#ბს-98(კს-19) 7 მაისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – ნ. ფ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; ი. კ-ე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2018 წლის 23 აპრილს ნ. ფ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ი. კ-ის მიმართ.
მოსარჩელემ 2009 წლის 18 სექტემბერს შედგენილი უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის დასრულების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 22 სექტემბრის #... გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალურ რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონალური ოფისის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2017 წლის 17 ნოემბრის #... და ამავე ოფისის 2017 წლის 20 დეკემბრის #... სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე ი. კ-ის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 მარტის #... გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის #5 პუნქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის განჩინებით ნ. ფ-ის სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ი. კ-ის მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა საჩხერის რაიონულ სასამართლოს.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ფ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ნ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე განუხილველად იქნა დატოვებული, გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად მიიჩნევა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გასაჩივრების ვადის დენის დაწყება უკავშირდება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გაგზავნის კანონისმიერი ვალდებულების შესრულებას, ანუ ვადის დენა დაიწყება, თუ მხარეს გაგზავნილი გადაწყვეტილებით (განჩინებით, ბრძანებით, დადგენილებით) სწორად განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი, რაც მოცემულ შემთხვევაში დაცულია რაიონული სასამართლოს მიერ.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილების ასლი ნ. ფ-ეს ჩაბარდა 2018 წლის 10 ოქტომბერს, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწურებოდა 2018 წლის 24 ოქტომბერს. სააპელაციო საჩივარი კი მის მიერ შედგენილია 2018 წლის 25 ოქტომბერს და საჩხერის რაიონულ სასამართლოში შეტანილია იმავე დღეს, 2018 წლის 25 ოქტომბერს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით, რამდენადაც სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენა ნ. ფ-ისათვის დაიწყო გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან და შესაბამისად, იწურებოდა 2018 წლის 24 ოქტომბერს, რომელიც იყო სამუშაო დღე და არ ემთხვეოდა უქმე და დასვენების დღეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნ. ფ-ემ სააპელაციო საჩივრის დაგვიანებით წარდგენის გამო დაკარგა ისეთი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, როგორიცაა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დარღვევის გამო, ნ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ფ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ გასაჩივრებული განჩინება მას ჩაჰბარდა 2018 წლის 10 ოქტომბერს და სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა ამოეწურა 2018 წლის 24 ოქტომბერს. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია მისი საპროცესო უფლება საპროცესო ვადის გამოთვლასთან მიმართებაში, კერძოდ კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 60.2 მუხლის თანახმად, „წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულა მისი დასაწყისი“, აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის გასაჩივრების ვადის აღდგენა უნდა დაიწყოს მომდევნო დღიდან, ანუ 11 ოქტომბრიდან, ხოლო სააპელაციო საჩივარი კი შეტანილი აქვს 25 ოქტომბერს. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრების ვადის ათვლა, რომელიც გულისხმობს 14 დღეს დაიწყო 11 ოქტომბრიდან და მათემატიკური გამოთვლის თანახმად 11 ოქტომბრიდან 1 სრული დღე სრულდება 12 ოქტომბერს, 2 სრული დღე 13 ოქტომბერს და ა.შ. შესაბამისად, 14 სრული დღე სრულდება 25 ოქტომბერს (11+14=25). ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, თუ დაშვებული აქვს შეცდომა, ეს მისი უნებლიე და საპატიო შეცდომა იყო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის განჩინებით ნ. ფ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი მასალების, კერძო საჩივრის მოტივების გაცნობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ. ფ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369.1. მუხლის საფუძველზე მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი რჩება.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება ნ. ფ-ეს გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე - ქ. ჭიათურა, ...ის ქ. 16, ბინა 34 და ჩაბარდა პირადად ნ. ფ-ეს 2018 წლის 10 ოქტომბერს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2018 წლის 11 ოქტომბრიდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი 14-დღიანი ვადა 2018 წლის 24 ოქტომბერს 24:00 საათზე იწურებოდა. ნ. ფ-ემ კი, სააპელაციო საჩივრით საჩხერის რაიონულ სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბერს ე.ი. სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ მიმართა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსა თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ასევე საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, რომელიც შესაძლებელია გააგრძელოს სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, კანონისმიერი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონისმიერ განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონისმიერ განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი საპროცესო უფლება – სააპელაციო წესით გაასაჩივროს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, შეიცავს საპროცესო მოვალეობას – უფლების რეალიზაცია მოახდინოს კანონისმიერ ვადაში. მოცემულ შემთხვევაში ნ. ფ-ის მიერ საპროცესო უფლება რეალიზებული არ იქნა კანონისმიერ ვადაში, ანუ მხარემ არ შეასრულა საპროცესო მოვალეობა კანონით დადგენილ ვადაში, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა დატოვებული განუხილველად ნ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი საპროცესო ვადაში წარუდგენლობის გამო.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით დაშვებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის აღდგენა, თუ სასამართლო ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა /სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლი/, თუმცა კანონისმიერი ვადის აღდგენის შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. ფ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც სახეზე არ არის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ფ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ბ. ალავიძე