე - 60990 ერთეული. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების მინისტრის დავალების საფუძველზე, 2014 წლის 14 აპრილს უფლებამოსილმა პირმა დამატებით განახორციელა შეფასება და 2014 წლის 10 აგვისტოს ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 16920 ერთეულით, რის საფუძველზეც 2014 წლის ოქტომბრიდან მიიღეს შემწეობა. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ მაღალი სარეიტინგო ქულების მინიჭება მოხდა უკანონოდ და ვინაიდან საცხოვრებელი პირობები პირველი შემოწმებიდან იყო უცვლელი, შემწეობა უნდა მიეღოთ 2014 წლის აპრილის თვიდან.

მოსარჩელეებმა ასევე განმარტეს, რომ მეთოდოლოგიის შეცვლის გამო, მათი ოჯახი კვლავ შემოწმდა, 2015 წლის 26 ოქტომბერს დეკლარაცია თავიდან შეივსო და 2015 წლის 25 ნოემბერს სარეიტინგო ქულა მიენიჭათ 107470. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დახმარების შედეგად, მათ ოჯახს ახალი გადამოწმების საფუძველზე, 2015 წლის 24 თებერვალს სარეიტინგო ქულა მიენიჭა 73980 ერთეული. ამის შემდეგ, მათ რამდენჯერმე უშედეგოდ მიმართეს შესაბამის ორგანოებს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარდგენილ მოთხოვნაზე, განემარტათ, თუ რატომ არ ეკუთვნოდათ ფულადი დახმარება 2015 წლის ნოემბრიდან 2017 წლის 01 თებერვლამდე, ადმინისტრაციულმა ორგანომ 2017 წლის 25 აპრილს წერილობითი უპასუხა, რომ ადმინისტრაციული საჩივარი 2014 წლის 15 თებერვლისა და 2015 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, წარდგენილი იყო გასაჩივრების ერთთვიანი ვადის დარღვევით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. ბ-ისა და გ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. ბ-მა და გ. მ-მა და მოითხოვეს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მაისის განჩინებით ი. ბ-ისა და გ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ დავის არსს და სასამართლოს მსჯელობის ძირითად საგანს წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, კერძოდ, საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ბ-მა 2017 წლის 6 აპრილს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს. მან სადავოდ გახადა 2014 წლის 15 თებერვალს და 2015 წლის 25 ნოემბერს სარეიტინგო ქულების (58370, 107470 ერთეული) განსაზღვრისა და კორექტირების თაობაზე სააგენტოს 2016 წლის 19 აპრილის №04/31432 გადაწყვეტილებები და მოითხოვა მათი ბათილად ცნობა. ამასთან, მიუთითა, რომ ოჯახის დეკლარაციაში არ იყო შეტანილი გ. მ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხოლო გრაფაში „სხვა ფულადი დახმარება, რომლის გაცემა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულაზე“ - მითითებულია 200 ლარი, რაც რეალურად იყო რაიონის გამგეობის მიერ ქირაში გადახდილი თანხა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 10 აპრილის №04/22350 გადაწყვეტილებით ი. ბ-ს დაევალა, ორი კვირის ვადაში, დამატებით წარედგინა ადმინისტრაციული საჩივრის ერთთვიან ვადაში წარდგენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასევე, დაეფიქსირებინა სურდა თუ არა საჩივრის განხილვაში მონაწილეობის მიღება და წარედგინა მის ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება.

საქმეზე ასევე დადგენილია, რომ გ. მ-მა 2017 წლის 20 აპრილს №39679 განცხადებით წარადგინა ი. ბ-ის პოზიცია, რომლის თანახმადაც, მან გამოთქვა სურვილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაში მონაწილეობის თაობაზე.

სააპელაციო პალატამ ვინაიდან დაადგინა, რომ 2016 წლის 19 აპრილის სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილება, მოსარჩელეებმა საჩივრით გაასაჩივრეს 2017 წლის 06 აპრილს, აქედან გამომდინარე, მიიჩია, რომ აპელანტების მიერ სადავო აქტის ბათილად ცნობის თაობაზე ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილი იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დადგენილი ვადის დარღვევით.

გარდა ზემოხსენებულისა, პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია ყურადღების გამახვილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა. პალატამ განმარტა, რომ ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის - თანაზომიერების პრინციპის რეალიზაციის მიზნით ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილი გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი გაშვებული ვადის აღდგენის შესაძლებლობა, კერძოდ, ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ გაშვებული ვადა უნდა აღადგინოს, თუ მისი გაშვება მოხდა დაუძლეველი ძალის გამო ან სხვა საპატიო მიზეზით. ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის აღდგენის კომპეტენცია განეკუთვნება ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებაზე მსჯელობისას გამოკვლეულ უნდა იქნეს, რამდენად დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის შერჩეული გადაწყვეტა, რაც, თავის მხრივ, უნდა ეფუძნებოდეს საქმეზე ფაქტების ობიექტურ გამოკვლევა-დადგენას და შეფასებას. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი გაშვებული ვადის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ ჯეროვნად უნდა გამოიკვლიოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რამაც განაპირობა კანონით დადგენილი ვადის გაშვება, უნდა შეაფასოს, რამდენად ობიექტურ ხასიათს ატარებს ის მიზეზი, რამაც გამოიწვია ვადის გაშვება. მოცემულ საქმეზე კი სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია გასაჩივრების ვადის საპატიო მიზეზის არარსებობის თაობაზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელეთა მიერ ვერ იქნა მითითებული იმ შესაძლო საპატიო მიზეზის არსებობის თაობაზე, რომლის გამოკვლევა შეფასების შემდეგ ადმინისტრაციულ ორგანოს მიეცემოდა შესაძლებლობა ემსჯელა საპატიო მიზეზის არსებობაზე. მოსარჩელის მიერ განცხადებით მხოლოდ დაფიქსირებული იქნა მისი სურვილი - მონაწილეობა მიეღო საჩივრის ზეპირი მოსმენის დასწრებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მოსარჩელეებმა ვერ უზრუნელყვეს მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში იმ უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა საჩივრის წარდგენის ეტაპზე რაიმე საპატიო მიზეზის არსებობა.

პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტების მითითება იმის თაობაზე, რომ მათ შეეძლოთ წარედგინათ მინიჭებული სარეიტინგო ქულების ერთთვიან ვადაში გასაჩივრების დამადასტურებელი მტკიცებულება, თუკი ადმინისტრაციული ორგანო ჩანიშნავდა ზეპირ მოსმენას. აღნიშნულის დასადასტურებლად მოსარჩელეები მიუთითებენ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ არაერთ განცხადებაზე. ზემოაღნიშნულ მოსაზრებასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ განუმარტა მხარეს, რომ იმ საკითხის გამოკვლევა, რომელიც ეხება საჩივრის დასაშვებობას, სადაც სხვა ფორმალურ საკითხებთან ერთად უნდა შემოწმდეს მხარის მიერ დაცული იქნა თუ არა სადავო გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადები, არ წარმოადგენს საჩივრის ზეპირი მოსმენით, ანუ არსებითი განხილვის ეტაპზე განსახილველ საკითხს. ადმინისტრაციული ორგანო მხოლოდ იმ შემთხვევაში არის უფლებამოსილი დანიშნოს საქმის არსებითი განხილვა, როდესაც საჩივრის ავტორი გადალახავს დასაშვებობის ეტაპს. სწორედ აღნიშნულ ეტაპზეა სავალდებულო დაზუსტდეს გასაჩივრების ირგვლივ არსებული საკითხი. ამდენად, პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტების მითითება, გასაჩივრების ერთთვიანი ვადის შესახებ ინფორმაციის წარდგენის თაობაზე, საჩივრის არსებითად განხილვის დროს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი. ბ-მა და გ. მ-მა, რომელთაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კასატორები განმარტავენ, რომ 2013 წელს დაწერეს განცხადება და მოითხოვეს სოციალური დამხარება. 2014 წლის იანვარში მიანიჭეს 58 370 სარეიტინგო ქულა, რაც არ შეესაბამებოდა რეალობას. სოციალური სააგენტოსათვის ხელახალი მიმართვის შემდეგ მოხდა გადამოწმება და 2014 წლის 18 მარტს მიანიჭეს 16 920 სარეიტინგო ქულა, მაგრამ დახმარების გაცემა დაიწყო 2014 წლის 01 ოქტომბრიდან. კასატორები ითხოვენ 2014 წლის იანვრის, მარტის და აგვისტოს შემოწმებასა და კუთვნილი დახმარების ანაზღაურებას. ახალ მეთოდოლოგიასთნ დაკავშირებით მოხდა ახალი შემოწმება და მანამდე მინიჭებული 17210 სარეიტინგო ქულა, იმავე ფართობსა და პირობებში ცხოვრების მიუხედავად, შეფასდა 107 470 სარეიტინგო ქულით, აღნიშნული ქულა მიმართვის საფუძველზე შემცირდა 73 980 ქულამდე. კასატორები აღნიშნავენ, რომ ყველა საჭირო საბუთი წარდგენილია სასამართლოში, თუმცა მათი შესწავლა არ მომხდარა და სასამართლომ არ მიაქცია სათანადო ყურადღება, კერძოდ, სასამართლომ არასწორად მიიჩნია თითქოს დაგვიანებით იქნა წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი სამინისტროში, რადგან საქმეში წარმოდგენილია არაერთი განცხადება, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ქულების მინიჭებას არ ეთანხმებოდნენ.

კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ მიაქცია ყურადღება და არ იმსჯელა გადაწყვეტილებაში იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ იზოლდა ბიბილეიშვილმა 2017 წლის 19 აპრილს განცხადებით მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს ბატონ ზ. ს-ეს, განცხადებით მოთხოვნილ იქნა, რომ მას სურვილი აქვს დაესწროს ზეპირ მოსმენას და მონაწილეობა მიიღოს საჩივრის განხილვაში გ. მ-თან ერთად, ამავე განცხადებაში ი. ბ-მა მიუთითა, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დამატებით დოკუმენტაციას წარადგენდა ზეპირი მოსმენის დროს, ადმინისტრაციულმა ორგანომ ეს განცხადება ჩათვალა, რომ მან დამატებით მიცემულ ვადაში ვერ წარადგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია, ამიტომ არ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით.

კასატორები მიუთითებენ, რომ მართალია, მოსარჩელეები გასაჩივრების ერთთვიან ვადაში წერდნენ პრეტენზიებს განცხადების ფორმით, მაგრამ თავისი შინაარსით ამ განცხადებებით ისინი აპროტესტებდნენ მინიჭებულ უკანონო სარეიტინგო ქულას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით ი. ბ-ისა და გ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად; საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ბ-ისა და გ. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

განსახილველი დავის საგანს ი. ბ-ისა და გ. მ-ის მიმართ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 25 აპრილის №04/26233 გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა და მოპასუხისათვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ 2014 წლის აპრილიდან 2014 წლის ოქტომბრამდე და 2015 წლის ნოემბრიდან 2017 წლის მარტამდე პერიოდებში მიუღებელი ფულადი სოციალური დახმარების, ჯამში - 2544 ლარის ანაზღაურება წარმოადგენს.

გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 25 აპრილის №04/26233 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ი. ბ-ს ეცნობა, რომ 2017 წლის 20 აპრილის №39679 განცხადებით (პოზიცია ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით) მან არ წარადგინა სოციალური მომსახურების სააგენტოს ქმედების კანონმდებლობით დადგენილ ერთი თვის ვადაში სადავოდ ქცევის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, მისი ადმინისტრაციული საჩივარი წარმოებაში არ იქნა მიღებული. მითითებული პოზიციის საწინააღმდეგოდ მოსარჩელეები მიუთითებენ საქმეში არსებულ განცხადებებზე და იმ გარემოებაზე, რომ სარეიტინგო ქულების მინიჭებასთან დაკავშირებით წარდგენილი ყველა განცხადება შეიცავდა პროტესტს და ამასთან, გასაჩივრების ვადის დაცვის დადასტურება არ წარმოადგენს მათი მტკიცების საგანს. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, მათთან დაცული მტკიცებულებების მიუხედავად, არ გამოიკვლია საქმის გარემოებები სრულყოფილად და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის შესახებ.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაასაბუთოს კანონით გათვალისწინებული რა არსებითი სახის საფუძველი არსებობდა, რომელმაც განაპირობა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. ამ გარემოების გარკვევას და დასაბუთებას არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ დადგინდეს, მოსარჩელეებთან მიმართებაში ადგილი ხომ არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიული დანაწესის დარღვევას.

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის, მისი დასაშვებობის კრიტერიუმებისა და გასაჩივრების ვადის დაცვის დადასტურების მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტსა და 177-ე მუხლზე, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს უფლებას ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის გზით გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან/და ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, ხოლო ამავე კოდექსის 180-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების ერთთვიანი ვადა, რომლის ათვლაც უკავშირდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შემთხვევაში მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღეს, თუ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი. მხარისათვის ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის უფლების მინიჭება უზრუნველყოფს როგორც პირთა უფლების შელახვის აღმოფხვრასა და უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენას, ასევე უშუალოდ ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობის ეფექტურ კონტროლს.

განსახილველ შემთხვევაში, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით დადგენილია, რომ ი. ბ-ისა და გ. მ-ის ოჯახი რეგისტრირებულია მითითებულ ბაზაში, საიდენტიფიკაციო ნომრით: *... . 2016 წლის 17 დეკემბერს შევსებული ოჯახის დეკლარაციის საფუძველზე, 2016 წლის 17 დეკემბერს ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 29790 ერთეულით. ამავე ამონაწერში ასახულია ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულების შესახებ მონაცემები 2009 წლიდან.

დადგენილია, რომ ი. ბ-მა 2017 წლის 6 აპრილს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს. მან სადავოდ გახადა 2014 წლის 15 თებერვალს და 2015 წლის 25 ნოემბერს სარეიტინგო ქულების (58370, 107470 ერთეული) განსაზღვრის გადაწყვეტილებები და კორექტირების თაობაზე სააგენტოს 2016 წლის 19 აპრილის №04/31432 გადაწყვეტილება და მოითხოვა მათი ბათილად ცნობა. ამასთან, მიუთითა, რომ ოჯახის დეკლარაციაში არ არის შეტანილი გ. მ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხოლო გრაფაში „სხვა ფულადი დახმარება, რომლის გაცემა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულაზე“ - მითითებულია 200 ლარი, რაც რეალურად არის რაიონის გამგეობის მიერ ქირაში გადახდილი თანხა.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 10 აპრილის №04/22350 გადაწყვეტილებით ი. ბ-ს დაევალა, ორი კვირის ვადაში, დამატებით წარედგინა ადმინისტრაციული საჩივრის ერთთვიან ვადაში წარდგენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასევე, დაეფიქსირებინა სურდა თუ არა საჩივრის განხილვაში მონაწილეობის მიღება და წარედგინა მის ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება.

გ. მ-მა 2017 წლის 20 აპრილს №39679 განცხადებით წარადგინა ი. ბ-ის განცხადება, რომლის თანახმადაც, მან გამოთქვა სურვილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაში მონაწილეობის თაობაზე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 25 აპრილის №04/26233 გადაწყვეტილებით ი. ბ-ს ეცნობა, რომ 2017 წლის 20 აპრილის №39679 განცხადებით (პოზიცია ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით), მან არ წარადგინა სოციალური მომსახურების სააგენტოს ქმედების კანონმდებლობით დადგენილ ერთი თვის ვადაში სადავოდ ქცევის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, მისი ადმინისტრაციული საჩივარი წარმოებაში არ იქნა მიღებული.

დადგენილია, რომ გ. მ-მა 2015 წლის 1 დეკემბერს №118399, 2016 წლის 2 მარტის №23736 განცხადებებით, ხოლო ი. ბ-მა 2013 წლის 25 დეკემბრის №140071, 2014 წლის 5 მარტის №22453, 2014 წლის 19 მაისის №50608, 2014 წლის 2 ივლისის №68482, 2015 წლის 25 მაისის №47862, 2015 წლის 30 დეკემბრის №130108, 2016 წლის 9 თებერვლის №14070, 2016 წლის 29 თებერვლის №22003 და №22004, 2016 წლის 2 მარტის №23469, 2016 წლის 22 მარტის №31473, 2016 წლის 21 აპრილის №44340 განცხადებით მიმართეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს. ისინი სადავოდ ხდიდნენ შესაბამის პერიოდში ოჯახისათვის მინიჭებულ სარეიტინგო ქულას და ითხოვდნენ მის კორექტირებას, თავიდან გადამოწმების შედეგად. (ს.ფ. 150-158).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები გადის ტექნიკურ დამუშავებას, კომპიუტერული პროგრამის საშუალებით. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ გამოყენებით მიიღება ოჯახის სარეიტინგო ქულა, რომელიც საბოლოოდ განსაზღვრავს სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის სამართლებრივ შედეგს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტს (იხ. სუსგ 30.11.2017 წლის საქმე ბს-509-506(2კ-17)), რომლის გასაჩივრებისათვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისაგან განსხვავებული წესი დადგენილი არ არის.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა წერილობითი ან ზეპირი ფორმით. როგორც აღინიშნა, სარეიტინგო ქულის მინიჭებასთან დაკავშირებით მონაცემების ასახვა ხორციელდება წარდგენილი დეკლარაციის შემოწმების შედეგად და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერში ფიქსირდება სარეიტინგო ქულა, რომელმაც ი. ბ-ისა და გ. მ-ის შემთხვევაში შეზღუდა მათი სოციალური უზრუნველყოფის უფლება მიეღოთ ფულადი სოციალური დახმარება. ასეთი შეზღუდვა კი მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წერილობითი ფორმით გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სარეიტინგო ქულის მინიჭების შესახებ. აქტის გამოცემა შესაძლოა განხორციელდეს როგორც მატერიალური დოკუმენტის სახით, ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით, თუმცა ასეთ შემთხვევაში ორგანო უზრუნველყოფს აქტის კანონიერ ძალაში შესვლას ადრესატისათვის მისი ოფიციალური გაცნობით. მმართველობის ღონისძიებების ეფექტურად, ორგანიზებულად და ეკონომიურად განხორციელების მიზნით, ორგანო უფლებამოსილია შეარჩიოს მხარის ინფორმირების ყველაზე მიზანშეწონილი საშუალება, მოახდინოს დაინტერესებული პირის ინფორმირება ელექტრონულად. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შესაძლოა მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს ჩაურევლად განხორციელდეს გარკვეულ მონაცემთა ელექტრონული დამუშავება და აქტის ავტომატურად შედგენაც კი, თუმცა ეს არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს დაინტერესებული პირის ინფორმირების ვალდებულებისგან, რადგან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობის ან საჯარო გამოქვეყნების შემდეგ, აქტის ძალაში შესვლის მომენტის დადგენა არის ადმინისტრაციული საჩივრის და სარჩელის წარდგენისათვის კანონით დადგენილი ვადის ათვლის პირობა (იხ. სუსგ 25.01.2018 წლის საქმე ბს-236-234 (კ-16) ).

მოსარჩელეთა მიერ ადმინისტრაციული საჩივრის საგანს წარმოადგენდა 2014 წლის 15 თებერვალს და 2015 წლის 25 ნოემბერს სარეიტინგო ქულების (58370, 107470 ერთეული) განსაზღვრისა და კორექტირების საკითხი და შესაბამისად, მიუღებელი სოციალური ანაზღაურება, ასევე სააგენტოს 2016 წლის 19 აპრილის №04/31432 გადაწყვეტილების კანონიერება, რომლითაც გ. მ-ს ეცნობა კონკრეტული პირობა, დეკლარაციის კორექტირების საკითხის განხილვისათვის, კერძოდ, თუ წარადგენდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დიაგნოზებიდან ერთ-ერთის დამადასტურებელ დოკუმენტს, განიხილებოდა დეკლარაციის კორექტირების საკითხი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 25 აპრილის წერილით ადმინისტრაციული საჩივარი არსებითი მსჯელობის გარეშე იქნა დატოვებული განუხილველად იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეებმა ვერ წარადგინეს სოციალური მომსახურების სააგენტოს ქმედების (უმოქმედობის) კანონმდებლობით დადგენილ ერთი თვის ვადაში სადავოდ ქცევის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისად, მათ განემარტათ, რომ სააგენტო უფლებამოსილი იყო წარმოებაში არ მიეღო ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ 66).

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმის მასალებით უდავოდ დადასტურებულ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ი. ბ-ის მიერ 2014 წლის 5 მარტს №22453 განცხადება (ს.ფ. 31) შეეხება ადმინისტრაციული საჩივრის საგნის, კერძოდ, 2014 წლის 15 თებერვალს 58 370 სარეიტინგო ქულის მინიჭების (ს.ფ 17) კანონიერებას, ხოლო 2015 წლის 25 ნოემბერს 107470 სარეიტინგო ქულის მინიჭების შემდეგ, 2015 წლის 30 დეკემბერს წარდგენილი №130108 განცხადების (ს.ფ.167) შინაარსი, ასევე შეიცავს ახალი ქულების მინიჭების პროცედურებით გამოწვეულ პროტესტს. ამდენად, ცალსახაა, რომ განმცხადებელი მოითხოვდა ადმინისტრაციული ორგანოსგან დახმარებას და ასევე პასუხს მის სამართლებრივ და სოციალურ პრობლემასთან დაკავშირებით, რასაც მოპასუხის შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია. საქმის მასალებით არ დასტურდება, სარეიტიგო ქულების მინიჭების შესახებ მოსარჩელეთა ინფორმირებულობა და დაინტერესებული პირისთვის სარეიტინგო ქულების მინიჭების შესახებ აქტის ოფიციალურად გაცნობა, შესაბამისად, 2017 წლის 10 აპრილის წერილით მხარისათვის ისეთი მტკიცებულების წარდგენის დავალება, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მტკიცების ტვირთს წარმოადგენს, წინააღმდეგობრივია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მოთხოვნებთან. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოში საქმის განხილვისას, საქმის მასალებით მოსარჩელეთა მიერ დადასტურებულია საპრეტენზიო განაცხადის კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში წარდგენა.

საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს 2017 წლის 25 აპრილის წერილში დაფიქსირებულ პოზიციას, ასევე სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილია კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით, ვინაიდან აღნიშნულის დასადასტურებლად სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თავად მოსარჩელეებმაც არ უარყვეს 2017 წლის 6 აპრილს 2016 წლის 19 აპრილის წერილის გასაჩივრების ფაქტი, თუმცა შეფასების გარეშე იქნა დატოვებული ადმინისტრაციული საჩივრის საგანი სრული მოცულობით, რაშიც მოიაზრებოდა არა მხოლოდ 2016 წლის 19 აპრილის წერილის კანონიერების განხილვა, არამედ კონკრეტული სარეიტინგო ქულების მინიჭებასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შეფასება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 2017 წლის 25 აპრილს მიღებული წერილის კანონიერების დასადასტურებლად სასამართლოში არ არის წარმოდგენილი რაიმე ისეთი სახის წერილობითი მტკიცებულება, რომლითაც უტყუარად დადგინდებობდა სარეიტინგო ქულების მინიჭების შესახებ 2014 წლის 15 თებერვალს და 2015 წლის 25 ნოემბერს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტებისა და ასევე 2016 წლის 19 აპრილის წერილის კანონით დადგენილი წესით მოსარჩელეებისთვის ჩაბარება, რამდენადაც, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება. ადმინისტრაციულ ორგანოს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი პირდაპირ ავალდებულებს გადაწყვეტილება მიიღოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც განსახილველ შემთხვევაში ვერ იქნა დადასტურებული.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელეთა განცხადების განხილვის დროს, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მასთან წარდგენილი არაერთი განცხადების შინაარსის, განმცხადებლის მიმართ არსებული ყველა მონაცემის შესწავლისა და გამოკვლევის გზით უნდა დაედგინა, არსებობდა თუ არა განცხადების ფორმით დაფიქსირებულ საჩივარში მითითებული პრეტენზიის დაკმაყოფილების შესაძლებლობა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ორგანოს ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ რადგან, მოპასუხის მიერ ვერ იქნა დადასტურებული სადავო აქტების კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცემისა და მხარისათვის ოფიციალურად ჩაბარების ფაქტი, მტკიცების ტვირთის განაწილება არასწორად განხორციელდა მოსარჩელე მხარეზე. საქმეში დაცულია გასაჩივრებული სარეიტინგო ქულების მინიჭებიდან ერთი თვის ვადაში წარდგენილი საჩივრები, რის გამოც უსაფუძვლოა ი. ბ-ისა და გ. მ-ის ადმინისტრცაიული საჩივრის განხილვაზე უარის თქმა და სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული საჩივრის არსებითი განხილვისა და განმცხადებლებისთვის დასაბუთებული პასუხის გაცემის დავალების საფუძველი, სააგენტოს მიერ ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედება უნდა შეფასდეს მთლიანობაში, განცხადების წარდგენიდან მასზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მხარისათვის გასაგები უნდა იყოს რა მოტივით იქნა მიღებული განმცხადებლის მიმართ კონკრეტული გადაწყვეტილება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამდენად, ვინაიდან დადასტურებულია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, არსებობს საკითხის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაბრუნების წინაპირობები. განცხადების განხილვის დროს, უმთავრესია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების ფარგლებში, გამოკვლეულ იქნეს სარეიტინგო ქულის მინიჭებისათვის საქმის ფაქტობრივი გარემოები და გამოცემული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი შეიცავდეს შესაბამის დასაბუთებას, განცხადების დაკმაყოფილებისა თუ მასზე უარის საფუძვლის ზუსტი მითითებით.

რაც შეეხება მაღალი სარეინგო ქულების მინიჭების გამო, მიუღებელი სოციალური დახმარების შესახებ სასარჩელო მოთხოვნას, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხი საჭიროებს არსებითად განხილვას, ამ ეტაპზე, არ არსებობს ზემოაღნიშნული მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. ბ-ისა და გ. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ი. ბ-ისა და გ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მაისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ი. ბ-ისა და გ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 25 აპრილის №04/26233 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ი. ბ-ისა და გ. მ-ის მიერ 2017 წლის 6 აპრილს წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე