507(კ-19) 29 ივლისი, 2019 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ბესარიონ ალავიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.02.2019წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „…მა“ და სს „ს...მა“ 16.09.2013წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართ მოპასუხის 22.07.2013წ. N460/6 გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით. სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოსარჩელეებმა მოითხოვეს აგრეთვე კომისიის 22.07.2013წ. N460/6 გადაწყვეტილების მე-4 და მე-5 პუნქტების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.12.2013წ. განჩინებით მიმდინარე საქმის წარმოება შეჩერდა N3/2813-13 ადმინისტრაციულ საქმეზე (მოსარჩელე: სს „ჯ…“, სს „…ი“, მოპასუხე: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარება) სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე და მის კანონიერ ძალაში შესვლამდე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.07.2016წ. განჩინებით განახლდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.03.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 22.07.2013წ. N460/6 გადაწყვეტილების მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.02.2019წ. განჩინებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით დადგენილია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 17.07.2013წ. N6 დადგენილების კანონიერება. მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელეები თავდაპირველ სარჩელში ითხოვდნენ კომისიის სადავო აქტის მხოლოდ მე-2 და მე-3 პუნქტების ბათილად ცნობას, თუმცა მას შემდეგ რაც 17.07.2013წ. N6 დადგენილების არარად ცნობის შესახებ მათი სასარჩელო მოთხოვნა სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა, მათ დამატებით მოითხოვეს სადავო აქტის მე-4 და მე-5 პუნქტების ბათილად ცნობაც, რითაც ფაქტობრივად გაზარდეს სასარჩელო მოთხოვნა, შეიცვალა აგრეთვე სასარჩელო მოთხოვნის საფუძველი. აღნიშნული განხორციელდა საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების შემდეგ, რაც საჭიროებდა კომისიის თანხმობას. თავდაპირველი სარჩელის საფუძველი იყო ის, რომ სადავო აქტის გამოცემისას კომისიამ არასწორად იხელმძღვანელა 17.07.2013წ. N6 დადგენილებით, რამაც გამოიწვია საფასურის გაზრდა, ხოლო დაზუსტებულ სარჩელში მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ სადავო აქტი გამოიცა ერთთვიანი ვადის დარღვევით, რამაც გამოიწვია ლიცენზიის საფასურის გაზრდა. კასატორმა მიუთითა, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას მოსარჩელეთა წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს 11 938 941,64 ლარის კონკრეტული გრაფიკით გადახდაზე. კასატორი თვლის, რომ მოსარჩელეთა მიერ კომისიაში წარდგენილი 05.06.2013წ. განცხადება არ უნდა იქნეს მიჩნეული ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით წარდგენილ განცხადებად, მასზე არ იყო თანდართული სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. სს „…მა“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების ნება დაადასტურა სალიცენზიო მოსაკრებლის - 1000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისას, ამიტომ ამ ვადიდან დაიწყო კომისიის მიერ განცხადების განხილვის ერთთვიანი ვადის ათვლა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, §71; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ მოსარჩელეთა მხრიდან ადგილი არ ჰქონია სასარჩელო მოთხოვის გაზრდას, არამედ მოხდა მხოლოდ დაზუსტება. სადავო აქტის მე-4 და მე-5 პუნქტები პროცედურულ ხასიათს ატარებს და გამომდინარეობს მე-2 და მე-3 პუნქტებიდან. კერძოდ, სადავო აქტის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი იყო ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების საფასურის ოდენობა და ამ საფასურის დადგენილი წესით ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება, ხოლო ამავე აქტის მე-4 და მე-5 პუნქტებით განისაზღვრა, რომ ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იყო თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიაში წარედგინა თანხის გადახდიდან 3 დღეში, წინააღმდეგ შემთხვევაში აქტი ძალადაკარგულად გამოცხადდებოდა. ამდენად, მოსარჩელეთათვის ვალდებულების წარმომშობი იყო სადავო აქტის მე-2 და მე-3 პუნქტები, მე-4 და მე-5 პუნქტები კი მათგან გამომდინარეობდა, რაც ადასტურებს სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტებას და არა გაზრდას. ასევე დაუსაბუთებელია მოსაზრება სარჩელის საფუძვლის შეცვლის შესახებ, რადგან როგორც თავდაპირველ, ასევე დაზუსტებულ სარჩელში მითითება ხდებოდა ლიცენზიის საფასურის გამოთვლის ახალი მეთოდის გამოყენების, გაზრდილი ოდენობით საფასურის დაკისრების არამართლზომიერებაზე, დაზუსტებული სარჩელი შეიცავდა უფრო ვრცელ, თუმცა არსობრივად მსგავს დასაბუთებას.
არასწორია კასატორის მოსაზრება, რომ მოსარჩელეთა მიერ ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე ნება გამოიხატა სალიცენზიო მოსაკრებლის - 1000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისას, რადგან ორგანოში 05.06.2013წ. წარდგენილ განცხადებაში ერთმნიშვნელოვნად იყო დაფიქსირებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების სურვილი და მზაობა, რის გამო მოითხოვეს ინფორმაციის გაცემა აუცილებელი პროცედურებისა და გადასახდელი საფასურის შესახებ. ამასთანავე, ვინაიდან სპეციალური კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული კომისიის მიერ განცხადების განხილვის განსხვავებული ხანგრძლივობა, ორგანო ვალდებული იყო 1 თვის ვადაში ემსჯელა ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ მოთხოვნის საფუძვლიანობაზე და დაედგინა მოსარჩელეთა მიერ გადასახდელი საფასური. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით (იხ. სუსგ 26.04.2016წ. Nბს-545-538(2კ-15)) მართალია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 12.12.2005წ. N13 დადგენილებაში 2015 წლის ივლისში დამატებების შეტანამდე დაანგარიშების ძველი ფორმულა ნორმატიულად დადგენილი არ იყო, თუმცა არსებობდა კომისიის ერთგვაროვანი პრაქტიკა და ის, რომ დადგენილებაში დამატებების შეტანის მიზნით დაწყებული იყო შესაბამისი წარმოება, არ ადასტურებს ნორმატიულ აქტში დამატებების შეტანამდე განსახილველი განცხადების სზაკ-ით დადგენილ ვადაში განხილვაზე უარის თქმის და ახალი მეთოდოლოგიით საფასურის გაანგარიშების საფუძვლიანობას, კომისიას უნდა გამოეყენებინა დამატებების მიღებამდე არსებული წესი, მიუხედავად იმისა, რომ იგი მხოლოდ პრაქტიკით იყო განსაზღვრული. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ კომისიას არ მოუხდენია განცხადების განხილვის ვადის ნორმატიულად დადგენილი წესით გაგრძელება, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის მიხედვით, თუ 30 დღის ვადაში არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემის ან ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, ლიცენზია გაცემულად ჩაითვლება. განსახილველ შემთხვევაში კასატორის მიერ დაირღვა სადავო აქტის გამოცემის ვადა, რითაც არსებითი ზიანის მიადგათ მოსარჩელეებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.02.2019წ. განჩინება;
3. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (ს.კ. 204953050) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 27.03.2019წ. N1553682782 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ბ. ალავიძე