#ბს-368(კს-19) 16 მაისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები (მოსარჩელეები) – ფ. დ-ი და ა. შ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირები - ვ. ჩ-ი, გ. შ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 იანვრის განჩინება
დავის საგანი - საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2017 წლის 15 სექტემბერს ფ. დ-მა და ა. შ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელეებმა ვ. ჩ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 6 სექტემბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
ამასთან, მოსარჩელეებმა იშუამდგომლეს: 1. შეჩერდეს მოპასუხის 2017 წლის 6 სექტემბრის #... გადაწყვეტილებისა და ჩანაწერის - „ქ. თბილისი, ... გამზირი #69, ბ. 2 მესაკუთრე ვ. ჩ-ის“ მოქმედება დავის დასრულებამდე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე; 2. აეკრძალოს მოპასუხეს ნივთთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოება დავის დასრულებამდე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ვ. ჩ-ი და გ. შ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 სექტემბრის განჩინებით ფ. დ-ისა და ა. შ-ის შუამდგომლობა - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 სექტემბრის განჩინება საჩივრით გაასაჩივრეს ფ. დ-მა და ა. შ-ემ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით ფ. დ-ისა და ა. შ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და განსახილველად გადაეგზავნა ზემდგომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 დეკემბრის განჩინებით ფ. დ-ის და ა. შ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 სექტემბრისა და ამავე სასამართლოს 2017 წლის 3 ოქტომბრის განჩინებები; საქმე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხის გადასაწყვეტად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 იანვრის განჩინებით ფ. დ-ისა და ა. შ-ის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა სარეგისტრაციო წარმოება უძრავ ნივთზე, მდებარე, თბილისი, ... გამზირი #69, #2 ბინაზე, მესაკუთრე ვ. ჩ-ი (ს/კ ...), მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით ფ. დ-ისა და ა. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩა უცვლელად; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის უძრავ ნივთზე, მდებარე: თბილისი, ... გამზირი #69, #2 ბინაზე, მესაკუთრე ვ. ჩ-ი (ს/კ ...), მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე სარეგისტრაციო წარმოების აკრძალვის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის დამატებითი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს - ფ. დ-სა და ა. შ-ეს, მესამე პირის - გ. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ მის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 150 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ფ. დ-მა და ა. შ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 იანვრის განჩინებით ფ. დ-ისა და ა. შ-ის წარმომადგენლის - მ. ყ-ის შუამდგომლობა სარჩელის უკან გახმობის შესახებ დაკმაყოფილდა; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის შესაბამისად, განუხილველად დარჩა აპელანტების ფ. დ-ის და ა. შ-ის სარჩელი მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 6 სექტემბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, მოსარჩელეების მიერ სარჩელის უკან გახმობის გამო; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება. ფ. დ-ს და ა. შ-ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდათ მათ სააპელაციო საჩივარზე ფ. დ-ის მიერ (პ/ნ ...) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამასთანავე, მას დაეკისრება მოპასუხის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდა. სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს.
იმ გარემოების, გათვალისწინებით, რომ მოწინააღმდეგე მხარე და მესამე პირები თანახმა არიან სარჩელის გამოხმობაზე, ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელის გამოხმობა გამომდინარეობს დისპოზიციურობის პრინციპიდან და აღნიშნული მხარის ავტონომიური საპროცესო უფლებაა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ფ. დ-ის და ა. შ-ის წარმომადგენლის მ. ყ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, სარჩელი დატოვებული უნდა იქნეს განუხილველად, მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ფ. დ-მა და ა. შ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა მოითხოვეს.
კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ შეუქმნათ რწმენა, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვის შედეგად დავას მათ საწინააღმდეგოდ განიხილავდა, ამიტომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მათ გამოხატეს მხოლოდ გარეგნული ნება „დავაზე უარის თქმის შესახებ“, არ არსებობდა და არც არსებობს ნება დავაზე უარის თქმის, რაც დასტურდება ასევე სასამართლოში არსებული ადმინისტრაციული და სამოქალაქო დავებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მარტის განჩინებით ფ. დ-ისა და ა. შ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, ფ. დ-ისა და ა. შ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების შესახებ, ხოლო სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის შესახებ განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ 2019 წლის 11 იანვრის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ფ. დ-ისა და ა. შ-ის წარმომადგენელმა იშუამდგომლა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის საფუძველზე სარჩელის გახმობის თაობაზე. სასამართლო სხდომაზე ასევე აპელანტი ფ. დ-ი დაეთანხმა შუამდგომლობას. ფ. დ-ისა და ა. შ-ის მიერ სარჩელის გამოხმობასთან დაკავშირებით თანხმობა განაცხადეს მოწინააღმდეგე მხარის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მესამე პირების - ვ. ჩ-ისა და გ. შ-ის წარმომადგენლებმა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 იანვრის განჩინება სრულად შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის მოთხოვნებს.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორების მითითებას ნების გამოვლენის თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან მიმართებაში განმარტავს, რომ ნების გამოხატვის ნამდვილობის დადგენა ემსახურება ნების გამოხატვის თავისუფლების პრინციპის რეალიზაციას, რაც გულისხმობს, რომ კონკრეტული ქმედება, არჩევანი, გადაწყვეტილება უნდა წარმოადგენდეს პირის ნამდვილ ნებას, იგი არ უნდა იყოს პროვოცირებული ძალადობის, იძულების, მუქარის, შანტაჟის, დაპირების და სხვა პირის არაკეთილსინდისიერი ზემოქმედებით ჩამოყალიბებული ან განპირობებული.
კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელეების შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე არ შეესაბამებოდა მათ ნამდვილ ნებას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ მათთვის განმარტებული იყო სარჩელის გამოხმობის თანმდევი შედეგები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ფ. დ-ისა და ა. შ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფ. დ-ისა და ა. შ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ბ. ალავიძე