#ბს-1569(კს-18) 7 მაისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - შპს „...ა“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
მესამე პირი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (უფლებამონაცვლე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის საოქმო განჩინება
დავის საგანი - უფლებამონაცვლედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2016 წლის 17 თებერვალს შპს „...ამ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 15 თებერვლის #589 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დავის დასრულებამდე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 15 თებერვლის #589 განკარგულების მოქმედების შეჩერება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 თებერვლის განჩინებით შპს „...ას“ განცხადება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა; შეჩერდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - შპს „...ას“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 15 თებერვლის #589 განკარგულების მოქმედება, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 თებერვლის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, მესამე პირად ჩაება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მოსარჩელისათვის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 თებერვლის განჩინება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით შპს „...ას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „...ამ“, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქმეში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. მოცემულ საქმეში მესამე პირის სახით წარმოდგენილ იქნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე 2018 წლის 5 ივლისის #3024-რს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებით) გადაეცა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩაითვალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ (დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებით) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „...ამ“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქმეში მესამე პირის სტატუსით ჩართული იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო და არ არსებობდა საქმეში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩართვის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის განჩინებით შპს „...ას“ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის მოტივების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს „...ას“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის საოქმო განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩართვის საკითხი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92.1 მუხლის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულ ნორმაში ამომწურავი სახით არ არის განსაზღვრული საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძვლები. სამოქალაქო და ადმინისტრაციულ პროცესებში უფლებამონაცვლეობის საფუძველია სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა. მოდავე მხარის ნაცვლად მისი უფლებამონაცვლის ჩაბმა დაკავშირებულია ამა თუ იმ საფუძვლით მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან მის გასვლასთან, რა დროსაც მხარე კარგავს და სხვა პირს გადასცემს თავის საპროცესო სტატუსს. ამგვარი საპროცესო უფლებამონაცვლეობა მჭიდროდაა დაკავშირებული მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობებში შესაძლო უფლებამონაცვლეობასთან, კერძოდ, თუ უფლებამონაცვლეობა დასაშვებია მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით, იგი დასაშვებია პროცესუალურადაც. ამდენად, საპროცესო უფლემონაცვლეობა შეუზღუდავი არ არის და ხორციელდება კანონით დადგენილ ფარგლებში.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში შპს „…ა“ ითხოვდა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 15 თებერვლის #589 განკარგულების ბათილად ცნობას, რომლის შესაბამისადაც, შპს „...ა“ დარეგისტრირდა შავ სიაში, ვინაიდან მან არაჯეროვნად შეასრულა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა (შემსყიდველი) და შპს „...ას“ (მიმწოდებელი) შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ქ. ზუგდიდში, … ქ. #5-ში (ყოფ. … ქუჩა …) მდებარე შენობის დასრულების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა (შემდგომში, დევნილი მოსახლეობისათვის საკუთრებაში გადაცემის მიზნით), წინამდებარე ხელშეკრულებით, თანდართული სატენდერო და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 თებერვლის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, მესამე პირად ჩაება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შესახებ“ საქართველოს კანონის (2018 წლის 5 ივლისი, #3024რს) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (გარდა დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებისა, მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის მიმართულებისა და რეპატრიაციის მიმართულებისა) და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი გადაეცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ჩაითვალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (გარდა დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებისა, მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის მიმართულებისა და რეპატრიაციის მიმართულებისა) და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებით) გადაეცა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩაითვალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ (დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებით) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.
აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ კონკრეტული დავიდან გამომდინარე, საქმეში მესამე პირად ჩაბმული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლეს წარმოადგენს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „...ას“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც სახეზე არ არის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...ას“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის საოქმო განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ბ. ალავიძე