#ბს-1487(კს-18) 11 აპრილი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები (მოსარჩელეები) - ვ. და ე. ტ-ები
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი - უფლებამონაცვლედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2017 წლის 10 მაისს ვ. და ე. ტ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელეებმა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 13 იანვრის #001569 დადგენილებისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 10 ივლისის #1-1611 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
ამავე სასარჩელო განცხადებით მოსარჩელეებმა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 198-ე მუხლების საფუძველზე იშუამდგომლეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნით მოპასუხე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს აეკრძალოს 2017 წლის 13 იანვრის #001569 დადგენილებით დაკისრებული საჯარიმო სანქციის აღსრულება სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 მაისის განჩინებით ვ. და ე. ტ-ების შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა; შეჩერდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 13 იანვრის #001569 დადგენილების მოქმედება, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. ტ-ისა და ე. ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ვ. და ე. ტ-ებმა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქმეში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეში წარმოდგენილ იქნა მოპასუხისა და აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის სახით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ნოემბრის საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ვ. და ე. ტ-ებმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს.
კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარე არის იურიდიული პირი, ამიტომ ადმინისტრაციულ ორგანოს სასამართლოსთვის უნდა წარმოედგინა მტკიცებულება იმისა, რომ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა განიცადა რეორგანიზაცია და ამ რეორგანიზაციის შედეგად შეეცვალათ სახელი. მოწინააღმდეგე მხარემ ვერ წარმოადგინა ზედამხედველობის სამსახურის რეორგანიზაციის დამადასტურებელი მტკიცებულება, შესაბამისად, არ არსებობდა სააპელაციო სასამართლოს მიერ უფლებამონაცვლის დადგენის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის განჩინებით ვ. და ე. ტ-ების კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის მოტივების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვ. და ე. ტ-ების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ნოემბრის საოქმო განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ჩართვის საკითხი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92.1 მუხლის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულ ნორმაში ამომწურავი სახით არ არის განსაზღვრული საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძვლები. სამოქალაქო და ადმინისტრაციულ პროცესებში უფლებამონაცვლეობის საფუძველია სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა. მოდავე მხარის ნაცვლად მისი უფლებამონაცვლის ჩაბმა დაკავშირებულია ამა თუ იმ საფუძვლით მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან მის გასვლასთან, რა დროსაც მხარე კარგავს და სხვა პირს გადასცემს თავის საპროცესო სტატუსს. ამგვარი საპროცესო უფლებამონაცვლეობა მჭიდროდაა დაკავშირებული მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობებში შესაძლო უფლებამონაცვლეობასთან, კერძოდ, თუ უფლებამონაცვლეობა დასაშვებია მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით, იგი დასაშვებია პროცესუალურადაც. ამდენად, საპროცესო უფლემონაცვლეობა შეუზღუდავი არ არის და ხორციელდება კანონით დადგენილ ფარგლებში.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, კონკრეტულ შემთხვევაში ვ. და ე. ტ-ები სარჩელით ითხოვდნენ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 13 იანვრის #001569 დადგენილების (რომლითაც ე. ტ-ი და ვ. ტ-ი დაჯარიმდნენ 10 000 ლარით ქ.თბილისში, ...ას ქუჩა #53-ში (საკადასტრო კოდი: #...) უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისათვის და ასევე დაევალათ დემონტაჟი) და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 10 ივლისის #1-1611 ბრძანების (რომლითაც ე. და ვ. ტ-ების ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა) ბათილად ცნობას.
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 სექტემბრის #28-94 დადგენილების თანახმად, ძალადაკარგულად გამოცხადდა „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 ივნისის დადგენილება და დამტკიცდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულება, რომლის 1-ლი მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია (შემდგომში – მუნიციპალური ინსპექცია) წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – თბილისი) მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს თბილისის ტერიტორიაზე მშენებლობის, ქალაქის იერსახის, რეკლამის, აბრის, გარევაჭრობის, ნარჩენებით ქალაქის დანაგვიანების, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, აკუსტიკური ხმაურისა და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებაზე ინსპექტირება. ამავე დადგენილების მე-2 მუხლში რეგლამენტირებულია მუნიციპალური ინსპექციის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები, კერძოდ, ერთ-ერთი ფუნქციაა სწორედ სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერება ან/და დემონტაჟი, საჯარიმო სანქციების გამოყენება (მუხლი 2.2, „ა“ ქვეპუნქტი).
აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ კონკრეტული დავის შინაარსის გათვალისწინებით, საქმეში მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ. და ე. ტ-ების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც სახეზე არ არის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. და ე. ტ-ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ნოემბრის საოქმო განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ბ. ალავიძე