#ბს-1591(კს-18) 11 აპრილი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - დ. ქ-ა
მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ც-ა
სარჩელზე მოპასუხეები - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახური
მესამე პირები - დ. ხ-ა, გ. ხ-ე, დ. კ-ე, ნ. მ-ე, ზ. გ-ა, მ. მ-ი, თ. ა-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი - საქმის წარმოების შეჩერების კანონიერება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2017 წლის 28 მარტს ნ. ც-ამ, ზ. ჯ-მა, ნ. ბ-ემ, მ. ჩ-მა, თ. ყ-მა, თ. წ-მა, ვ. ჭ-ემ და ე. ჯ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიმართ.
მოსარჩელეებმა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 22 დეკემბრის #3013737 ბრძანებისა და „ნ. ც-ას წარმომადგენლის ე. ც-ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 24 თებერვლის #1-472 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
ამავე სასარჩელო განცხადებით მოსარჩელეებმა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის საფუძველზე იშუამდგომლეს შეჩერდეს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 3 ნოემბრის #3013737 ბრძანების მოქმედება სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და დამკვეთს აეკრძალოს ქ.თბილისში, ... ... კვარტალის, #13 კორპუსის/ქ.თბილისში, ... #31 კორპუსის გადახურვაზე აწარმოონ ნებისმიერი სახის სამშენებლო სამუშაოები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 აპრილის განჩინებით დაზუსტდა მოსარჩელეთა წრე და მოსარჩელედ დასახელებულ იქნა მხოლოდ ნ. ც-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ დ. ხ-ა, გ. ხ-ე, დ. ქ-ა, დ. კ-ე, ნ. მ-ე, ზ. გ-ა, მ. მ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 აპრილის განჩინებით ნ. ც-ას შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა; შეჩერდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 22 დეკემბრის (03 ნოემბერი) #3013737 ბრძანების (არ1453031) მოქმედება და დამკვეთს აეკრძალა ქ.თბილისში, ... ... კვარტალი, #13 კორპუსის /ქ.თბილისში, ... ქუჩის #31 კორპუსის გადახურვაზე აწარმოოს ნებისმიერი სახის სამშენებლო სამუშაოები, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 აპრილის განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე კერძო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 აპრილის განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ასევე დ. ხ-ამ, გ. ხ-ემ, დ. ქ-ამ, დ. კ-ემ, ნ. მ-ემ, ზ. გ-ამ, მ. მ-მა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ივლისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურისა და დ. ხ-ას, გ. ხ-ის, დ. ქ-ას, დ. კ-ის, ნ. მ-ის, ზ. გ-ასა და მ. მ-ის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 აპრილის განჩინება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, მესამე პირად ჩაება თ. ა-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ც-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 24 თებერვლის #1-472 ბრძანება „ნ. ც-ას წარმომადგენლის ე. ც-ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 22 დეკემბრის #3013737 ბრძანება; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ.თბილისში, ... ქუჩა #31, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის საკადასტრო კოდი: N...) არსებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში კერძო საკუთრებაში არსებული ფართების რეკონსტრუქციის (დაშენებით) არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მესამე პირებმა: დ. ხ-ამ, გ. ხ-ემ, დ. ქ-ამ, დ. კ-ემ, ნ. მ-ემ, ზ. გ-ამ, მ. მ-მა და თ. ა-მა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურმა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ნოემბრის განჩინებით ნ. ც-ას წარმომადგენლის - უ. ქ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შეჩერდა მოცემული ადმინისტრაციული საქმის წარმოება ნ. ც-ას მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში აღძრულ სარჩელზე (საქმე #2/21019-16), ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...ის“ 2016 წლის 22 თებერვლის #46 კრების ოქმის ბათილად ცნობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან განსახილველ დავაში სარჩელის საგანია მშენებლობის ნებართვის გამოცემის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 22 დეკემბრის #3013737 ბრძანების კანონიერება, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში წარდგენილი სარჩელით ნ. ც-ა ითხოვს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...ის“ 2016 წლის 22 თებერვლის #46 კრების ოქმის ბათილად ცნობას, შესაბამისად, ეს ორი დავა დაკავშირებულია ერთმანეთთან და ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა ან ბათილად ცნობაზე უარი უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ პალატაში მისაღებ გადაწყვეტილებაზე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წინამდებარე დავის განხილვა შეუძლებელია კრების ოქმის ბათილობასთან დაკავშირებით არსებული სამოქალაქო დავის გადაწყვეტამდე, რადგან ადმინისტრაციული სარჩელი ეხება ამ კრების ოქმის საფუძველზე გაცემული მშენებლობის ნებართვის კანონიერებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. ქ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის განჩინებით დ. ქ-ას კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის მოტივების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ. ქ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ნოემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლებს, რომლებიც დადგენილია 279-ე და 280-ე მუხლებში. 279-ე მუხლში ჩამოთვლილია ის პირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის განხილვა, ხოლო 280-ე მუხლი საქმის განმხილველ სასამართლოს აძლევს უფლებას შეაჩეროს საქმის წარმოება თავისი ინიციატივით ან მხარეთა განცხადებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. მითითებული ნორმის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერებისას სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რამდენად შეიძლება სხვა საქმეზე გამოტანილმა გადაწყვეტილებამ იქონიოს არსებითი მნიშვნელობა მოცემული საქმის გადაწყვეტაზე, ანუ საქმის წარმოების შეჩერებამდე უნდა დადგინდეს, თუ რა კავშირია სასამართლოს მიერ განსახილველ კონკრეტულ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელიც სხვა სასამართლოს მიერ განიხილება ან სხვა რომელიმე ორგანოს წარმოებაშია, რამდენად გამომდინარეობენ ისინი ერთი და იმავე ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ განჩინების მიღებას საფუძვლად დაედო ნ. ც-ას მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში აღძრული სარჩელი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...ის“ კრების ოქმების, მათ შორის #46 კრების ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე, რომლის საფუძველზეც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის სადავო ბრძანებით მოხდა მშენებლობის ნებართვის გაცემა.
ნ. ც-ას სარჩელის გამო დაწყებული ადმინისტრაციული საქმის დავის საგანს კი წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 22 დეკემბრის #3013737 ბრძანება, რომლის შესაბამისადაც შეთანხმდა ქ. თბილისში, ... ქუჩა #31-ში მდებარე, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის საკადასტრო კოდი #...), არსებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში კერძო საკუთრებაში არსებული ფართების რეკონსტრუქციის (დაშენებით) არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 24 თებერვლის #1-472 ბრძანება „ნ. ც-ას წარმომადგენლის ე. ც-ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ნოემბრის განჩინების კანონიერების შემოწმებისას შესაფასებელია, თუ რამდენად არის ფაქტობრივად და სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებული ზემოაღნიშნული სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერების შესაბამისად, ქ.თბილისში, ... ქუჩა #31-ში მდებარე უძრავი ქონება, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 2085.00 კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: 19, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: #1, #2, #3, #4, #5, #6; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: #..., საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოსარჩელე ნ. ც-ას (ბინა #58, ფართი: 69 კვ.მეტრი), მესამე პირების - ნ. მ-ის (სხვენ-სართული - 61.62 კვ.მეტრი), ზ. გ-ას (სხვენ-სართული - 73.73კვ.მეტრი), დ. კ-ის (სხვენ-სართული - 73.73 კვ.მეტრი), დ. ქ-ას (სხვენ-სართული 49.51- კვ.მეტრი), გ. ხ-ის (სხვენ-სართული 36.39 კვ.მეტრი), მ. მ-ის (სხვენ-სართული - 55.04 კვ.მეტრი), დ. ხ-ას (სხვენ-სართული - 63.56 კვ.მეტრი), თ. ა-ის (სხვენ-სართული - 73.73 კვ.მეტრი) და სხვათა სახელზე.
ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 05 იანვრის #2372373 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნ. ც-ას 2015 წლის 29 ოქტომბრის #AR1347920 განცხადება და შეთანხმდა ქ.თბილისში, ..., ... კვარტალის, #13 კორპუსის /ქ.თბილისი, ... ქუჩა #24-ის, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის საკადასტრო კოდი #...), არსებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში კერძო საკუთრებაში არსებული ფართების რეკონსტრუქციის (დაშენებით) არქიტექტურული პროექტი.
ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 23 მარტის #2489298 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნ. ც-ას 2016 წლის 05 მარტის #AR1383946 განცხადება და გაიცა ქ.თბილისში, ..., ... კვარტალის, #13 კორპუსი/ქ.თბილისი, ... ქუჩა #24-ის თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის საკადასტრო კოდი #...), არსებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში კერძო საკუთრებაში არსებული ფართების რეკონსტრუქციის (დაშენებით) შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2016 წლის 23 მარტიდან 2016 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით.
2016 წლის 01 აპრილს, ნ. ც-ამ (წარმომადგენელი ე. ც-ა) #115458/12 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 05 იანვრის #2372373 და 2016 წლის 23 მარტის #2489298 ბრძანებების ბათილად ცნობა. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 9 სექტემბრის #1-1640 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნ. ც-ას წარმომადგენლის ე. ც-ას 2016 წლის 01 აპრილის #115458/12 ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 05 იანვრის #2372373 და 2016 წლის 23 მარტის #2489298 ბრძანებები და დაევალა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 22 დეკემბრის #3013737 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნ. ც-ას 2016 წლის 03 ნოემბრის #AR1453031 განცხადება და შეთანხმდა ქ.თბილისში, ... ქუჩა #31-ში მდებარე თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის საკადასტრო კოდი #...), არსებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში კერძო საკუთრებაში არსებული ფართების რეკონსტრუქციის (დაშენებით) არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2016 წლის 22 დეკემბრიდან 2017 წლის 22 მარტის ჩათვლით.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 24 თებერვლის #1-472 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ნ. ც-ას წარმომადგენლის ე. ც-ას 2016 წლის 27 დეკემბრის #450285/15 ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 22 დეკემბრის #3013737 ბრძანება.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...ის“ 2016 წლის 22 თებერვლის #46 ნოტარიულად დამოწმებული კრების ოქმის თანახმად ირკვევა, რომ 69 ბინის მესაკუთრემ, რაც შეადგენს 77,5%-ს, გამოთქვა თანხმობა მშენებლობის დაწყების თაობაზე.
საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 18 მაისის ნ. კ-ის და 2016 წლის 19 მაისის ც. ო-ის განცხადებებით ირკვევა, რომ აღნიშნული პირები არ ესწრებოდნენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...ის“ 2016 წლის 22 თებერვლის კრებას და შესაბამისად, კრების ოქმში მითითებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს მათ აზრი გამოთქვეს და თანხმობა განაცხადეს მშენებლობის დაწყების თაობაზე, არ შეესაბამება სიმართლეს.
საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ ნ. ც-ას სამოქალაქო სარჩელის განხილვისას დამდგარ შედეგს არსებითი მნიშვნელობა აქვს დ. ხ-ას, გ. ხ-ის, დ. ქ-ას, დ. კ-ის, ნ. მ-ის, ზ. გ-ას, მ. მ-ს, თ. ა-ის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის სააპელაციო საჩივრების განხილვისათვის, ვინაიდან, ნ. ც-ას ადმინისტრაციული სარჩელით გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებას ფაქტობრივად საფუძვლად უდევს ნ. ც-ას მიერ სამოქალაქო წესით გასაჩივრებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...ის“ კრების ოქმები, მათ შორის #46 კრების ოქმიც. სწორედ აღნიშნული კრების ოქმი წარმოადგენს ქ.თბილისში, ... ქუჩა #31, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის საკადასტრო კოდი #...), არსებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში კერძო საკუთრებაში არსებული ფართების რეკონსტრუქციის (დაშენებით) არქიტექტურული პროექტისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის საფუძველს და მისი სარჩელებისადმი იურიდიული ინტერესიც ფაქტობრივად მისგან გამომდინარეობს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ეს ორი დავა დაკავშირებულია ერთმანეთთან და ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა ან ბათილად ცნობაზე უარი უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ პალატაში მისაღებ გადაწყვეტილებაზე. პალატას მიაჩნია, რომ წინამდებარე დავის განხილვა შეუძლებელია კრების ოქმის ბათილობასთან დაკავშირებით არსებული სამოქალაქო დავის გადაწყვეტამდე, რადგან ადმინისტრაციული სარჩელი ეხება ამ კრების ოქმის საფუძველზე გაცემული მშენებლობის ნებართვის კანონიერებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლში სწორედ საქმის წარმოების გაგრძელების შეუძლებლობაზეა დათქმა, რაც განსახილველ შემთხვევაში აშკარად სახეზეა და ამ მოცემულობით სააპელაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას განაგრძოს საქმის განხილვა სასამართლოს მიერ იმ ფაქტის გარკვევამდე, რაც საქმის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. ქ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც სახეზე არ არის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. ქ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ბ. ალავიძე