საქმე Nბს-917-909(კ-16) 19 ივლისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ქ. თბილისის N... საჯარო სკოლა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა(ა)იპ ...ო, წარმომადგენელი - გ. ტ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.2016წ. გადაწყვეტილება
დავის საგანი - წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა(ა)იპ ...ომ 20.01.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ ქ. თბილისის N... საჯარო სკოლის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოითხოვა სსიპ ქ. თბილისის №... საჯარო სკოლისთვის, სხვა პირის პერსონალური მონაცემების საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფით, შემდეგი საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალება: სკოლის წესდების ასლი, სკოლის შინაგანაწესის ასლი, სკოლის ადმინისტრაციის, ასევე, სკოლის პედაგოგთა და დამხმარე პერსონალის უფლებებისა და სამსახურებრივი მოვალეობების განაწილების, საათობრივი დატვირთვის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტების ასლები; სკოლის მიერ 2009 - 2014 წლებში ჩატარებული სკოლისგარეშე ან კლასგარეშე საგანმანათლებლო-შემეცნებითი და სხვა ღონისძიებების სტატისტიკური მონაცემები; სკოლის მიერ 2009 - 2014 წლებში ჩატარებული სკოლისგარეშე ან კლასგარეშე საგანმანათლებლო-შემეცნებითი და სხვა ღონისძიებების ამსახველი დოკუმენტების ან სამსახურებრივი მოხსენებთი ბარათების ასლები; სკოლის 2009 - 2014 წლებში ბიუჯეტის შესაბამის მუხლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული საქმიანობის მიზნით გამოყოფილი დაფინანსების შესახებ ინფორმაცია და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების ასლები; სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის შემადგენლობის არჩევის/გადარჩევის დოკუმენტების ასლები, მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ 2009 - 2014 წლებში ჩატარებული სხდომის ოქმების, ასევე, ღონისძიების ამსახველი დოკუმენტების ასლები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის 2009-2014 წლებში შემუშავებული და დამტკიცებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ასლები, ასევე ამ გეგმების შემუშავებასთან დაკავშირებული დოკუმენტების პროექტების, მოხსენებითი ბარათების და ანგარიშების ასლები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის გათვალისწინებული და ადაპტირებული ღონისძიებების და კლასგარეშე აქტივობების ამსახველი დოკუმენტების ასლები 2009-2014 წლების საორიენტაციო პერიოდში. მოსარჩელემ მოითხოვა აგრეთვე მოპასუხისათვის სასამართლოსგარეშე ხარჯების (წარმომადგენლობითი მომსახურების ხარჯის) ანაზღაურება 550 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.05.2016წ. გადაწყვეტილებით ა(ა)იპ ...ოს სარჩელი დაკმაყოფილდა, სსიპ ქ. თბილისის №... საჯარო სკოლას დაევალა მოსარჩელისათვის მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გადაცემა სხვა პირის პერსონალური მონაცემების საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფით; სსიპ ქ. თბილისის №... საჯარო სკოლას ა(ა)იპ ...ოს სასარგებლოდ დაეკისრა 50 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად.
წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, სსკ-ის 53-ე მუხლის საფუძველზე სასამართლომ აღნიშნა, რომ ნორმა განსაზღვრავს მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული მეორე მხარისათვის დასაკისრებელი ხარჯების მაქსიმალურ ოდენობას, რა ფარგლებშიც სასამართლოს შეუძლია თავისი შეხედულებით განსაზღვროს მეორე მხარის მიერ ასანაზღაურებელი ხარჯების გონივრული ოდენობა. აღნიშნული წესი ქმნის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას და იცავს მხარეს, რომელსაც ამ ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს. სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა ყოფილიყო მიღებული საქმის ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულე, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, მათი შემოსავალი და სხვა ისეთი გარემოებები, რომლებიც განაპირობებს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გონივრულ ფარგლებს. სასამართლომ დასაკისრებელი ხარჯის ოდენობის განსაზღვრისას გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ ა(ა)იპ ...ოს დებულების თანახმად, სააგენტოში არსებობს იურიდიული განყოფილება, აღნიშნულის მიუხედავად მოსარჩელემ სსიპ ქ. თბილისის №... საჯარო სკოლის წინააღმდეგ საქმის სასამართლოში წარმოების მიზნით, წარმომადგენლობითი მომსახურების ხელშეკრულება დადო სხვა კომპანიასთან - „გ. ტ-ის ბიუროსთან“ და მოსარჩელის სახელით სასამართლოში საქმის წარმოების უფლება მიეცა ბიუროს იურისტს - გ. ტ-ს, რომელიც იმავდროულად არის მოსარჩელე სააგენტოს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. ამდენად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიიჩნია მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად 50 ლარის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.05.2016წ. გადაწყვეტილებაზე გ. ტ-ის წარმომადგენლობით სააპელაციო საჩივარი შეიტანა ა(ა)იპ ...ომ. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოპასუხისათვის ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 50 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - 500 ლარის ანაზღაურების დაკისრება. სსიპ ქ. თბილისის N... საჯარო სკოლას სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.2016წ. გადაწყვეტილებით ა(ა)იპ ...ოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.05.2016წ. გადაწყვეტილება და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა(ა)იპ ...ოს სარჩელი დაკმაყოფილდა, სსიპ ქ. თბილისის N... საჯარო საჯარო სკოლას ა(ა)იპ ...ოს სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ წარმომადგენლისთვის გაწეული ხარჯის _ 500 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 19.01.2016წ. ,,გ. ტ-ის ბიუროსა“ და ა(ა)იპ ...ოს შორის გაფორმდა წარმომადგენლობითი მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც წარმომადგენლის მომსახურების ანაზღაურების ოდენობა 550 ლარით განისაზღვრა. 19.01.2016წ. ა(ა)იპ ...ოს ,,გ. ტ-ის ბიუროსათვის“ გადარიცხული აქვს 550 ლარი წარმომადგენლობითი მომსახურებისათვის. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტმა მოითხოვა მოწინააღმდეგე მხარისათვის გაწეული ხარჯის - 500 ლარის დაკისრება.
სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 47-ე, 53-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება მოწინააღმდეგე მხარეს შესაძლოა დაეკისროს 2 000 ლარამდე ოდენობით. კანონით განსაზღვრულია მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ის ზღვრული ოდენობა, რაც შეიძლება დაეკისროს მეორე მხარეს. ამ ფარგლებში სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულად განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ასანაზღაურებელი ხარჯების ოდენობა. ასეთი წესი ქმნის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, რაც იცავს ხარჯის ანაზღაურებაზე ვალდებული მხარის ინტერესებს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქმის ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულე ან სხვა ისეთი გარემოებები, რომლებიც განაპირობებს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გონივრულ ფარგლებს.
სააპელაციო პალატამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.02.2012წ. Nბს-1330-1315(კ-11) გადაწყვეტილებაზე მითითებით აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (სსსკ-ის 37.3 მუხ.). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია. სააპელაციო პალატის მითითებით, ევროპული სასამართლო მაშინაც აკისრებს ხელმყოფ პირს ადვოკატის მიერ გაწეული შრომის ანაზღაურებას, როდესაც სამართალწარმოებაში მონაწილე პირს არ გადაუხდია ადვოკატის მომსახურებისათვის გათვალისწინებული თანხა ან წარმომადგენლობა განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ქველმოქმედების სახით. სასამართლომ ასევე მიუთითა საქმეზე „ფადეევა რუსეთის წინააღმდეგ“ (Fadeyeva v. Russia), და აღნიშნა, რომ ადვოკატთან დადებული წერილობითი ხელშეკრულების არარსებობა არ გამორიცხავს სახელშეკრულებო ურთიერთობას, საადვოკატო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ზეპირი ფორმითაც, ადვოკატების ჰონორარები ანაზღაურებადია შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით და რეალურია. აღნიშნულზე გავლენას არ ახდენს საადვოკატო მომსახურების ღირებულების წინასწარ გადახდის თაობაზე განმცხადებლის ვალდებულების არარსებობა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადასტურდა ა(ა)იპ ...ოს მიერ 03.02.2016წ. ,,გ. ტ-ის ბიუროსათვის“ წარმომადგენლობითი მომსახურების ასანაზღაურებლად 550 ლარის გადარიცხვა. ამდენად, ფაქტობრივად გაწეული ხარჯის ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა სსიპ ქ. თბილისის N... საჯარო სკოლისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 500 ლარის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.2016წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ქ. თბილისის N... საჯარო სკოლამ.
კასატორმა აღნიშნა, რომ გაურკვეველია გ. ტ-ის ბიუროს სამართლებრივი ფორმა. ,,ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე-18 მუხლი განსაზღვრავს საადვოკატო საქმიანობის ორგანიზაციულ - სამართლებრივ ფორმებს: ადვოკატს უფლება აქვს საადვოკატო საქმიანობის განსახორციელებლად ინდივიდუალურად, სხვა ადვოკატებთან ან სხვა პირებთან ერთად შექმნას საადვოკატო ბიურო ამხანაგობის ან ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონით განსაზღვრული სამეწარმეო იურიდიული პირის სახით. საადვოკატო ბიუროს შექმნის შესახებ ინფორმაცია მისი შექმნიდან 10 დღის ვადაში წარედგინება ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს. ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს საადვოკატო ბიუროს საკონტაქტო მონაცემები, ბიუროში გაერთიანებული ადვოკატების ვინაობა და სამართლის ის დარგები, რომელშიც ადვოკატები ახორციელებენ საქმიანობას. აღნიშული ბიურო არ ფიქსირდება ადვოკატთა ასოციაციის ვებ-გვერდზე მოძიებულ საადვოკატო ფირმებს შორის. საქმის მასალებითა და სასამართლო პროცესებზე გ. ტ-ის აღიარებით უტყუარად დასტურდება, რომ გ. ტ-ი არ არის ადვოკატი, შესაბამისად სასამართლოს მხრიდან არასწორადაა შეფასებული ამ უკანასკნელისათვის, როგორც ადვოკატისათვის, გაწეული ხარჯის ანაზღაურების საკითხი. აღნიშნულიდან გამომდინარე ასევე უსაფუძვლოა სააპელაციო პალატის მიერ განსახილველ საქმესთან მიმართებით უზენაესი სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე მითითება, რადგან გ. ტ-ი არ არის ადვოკატი.
კასატორმა აღნიშნა, რომ სსკ-ის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე სხვა აუცილებელი ხარჯები. ვინაიდან გ. ტ-ი არ არის ადვოკატი, სასამართლოს უნდა ემსჯელა აღნიშნული თანხის სხვა აუცილებელ ხარჯებთან კუთვნილების საკითხზე. სსკ-ის 105-ე მუხლზე მითითებით კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატამ სათანადოდ არ შეაფასა მტკიცებულებები, რის შედეგადაც, არასწორად განმარტა 500 ლარის, როგორც ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული თანხის, მოპასუხისათვის დაკისრების შესაძლებლობის საკითხი.
კასატორმა აღნიშნა, რომ სკ-ის 35-ე მუხლის მიხედვით არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებელი/წევრი უფლებამოსილია ერთ პირს მიანიჭოს საქმეების ერთპიროვნულად გაძღოლის უფლებამოსილება ან/და დააწესოს ორი ან მეტი ერთობლივი ხელმძღვანელობა ან/და წარმომადგენლობა. ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გადაწყვეტილების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება - არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციული სტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს მისი წესდებით, რომელიც საჭიროებს სათანადო წესით დამოწმებას. არაკომერციული იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება ,,მეწარმეთა შესახებ“' კანონის მე-9 მუხლით მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისათვის განსაზღვრული წესები. კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ა(ა)იპ ...ოს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია გ. ტ-ი, რომელიც ა(ა)იპ-ის დებულების მიხედვით, წარმოადგენს სააგენტოს უფროსს. დებულების 12.8 მუხლის თანახმად, სააგენტოს უმაღლესი მმართველობითი, წარმომადგენლობითი და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირია სააგენტოს უფროსი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს ერთპიროვნულად. დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრულია სააგენტოს უფროსის ფუნქციები, კერძოდ, სააგენტოს უფროსი წარმოადგენს სააგენტოს ყველა ინსტანციის სასამართლოში, ადმინისტრაციულ, ასევე საგამოძიებო ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში, თუ მის მიერ არ არის გაცემული შესაბამისი დავალება სააგენტოს სხვა მოსამსახურეთა მიმართ წარმომადგენლობის უფლებამოსილების განხორციელების თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში მსგავსი დავალების გაცემა არ დასტურდება. გ. ტ-ი ითხოვს სააგენტოს იმ წარმომადგენლობაზე' გაწეული ხარჯების ანაზღაურებას, რაც მან გასწია სასამართლოში და რაც მისი, როგორც სააგენტოს უფროსის უშუალო ვალდებულებას წარმოადგენდა. ამდენად, სახეზეა იმ პირის მიერ წარმომადგენლობაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნა, რომელმაც კანონისმიერი ვალდებულების საფუძველზე სააგენტოს ინტერესების დაცვის მიზნით წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა სასამართლოში. მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის იურიდიული დახმარება, როგორც ადვოკატის ხარჯის ანაზღაურების დაკისრების აუცილებელი პირობა სსკ-ის 53-ე მუხლის მიზნებისთვის.
კასატორმა აღნიშნა, რომ ა(ა)იპ ...ოს თავმჯდომარე - გ. ტ-ი და „გ. ტ-ის ბიუროს“ წარმომადგენელი - გ. ტ-ი ერთიდაიგივე პიროვნებაა. ამასთანავე, დავის საგანი, თავისი მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, არ განეკუთვნება იმგვარ დავათა კატეგორიას, რომელზეც აუცილებელია კვალიფიცირებული საადვოკატო მომსახურების ან/და წარმომადგენლობის გაწევა, შესაბამისად წარმომადგენლობითი ხარჯის გაწევის აუცილებლობა არ დასტურდება. გ. ტ-ს, როგორც სააგენტოს თავჯდომარეს შეეძლო წარმოედგინა სააგენტო სასამართლო პროცესზე და დამატებითი ხარჯი არ გაეღო ამისთვის.
კასატორის მითითებით, აღნიშნული საქმე სასამართლო პრაქტიკისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამდენადაც ა(ა)იპ ...ოს მიერ მსგავსი შინაარსის არაერთი სარჩელია აღძრული. გ. ტ-ი ბოროტად იყენებს სზაკ-ის მე-3 თავით მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
კასატორი აღნიშნავს, რომ უტყუარად არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის ავთენტურობა, გ. ტ-ის მიერ ხარჯის რეალურად გაწევა. საქმეში წარმოდგენილი არ არის შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ააიპ ...ოს მიერ 19.01.2016წ. ,,გ. ტ-ის ბიუროსათვის'' წარმომადგენლობითი მომსახურებისათვის 550 ლარის გადარიცხვის ფაქტის ნამდვილობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების კანონიერების შესწავლის შედეგად თვლის, რომ სსიპ ქ. თბილისის N... საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველი დავის საგანია სსიპ ქ. თბილისის N... საჯარო სკოლისათვის მოსარჩელის - ა(ა)იპ ...ოს მიერ წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების დაკისრების მართლზომიერება. საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს არ შეადგენს საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმება, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა, რაც სსიპ ქ. თბილისის N... საჯარო სკოლას არ გაუსაჩივრებია. კასატორი - სსიპ ქ. თბილისის N... საჯარო სკოლა უსაფუძვლოდ მიიჩნევს მისთვის მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების დაკისრებას, რადგან კასატორის მოსაზრებით, იურიდიული მომსახურების გაწევას ადგილი არ ჰქონია, ა(ა)იპ ...ოს უფროსი და „გ. ტ-ის ბიუროს“ იურისტი, რომელიც სააგენტოს წარმომადგენლობას ახორციელებს, ერთიდაიგივე პირია, ამასთანავე, არ დგინდება წარმომადგენლის მომსახურებისათვის ხარჯის რეალურად გაწევა, თანხის გადარიცხვის დამდგენი დოკუმენტის ავთენტურობა.
საკასაციო პალატა ეთანხმება კასატორის მითითებას სააგენტოს უფროსისა და „გ. ტ-ის ბიუროს“ იურისტის იგივეობის შესახებ და აღნიშნავს, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, სააგენტოს წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირია სააგენტოს უფროსი გ. ტ-ი. სასამართლოში მიმდინარე წარმოების ფარგლებში მოსარჩელეს წარმოადგენდა გ. ტ-ი, თუმცა როგორც „გ. ტ-ის ბიუროს“ იურისტი, რომელთანაც სააგენტოს წარმომადგენლობითი მომსახურების შესახებ ხელშეკრულება ჰქონდა დადებული. საქმეში დაცული მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მიხედვით, ა(ა)იპ ...ოს უფროსი გ. ტ-ი და „გ. ტ-ის ბიუროს“ იურისტი გ. ტ-ი ერთიდაიგივე პირია.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოში საქმის წარმოება, საკუთარი ინტერესებისა და უფლებების დაცვა მხარეს შეუძლია განახორციელოს უშუალოდ ან/და წარმომადგენლის მეშვეობით. წარმომადგენელი, როგორც წესი, მარწმუნებლისთვის იურიდიული რჩევის მიმცემი პირია, რომელიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს საქმის იურიდიულ ბედს. ყველა პირს აქვს უფლება მოითხოვოს მის მიერ არჩეული წარმომადგენლის დახმარება თავისი უფლებების დაცვისათვის, დაუშვებელია პირის იძულება კონკრეტული ადვოკატის აყვანაზე, რადგან ადვოკატსა და მარწმუნებელს შორის ურთიერთობა ფიდუციური ხასიათისაა, ეფუძნება განსაკუთრებულ ნდობას. ამასთანავე, განსხვავებულია ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმომადგენლის არჩევის წესი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იურიდიული პირი, თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, მოკლებულია ქმედებების უშუალოდ განხორციელების შესაძლებლობას, იგი თავის საქმიანობას ახორციელებს შიდა ორგანოებისა და ფიზიკური პირების მეშვეობით. ამასთანავე, როგორც ფიზიკური, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირები ხელშეკრულების საფუძველზე წარმომადგენლის არჩევანში შეზღუდულები არ არიან, უკეთუ წარმომადგენელი აკმაყოფილებს სასამართლო დავაში დაშვების ნორმატიულად განსაზღვრულ წინაპირობებს. როგორც წესი, იურიდიული პირები სასამართლოში თავის ინტერესებს იცავენ ხელმძღვანელი პირების ან ამ უკანასკნელთა მიერ უფლებამოსილი თანამშრომლების მეშვეობით (სსსკ-ის 93-ე მუხ.), თუმცა ის, რომ იურიდიულ პირს ჰყავს სასამართლოში წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ან აქვს შესაბამისი განყოფილება, არ ართმევს მას შესაძლებლობას გარეშე პირთან დადოს იურიდული მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია გამოყოფს სამართალწარმოებისას პირის ინტერესების დაცვის სამ შესაძლებლობას: პირადად დაცვის უფლებას, არჩეული ადვოკატის მომსახურებით სარგებლობის უფლებას და სათანადო წინაპირობების არსებობისას, სახელმწიფოს მიერ უფასო იურიდიული მომსახურების უზრუნველყოფის უფლებას (6.3 მუხ.). იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიერ დავის წარმოება განიხილება იურიდიული პირის მიერ დავის პირადად წარმოებად. პირის მიერ სასამართლო დავის წარმომადგენლის მეშვეობით წარმოების არჩევის მიზანი სხვადასხვა ასპექტს მოიცავს, როგორებიცაა: ტექნიკური, ფსიქოლოგიური, ჰუმანიტარული და სტრუქტურული. წარმომადგენლის მეშვეობით წარმოება გულისხმობს სათანადო ცოდნის, უნარებისა და გამოცდილების მქონე პირის სამართალწარმოებაში ჩართვით მხარის მაქსიმალური შესაძლებლობებით უზრუნველყოფას, რათა დავაზე მისთვის სასარგებლო შედეგი დადგეს (ტექნიკური ასპექტი). წარმომადგენელს არ აქვს დავის საგნის მიმართ განსაკუთრებული ფსიქოლოგიური ინტერესი, თავისუფალია ემოციებისგან, რის გამო ობიექტური დამკვირვებლის თვალით, ადეკვატურად აფასებს მიმდინარე მოვლენებსა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებს (ფსიქოლოგიური ასპექტი). უფლების დაცვის მნიშვნელოვანი კომპონენტებია მარწმუნებლის მხარდაჭერა, ერთგვარად მისი დაიმედება (ჰუმანიტარული ასპექტი), სამართალწარმოების მიმართულებაზე გავლენის მოხდენა (სტრუქტურული ასპექტი). სწორედ პირის ინტერესების უკეთ დაცვასა და ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევას ემსახურება წარმომადგენლობის ინსტიტუტი. დავის წარმომადგენლის მეშვეობით წარმოება უმეტესად ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეს პროფესიული ცოდნის, კვალიფიკაციის, საქმის წარმოების უნარების არქონის ან სხვა გარემოებების გამო არ სურს ან არ შეუძლია დავის უშუალოდ წარმოება.
განსახილველ შემთხვევაში სარჩელი აღძრულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციული სტრუქტურა წესრიგდება მისი წესდებით (სსკ-ის 35 მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ ა(ა)იპ ...ოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია სააგენტოს უფროსი - გ. ტ-ი. სააგენტოს დებულების თანახმად, რომელიც იურიდიული პირის შიდა ორგანიზაციასა და სტრუქტურას აწესრიგებს, სააგენტოს უფროსი არის სააგენტოს უმაღლესი მმართველობითი, წარმომადგენლობითი და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირი, იგი გადაწყვეტილებებს იღებს ერთპიროვნულად (12.8 პუნქტი), უფროსი წარმოადგენს სააგენტოს ყველა ინსტანციის სასამართლოში, ადმინისტრაციულ და საგამოძიებო ორგანოებში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში (4.21 პუნქტი). მოცემულ შემთხვევაში, სწორედ გ. ტ-ია ის პირი, რომელსაც დამატებითი ხელშეკრულებისა და შეთანხმებების გარეშე, სამოქალაქო კოდექსისა და სააგეტოს დებულების გათვალისწინებით, ეკისრება სააგენტოს წარმომადგენლობის კანონისმიერი ვალდებულება. მართალია გ. ტ-ი, როგორც სააგენტოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, წარმომადგენლობის ზემოაღნიშნული მიზნების გათვალისწინებით, შეზღუდული არ არის ა(ა)იპ-ის წარმომადგენლობის განხორციელება დაავალოს ერთ-ერთ თანამშრომელს ან იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება დადოს მესამე პირებთან და მათ გადასცეს კონკრეტულ დავაზე ა(ა)იპ-ის სასამართლოში წარმომადგენლობის უფლება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს მესამე პირი არ იყოს თავად სააგენტოს უფროსი. განსახილველ შემთხვევაში გ. ტ-მა, როგორც ა(ა)იპ ...ოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა წარმომადგენლობითი მომსახურების 19.01.2016წ. ხელშეკრულება დადო „გ. ტ-ის ბიუროსთან“, ხელშეკრულებას ბიუროს სახელით ხელს აწერს იურისტი გ. ტ-ი, რომელიც აღნიშნული ხელშეკრულებით აღიჭურვა მარწმუნებლის - ა(ა)იპ ...ოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ა(ა)იპ ...ოს უფროსი გ. ტ-ი და „გ. ტ-ის ბიუროს“ იურისტი - გ. ტ-ი, ერთიდაიგივე პირია. ამდენად, წარმომადგენლობითი მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით ა(ა)იპ ...ოს უფროსმა სასამართლოში წარმომადგენლობის უფლება მიანიჭა არა მესამე პირს, არამედ თავის თავს, მოცემულ შემთხვევაში მარწმუნებელი და რწმუნებული ერთიდაიგივე პირია.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (სსკ-ის 37.3 მუხ.). იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით (სსკ-ის 53.1 მუხ.). სახელმწიფოს მიერ დაცვის უფლების რეალური უზრუნველყოფა გულისხმობს პირისათვის თავისი ხარჯით კონკრეტული, მისთვის მისაღები წარმომადგენლის მოწვევის ხელშეშლის აკრძალვას (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარმომადგენლის პროცესში დაშვების აკრძალვა ეფუძნება ნორმატულ საფუძველს). ამასთანავე, ხელშეშლა შესაძლოა განხორციელდეს არაპირდაპირი ქმედებით, კერძოდ, პირისათვის პროფესიული და მორალური თვალსაზრისით მისაღები ადვოკატის აყვანის შესაძლებლობის გარკვეულწილად შეზღუდვით, ასეთი შეზღუდვა შესაძლოა წარმოქმნას იმ გარემოებამ, რომ პირს, რომლის სასარგებლოდაც გადაწყდა დავა, არ მიეცემა გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯის გონივრული ოდენობით ანაზღაურების შესაძლებლობა (სუსგ 07.02.2019წ. ბს-432-429 (2კ-17)). შესაბამისად, უკეთუ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა მართლზომიერია და მოწინააღმდეგე მხარეს იმთავითვე უნდა მოეხდინა მისთვის წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილება, მაშინ სწორედ მოპასუხე ხდება იმ ხარჯის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი, რომელიც მისი დაუსაბუთებელი მოქმედების/უმოქმედობის შედეგად წარმოიშვა და პირიქით, - მოპასუხის პოზიციის საფუძვლიანობის შემთხვევაში, ამ უკანასკნელის მიერ გაღებულ ხარჯს მოსარჩელე ანაზღაურებს. ამდენად, პირს, რომლის სასარგებლოდაც გადაწყდა დავა, უნდა აუნაზღაურდეს სასამართლო წარმოების ფარგლებში წარმომადგენლობითი მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის გონივრული ოდენობა, თუმცა განსახილველ შემთხვევაში, სსკ-ის 53.1 მუხლის მიზნებისათვის იურიდიული მომსახურების გაწევა არ არის სახეზე, რადგან აღნიშნულ მოწესრიგებაში იგულისხმება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე განხორციელებული წარმომადგენლობის შემთხვევები. განსახილველ დავაში გ. ტ-ის მიერ სააგენტოს წარმომადგენლობით შესრულდა მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულება. იურიდიული პირის ქმედუნარიანობა ხორციელდება მისი ორგანოების, მასში დასაქმებული პირების მეშვეობით, იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიერ საკუთარ უფლებამოსილებათა განხორციელება არ საჭიროებს დამატებითი ხელშეკრულების დადებას. სააგენტოს დებულებაში სააგენტოს უფროსის უფლებამოსილებების კონკრეტული შეზღუდვების არარსებობის, ა(ა)იპ-თან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების, სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილების მინიჭების გათვალისწინებით, გ. ტ-ის მიერ სააგენტოს სახელით სასამართლოში კონკრეტული დავის წარმოება აღარ საჭიროებდა დამატებით პროცედურებს. გარესამართლებრივ ურთიერთობებში ა(ა)იპ-ის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (ორგანო) განსაზღვრულია. ა(ა)იპ ...ოს დებულების 12.8 პუნქტის თანახმად, სააგენტოს უმაღლესი მმართველობითი, ასევე წარმომადგენლობითი და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირია სააგენტოს უფროსი, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ერთპიროვნულად. ამდენად, სააგენტოს უფროსმა - გ. ტ-მა, სასამართლოში სააგენტოს წარმომადგენლობით განახორციელა თავისი კანონისმიერი ვალდებულება, რაც სამართლებრივ საფუძველს აცლის მოსარჩელის მოთხოვნას წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე, იურიდიული პირის წარმომადგენლობითი ორგანოს უფლებამოსილება არ არის დამოკიდებული ხელშეკრულებაზე - ვალდებულებით-სამართლებრივ აქტზე. ამასთანავე, მომსახურება გულისხმობს რაიმე სახის საქმიანობას ან სარგებელს, რომელსაც ერთი მხარე სთავაზობს მეორეს. განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მომსახურების გამწევი მესამე პირი. გ. ტ-მა, როგორც სააგენტოს უფროსმა, ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიანიჭა ,,გ. ტ-ის ბიუროს“, რომლის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსაც თავად წარმოადგენდა. ამდენად, სახეზეა იმ პირის მიერ წარმომადგენლობაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნა, რომელმაც კანონისმიერი ვალდებულების საფუძველზე, სააგენტოს ინტერესების დაცვის მიზნით, წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა სასამართლოში, რაც აღნიშნული ხარჯის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნის.
სასამართლოში მხარეთა წარმომადგენლები შეიძლება იყვნენ ადვოკატები; ორგანიზაციის თანამშრომლები ამ ორგანიზაციის საქმეებზე, მაშინაც როდესაც ისინი ადვოკატები არ არიან და სხვა ქმედუნარიანი პირები,თუმცა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში (სსკ-ის 94.1 მუხ.). პირს, რომელსაც არ ჩაუბარებია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და არ გაწევრიანებულა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალება წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ორგანიზაციის თანამშრომლისა, – ამ ორგანოს, ორგანიზაციის საქმეზე (სსკ-ის 440-ე მუხ.). საქმეზე დადგენილია, რომ გ. ტ-ი არ არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად იგი ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმოადგენდა სააგენტოს. სააპელაციო პალატამ დაუშვა მიმდინარე დავაში ა(ა)იპ-ის წარმომადგენლად გ. ტ-ის მონაწილეობა. ამდენად, თავად სააპელაციო პალატაც გ. ტ-ს არა კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების, არამედ კანონისმიერი ვალდებულების შემსრულებელ პირად მიიჩნევს, რაც დამატებით აცლის საფუძველს მის გადაწყვეტილებას სააგენტოს მიერ წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრების წინაპირობების არსებობის შესახებ, არ არის დასაბუთებული, არ შეფასებულა მოთხოვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობა.
საფუძველს მოკლებულია აგრეთვე განსახილველ დავასთან მიმართებით სააპელაციო პალატის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.02.2012წ. Nბს-1330-1315(კ-11) გადაწყვეტილებისა და საქმეზე „ფადეევა რუსეთის წინააღმდეგ“ (Fadeyeva v. Russia) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მითითება, რადგან განსახილველ შემთხვევაში სადავოა არა გაწეული იურიდიული მომსახურების ანაზღაურების ოდენობა, არამედ ასეთი მომსახურების გაწევის ფაქტი. საქმეში დაცული ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების არაავთენტურობის შესახებ კასატორის მოსაზრებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თანხის რეალურად გადარიცხვის შემთხვევაშიც, სააგენტოს უფროსისა და მოსარჩელის წარმომადგენლის გ. ტ-ის იგივეობის გამო, არ არსებობს ხარჯის ანაზღაურების წინაპირობები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს, რადგან გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილში მოკლებულია სამართლებრივ და ფაქტობრივ წინამძღვრებს, აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის.
ამასთანავე, მხედველობაშია მისაღები, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა და მასვე დაეკისრა მოსარჩელის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება - 50 ლარის ოდენობით. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მხოლოდ მოსარჩელის ა(ა)იპ ...ოს მიერ, მოპასუხეს - სსიპ ქ. თბილისის N ... საჯარო სკოლას სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენია. აპელანტმა მოითხოვა მოპასუხისათვის წარმომადგენლის დახმარების გამო ხარჯის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისათვის მოსარჩელის მიერ გაწეული მომსახურების ხარჯის - 50 ლარის დაკისრების ნაწილში და სსიპ ქ. თბილისის N... საჯარო სკოლას სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურების ხარჯის - 500 ლარის ანაზღაურება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ქ. თბილისის N... საჯარო სკოლის მიერ. კასატორმა მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით სააგენტოსათვის იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურებაზე სრულად უარის თქმა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუსაჩივრებლობით სსიპ ქ. თბილისის N... საჯარო სკოლა დაეთანხმა მიღებულ გადაწყვეტილებას, მათ შორის წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების ნაწილში. საკასაციო სასამართლო შეზღუდულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებით, რომლითაც სსიპ ქ. თბილისის #... საჯარო სკოლას ა(ა)იპ ...ოს სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად დაეკისრა 50 ლარი. საკასაციო ინსტანციის სასამართლოში მოთხოვნის გაზრდა არ დაიშვება (სსკ-ის 407-ე მუხ.), ამდენად, საკასაციო პალატა მოკლებულია საკასაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის სამაოდ დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი). სსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს სსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი ანალიზის, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის ფარგლების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სსკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ ქ. თბილისის #... საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.2016წ. გადაწყვეტილება სსიპ ქ. თბილისის N... საჯარო სკოლისათვის ა(ა)იპ ...ოს სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის - 500 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ა(ა)იპ ...ოს სარჩელი წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სსიპ ქ. თბილისის #... საჯარო სკოლას ა(ა)იპ ...ოს სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი